„თუ ალასანიამ რუსეთის წინააღმდეგ იომა, მერე ისევ დაბრუნდა რუსეთის უშიშროების სტრუქტურაში? იმათ არ გამოუხატავთ პროტესტი მისი ბრძოლის გამო? რომ არაა ასეთი რუსეთის უშიშროების სტრუქტურა!“

„თუ ალასანიამ რუსეთის წინააღმდეგ იომა, მერე ისევ დაბრუნდა რუსეთის უშიშროების სტრუქტურაში? იმათ არ გამოუხატავთ პროტესტი მისი ბრძოლის გამო? რომ არაა ასეთი რუსეთის უშიშროების სტრუქტურა!“

ხმაურიანი გაცხადების შემდეგ, თემურ ალასანიამ საქართველო დატოვა. დიდი ალბათობით, ალასანიას გეგმები პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ შეცვალა. კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებისა და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებისა და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს. სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თეიმურაზ ალასანია, თუმცა, მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე და ქვეყანა დატოვა. ბიზნესმენი, რომელიც ამ სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტია - გიორგი კაპანაძეა, რომელიც ადასტურებს, რომ თემურ ალასანია მას ბიზნესის ლობირების სანაცვლოდ, დიდ თანხას სთხოვდა.

ვინ არის თემურ ალასანია და რამდენად საფრთხეა მისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

თემურ ალასანია აცხადებს, რომ 2008 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ჩაიცვა სამხედრო ფორმა და წავიდა ომში, თუმცა საინტერესოა, რომ ამის შესახებ არ უსაუბრია თავად სააკაშვილს. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესის გამო უნდა მიეღო მონაწილეობა თემურ ალასანიას აგვისტოს ომში, მაშინ, როდესაც თავად მთავარსარდალი გამოიქცა ბრძოლის ველიდან და ეს ნახა მთელმა მსოფლიომ?

რამაზ საყვარელიძე: სწორად სვამთ საკითხს. ნამდვილად არ გამიგია ალასანიას ომში მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება ინტერესებს, ალბათ, ყველა და ალასანიც გიპასუხებდათ, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავდი და ამიტომ ჩავიცვი რკინის ქალამანიო. ამ ისტორიაში დამაფიქრებელია ის, რომ ამდენი ხანი გავიდა და არავის არ უხსენებია ეს ფრაგმენტი. რაც მთავარია, თვითონ მიშას არ უხსენებია. მოგეხსენებათ, რომ მიშას უყვარს ასეთი მოვლენების რაღაცასთან დაკავშირება. ეს თემა საინტერესოა იმითაც, რომ ვიცით, როგორ დამთავრდა ომი. საინტერესოა ჯარისკაცი ალასანია როგორ გადანაწილდა ომის მერე?

რას გულისხმობთ?

- გავიგეთ, რომ ომში წავიდა, მაგრამ როცა უკან დაიხიეს, მაშინ სად იყო ალასანია? კერძოდ, რა ადგილას იყო? ისიც ვიცით, როგორი მკაცრი იყო მაშინდელი ხელისუფლება ომგამოვლილი სამხედროების მიმართ და ამ მხრივაც საინტერესოა, რომელ ქვედანაყოფში იყო ალასანია? ეს ინფორმაცია იმდენად ახალია, რომ ბევრ კითხვას აჩენს. თუ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში ე.ი. რუსეთის წინააღმდეგ ომობდა, მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვები - შემდეგ რაში გამოიხატა მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი? ეს ხომ გარკვეული დამოკიდებულებაა რუსეთისადმი? როცა ომში იღებ მონაწილოებას, ეს არის გარკვეული დამოკიდებულება და რომც წააგო ომი, მერე წესით, რუსეთთან ურთიერთობა აღარ უნდა გინდოდეს. ამიტომ, მის ერთ ფრაზაში იმდენი კითხვა ჩნდება, რომ ძალიან საინტერესოა შემდეგ მისი ურთიერთობა რუსეთთან. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიხსნას ეს თემა და კითხვები შეივსოს პასუხებით, თუკი ამის შესაძლებლობა გაჩნდება. თუმცა დაუჯერებელია - თუ იომა, მერე ისევ დაბრუნდა რუსეთის უშიშროების სტრუქტურაში?! კარგით, ალასანიამ არ გამოხატა პროტესტი, მაგრამ იმათაც არ გამოუხატავთ პროტესტი მისი ბრძოლის გამო? რომ არაა ასეთი რუსეთის უშიშროების სტრუქტურა!

ანდროპოვის მიერ აღზრდილი „კაგებეს“ გენერალი იმ წლებეში იყო რუსეთის მოქალაქე. თუ გადავხედავთ მისი მუშაობის დანიშნულებას, ფიქრობთ, რომ ეს არის კადრი, რომელსაც შეიძლება კონტაქტი არ ჰქონდა ისეთ „კაგებეშნიკთან“, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი, რომელიც აგვისტოს ომის მთავარი ფიგურანტია სააკაშვილთან ერთად?

- ეს უკვე იერარქიების საკითხია. პუტინი, გარდა „კაგაბეშნიკობისა“, არის პრეზიდენტი და შეიძლება ამიტომ არ ჰქონდეს ურთიერთობა. მაგრამ, ზოგადად, ალასანიას სტატუსი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა ისეთ სისტემას, როგორიც იყო, არის და იქნება უშიშროების სამსახური. ამიტომ გაუგებარი ინფორმაციაა ალასანიას ომში მონაწილეობა.

ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ალასანიას კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით. გვახსოვს ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიანი განცხადება, რომ როგორც შს მინისტრმა ალასანია დააკავა ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე და სააკაშვილის ჩარევით, მალევე გაათავისუფლა. თავად ბიზნესმენს კი, ნარკოტიკი ჩაუდეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ალასანიას ხშირად ადანაშაულებენ იარაღის უკანონო ვაჭრობაში, ანუ ძალიან ბევრი ფაქტია ალასანიას კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით. მას მოიხსენიებენ როგორც ბუნდოვანი წარსულის ადამიანს. შეიძლება გავყვეთ ამ ვერსიას, რომ მან თავისი გავლენა გამოიყენა უკვე საქართველოში იმ წლებში, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი? თემურ ალასანია არის ადამიანი, რომელსაც, როგორც ამბობენ, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა სააკაშვილზე...

- სააკაშვილზე უდავოდ ექნებოდა გავლენა. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო, მიამბო როგორ დაპატიჟა თემურ ალასანიამ ამერიკაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები და ჰკითხა - რა აზრის იქნებით მიშა რომ პრეზიდენტი გახდესო. ესენი გაკვირვებული დარჩნენ, რადგან იმ პერიოდში საერთოდ არ იდგა ეს საკითხი. ეს სავარაუდოს ხდის, რომ მიშას გაპრეზიდენტობისთვის საკმაოდ მეთოდურად და დიდი ხანი მუშაობდა ბიძამისი. მისი გავლენისა იყო ის, რომ კაბინეტის წევრად იყო მოწვეული და შემდეგ მიშას მრჩევლად მოვიდა. მიშა რთავდა თავის პოლიტიკურ მუშაობაში, მაგრამ მართლაც იმდენი ინფორმაცია ტრიალებს ამ ადამიანის გარშემო და იმდენად მძიმე, არ არის გამორიცხული, რომ მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის, რომ სააკაშვილმა იმაზე მეტი არ თქვას ბიძამისის შესახებ, ვიდრე ბიძამისს სჭირდება. მით უმეტეს, რომ თუ სწორია ის დიაგნოზები, რასაც აფრიალებენ სააკაშვილის ბედით დაინტერესებული ექიმები, მაშინ დიდი შანსია, რომ მიშას ნალაპარაკებებმა ბიძამისი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს. ამიტომ მგონია, რომ ალასანიას აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ზედმეტი არ წამოსცდეს მიშას. ასევე, გაარკვიოს აქამდე რა წამოსცდა და ამიტომ მივიდა იმ დაკითხვზე. მისი მიზანია დაარეგულიროს ეს მხარე - მიშას ჩვენებებში მისი ადგილი.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ხოლო პრემიერი ჟვანია, ალასანია საქართველოში ჩამოვიდა და მთავრობის კანცელარიის მესამე სართული დაიკავა. იგი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და მათ შორის პრივატიზაციის საკითხებში, რაც გახდა მასსა და ზურაბ ჟვანიას შორის დაპირისპირების მიზეზი. ამ დაპირისპირებიდან მალევე ზურაბ ჟვანიას პოულობენ გარდაცვლის და ქვეყანას ტოვეს ალასანია. ისტორიას შემორჩა ალასანიას ცნობილი ფრაზა - „ჟვანია მალე აღარ იქნება“. უშვებთ იმის ალბათობას, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან ასოცირდებოდეს თემურ ალასანია, რომელიც არაფორმალურად მართავდა ხელისუფლებას?

- კი, დიდწილად. ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მართავდა ხელისუფლებას და მასზე იყო დამოკიდებული რაღაცა პროცესები. პრივატიზაციის თემა რომ ერთ-ერთი წამყვანი იყო, ეს უდავოა, მაგრამ საინტერესოა ის, რომ პრივატიზაციის ნაწილში ფიგურირებს დაპირისპირება ჟვანიასა და ალასანიას შორის და არა ბენდუქიძესა და ალასანიას შორის. ამ დროს, ვიცით, რომ ბენდუქიძემ ბევრი რაუნდი, ანუ პრივატიზაციის პროცესო ჩაატარა ისე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბევრი ობიექტი გადაეცა რუსულ ბიზნესს. როგორც ჩანს, იმ ნაწილში ალასანიას პროტესტი არ ჰქონდა.

იქნებ იმიტომ, რომ ბენდუქიძის და ალასანიას ინტერესები ემთხვეოდა?

- ეს ხომ არ იყო ერთი ჯაჭვის ორი რგოლი? რუსეთში პრინციპი ასეთია - ქონების გარკვეული რაოდენობის მერე ხელისუფლება იჭერს კავშირს ბიზნესმენთან, წვრილი ბიზნესი ხელისუფლების გავლენისგან დიდად შევიწროებული არ არის. მსხვილი ბიზნესი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ალბათ, ის ბიზნესი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, წვრილ ბიზნესს არ განეკუთვნებოდა. სწორედ მსხვილი ბიზნესი იყო ენერგეტიკული და სხვა ტიპის ობიექტებთან დაკავშირებული.

საქართველოში ჩამოსულმა ალასანიამ ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და თქვა, რომ არასაკმარისი მხარდაჭერა მიიღო სააკაშვილმა მშობლიური პარტიიდან. ეს ნიშნავს, რომ პარტიაში სააკაშვილთან მიმართებაში არ არის ერთიანი პოზიცია?

- მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც რამდენიმე კურდღლის დევნა შეიძლება. შეიძლება ალასანიას მოტივი ისიც იყოს, რომ დაალაგოს პარტიის არცთუ ისე მყარი მდგომარეობა. როგორც ჩანს, შიგნით ბევრი რამე არის დასალაგებელი, წინააღმეგობა ბევრ ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან. გვახსოვს სააკაშვილი-მელიას ჯგუფების განწყობები, გვახსოვს ისიც, რომ სააკაშვილის მომხრეები მელიას იმას საყვედურობენ, რომ პროცესებს რადიკალიზმი აკლიაო. იგივე გაიმეორა ალასანიამ. არ არის გამორიცხული, ამ მიამრთულებით ალასანიას ზეწოლამ შედეგი გამოიღოს. გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე როგორ აბარებდა ანგარიშს თემურ ალასანიას.

გარდა იმისა, რომ ბიძაა, რაღაცა განსხვავებული წონა ამ პარტიაში აქვს. ამავე დროს შეიძლება ალასანიას ინტერესში იყოს გაარკვიოს სამართალდამცავებმა რა იციან მიშასგან მის შესახებ. ალაბთ, შეეცდება ეს ამბავიც დაარეგულიროს ისე, რომ ზედმეტი ინფორმაცია არ გავრცელდეს სამართალდამცავ სტრუქტურებში. ამავე დროს ისიც თქვა, რომ მინდა წავიყვანოო. არაა გამორიცხული, რომ ჰქონდეს ეს მოტივი, სწორედ იმიტომ, რომ თუ წაიყვანს, ამით საკუთარ თავსაც დაიცავს. მიშა სახიფათოა ალასანიასთვის, რომელსაც ბევრი ინფორმაცია აქვს ბიძამისზე.

რა დონეზე შეიძლება გახდეს სახიფათო სააკაშვილი ალასანიასთვის?

- მე არ ვამბობ, რომ მიშა შეგნებულად არის სახიფათო. უბრალოდ, მიშამ შეიძლება ბევრი რამე ისეთი იცოდეს და ემოციურ და აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ბევრი ისეთი რამ თქვას, რაც მერე სახიფათო იქნება ალასანიასთვის. შეიძლება? - შეიძლება. ამიტომ, ბუნებრვია, გარდა იმისა, რომ დისშვილია, ზრუნვა უნდა, მას თავისი ინტერესები აქვს სწორედ იმიტომ, რომ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, შეეცდება, რომ სააკაშვილისგან არ გავიდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისთვის იქნება პრობლემური.

 

 

არაგველი641 დიახაც< ალასანია ჩამოვიდა რუსეთიდან, ჩაიცვა სამხედრო ფორმა და იბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ კითხულობს ვის სასარგებლოდ იბრძოლა - რა თქმა უნდა რუსეთის სასარგებლოდ, ისე როგორც მისმა დისშვილმა იბრძოლა რუსეთის სასარგებლოდ!!!
2 წლის უკან