გიგი კალანდაძე დაკავებულია. გენერალი, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. როგორც ირკვევა, კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. გენერალი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა. ამავე წლის 7 ნოემბერს 05:20 საათზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, იუსტიციის მინისტრმა გენერალი კალანდაძე მთავარი პროკურორის თანდასწრებით დააკავა.
კალანდაძე 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა და ახალი ბრალი წაუყენეს - თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუმცა, აღნიშნული ბრალის წაყენების შემდეგაც, მას გირაოს თანხის - 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. საპატიმროს დატოვების შემდეგ კალანდაძემ ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გადაინაცვლა.
რაც შეეხება ბრალდებას, გიგი კალანდაძეს პროკურატურამ ბრალი მოქალაქე ელბერტ კობერიძისისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის წარუდგინა. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან: დავით ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა, რომა შამათავა და გიორგი სამუშია.
2012 წლის 28 ივლისს, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოთხსენებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება.
ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და ცემეს ელბერდ კობერიძე. წამების დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში.
სასტიკად ნაწამებ კობერიძეს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება. ამ სკანდალური საქმის მონაწილე გიორგი სამუშია უკრაინაში დააკავეს და მალავე მისი ექსტრადირება მოხდა საქართველოში.
ცხადია, საქართველოს ხელისუფლება დაკავებული კალანდაძის ექსტრადირებას მოითხოვს. როგორი იქნება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ პირის ექსტრადირებას რთული პროცესუალური მხარე აქვს. სანამ გერმანია კალანდაძის ბედს გადაწყვეტს, საქართველოში ოპოზიციამ უკვე „დაადგინა“, რომ გერმანიის ახალი კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებს.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში. პატიმარი თვლის, რომ კალანდაძის დაკავება არის სირცხვილი და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს.
„საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა.
სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სამხერდო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ 2004-2008 წლის ომამდე პერიოდის განმავლობაში შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი არის დაახლოებით 7-8 ათასი ოფიცერი, რაც კოლოსალურლი ციფრია და ჩაუხედავი ადამიანისთვის წარმოდგენაც კი რთულია, რამდენად მძიმე დარტყმა მიაყენა მაშინ სააკაშვილის მმართველობამ შეიარაღებულ ძალებს იმ პერიოდში, როცა ქვეყანა ფაქტობრივად, ომისკენ მიდიოდა. მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში საკადრო პოლიტიკა იყო დამანგრეველი ჯარის ინსტიტუციონალური და სწორი განვითარებისთვის.
„თითქოს დასავლურ განათლებას ენიჭებოდა პრიორიტეტი. თუ გადავხედავთ განთავისუფლებული ოფიცრების ბიოგრაფიას და განსაკუთრებით განათლებას, უამრავი ოფიცერია განთავისუფლებული, რომლებმაც ნატოს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს. ზოგიერთი ფაქტობრივად, ნატოს სამხედრო სასწავლებლის დასრულებისთანავე დაითხოვეს ისე, რომ თანამდებობაზეც არ დაუნიშნავთ. ამ ქაოტური საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ოფიცრები ნაადრევად იზრდებოდნენ. კაპიტნებს ნიშნავდნენ პოლკოვნიკის თანამდეობაზე და ა.შ. ეს არ ეხება მხოლოდ გიგი კალანდაძეს. მათ ბიოგრაფიას რომ გადახედავთ, ნახავთ, რამდენად სწრაფად ინიშნებოდნენ თანამდებობაზე, ხშირად წოდების გამოტოვებითაც“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რაც შეეხება კალანდაძის დაკავებას, როგორც სალუქვაძე აცხადებს, დაკავების მოტივი მისთვის უცნობია, თუმცა ამბობს, რომ არის საქმეები რომელსაც მას ედავებოდნენ.
„ადამიანმა 30 წლის ასაკში ვერ უნდა მოასწროს გენერლის წოდების მიღება და მეორეც - ასეთი მაღალი თანამდებობის დაკავება, რაც არის გაერთიანებული შტაბის უფროსი. ვერ მეტყვით ნორმალურ სახელმწიფოს, სადაც მსგავსი ხდება. ჩვენთან ეს ხდებოდა 90-იან წლებში, შეეძლოთ რიგითისთვის მიენიჭებინათ პოლკოვნიკის, ან კაპიტანის წოდება, მაგრამ ეს იყო 90-იანი წლების ქაოსი. 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ არის კატასტროფა, არც ერთ სტანდარტში არ ჯდება. ამაზეა საუბარი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დაჩქარებულად, მოშალეს საკადრო პოლიტიკა, ათასობით მაღალი რანგის ოფიცერი, გენერალი, პოლკოვნიკი, მაიორი გაუშვეს სახლში და მათი ადგილი დაიკავეს სხვებმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებამ დიდ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, ვინაიდან ძალიან დიდი ალბათობით, ნაციონალები ახლა უკვე გერმანიაში მიმართავენ აპრობირებულ ხერხებს - პოლიტიკური ნიშნით დევნილობის მაძიებლობა, შემდეგ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი... ანუ ყველაფერს იმას, რამაც მეგის ქარდავას მაინც ვერ უშველა, თუმცა დრო მოაგებინა.
„კალანდაძის ექსტრადირების არანაირი მოლოდინი არ მაქვს. საკმაოდ რთულია საერთაშორისო სამართალი. ორიენტირებულია ადამიანის უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე, დაკავებულს აძლევენ საშუალებას ყველანაირი ხერხით შეეცადოს საკუთარი უფლებების დაცვა და მით უმეტეს გერმანიაში. ახლა ნაციონალები მიმართავენ ნაცად ხერხს - მიმართავენ გერმანიის ლტოლვილთა შესაბამის სამსახურს პოლიტიკური ნიშნით დევნილობის მინიჭებაზე. ალბათ, ეს პროცესიც განხორციელდება, რომელსაც დრო სჭირდება. უარყოფითი პასუხის შემთვევაში, უნდა გასაჩივრდეს გერმანიის შესაბამისი სასამართლოს რამდენიმე ინსტანციაში, ესეც დროსთან არის დაკავშირებული.
იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდა ექსტრადირება, შემდეგ მიმართავენ გაეროს დევნილთა კომისარიატს. მეგის ქარდავას შემთხვევაში მიმართეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის გაეროს დევნილთა კომისარიატს. ბოლოს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას შეეცადნენ, მაგრამ სტრასბურგის სასამრთლომ მეგის ქარდავას საქმე განსახილველადაც არ მიიღო. ამ ყველაფერში გადის დრო, რომელსაც ვერ დააჩქარებ. ყველა პროცედურას აქვს კანონით მინიჭებული ვადები. ამიტომ, გერმანიის სასამართლო გირაოთი გამოუშვებს, შინა პატიმრობას მიუსჯის თუ რა მოხდება, არ ვიცით. მით უმეტეს არ ვიცით მისი დამცველი - „ნაციონალური მოძრაობა“ რა ხერხს მიმართავს. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ მაქსიმალურად გაწელავენ ექსტრადირების ვადებს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიგი კალანდაძის დაკავებაში ის ახარებს, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს მთავრობის თხოვნით გერმანიის ახლად არჩეულმა მთავრობამ განახორციელა, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მემკვიდრეობა სახეზეა.
„მახარებს ის, რომ ახალმა კანცლერმა და გერმანიის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა მყისიერად შეასრულა საქართველოს ხელისუფლების პირველი თხოვნა - გიგი კალანდაძის დაკავება, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ჯანსაღი თანამშრომლობა დღესაც გრძელდება.
მახარებს ის, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს საკუთარი ძებნილების ტრაფიკზე მონიტორინგს. ასე რომ, უკრაინიდან ჩეხეთში გასაქცევად გამზადებულმა გია ლორთქიფანიძემ ეს მიიღოს მხედველობაში.
ასევე „მახარებს“ „მთავარი არხის“ უცვლელი შეფასება - „ქართული ოცნება“ რუსეთის და პირადად პუტინის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს“. მახარებს თავისი ურყევი იდიოტიზმით, რომლითაც ოლაფ შოლცის სამთავრობო კაბინეტი ასევე პუტინის „დაკომპლეტებული“ გამოდის, რომელიც საქართველოს „პუტინის ფილიალ-მთავრობის“ პირველივე მოთხოვნას ასე ზედმიწევნით ასრულებს.
„მახარებს“ „მთავარი არხის“ მორიგი იდიოტიზმი, რომელმაც სხვა ვერაფერი ვერ მოუფიქრა ამ ფაქტს და ფაქტობრივად, ორი ქვეყნის ხელისუფლება კვლავ ჩვეულ სტილში დაადანაშაულა პუტინის გავლენის ქვეშ მყოფ ხელისუფლებად. ამ იდიოტიზმს მიჰყვებიან და ვერაფრით ვერ ხსნიან, რატომ აქვს ასეთი კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან და აშშ-თან. ერთადერთი ამას იმით ხსნიან, რომ პუტინია ამის დამლაგებელი.
მეტსაც გეტყვით, ამ კუთხით, თემურ ალასანიას ჩამოსვლაც მახარებს, რომელმაც ჩვეული სიმყუდროვე დაკარგა, თვალთახედვის არედან გამოცლილი დისშვილის შემდეგ, რომელიც სასამართლო პროცესებზე ხან ძველ მეგობრებს, ხან საკუთარ ცოლს ემუქრება - ჩვენება არ მიმაცემინოთ თქვენზეო. თემები ხომ უხვადაა - ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან დაწყებული, იარაღის უკანონო ვაჭრობით დამთავრებული - რაც კულუარულად და არა მხოლოდ, თემურ ალასანიას სახელს უკავშირდება.
ორივე შემთხვევაში - გამოძიება არ დასრულებულა და რა იცი, რა ხდება. დისშვილი ზედმეტს რომ არ შეიტენის, ბიძამ ეს კარგად იცის. ასე რომ, შეურაცხადობით იქნება ეს, რევოლუციით თუ „შერიგებით“, არამდგრადი ფსიქიკის მქონე პატიმარი, ქართულ ციხეში ბიძას ნამდვილად არ აწყობს და გამოსაყვანი ჰყავს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.