ბოლო თვეებში ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. უკვე ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა, სხვა წისქვილ-კომბინატებსაც პრობლემები შეექმნებათ. ქვეყანაში ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასის განხრით რთული ვითარებაა, მაგრამ ამ ეტაპზე არც მთლად დრამატული.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთიდან გამოიტანს ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს და თუ სეზონის დასაწყისში საიმპორტო ბაჟი 25 დოლარი იყო, დღეს 91 დოლარია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ყოველ კვირას გვიხდება ახალი ბაჟის გამოცხადება და ეს ტენდენცია არის აღმავალი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს. ჯერ კიდევ როდესაც სეზონი დაიწყო ივლისში, ბაჟი მცურავი იყო და 25 დოლარის ფარგლებში. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბაჟი უკვე 91 დოლარია. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა სეზონის დასაწყისიდან დღემდე და შესაბამისად, ეს მსოფლიო ბაზარსაც დაეტყო.
თუ სეზონის დასაწყისში 240 დოლარი ღირდა ხორბლის შემოტანა, დღეს 350 დოლარი ღირს. შესაბამისად, ეს პრობლემაა, თუმცა აქ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა წისქვილ-კომბინატებისთვის. სეზონის დასაწყისში, ვიდრე რუსეთი შემოიღებდა მცურავ ბაჟს, გადასახადი ხორბლის და ფქვილის იმპორტზე იყო ნული, ხოლო მცურავი ბაჟის შემოღების შემდეგ ფქვილზე იმპორტის გადასახადი დარჩა ნული, ხოლო ხორბალზე გადასახადი მცურავი ბაჟის შესაბამისად, იცვლება.
დიდი სხვაობა ხორბლის და ფქვილის იმპორტის გადასახადს შორის იწვევს იმას, რომ ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. აქედან გამომდინარე, შედეგი გვაქვს ის, რომ დაახლოებით ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა, სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ“, - განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტ მთავარში“.
ამ ვითარებაში ჯერჯერობით დრამატულს ვერაფერს ამჩნევს საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე. მისი აზრით, გაიზარდა ფქვილის ექსპორტი და მეწარმეებს მიეცათ არჩევანის საშუალება როგორც ხარისხში, ასევე ფასში, ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ამიტომაც პურის ფასი ამ ეტაპზე სტაბილურია.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, როგორც პურის მწარმოებელი, იგი კმაყოფილია დღევანდელი მდგომარეობით, რადგან მიეცათ არჩევანის გაკეთების საშუალება. მათთვის საბაზრო ფასი არის მისაღები და სწორედ ეს იწვევს ერთგვარ კმაყოფილებას.
„გეტყვით, რომ პროდუქტებში დღეს მდგომარეობა ისეთია, როგორც არასდროს ყოფილა სუბსიდირების შემდეგ ფქვილის მომარაგების სახით. დიამეტრალურად გაიზარდა ფქვილის ექსპორტი, 5-ჯერ და 6-ჯერ გაიზარდა და მეწარმეებს მიეცათ არჩევანის საშუალება როგორც ხარისხში, ასევე ფასში. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, ეს ფაქტია.
რაც შეეხება ხშირად კითხვას, თუ რა ეშველება პურის ფასს, ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ პურის ფასი სტაბილურია ჯერჯერობით. მე არ ვიცი ფქვილის ექსპორტი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ფაქტი ასეთია, რომ შემოდის ფქვილი და არის არჩევანის საშუალება როგორც ფასში, ასევე ხარისხში.
რა თქმა უნდა, როგორც მეწარმე მესმის, რომ წისქვილი და დიდი წარმოება, როდესაც ხორბალი იფქვება, აქედან 70% პურისთვის არის გათვალისწინებული და 30% მიდის კომბინირებულ საკვებზე და იქ მთელი მრეწველობა დგას ამის უკან, თუმცა მე როგორც ინფორმირებული ვარ, სულ რამდენიმე დღეში უნდა ჩამოდგეს გემი, რომელმაც უნდა შემოიტანოს ამ საკვებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული რაოდენობა კომბინირებული საკვებისათვის გათვალისწინებული მასალა და ალბათ, წისქვილები მიიღებენ ამას და გადაამუშავებენ“, - განაცხადა დოლიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.