მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, ვანო მერაბიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა პირადი კეთილდღეობისთვის არ გამოუყენებია და ისევ ისეთი გაღლეტილია, როგორც “ვარდების რევოლუციამდე” იყოო, მაგრამ თითქმის არავის სჯეროდა, რომ “ხერხემალყოფილი” “გაღლეტილი” იყო. ახლაც ითვლება, რომ სულთამბრძოლი “ნაცმოძრაობის” გენმდივანი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მაგრამ უცნაურია, რომ ეს უმდიდრესი კაცი _ არც მეტი, არც ნაკლები _ მეგობრის სახლში ცხოვრობს. ეს მეგობარი კი, სააკაშვილის ხელისუფლების “კარის ბიზნესმენად” სახელდებული გიორგი კორახაშვილია, თუმცა ყველაფერ ამაში მთავარი ინტრიგა ისაა, რომ გიორგი კორახაშვილი თანამედროვე “აშუღის”, ანუ მომღერალ ნინო ჩხეიძის ქმარია. ამ “კოჰაბიტაციური” ბინის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “გაღლეტილმა” ვანომ დაბადების დღე პეტრიაშვილის ქუჩის ნომერ 27-ში მდებარე სახლში გადაიხადა.
საგულისხმოა, რომ ამავე სახლში, ანუ კორპუსში ცხოვრობენ მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი; მეზობლები ვერ ადასტურებენ, მაგრამ ეჭვობენ, რომ ამ კორპუსში საცხოვრებლად გადმოსვლას აპირებენ გიგა ბოკერია და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.
ზუსტად იმ დღეს, როცა ვანო მერაბიშვილი რუსთაველის გამზირზე თანამოაზრეების შეკრებას ცდილობდა, “ქართულმა სიტყვამ” მისი საცხოვრებლის დათვალიერება გადაწყვიტა.
ვანოს სახლი
საქართველოში ყველამ რაღაც “მოახერხა”, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დაბადებულმა ვანო მერაბიშვილმა კი, მიუხედავად დიდ-დიდ თანამდებობებზე მუშაობისა, თბილისში ერთი ბინაც ვერ იყიდა და დღემდე სამადლოდ სხვის სახლში ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისში მის სახელზე ერთი ბინაც არაა გაფორმებული.
მაშ, ვის ეკუთვნის ბინა დოლიძეზე, სადაც ვანო ცხოვრობდა, ან კიდევ ვაკეში და ცნობილი ტყუპი სახლი “ივერთ უბანში”, სადაც ვანოს ძალიან ხშირად ხედავენ? ან ვისია ვილა კვარიათში, რომელიც საქართველოდან განდევნილ ბიზნესმენს ზურაბ ლობჟანიძეს ძალის გამოყენებით დაათმობინეს ?_ ამ შეკითხვებს ის ადამიანები სვამენ, ვინც იცის, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც დანარჩენ საქართველოში, ასევე, თბილისშიც უამრავ ქონებას ფლობს. მერე რა, რომ მის სახელზე ერთიც არაა გაფორმებული?!
რაც შეეხება პეტრიაშვილის 27 ნომერს, მერაბიშვილი აქ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “გადაცხოვრდა” და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა, ვერ გაშინაურდა. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ აქ დროებით აპირებს გაჩერებას და მისი საბოლოო სახლი ან ციხეში იქნება, ან იმ აპარტამენტებში, რომელიც ივერთ უბანში აქვსო, _ ამბობენ მეზობლები.
პეტრიაშვილის ¹27
19 აპრილი, “ნაცმოძრაობის” მომავალივით გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო. არც წვიმდა და არც მზე ანათებდა. გლდანიდან შემეძლო, “პეტრიაშვილზე” “მარშრუტკით” წავსულიყავი, მაგრამ მეტროთი მგზავრობა სპეციალურად გადავწყვიტე _ საათნახევარში “ნაციონალთა” აქცია უნდა დაწყებულიყო და მაინტერესებდა, ამ ყველაზე “მნიშვნელოვან” ტრანსპორტში ხალხი რას უბნობდა.
ტყუილს ვერ ვიტყვი: ხალხი მეტროში ნამდვილად იყო, მაგრამ არა იმდენი, სხვა მიტინგების დროს რომ მინახავს. “რუსთაველზე” ამოვდივარ და ვაკვირდები, მეტროდან ამოსული ჩემი თანამგზავრები გეზს საით აიღებენ. უმეტესობა ფილარმონიის მხარეს უხვევს... 4 საათამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყოფილ პარლამენტთან მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ უნდა იყოს.
“პეტრიაშვილს” ნელა ავუყევი _ ვერისთვის დამახასიათებელი გარემოა, არაფერი განსაკუთრებული. შორიდან თანამედროვე შენობას ვამჩნევ და ვხვდები, რომ დანიშნულების ადგილს მალე მივუახლოვდები...
ვერ გეტყვით, რატომ უყვარს ვანოს დიდფანჯრიანი და შუშებიანი შენობები, მაგრამ საცხოვრებელიც ასეთივე აურჩევია. უბრალოდ, პოლიციის შუშის შენობებისგან ერთით განსხვავდება: ვანოს საცხოვრებელს და მთლიანად კორპუსს შუშები “საფუძვლიანად” აქვს დამუქებული. კიდევ კარგი, ვანოს მიღებული კანონი ავტომანქანის დაბურული მინების შესახებ სახლებზეც არ მოქმედებს, თორემ “პეტრიაშვილელებს” სერიოზული ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.
შენობა ხუთსართულიანია, მიწისქვეშა ავტოსადგომითა და უამრავი ვიდეოთვალით აღჭურვილი, თან საერთო კონტექსტიდან იმდენადაა ამოვარდნილი, რომ საიდანღაც მოტანილსა და შემთხვევით ჩადგმულს ჰგავს. გარშემო ყველაფერი ძველია და მოუვლელი, ვანოს სახლი კი... ზედმეტად დაცული და პირქუში.
მეზობლები
გარშემო ერთი კაციც არ დადის. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, კამერებსა და ამ სახლის მეპატრონეებს უფრთხიან, სახლის წინ “ჯიპი” დგას, მეორე მიწისქვეშა ავტოსადგომიდან ამოვიდა.. ეს არის და ეს... როგორც ჩანს, ამ სახლში მცხოვრები ძველი ჩინოვნიკები მიტინგზე მიდიან.
ცოტა ხანს ვჩერდები, მერე უახლოეს მაღაზიაში შევდივარ და გამყიდველებთან ცნობილ მეზობლებზე გასაუბრებას ვცდილობ.
_ რა უნდა ვთქვათ ვანოზე? _ ახალი გადმოსულია და თითქმის ვერ ვხედავთ, გარეთ მანქანასაც არ აჩერებს, პირდაპირ მიწისქვეშა ავტოსადგომიდან გადის და იქვე ბრუნდება, _ მეუბნება მამაკაცი.
_ ბოლო ხანს ხალხთან ურთიერთობას მიეჩვია, მეზობლებს არ გეკონტაქტებათ?
_ მე არასდროს დამლაპარაკებია.
_ არც მისი ოჯახის წევრები გინახავთ?
_ არა, ვერც ის გავიგეთ, მარტო ცხოვრობს თუ ცოლშვილთან ერთად. მხოლოდ ქალები შემოდიან მაგ ბინიდან მაღაზიაში, ალბათ, მოსამსახურეები არიან, მაგრამ მათგან იმასაც ვერ გაიგებ, ვისთან მუშაობენ.
_ დაბადების დღე რომ ჰქონდა, ალბათ, გაიგეთ. ამბობენ, პრეზიდენტიც ეწვიაო, არც სააკაშვილი დაგინახავთ?
_ კი... ძალიან ბევრი ძვირადღირებული მანქანა იდგა, პრეზიდენტიც მოვიდა, ოღონდ ღამე. ჩემი სახლიდან ქუჩა არ ჩანს და მეტი ვერაფერი დავინახე, გარეთ რა გამომიყვანდა, იმდენი დაცვა და “სპეცსამსახურები” იყვნენ...
_ ამ კორპუსში სხვა ცნობილი ხალხიც ცხოვრობს. არც ისინი გეკონტაქტებიან?
_ ეს სახლი ხომ ჰგავს ციხესიმაგრეს? ჰოდა, მისი მცხოვრებლებიც ამ ციხესიმაგრეში გამოკეტილი პრინცები და პრინცესები არიან, ისინი უბრალო ხალხთან არ კონტაქტობენ...
რა ხდება აქციაზე
მაღაზიიდან გამოვდივარ, სახლთან ცოტა ხანს კიდევ ვჩერდები, დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეოთვალმა კარგად დამაფიქსირა. მერე, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ აქციაზე გავიარო, პარლამენტის წინ მე და პრეზიდენტი ერთდროულად მივედით. ამ დროს სიტყვით ვანო გამოდიოდა და გამიკვირდა, რაც თქვა _ მერაბიშვილი და ეროვნული მოძრაობა?
სასაცილოა!