ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15 წლიდან 10 წლამდე შეამცირა. ცვლილება 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ქვეყნის მთავარი საბანკო უწყების გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გააჩინა მშენებლებში, თუმცა მოწონება დაიმსახურა ფინანსისტებში.
სებ-ი თავის გადაწყვეტილებას მომხმარებლის უფლებების დაცვით ხსნის და აღნიშნავს, რომ სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „არაჰეჯირებულია“ და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
„არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა „არაჰიჯირებულია“, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს, გაცვლითი კურსის რისკთან ერთად, თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
აღნიშნული რეგულაცია დეველოპერულ ბიზნესსაც შეუქმნის პრობლემას. სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ ფინანსური დირექტორი ლევან მაღრაძე სავალუტო სესხებზე მსგავსი შეზღუდვის დაწესებას ეწინააღმდეგება. მომხმარებლისთვის ლარში აღებული სესხი ძალიან ძვირია, ამიტომ მას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.
„მაგალითად, თუ მინდა ქალაქის გარეუბანში 50 კვ/მ ბინის ყიდვა და ამისთვის 30-50 ათასი დოლარი მჭირდება, სესხი ლარში უნდა ავიღო. საბაზრო პროცენტი დაახლოებით, 15-16%-ია. 150 ათასი ლარის შემთხვევაში 20-25 ათასლარიანი პროცენტია წლიურად. თუ 15 წელზე გადავანაწილებ, თითქმის 3-ჯერ გამიძვირდება სესხი. თუ ავიღებ 30 ათას დოლარს 4%-ში, მაშინ ასე ძალიან სესხი არ გამიძვირდება. დაშვებული რომ იყოს სავალუტო სესხები, ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ბევრად უფრო შეღავათიან ფასად შეიძენენ ბინებს და უფრო გაიზრდება გაყიდვები, ვიდრე ახლანდელი შეზღუდვის პირობებში“, - აცხადებს მაღრაძე.
სამშენებლო კომპანიის დირექტორის აზრით, ახალი რეგულაციით ეროვნული ბანკი ლარზე მოთხოვნის შემცირებასაც ცდილობს.
„თუ 1000 ლარი გაქვთ ხელფასი და შეზღუდვა 30%-ია, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ბანკში ყოველთვე 300 ლარამდე უნდა გადაიხადოთ. 15 წელზე გადანაწილებით ყოველთვიური შენატანი მცირდებოდა. 10 წლის შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი გაიზრდება. ამის გამო, ვფიქრობ, ამ სესხებზე ხელმისაწვდომობა შემცირდება, ანუ ხელოვნური ჩარევით შეგიზღუდავენ ბინის ყიდვის შესაძლებლობას“, - განმარტა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას მაღრაძემ.
საბანკო სფეროს სპეციალისტები კი სებ-ის ინიციატივას სულაც არ მიიჩნევენ პრობლემად, პირიქით, მხარს უჭერენ კიდეც. ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, დოლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადის შემცირება მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ შემდგომში ლარის სესხებზე მოთხოვნა გაიზარდოს.
„რამდენადაც აქცენტი აღებულია, რომ ლარიზაცია მოხდეს და ეს ხანგრძილივი პროცესია, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამით არის გამოწვეული, თუმცა კიდევ სხვა ფაქტორებიც უნდა იყოს, რომლებსაც ეროვნული ბანკი გულისმობს. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლარის განმტკიცებასთან და ხელის შემწყობი იმდენად იქნება, რამდენადაც დროის ხანგრძლივ პერიოდში არ იქნება დაფიქსირებული სესხი დოლარში, იქნება უფრო საშუალოვადიან ან მოკლე პერიოდში. ეს მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ შემდგომში ლარში გაცემული იპოთეკური სესხები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა.
2021 წლის ოქტომბერში ფიზიკურ პირებზე 367 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გაიცა. აქედან 54%, ანუ 198 მილიონი ლარი ლარის იპოთეკებზე მოდიოდა, 170 მილიონი ლარი კი სავალუტო იპოთეკები იყო. ოქტომბერში ახალი იპოთეკების რაოდენობა 5,153 იყო, მათ შორის ლარის იპოთეკების რაოდენობა 4,509-ს შეადგენდა, სავალუტო იპოთეკების კი - 644-ს.
10 წელზე მეტი რაოდენობის ახალ იპოთეკებს შორის ოქტომბერში 121.3 მილიონი ლარის ეროვნული ვალუტის იპოთეკები და 131 მილიონი ლარის სავალუტო იპოთეკები გაიცა. შესაბამისად, 10 წელზე უფრო ხანგრძლივ იპოთეკებს შორის სავალუტო სესხები ჭარბობს, მაგრამ რაოდენობრივად ლარის სესხები 1,572 იყო, სავალუტო სესხები კი - 490.