„მწვანე პასპორტებმა“ თეთრ ტურიზმს პრობლემები სეზონის გახსნამდე შეუქმნა

„მწვანე პასპორტებმა“ თეთრ ტურიზმს პრობლემები სეზონის გახსნამდე შეუქმნა

ზამთრის ტურისტული სეზონი წესით უკვე უნდა გაიხსნას, მაგრამ სექტორში დიდი პრობლემებია. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი სათანადოდ ვერ მცირდება, გაურკვევლობა შექმნა „მწვანე პასპორტებმაც“. სტუმრები, როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები, თავს იკავებენ ჯავშნების გაკეთებისგან.

„გუდაური ლოფტის“ და „მესტია ინნის“ მმართველის მაია მურაჩაშვილის ინფორმაციით, 1-ლი დეკემბრიდან სასტუმროებში ზამთრის სეზონზე შეკვეთები მკვეთრად შემცირდა, რასაც იგი ქვეყანაში მწვანე პასპორტის ამოქმედებას უკავშირებს.

„მესტიაში ჯავშნების დიდი კლება გვაქვს, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, განულებულია. არც მოთხოვნა ჩანს და არც გარანტირებული შეკვეთებია. გუდაურის სასტუმრო კი, სადაც ძირითადად დამსვენებლები უცხოელი ტურისტები არიან, ახალი წლისთვის თითქმის 100%-ით არის დაჯავშნილი, თუმცა 10 იანვრის შემდეგ დატვირთვა მცირდება. ეს, ალბათ, ახალი ვირუსების გავრცელებიდან გამომდინარეობს, რადგან უცხოელი ტურისტები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უყურებენ და აქ კი მდგომარეობა იმ ნიშნულამდე ვერ ჩამოვიდა, რომ მწვანე ქვეყნის სტატუსი გვქონდეს“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, გამოწვევა სწორედ „მწვანე პასპორტებს“ უკავშირდება გაუმართავი აპლიკაციის გამო. „ხშირად კოვიდგადატანილი ადგილობრივები სისტემაში ვერ ხვდებიან, რიგ შემთხვევაში უცხოელი ვიზიტორის QR კოდებს ვერ ვკითხულობთ, რაც მათ გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს. ამ გამოწვევების წინაშე ვართ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მურაჩაშვილმა.

ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანში. ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯის მიუხედავად, ფასები შეამცირეს კიდეც, რომ მცირე აქტივობა მაინც შეინარჩუნონ, თუმცა არც ეს იძლევა იმედს.

„ქვეყანაში არის უმწვავესი პანდემია, ახლა ინფიცირების ზრდის ტემპით ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსოფლიოში. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია ვინმეს საქართველოში შობა-ახალი წლის გატარება მოუნდეს. რამდენიმე შეკვეთაა და ისიც უკრაინელების ხარჯზე, ძირითადად, ისინი აქტიურობენ.

„მწვანე პასპორტის“ ვალდებულებამ ამ მხრივ ნეგატიური კვალი დატოვა. ჯერჯერობით ადმინისტრაციული ბარიერი არ არის, თუკი სადმე სისტემური ხარვეზია, თანდათან უფრო მოწესრიგდება და დაიხვეწება“, - განაცხადა სასტუმრო „ვერეს“ წარმომადგენელმა.

ეკონომიკის მინისტრი კი ირწმუნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან თუ რა გამოწვევები მოიტანა „მწვანე პასპორტების“ შემოღებამ.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს. ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ“, - განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული გამოწვევა უკვე დაძლეულია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ისეთი ობიექტის სტუმრობას, სადაც აუცილებელია კოვიდ-პასპორტის წარდგენა, შეძლებს, თუკი აქვს სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტი - QR კოდი, ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.