დიტო გელოვანი: მას პოლიცია უყვარდა...

დიტო გელოვანი: მას პოლიცია უყვარდა...

ის ტერორისტები ხომ წითლების ხალხი იყო. თნამდებობები დაირტყეს მაგ ძუნძგლიანებმა, მე პირველ დამნაშავედ გამომაცხადეს, ხალხი გმინავდა მისი მათრახის ქვეშო. ისე აჩვენებდნენ თავს, თითქოს ქალაქი აჯანყდა და მათ დახმარება სთხოვა. ვიცოდი ეს ამბავი, განა არა? ხვრეტდნენ, ვისაც წაწვდებოდნენ. ძველი ამბავი იყო, განა საბურთალოც იმიტომ არ არის ასეთი გადაფხეკილი და ჟამწაფარებული, ასეთი ლაქებიანი და მონჯღრეული, რომ ოდესღაც ამგვარი რამ სინამდვილეში მოხდა?

აი, როგორი თამაში ყოფილა ეს შენი ”მეჯიქ პოლისი”. მონღოლებს გააგებინებ, ნაპოლეონს გააგებინებ, შავ ჭირს დაამარცხებ, რელიგიურ ომებს დაუძვრები, ათას უბედურებას მიხედავ და ამ წითლებს ვერაფრით შეასმენ რამეს.

(აკა მორჩილაძე, ”ვეშაპი მადათოვზე”)

 

“მიშა, მოვდივართ” - ამ სიტყვებს ერთ დროს დიდი გრეჩიხა ყვიროდა. “მიშა მოვედით” - ამ სიტყვებს დღეს ჟურნალისტები ამბობენ. მანანა მანჯგალაძე, ნიკა ავალიანი, თენგიზ გოგოტიშვილი, ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა... მალე ოთხი შარვალი მეორე ჩითის კაბის ჩაცმასაც აპირებს. ინგა გრიგოლიამ გადაწყვიტა ჩუღურეთში იყაროს კენჭი. პლეხანოველებო, ვარანცოველებო, სვანეთისუბნელებო, ჩემო მშობლიურო ოქროსუბნელებო, თქვენი იმედი მაქვს, ნუ გაიმეტებთ ინგა გრიგოლიას პოლიტიკისთვის!!!” – ეს არის ციტატა 11 იანვრის მიმოხილვიდან ”პარიზი-დაკარი, დაასხი, დაკარი”.

 

დაასხი, დაკარი... - ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან 2010 წლის დასასრული სწორედაც რომ დასხმით და დაკვრით აღინიშნა. თავდაცვის ამჟამინდელმა და ყოფილმა მინისტრებმა დაასხეს და დაკრეს, შემდეგ კი, ერთმანეთს დაკრეს და ამ ამბიდან ჯერ ორი საათიც არ იყო გასული, რომ ორივენი ერთსა და იმავეს აცხადებდნენ - ”პირველმა იმან დამკრა, მაგრამ მერე მე უფრო მაგრად დავკარი. იმას უფრო მეტი მოხვდა”.

 

აი, თქვენ კი მოგხვდათ ნიკო ბურის!

 

”ნაციონალური მოძრაობა” მმართველი პარტიაა და არ შეშვენის ტრაბახი და თავის მართლება, ხოლო ”ქართული პარტია” ჯერ არ არის მმართველი, იგი არის არა უბრალოდ ”ნაციონალური”, არამედ ”ქართულიც” და ამდენად, შესაბამისი განცხადება რომ არ გაეკეთებინა, სირცხვილი და თავისმოჭრა იქნებოდა.

”ინტერპრესნიუსს” დაუკავშირდა ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა დათა ახალაიას სცემა. მისი მტკიცებით, ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის შელაპარაკება პარიზში, სასტუმრო ”პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან” მოხდა, სადაც დათა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ”ისინი იმდენად შეშინდნენ, რომ მოგვიანებით, სადაც იყვნენ დაბინავებული, იქ აღარ დაბრუნებულან”, - ამტკიცებს ეროსი კიწმარიშვილი. იგი ასევე ირწმუნება, რომ ინციდენტი დაფიქსირებულია სასტუმროს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ და თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩანაწერები გამოითხოვონ. მისივე თქმით, იგი ირაკლი ოქრუაშვილს ამ ინციდენტამდეც და მას შემდეგაც რამდენჯერმე ესაუბრა”.

წარმომიდგენია, რა ხდებოდა ”ნაცებისა” და ”ქართველების” ოფისებში. ”კაი ბიჭს ცემენ” - ასეთი შეძახილები ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან ორივე მხარეს უნდა, რომ მათი ჯილა თან კაი ბიჭიც იყოს და თან ცემდეს კიდეც... და ეს ამბავი მოხდა პარიზში - სიყვარულის ყოფილ ქალაქში. გამორიცხულია, ეს სიღნაღში მომხდარიყო.

სიმართლე გითხრათ, ძალიანაც არ მეპიტნავება ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ რესტორნის დაცვამ ისევე ვერ გააგდებინა მას ხელიდან დათა ახალაია, როგორც ერთ დროს გამომძიებელი ხელიდან კალამს და პირიდან სიგარეტს ვერ აგდებინებდა.

რას აკეთებდა ამ დროს ეროსი კიწმარიშვილი? როგორც თვითონ ამბობს, ირაკლი ოქრუაშვილს ამ ინციდენტამდეც და მას შემდეგაც რამდენჯერმე ესაუბრა. სეკუნდანტი ყოფილა... ალბათ, ჩხუბის დროს ტელეფონით ამხნევებდა კიდეც, ხოლო შემდეგი ის იქნება, რომ პარიზში ერთმანეთს დაცხებენ ყოფილი და ამჟამინდელი ომბუდსმენები, ყოფილი და ამჟამინდელი პარლამენტის სპიკერები და ვიცე-სპიკერები, განათლების მინისტრები... ერთი სული მაქვს, როდის გაიგდებს წიხლქვეშ ყოფილი პრემიერი მგალობლიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

პური გვითავდება, სანახაობები მატულობს. გია თორთლაძემ გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფერს ზევიდან უცქიროს და ანდებში გაემგზავრა. თქვა, მწვერვალს დავიპყრობო და დაგვპირდა, რომ მიუძღვნის... ეს კი აღარ მახსოვს, რას მოუძღვნის, ალბათ - ანტიკრიზისულ საბჭოს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გია თორთლაძე არ არის ის კაცი, ვინმეს რომ რამე მიუძღვნას.

ზემოთ ვიკითხე, რას აკეთებდა ამ დროს ფრანგული პოლიცია-მეთქი... ფრანგული პოლიცია, სრული შემადგენლობით, ტელევიზორებთან იჯდა და თვალყურს ადევნებდა, თუ როგორ აჯილდოებდნენ კოკა სეფერთელაძე და ეკა ზღულაძე კონკურსის მონაწილეებს. კონკურსის სახელწოდება იყო ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია” . გამარჯვებული მოსწავლეები პორტატული კომპიუტერებით, სერტიპიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

ძალიანაც კარგი, თუ დააჯოლდოვეს. ყვავს კაკალი გააგდებინეო - ნათქვამია. საინტერესოა და აღსანიშნავია, რომ გამოვლიდნენ დიმიტრი შაშკინისა და ვანო მერაბიშვილის ფავორიტებიც, რომლებიც პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. აღმოჩნდა, რომ ვანოს ფავორიტი თბილისის #136-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ყანჩაველი ყოფილა. აქამდე ყველას გვეგონა, რომ ვანოს ფავორიტი გურამ დონაძე იყო...

მიხარია, რომ ბავშვებს კომპიუტერებით აჯილდოვებენ. კარგია, რომ მომავალი თაობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობა. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი თავად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავის მხრივ ასევე არ განიცდის ფავორიტების ნაკლებობას. სააკაშვილის ფავორიტებს ”კავკასუს ონლაინი” გადაეცათ.

არ გახმაურებულა, მაგრამ კონკურსში ბოლო ადგილზე გავიდა ნახატი სახელწოდებით ”ჩემ პოლიციას მე ვუყვარვარ”. ავტორს დაუხატავს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა - ხელკეტები, მომწამლავი გაზი, რეზინის ტყვიები, ყვითელი ქურთუკები და მათი ცისფერი იდეოლოგი. ნახატის ავტორს ჯილდოდ პორტატული კომპიუტერის მუყაოს ყუთი გადასცეს.

გასულ კვირაში მიშას დაბადების დღე ჰქონდა. სახანძრო სამსახური მობილიზებული იყო - ყველა იძახდა, ეგ დღე დაიწვასო. თუმცა, ყველა არ იწყევლებოდა. მაგალითად, დეპუტატმა ელდარ კვერნაძემ თქვა, რომ პრეზიდენტს დაბადების დღის აღსანიშნავად ”ერთგულებას და პატიოსნებას ჩუქნის”. კვერნაძეს ვურჩევ, სხვა დროს სააკაშვილს ის აჩუქოს, რაც აქვს, თორემ ეგრე, იგივე წარმატებით შეეძლო ეჩუქებინა ლუვრი, პრადო და ერმიტაჟი. თანაც, შალვა რამიშვილის ძველი არტისა არ იყოს (”შუა დაბადების დღეზე კატოკები შემომიგორე და, საჩუქარიაო - მითხარი”), კაცს ის უნდა აჩუქო, რაც სჭირდება და რისი ფასიც იცის.

”კალენდარს ვაჩუქებდი იმიტომ, რომ პრეზიდენტმა კარგად დაგეგმოს 2013 წლამდე მისი განრიგი, შემდეგ კი, დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს”, -  განაცხადა ოთხი შტატივისა ერთი ჩითის კაბის წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ, მაგრამ არ დააკონკრეტა, რას ნიშნავს ”დამსახურებული პენსია” და რით იმსახურებს პენსიას მიხეილ სააკაშვილი. ალბათ, იმით, რომ ოთხ შტატივს ოთხი შარვალი ჩამოაცვა და ზედ ჩითის კაბა გადააფარა.

 

აი, მიშას კიდევ ერთი დამსახურება: ”თუშეთის მოსახლეობას საძოვრებით და შეშით სარგებლობის საშუალებას მისცემენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება ”თუშეთის, ბაწარა–ბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია თუშეთში მკაცრ და ხანგრძლივ ზამთარზე და იმ გარემობაზეც, რომ ალტერნატივების არარსებობის გამო, მოსახლეობას სირთულე აქვს როგორც საშეშე მასალის მოპოვების, ისე - საქონლის საძოვრის”.

 

აი, ყოჩაღ, მაგრამ რად უნდოდა ამის მოფიქრებას შვიდი წელი? ალბათ, უნდოდა. ყოველ შემთხვევაში, მე უკვე ვხედავ ახალი კონკურსის კონტურებს, რომელიც თუშეთში ჩატარდება - ”მე მიყვარს ჩემი მიხეილ სააკაშვილი და მისი პეტრე ცისკარიშვილი”. გამარჯვებულები ჩასაგდებად გამზადებული საარჩევნო ბიულეტენებით დაჯილდოვდებიან.

 

ე.წ. ”ცნობილმა სახეებმა” თავ-თავიანთი ფავორიტი სკოლები ”დააჯილდოვეს” - მანდატურებად მოევლინენ. ვანო ჯავახიშვილი 53-ე სკოლის მოსწავლეების გაცინებას ცდილობდა, მაგრამ ბავშვებს არ ეცინებოდათ, რადგან დიანა ჯოჯუამ მათ მთავრობის ბოლო სხდომის პერიპეტიები გააცნო. ნანუკა ჟორჟოლიანი პირველი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლებს ესაუბრა ტანზანიის შესახებ. მანდატურებად წაიმუშავეს დუტა სხირტლაძემ და გია ჭანტურიამ. და მოხდა საოცარი რამ - არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს სკოლის დირექტორობის სურვილი, არაფერზე დაუბეზღებიათ ერთმანეთი და, რაც მთავარია, საკლასო ოთახის კარებთან წაკუზვაში არც ერთი მათგანი არ ყოფილა შემჩნეული. იმიტომაც იყო, რომ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ეს ერთგვარ ხუმრობად აღიქვეს, ისინი ხომ წაკუზულ მანდატურებს არიან მიჩვეულნი, თუმცა, უკვე იმასაც მიეჩვიენ, რომ, როგორც წესი, წაკუზული ტელევიზიების წარმომადგენლები ამ ქვეყანაში წელგამართულები და თავ-ცხვირაწეულები დააბიჯებენ.

 

ამ წაკუზულობის გამო იყო, დემოკრატიის ინდექსით 103-ე ადგილზე რომ გავედით და მიხეილ მაჭვარიანმა რომ თქვა, გასაკეთებელი ძალიან ბევრიაო. როგორც გახსოვთ, ადრე ამბობდნენ, გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო. ახლა ამბობენ - ძლიან ბევრიაო. მერე იტყვიან, ამდენი თუ იყო გასაკეთებელი, ვერ წარმოვიდგენდითო და ყველაფერი იმით დასრულდება, რომ წავლენ და აღმოჩნდება, რომ ყველაფერი გასაკეთებელია.

 

ჰი-ჰი... როდესაც ნიკოლოზ სააკაშვილი ტელევიზორში თავის შვილს ხედავს, ალბათ ამბობს, ეს თავიდან არის გასაკეთებელიო.

 

სანამ ჯავახიშვილი და სხირტლაძე სკოლებში ღლაბუცობდნენ, ნამდვილმა მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს. რამდენადაც სააგენტოს მუშაობის პრინციპი ვიცი, ვხვდები რომ ჩემს ძმობილებს ეს ინფორმაცია პირდაპირ განათლების სამინისტროდან მიაწოდეს. აი, ისიც - ”სკოლების მანდატურებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს”.

 

აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ერთი სიტყვა - ”უანგაროდ”. აქცენტი ამ სიტყვაზეა გაკეთებული. ინფორმაციის შემქმნელები საზოგადოებას ამცნობენ, რომ მანდატურებსაც შეუძლიათ რაღაცის უანგაროდ გაკეთება, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, ვისი სისხლი ჩააბარეს მანდატურებმა - შეშინებული დირექტორების, დაშინებული მასწავლებლების, ამრეზილი ბავშვების თუ მათი მშობლების, რომლებიც შვილებს დღენიადაგ ერთ რამეს უჩიჩინებენ - ”კარგად თუ არ ისწავლი, მანდატური გამოხვალ”. ეს უკვე პროგრესია - ამ სამი წლის წინ, კობა ბექაურისა და ზაზა ბეგაშვილის წარმატებების შემხედვარე, მშობლები ბავშვებს წიგნის გადაშლას უკრძალავდნენ.

 

როგორც გახსოვთ, გივი თრგამაძეს ბელორუსში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა. გასულ კვირაში ეს პრობლემაც მოიხსნა - გივი მინსკში ჩავიდა და საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობა და გამჭვირვალობა უზრუნველყო. ხოლო შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო უზრუნველყო ბუბა კიკაბიძით. ლუკაშნკო ისევ პრეზიდენტია, მიშა ჯერ კიდევ პრეზიდენტია. საერთოდ, წესია, რომ ”ისევ პრეზიდენტებს” ”ჯერ კიდევ პრეზიდენტები” ტელეფონით ულოცავენ ხოლმე. ჰოდა, მიშამაც მიულოცა. მიულოცა არჩევა, ოპონენტების დაპატიმრება, აქციების დარბევა და ყველაფერი ის, რაც მიშასთვის დემოკრატიასთან არის ასოცირებული.

 

გასულ კვირაში მიშამ მესტიის აეროპორტი გახსნა. აეროპორტი თამარ მეფის სახელს ატარებს. იქვე, მესტიაში ფუნქციონირებს გიორგი სააკაძის სახელობის ინტერნეტ-კაფე და გიორგი მეთორმეტის (ზაქიჭამიას) სახელობის პიცერია.

 

ყველაფერი, რაც აქამდე მოგიყევით - მართალია, ხოლო ზუგდიდის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში ერთი და იმავე პირუტყვის მესამედ გამოჩენის შემთხვევაში, მას ”გეკოს” ტიპის თოფით ადგილზე კლავენ. არ კლავენო - ამტკიცებს ზუგდიდის ზედამხედველი, მესხია - პატრონებს ვაჯარიმებთ, ხოლო უპატრონოებს ნებისმიერ მსურველს ვჩუქნითო.

 

რა საინტერესო ქვეყანაში ვცხოვრობთ... ნებისმიერ მსურველს ჩუქნიან. ეს ნებისმიერი მსურველი კი, რა თქმა უნდა, ზუგდიდის გამგებელთან დაახლოებული ვინმე აღმოჩნდება. პრესა.გე-ც ხომ ეგრე აჩუქეს გურამ დონაძეს და გიორგი თარგამაძეს!

 

გასულ კვირაში ელტონ ჯონს და მის ქმარს სუროგატი დედისგან ბავშვი შეეძინათ. ასევე, გასულ კვირაში გურამ დონაძეს და გიორგი თარგამაძეს სუროგატი პრეზიდენტისგან შეეძინათ ინტერნეტ-პორტალი.

 

აი, თქვენ კი მოგხვდათ ნიკო ბურის დამდეგ 2011 წელს!!!

 

(დ.ჩ.მ-მ) დასტოვეთ ჩემი მიწა-მეთქი და ამ დროს ამათმა შობელძაღლმა პატრონებმა ნოტა არ გამომიგზავნეს, გვაოცებს თქვენი პირგამტეხლობა და აგრესიაო. წადით-მეთქი, წადით და ჯარის დგომით მიყენებული ზარალი უნდა აგვინაზღაუროო, სულელურად აღრიცხული ხარჯები მიტელეგრაფეს... იქ ძალიან უცნაური ადამიანები გაჰყვიროდნენ, ადრე არავის ენახა...

(აკა მორჩილაძე, ”ვეშაპი მადათოვზე”)