დღემდე ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა ოფიციალურ დოკუმენტად არ ითვლება. ამიერიდან კი, შესაძლოა, ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიეცეს და სახელმწიფომ იგი აღიაროს, როგორც ოფიციალური დოკუმენტი.
ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა ჯვრისწერა ოფიაციალურად გახდეს ცნობილი. თუმცა, რამდენად სწარაფად განხორციელდება ეს, ჯერ უცნობია.
ამის პარალელურად, დემოგრაფები საუბრობენ, რომ საქართველოში ბავშვების 30% რეგისტრირებული ქორწინების გარეშე იბადება. ეს მონაცემები ევროპულ მაჩვენებელს აღემატება, თუმცა 2006 წელს საქართველოში ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხვი გაცილებით უფრო მაღალი (56%) იყო. ანალოგიური მაჩვენებელი ადრეც დაფიქსირებულა და 90-იანი წლების შუა პერიოდში დიდ მასშტაბებს მიაღწია. მაგალითად, 1989 წელს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულთა რაოდენობა 18% იყო.
აღნიშნულის გამო 1997 წელს დემოგრაფებმა გამოკვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის მხოლოდ საეკლესიო ქორწინებაში 20%-ზე მეტი იმყოფებოდა. ასეთი ტიპის ოჯახებს სახელმწიფო არ ცნობდა და ასეთ ოჯახში დაბადებული ბავშვები რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებოდნენ.
For.ge დაინტერესდა, რას შეცვლის ის ფაქტი, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიეცემა?!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ჯვრისწერისთვის იურიდიული ძალის მინიჭების სურვილი ახალი არ არის და ამის შესახებ სხვა ხელისუფლების დროსაც იყო საუბარი. თუმცა, არასდროს დამთავრებულა შედეგით, რადგან ურთულესი პროცედურაა. ფაქტობრივად, ეკლესია იღებს ხელისუფლების ერთ-ერთ ფუნქციას, რაც ნიშნავს ქორწინების დარეგისტრირებას.
„შესაძლებელია, ეს განხორციელდეს და ჯვრისწერას მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, მაგრამ ეს რთული პროცესი იქნება, რადგან, შესაძლოა, ზოგიერთს საეკლესიო წესით მოსწონდეს ჯვრისწერა, ზოგსაც - სამოქალაქო წესით, მაგრამ, ალბათ, ასე ერთბაშად არ მოხდება, რადგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ამ პროცესის ეკლესიის ფუნქციებში გადატანა.
ბოლშევიკების პერიოდში ეკლესიის იგნორირება მოხდა და დღეს ისევ საუბარია რაღაცის აღდგენაზე, რაც შეიძლება, ეკლესიამ დაარეგულიროს, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება დასჭირდება. ახალი ხელისუფლების პირობებში ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიეთობისთვის უფრო მასშტაბური, ახალი კომისია შეიქმნება და შეიძლება, ეს საკითხი მასშტაბურად იყოს განხილული“, - აცხადებს მამა მიქაელი.
მისივე განმარტებით, თუკი ეს საკითხი ძალაში შევა და ამაზე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება, მაშინ აღრიცხვიანობის ახალი ათვლა დაიწყება, თორემ ის, რაც ჩავლილი და განვლილი პერიოდია, მას ვეღარ დავაბრუნებთ უკან, რადგან აქამდე ჯვრისწერის მოწმობა მხოლოდ სურვილისამებრ გაიცემოდა და არა - ნებისმიერ შემთხვევაში.
გარდა ამისა, მამა მიქაელის თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა, რომ მმაჩის ბიუროები, ან ეკლესიის დაქვემდებარებაში უნდა შემოვიდეს, ან მათი საქმიანობის კოპირება მოხდება. ამიტომ ეს საკითხი ასე ერთბაშად ვერ გადაწყდება.
დემოგრაფ ანზორ სახვაძის აზრით, საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინების ფორმების გათანაბრება მისაღები არ არის, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, წყვილმა საეკლესიო ქორწინებაში გაატაროს თავისი ურთიერთობა და იურიდიულად ხელი არ მოაწეროს, რაც იურდიულად არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს ჯვარდაწერილ მეუღლეს. ამდენად, მას შეუძლია, საეკლესიო ქორწინება იურიდიული საფუძვლის გარეშე შეწყვიტოს და რამდენიმე თვის შემდეგ ანალოგიური წინადადებით მიმართოს სხვა პარტნიორს, შევიდეს სულ სხვა ეკლესიაში, რადგან ცენტრალიზებულად არ ხდება ამის აღრიცხვა.
წინათ კი წყვილი ხელს რომ მოაწერდა, პასპორტში ირტყმებოდა შტამპი, შესაბამისად, მეორე მმაჩის ბიუროში რომ მიეტანა აქტი, იგი დაფიქსირდებოდა.
დემოგრაფის თქმით, ჩვენთან საქმეს ისიც ართულებს, ეკლესიაში ჯვრისწერის აღრიცხვიანობა არ ხდება. მაშინ, როცა შვედეთში საეკლესიო აღრიცხვის დიდი ტრადიციაა, იქ ორ საუკუნეზე მეტია, საეკლესიო ჯვრისწერა სავალდებულოა და ეს იმდენად არის გამჯდარი მათ ტრადიციაში, რომ სამოქალაქო რეგისტრაციაში წყვილს არ ატარებენ, თუკი საეკლესიო ქორწინებაში არ იმყოფებიან.
საბჭოთა პერიოდში კი, ჩვენთან პირიქით ხდებოდა. თუ წყვილს საეკლესიო წესით სურდა ჯვრისწერა, მათ სთხოვდნენ, რომ ქორწინება ჯერ სამოქალაქო წესით ჰქონოდათ გატარებული, იურიდიული ძალის მქონე ყოფილიყო და ამის შემდეგ, თუ სურდათ, რიტუალურად დაეწერათ ჯვარი, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ რჩეულთან მოაწერდნენ ხელს, შემდეგ არ მოეწონებოდათ და 2-3 თვის შემდეგ სხვა ეკლესიაში აწერდნენ ხელს, რაც ბევრ გაუგებრობას იწვევდა. ამიტომ, დემოგრაფის აზრით, სწორი არ იქნება, ეს ორი აღრიცხვის სისტემა ერთმანეთს მიებას.
თეოლოგი და რელიგიათმცოდნე ლევან აბაშაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებაში მართლაც არის ასეთი პუნქტი, რომ სახელმწიფო ცნობს ეკლესიის მიერ ქორწინებას, მაგრამ მთავარია, ეს მუხლი როგორ გატარდება ცხოვრებაში. ამისთვის საჭიროა, ეკლესიას ჰქონდეს აღრიცხვის სისტემა, რაც დღეს ეკლესიას არ აქვს და ის მხოლოდ სიფრიფანა ქაღალდს გასცემს.
„თუ გსურთ, დაგიწერენ, რომ ჯვარი დაიწერეთ, თუ არადა, ამას არც აფიქსირებენ. ცენტრალიზებული სისტემა არ არის, რაც უნდა მოწესრიგდეს. სახელმწიფო რომც დაინტერესდეს, თუ რამდენი ჯვარდაწერილი არსებობს, ამის შესახებ თავად ეკლესიამაც არ იცის. გარდა ამისა, უნდა იყოს კონკრეტული კანონქვემდებარე აქტი, თუ როგორ განხორცელდება ეს პროცედურა, გასცემს თუ არა ეკლესია ისეთ ცნობას, რომელსაც მიიტანთ სამოქალაქოში და აღარ დაგჭირდებათ ხელმოწერა და ავტომატურად გააკეთებენ საბუთს, თუ ეკლესიამ თვითონ უნდა გადასცეს სახელმწიფოს შესაბამისი უწყება?!“ - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
დაეკარგება თუ არა მმაჩის ბიუროს ძალა, თუ პარალელურ რეჟიმში იარსებებს?! ამის შესახებ თეოლოგი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, სხვადასხვანაირი სისტემა ჩამოყალიბდეს. შესაძლოა, მმაჩის ბიუროში ოფიციალური ცერემონია არ შედგეს, უბრალოდ, წყვილმა ეკლესიიდან მიიტანოს ცნობა და ეს გააფორმონ. შესაძლოა, ისეთი სისტემა იყოს, წყვილს აღარც დასჭირდეს მმაჩის ბიუროში მისვლა, თუმცა ეს დაწესებულება მაინც დარჩება, რადგან არიან ადამიანები, ვისაც არ უნდათ ეკლესიაში ჯვრის დაწერა. ამიტომ ბევრი ტექნიკური და იურიდიული საკითხია მოსაგვარებელი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა და, რაც უფრო მეტი უფლებები აქვს ეკლესიას, მით უფრო მეტი ვალდებულებებიც ეკისრება.
ამასთან, ლევან აბაშიძეს, როგორც ეკლესიის ისტორიის მცოდნეს, ძველი ქრისტიანების მაგალითი ახსენდება. მეოთხედან მეათე საუკუნემდე რომის იმპერიაში ქრისტიანი წყვილები და სხვებიც, სახელმწიფო რეგისტრაციას გადიოდნენ, შემდეგ უკვე მიდიოდნენ ეკლესიაში და მათ ეპისკოპოსი გადასახავდა ჯვარს. ამდენად, თვით ძველი ეკლესიაც კი ცნობდა სახელმწიფო რეგისტრაციას.
მიუხედავად ამისა, თეოლოგი ფიქრობს, რომ ჯვრისწერა დიდი საიდუმლოებაა და ეს ეკლესიის შიდა საქმე უნდა იყოს. მეტიც, ეკლესიას არც უნდა სჭირდებოდეს, რომ სახელმწიფომ ეს აღიაროს, რადგან ადამიანმა, შეიძლება, ჯვარი დაიწეროს და საერთოდ არ სურდეს ამის ოფიციალურად დარეგისტრირება. შეიძლება, წყვილი იურიდიულად არც იყოს ქორწინებაში, მაგრამ რეალურად ეკლესიურად დაქორწინდეს.
თუმცა, ამასაც პრობლემები სდევს, რადგან, შესაძლოა, ვინმე განქორწინდეს და ქონების გაყოფა მოისურვოს. ამ დროს კი ეკლესიაში ჯვარდაწერილს ეს უფლებამოსილება არ აქვს. ამიტომ ეს გაუგებრობები უნდა მოწესრიგდეს.