დაკარგული 10 მლრდ-ით შელახული უფლებები

დაკარგული 10 მლრდ-ით შელახული უფლებები

რამდენიმე გამომცემელმა და წიგნის მაღაზიათა ქსელმა გაფიცვა მოაწყო. მართალია, თავად ისინი ამას არა გაფიცვას, არამედ სოლიდარობის აქციას უწოდებენ, მაგრამ რეალურად თბილისში წიგნის მაღაზიათა უმეტესობა დაკეტილი იყო. წიგნის მაღაზიების მეპატრონეები გამომცემლებს სოლიდარობას მათთვის განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო სახელმძღვანელობის ბეჭდვის უფლების ჩამორთმევის გამო უცხადებენ. რამდენადაც ცნობილია, სოლიდარობის აქციას წიგნების მაღაზიათა ქსელები „ლიბრა“, ლიტერატურული კაფე („წიგნის სახლი“) და „ბიბლუსი“ არ უერთდებიან.

„ბიბლუსმა“ ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იგი მიესალმება განათლების სამინისტროს ინიციატივას, უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად მიაჩნია, რომ ეს უდაოდ დადებითი ცვლილება ავტორებისა და გამომცემლობების უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„ამ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა არაერთი წელი შეალიეს სწორედ იმ სახელმძღვანელოების შექმნას, რომელთა დაბეჭდვასაც განათლების სამინისტრო თავად გეგმავს. მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, პატივი სცეს საავტორო უფლებებს და უფასო სახელმძღვანელოების დარიგებასთან ერთად, გამომცემელთა და ავტორთა სამართლიანი ინტერესებიც გაითვალისწინოს“, - ნათქვამია „ბიბლუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ლიბრას“ დირექტორი, ვერიკო ჭელიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს წიგნის დღეს წიგნის მაღაზიის დაკეტვას, რადგან ამით გამომცემლების პრობლემები არ გადაწყდებოდა, მით უმეტეს, ამ დღეს „ლიბრას“ რამდენიმე აქცია და სხვადასხვა ღონისიება ჰქონდა დაგეგმილი, რომლის არჩატარებაც მკითხველს გაანაწყენებდა.

ვერიკო ჭელიძე განმარტავს, რომ ზოგადად „ლიბრა“ გამომცემლებს სოლიდარობას უცხადებს, რადგან ისინი ძალიან ზარალდებიან, ზოგიერთ გამომცემლობას მილიონიანი ნაშთი აქვს და ა.შ. თუმცა, მაღაზიების დაკეტვა ჭელიძეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აქვე იგი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა გამომცემლებს წინა ხელისუფლების დროსაც გამოეხატათ პროტესტი, როდესაც განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელობის დისტრიბუცია მთლიანად „24 საათს“ გადასცა.

„როდესაც განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების გავრცელების მონოპოლია „24 საათს“ მისცა, კარგი იქნებოდა გამომცემლებს მაშინაც გამოეთქვათ პროტესტი. ამ გადაწყვეტილებით წიგნების მაღაზიები სასკოლო სახელმძღვანელობის გარეშე დავრჩით და მაშინ არც ერთ გამომცემელს ხმა არ ამოუღია. მათთვის მთავარი იყო ფული მიეღოთ. ახლა კი როდესაც თავიანთ ფულს ვერ ღებულობენ, პროტესტს გამოთქვამენ“, - ამბობს ვერიკო ჭელიძე.

შეგახსენებთ, როდესაც განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება ჩამოართვა, მისი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ აქამდე განათლების სამინისტრო რამდენიმე გამომცემელს „კვებავდა“, რომელთაგან დიდი ნაწილი მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებულ სასკოლო წიგნების შეკვეთებზე მუშაობდა და სხვა წიგნებს არ გამოსცემდა. ამასთანავე, სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ამ სფეროში ყველაზე უხეში დათვლებით 80 მლნ ლარამდე ბრუნვა იყო და მთელი ეს თანხა მოსახლეობის ჯიბიდან გაედინებოდა. ახლა კი, სამინისტრო მხოლოდ 12 მლნ ლარს დახარჯავს და ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოთი უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გამომცემლებს, რომლებიც სოლიდარობის აქციას უერთდებიან, for.ge ორი მათგანის „ლოგოს პრესის“ და „ინტელექტის“ წარმომადგენლებს ესაუბრა.

გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი, კახმეგ კუდავა აცხადებს, რომ „ინტელექტს“ გრიფი ხუთი წლით  ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ ახლა, როდესაც სულ ერთი წელია გასული, განათლების სამინისტრომ მას სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება ჩამოართვა და ახლა, წიგნებს თვითნებურად ბეჭდავს. კუდავა აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრომ ოთხი არსებული სტამბისგან („24 საათი“, „სეზანი“, „ფავორიტი“ და „ფორმა“) ერთი სტამბა შექმნა და სწორედ მას მისცა ამ სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება.

„დღეს გახლავთ 23 აპრილი, საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, რომელიც მთელს მსოფლიოში ზეიმით აღინიშნება. წიგნის მაღაზიები და გამომცემლები მას სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ მოვაწყვეთ სოლიდარობის აქცია, რომლითაც წიგნის მაღაზიებიც გამომცემლებს უცხადებენ სოლიდარობას“, - ამბობს კახმეგ კუდავა.

გამომცემლის განმარტებით, განათლების სამინისტრო თითოეულ წიგნზე გამომცემლობას 18 თეთრს ჩაურიცხავს, რაც წიგნის ბეჭდვის ღირებულების 10%-ია. კახმეგ კუდავას განცხადებით, აქედან ავტორის ჰონორარი არის 20% და თუკი მაგალითად, წიგნს ოთხი ავტორი ჰყავს, თითოეული ერთ რეალიზებულ წინგში 1 თეთრს მიიღებს, მაშინ როდესაც აქამდე თითოეულ წიგნზე  ავტორები ხელზე 1.6 ლარს ღებულობდნენ.

„ამ წიგნების წერას ავტორები 20 წელი მოუდნენ და მარგველაშვილს როგორც უნდა, ისე, ეს ქვეყანა ვერ აეწყობა“, - აღნიშნავს კახმეგ კუდავა.

მისი თქმით, დღეს არსებული ეს შემოსავალი, გამომცემლობის ადრინდელ შემოსავალზე 50-ჯერ ნაკლებია, ხოლო ავტორების ადრინდელ შემოსავალზე 40-ჯერ ნაკლები. კახმეგ კუდავა აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს, გამომცემლები სახელმძღვანელობის უფასოდ დარიგების წინააღმდეგნი არიან. კუდავა ამბობს, რომ გამომცემლები მიესალმებიან განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცეთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს გამომცემლების ხარჯზე. კუდავას თქმით, გამომცემლებს სოლიდარობას არა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, არამედ მწერლები, მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უცხადებენ.

„ჩვენ არ ვართ ოცი კაცი, როგორც ამას განათლების სამინისტრო ამბობს, რადგან ოცი გამომცემლობაა. ჩვენს გვერდით ბევრი ხალხი დგას და ჩვენ ჩვენი უფლებების შელახვას ასე არ დავტოვებთ. სასამართლოშიც გვაქვს სარჩელი შეტანილი და ზეგ დიპლომატიურ კორპუსთანაც ვაპირებთ შეხვედრას, რათა ჩვენი პრობლემები გავაცნოთ“, - ამბობს გამომცემელი.

კახმეგ კუდავას თქმით, აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გამომცემლობებიდან მოგების გადასახადის სახით 15 მლნ ლარი შედიოდა, ახლა კი განათლების სამინისტრომ 12 მლნ გამოყო მხოლოდ სტამბის ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი ყველა ხარჯი უგულებელყო. კუდავა აქვე აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე გამომცემლობა „მაკმილანიც“ მოქმედებს, რომელსაც ხუთწლიანი გრიფი აქვს და მასთან განათლების სამინისტროს ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, რადგან ის უცხოელია და ვერ გაუბედეს. ქართული გამომცემლობები კი დაჩაგრეს.

გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ დამფუძნებელი, ლაშა ბერაია აცხადებს, რომ გამომცემლებისთვის მათი ინტელექტუალური საკუთრების ჩამორთმევა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ გაცილებით ნაკლები ახალი წიგნი გამოვა და ამით წიგნის მაღაიზებიც იზარალებენ, ამასთანავე, ქართველ მკითხველსაც სულ უფრო ნაკლები წიგნი ექნება. ლაშა ბერაია გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, როდესაც მინისტრმა თქვა, რომ სამინისტრო აღარ გამოკვებავს რამდენიმე გამომცემელს, რომლებიც მხოლოდ სასკოლოს სახელმძღვანელოების შექმნით იყვნენ დაკავებულები.

„განათლების მინისტრი პიარტექნოლოგია და ის ინტერპრეტაცია, რასაც ის ამბობს, სინამდვილეს არ შეესაბამება. როდესაც პროგრამები იცვლება, ცხადდება კონკურსი, გამომცემლები და ავტორები თავისი რისკით იკვრებიან ჯგუფებად, რათა იმუშაონ მინიმუმ ერთი წელი, ან მეტიც, შექმნან პროდუქტი და თავისი რისკით შეიტანონ გრიფირებაზე. მას ექსპერტები აფასებენ და წიგნს ან მიენიჭება გრიფი, ან - არა“, - აცხადებს ლაშა ბერაია.

მისი თქმით, როდესაც წიგნებს უკვე გრიფი აქვს მინიჭებული, გარედან ეს ისე ჩანს, თითქოს, ამ სფეროში მონოპოლიაა, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან. აქვე ბერაია განმარტავს, რომ წიგნის შერჩევის შემდეგი ეტაპი უკვე პედაგოგებზეა დამოკიდებული და შესაძლოა, მან კონკრეტული სახელმძღვანელო არ აირჩიოს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გამომცემელი სახელმძღვანელოს ბეჭდვისას დიდ რისკზე მიდის.

ლაშა ბერაიას თქმით, განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების შექმნაზე სახელმწიფო მონოპოლიის შექმნა სურს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო.

„მე რაც მინისტრისგან გავიგე, ავტორები, თურმე, გარკვეულ დაწესებულებებს მიმართავენ თავიანთი ტექსტებით, სადაც მოხდება შენიშვნების შეტანა და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ გამომცემლებს, რომ მათ მაკეტი შექმნან. ეს იმდენად გულუბრყვილო და არაპროფესიონალური საუბარია, რომ ნიშნავს, მინისტრს წარმოდგენა არ აქვს, როგორ იქმნება სახელმძღვანელო“, - ამბობს გამომცემელი.

მისი თქმით, მეცნიერებს არ შეუძლიათ მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე დაწერონ სახელმძღვანელო. ამიტომ გამომგემლობები ქირაობენ რედაქტორებს, მათთან ერთად ქმნიან ტექსტებს, სავარჯიშოებს და ა.შ. ხოლო ავტორი გამომცემლის გარეშე უსუსური ბავშვივით არის, რადგან პროდუქტს ვერ ქმნის. ლაშა ბერაიას თქმით, თუ ახლა ისეთი მეთოდით მოხდება სახელმძღვანელოების შედგენა, როგორზეც განათლების მინისტრმა გააკეთა განცხადება, წიგნების ხარისხი გაუარესდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი კატეგორიულად უარყოფს ზეწოლას გამომცემლებზე და აცხადებს, რომ მას არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ამ სფეროში მონოპოლია შექმნას.

„ნებისმიერ ადამიანს მარტივი არითმეტიკით შეუძლია ამის გაგება. წიგნის გასაყიდ ფასზე არაფერს ვამბობ. ის 10 ლარს შეადგენდა და ახლა უფასოა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ წიგნის დასაბეჭდ ფასზე, რაშიც გამომცემლები ითხოვდნენ 4-5 ლარს, დღეს კი ეს თანხა 1.8 ლარამდე შემცირდა. მონოპოლიებს ქმნიან ხოლმე ფინანსური ინტერესების გამო, ხოლო თუ საუბარია საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაზე, რა ლოგიკით მესაუბრებიან მონოპოლიის შექმნაზე“? - აცხადებს მინისტრი.

ამასთავე, მისი თქმით, მონოპოლიის შექმნა ნიშნავს იმას, რომ არჩევანი კეთდება ერთ კომპანიაზე, რომელიც რაღაც დიდ შეკვეთას აკეთებს. ამ შემთხვევაში კი საუბარია ოთხ სტამბაზე. გიორგი მარგველაშვილი კატეგორიულად უარყოფს გამომცემლების მიერ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოთხი სტამბა ერთ შპს-დ გაერთიანდა. მისი განმარტებით, ამ სტამბების მხოლოდ პასუხისმგებლობა გაერთიანდა.

„არის ელიტა, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობებიც გააჩნია და მედიარესურსიც და მთელი ორი კვირის განმავლობაში მთავარი თემა არის არა ის, სად წავიდა ნახევარი მილიარდი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, არამედ ის, ვინმეს რამე უფლება ხომ არ შეელახა. უფლება რაში მდგომარეობს, რომ ხალხის ხარჯზე წიგნებს არ ვუკვეთავ?“, - ამბობს მარგველაშვილი.