„ორთაჭალენერჯის“ მეპატრონე პროკურატურას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს

„ორთაჭალენერჯის“ მეპატრონე პროკურატურას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს

შპს „ორთაჭალანერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თემურ ჭიჭინაძე პროკურატურას მიმართავს და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მან და მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ უკვე მერამდენედ უწევს განცხადების გაკეთება პროკურატურასთან მიმართებაში.

„შეცვლილი რეალობის შემდეგ, ანუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ელოდა და ახალი ხელისუფლებისგანაც დეკლარირებული იყო, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ყველა ის ქონება დაბრუნდეს, რომელიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში უკანონოდ იქნა ჩამორთმეული. თუმცა, საზოგადოებაში არის გარკვეული უკმაყოფილება და ეს უკმაყოფილება მზარდია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რამდენიმე ათეული საქმე, რომელიც ჩემს წარმოებაში არის და სხვა საქმეებიც“, - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი არის ორთაჭალჰესის საქმე. კერძოდ, გაბუნიას თქმით, შპს „ორთაჭალენერჯი“ 1994 წლიდან იჯარის და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას - ორთაჭალჰესს და სრულად ასრულებდა ნაკისრ საიჯარო ვალდებულებებს, არც საგადასახაო სტრუქტურებთან ჰქონია ოდესმე დავალიანება. 2008 წლის ბოლოს კი „ორთაჭალენერჯი“ საიჯარო ვადის ამოწურვამდე 11 წლით ადრე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით გააძევეს ობიექტიდან. ადვოკატის თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „ორთაჭალენერჯის“ ცალმხრივად შეუწყვიტა იჯარა, რისი უფლებაც „იჯარის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე არ ჰქონდა. აქვე გაბუნია დასძენს, რომ „ორთაჭალენერჯის“ ობიექტზე რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია ჰქონდა გაწეული.

ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობრივი გზით იჯარის შეწყვეტის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ობიექტი დაჩქარებული წესით გამოიტანა გასაყიდად და ის 25 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანია „ენერგოპრომ“ მიუხედავად იმისა, რომ მყიდველი „ორთაჭალენერჯის“ მიერ ოფიციალურად გაფრთხილებული იყო, რომ ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა და ის კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა.

„4-5 თვის წინ ჩვენ მოვაწყვეთ ბრიფინგი, სადაც ჩვენი აზრით, შესაძლო დამნაშავე პირები დავასახელეთ და პროკურატურას სულ მცირე უნდა დაეკითხა ეს ადამიანები და გამოეძიებინა ეს საქმე, რათა დარღვეული საკუთრების უფლება აღდგენილიყო. თუმცა, სამწუხაროდ, უკვე 4 თვეზე მეტია გასული და პროკურატურამ დაკითხა მხოლოდ ბატონი თემურ ჭიჭინაძე. ამის იქით გამოძიება არ წასულა. როგორც მაქვს ინფორმაცია, საქმეზე გამომძიებელი შეიცვალა და დღეს ეს საქმე გაურკვეველ მდგომარეობაშია“, - აღნიშნავს ადვოკატი.

მისი თქმით, კომპანია „ორთაჭალენერჯი“ დღემდე იხდის ქონების გადასახადს, რადგან ობიექტი მასზეა რიცხული, თუმცა ამ ქონებით სხვა სუბიექტი სარგებლობს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში უამრავი მტკიცებულება და მოწმეა, რომლებიც დამნაშავე პირებს გამოავლენენ. დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, რომ დღეს პროკურატურაში ისევ არიან ძველი კადრები, რომლებიც ადეიშვილის პერიოდში მუშაობდნენ იქ და პროკურატურა ძალიან ნელი ტემპებით აწარმოებს საქმეებს. ადვოკატის თქმით, ახალი ხელისუფლებისგან არაერთხელ იყო დაპირება, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა მომზადდებოდა, რათა განაჩენების გადახედვა და წართმეული ქონების დაბრუნება მომხდარიყო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, არც ერთი ასეთი კანონპროექტი პარლამენტში წარდგენილი არ არის. ამიტომ დიმიტრი გაბუნია მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და შექმნას მექანიზმი (თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე), რათა საკუთრების დაღვეული უფლებები იქნეს აღდგენილი.

„გულდაწყვეტით ვამბობ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ამ ხელისუფლებას ცუდად შემოუტრიალდება იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ ბატონი თემურ ჭიჭინაძე, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა საქმეებიც მაქვს წარმოებაში, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ“, - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ მთავარი პროკურატურა მალე განახორციელებს რეორგანიზაციას, დაიწყებს საქმეების გამოძიებას და პროიროტეტს მიანიჭებს წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებს, რათა მართლაც აღდგეს სამართლიანობა.

ადვოკატი ამბობს, რომ გრძელვადიანი იჯარის უკანონოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინვე მიმართეს სასამართლოს, მაგრამ ქართულ სასამართლოებში ეს საქმე წააგეს. ამიტომაც საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. ევროსასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში, თუმცა დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ თუ მოხერხდება ამ საქმის ქვეყნის შიგნით გადაწყვეტა, მომჩივანი მხარე ამით კმაყოფილი იქნება.

„ორთაჭალჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ მისი საქმე სამი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი არის პროკურატურაში, მეორე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო მესამე - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მისი თქმით, პროკურატურაში საქმის გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და მხოლოდ მომჩივანი მხარე არის დაკითხული.

„აქ არის ჯაჭვური რეაქცია, მიზანმიმართული ქმედება, რომელიც განახორციელა სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის, საჯარო რეესტრის და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით. დღემდე არც ერთი პიროვნება ამ ორგანიზაციებიდან დაკითხული არ არის. როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სწრაფი ტემპით უნდა წარიმართოს, რათა არ განხორციელდეს მითვისებული ქონების გასხვისება, არ დაიფაროს დანაშაულებრივი ქმედებები, არ მოხდეს კვალის არევა და ა.შ.“, - ამბობს თემურ ჭიჭინაძე.

ამიტომ იგი მთავარ პროკურატურას მიმართავს და ითხოვს, რომ საქმის გამოძიების დაჩქარება მოხდეს. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა გასული და წართმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების ერთი პრეცედენტიც კი არ არსებობს.