მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მიხედვით საქართველო ევროპის ლიდერია, ეს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე არ ასახულა. ის კი არადა, ქვეყანაში ჯერაც გრძელდება სამუშაო ადგილების შემცირება და ადამიანები სამსახურს კარგავენ. რთულია ახალგაზრდების მდგომარეობაც. ბევრს უკვე ხელიც კი აქვს ჩაქნეული შესაფერისი სამუშაოს მოძებნაზე.
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, შინამეურნეობების 5.8%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრის პერიოდში. დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა შეადგენს 6.7%-ს საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის, ხოლო 4.6%-ს სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 16.1%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.3%-ს, ხოლო სოფლად - 15.9%-ს შეადგენს.
შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის - ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (44.6%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (9.1%), შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.7%), კომპანიის - ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა ოჯახის წევრი (6.3%).
ზოგადად ქვეყანაში დასაქმების დიდი პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში გამოიკვეთა. პრობლემამ განსაკუთრებით ახალგაზრდებში იჩინა თავი. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი უმუშევარია და თან დაუფარავად აცხადებენ, რომ არც სურთ იყვნენ დასაქმებული.
„ახალგაზრდობის სააგენტომ“ კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 10 მუნიციპალიტეტში (დმანისი, გორი, ქობულეთი, ქუთაისი, მესტია, ონი, ოზურგეთი, სიღნაღი, თიანეთი, ბოლნისი) ახალგაზრდები გამოიკითხნენ. კვლევები ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 14-17 წწ, 18-25 წწ და 26-29 წწ. კვლევის თანახმად, გამოკითხული სრულწლოვანი ახალგაზრდების 39% ამბობს, რომ დასაქმებულია.
რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს, 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით მეოთხედზე მეტი (28%) ამბობს, რომ დასაქმებულია, ნახევარი (50%) ეძებს სამსახურს, 22% კი არაა დასაქმებული და დასაქმებას არ ცდილობს.
26-დან 30 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (65%) ამბობს, რომ დასაქმებულია, დაახლოებით მესამედი (31%) სამსახურს ეძებს, ხოლო 4% არ არის დასაქმებული, თუმცა სამსახურს არ ეძებს.
სრულწლოვანი რესპონდენტების 36% სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული, ხოლო 45% - კერძო ორგანიზაციაში.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ახალგაზრდების ნაწილი დასაქმებულები არ არიან და არც ამის სურვილი აქვთ.
„პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ასაკში, განსაკუთრებით 25-26 წლამდე, ბევრი სწავლობს და სწავლასთან ერთად დასაქმება არ სურს, მაგრამ ეს გადამწყვეტი მიზეზი არ არის. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია, განსაკუთრებით როდესაც საუბარია 30 წლამდე ახალგაზრდებზე, მათ სამუშაოს მოძებნის სტიმული დაკარგეს, ღირსეული ანაზღაურებით. მესამე შეიძლება იყოს ის, რომ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი ჰქონდეთ და არა ქვეყნის შიგნით. შეიძლება სხვა მიზეზებზეც საუბარი, მაგრამ ეს არის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ახალგაზრდები აღარ ეძებენ სამსაუხრს.
რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ფონია ისეთი, ვინც დასაქმებული იყო, ახლა ისიც უმუშევარია კორონავირუსი პანდემიის პირობებში და ამ სიტუაციაში კიდევ უფრო ნაკლები გახდა პერსპექტივა ახალი სამუშაოს მოძებნის“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.
გამოკითხული სრულწლოვანი ახალგაზრდები, რომლებიც არ მუშაობენ (61%), უმუშევრობის ძირითად მიზეზებად დასაქმების სერვისების არარსებობას (28%), ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის უქონლობას (23%), პროფესიული უნარჩვევების ნაკლებობას (16%) და ისეთი ნაცნობების - ნათესავების არარსებობას ასახელებენ, რომლებიც დასაქმებაში დაეხმარებოდნენ (15%).