ნოემბრის ბოლოს ალანი, კუნთმაგარი ოსი მამაკაცი, სახლში დაბრუნებისთვის საქართველოს სასაზღვრო პუნქტ ზემო ლარსზე (წითელ სახურავიანი კომპლექსი, რომელსაც შუა საუკუნეების კოშკით დაგვირგვინებული კლდეები გადმოჰყურებს) საკუთარ რიგს ელოდებოდა. ბევრ ოსს სააკაშვილი სძულს, მაგრამ ალანს ასეთი განცდა აღარ აქვს, მიუხედავად იმისა რომ ხმამაღლა მისი სახელის წარმოთქმა მაინც უჭირს. „მადლობა უთხარით… მას“ – თქვა მან და თავით სამხრეთით, თბილისისკენ მიანიშნა.
ალანი საქართველოში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, მას მერე, რაც საზღვარი დაიხურა და ის სააკაშვილის მადლიერია იმისთვის, რომ მან ძმის მონახულების შესაძლებლობა მისცა, რომელიც აქ ცხოვრობს. მასზე ვრცელდება ახალი ქართული პოლიტიკა, რომელიც ოქტომბერში გამოცხადდა და რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს, რომელიც კავკასიის რეგიონში ცხოვრობს, საქართველოში უვიზო გადაადგილება შეუძლია (მანამდე რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის მოქალაქეებს ჯერ მოსკოვში გამგზავრება – ანუ საპირისპირო მიმართულებით ასობით მილის გავლა უწევდათ, იქ ვიზის გაკეთება და საქართველოში თვითმფრინავით გამგზავრება. ახლა კი მეზობელ ქვეყანაში ავტომობილით რამდენიმე საათში შეუძლიათ ჩასვლა, თანაც - როცა მოისურვებენ). საქართველომ ეს ცალმხრივი ნაბიჯი იმდენად მოულოდნელად გადადგა, რომ მოსკოვი საპასუხო რეაქციისთვის მზად არ იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი თავს უკიდურესად მოწყვლადად გრძნობდა იმის გამო, რომ საქართველო, მისი აზრით, მოსკოვის ორბიტას შორდებოდა. მაგალითად, საქართველო ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. მოსკოვის აზრით, ქართველები და რუსები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაძმობილდნენ, როდესაც რუსეთმა ვალდებულება აიღო, რომ მის ქრისიტიან ძმებს მუსულმანების თავდასხმებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ქართველების აზრით, რუსეთმა 1801 წელს მათი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და ხელი შეუშალა მათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში.
ისტორიულმა დაძაბულობამ პიკს 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთმა ქართველების მხრიდან სამხრეთ-ოსეთზე (თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა საქართველოს გამოეყო) კონტროლის დაბრუნების მცდელობა მოიგერია. მოსკოვმა მომენტით ისარგებლა და სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის (კიდევ ერთი რეგიონი, რომელსაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს) დამოუკიდებლობა აღიარა და საკუთარი თავი მათი უსაფრთხოების გარანტად გამოაცხადა.
ქართველებმა თავი დამარცხებულად და მიტოვებულებად იგრძნეს, რადგან ზედმეტად დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკელებთან მეგობრობაზე და როგორც ჩანს, სულელურად სჯეროდათ იმის, რომ უკვე ნატო-ს წევრების პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა მის უზარმაზარ ჩრდილოელ-მეზობელთან მარტო ეომა, რომელთან შედარებით მისი სამხედრო ძალები არარაობა იყო და ამ ომში საკუთარი ტერიტორიის 20% დაკარგა, საქართველომ გადაწყვიტა ახალი კურსი აერჩია.
მოკლედ, საქართველომ ზურგი შეაქცია თავის შორეულ და არასანდო დასავლელ პარტნიორებს და სანაცვლოდ აქცენტი რეგიონალურ ურთიერთობებსა და გავლენაზე გადაიტანა. „2008 წლის აგვისტოს ომამდე, ჩვენ ნატო-სთან და ევროკავშირთან ვმუშაობდით და რეგიონს უდიერად ვეპყრობოდით – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევების ახალი სკოლის დირექტორი გია ნოდია – დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა უფრო რეგიონალურ-ცენტრისტული ხასიათისაა. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას იარანთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან“.
და, მართლაც, დღეს საქართველო გაზს ირანისგან ყიდულობს, ის აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების გარდამავალი პუნქტია, ასევე ხელი მოაწერა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს კავშირები 2008 წლამდეც არსებობდა, მაგრამ ომის შემდეგ მათ განვითარებას გაცილებით დიდი დრო და ძალისხმევა ხმარდება, რადგან საქართველო პოზიციონირებას ახდენს როგორც რეგიონალური კვანძი, სადაც ბიზნესისთვის კარგი კლიმატია. ყველა ეს ნაბიჯი ერთად ქმნის 2008 წლის შემდგომ საგარეო პოლიტიკურ კურსს – ნაკლებად ამბიციურს, სამაგიეროდ უფრო მიღწევადს, თუმცა ის მაინც არაფერია იმ სარისკო თამაშთან შედარებით, რომელიც საქართველომ დღეს რუსეთთან წამოიწყო.
სააკაშვილმა „ერთიანი კავკასიის“ მისეული ხედვა, სექტემბერში გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე წარმოადგინა. „ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებს ვეკუთვნით და მთების სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ – თქვა მან – მაგრამ კულტურული და ადამიანური სივრცის თვალსაზრისით ცალ-ცალკე არანაირი კავკასია და ამიერკავკასია არ არსებობს, არსებობს ერთიანი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და ოდესმე მიბაძავს საქართველოს გზას და თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“.
ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ რუსეთმა მასში საფრთხე დაინახა. თუკი სააკაშვილი წარმატებას მიაღწევს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მართლაც ამ „ქართულ გზას“ მიბაძავენ, რაც სააკაშვილისთვის დემოკრატიზაციას, თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ მედიას და დასავლეთთან მეგობრობას გულისხმობს, მალე რუსეთის გავლენა მის სამხრეთ-საზღვრებთან განულდება.
მოსკოვი, რა თქმა უნდა, განრისხდა და მისი ზოგიერთი მოქალაქისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას „პროვოკაცია“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნებისმიერი „მცდელობა რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფისა, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორისი ცივილიზებული ურთიერთობების ნორმებს“.
რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს გეგმის რეალიზაციის შესაძლო შედეგი გათვალა. თუკი ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებზე იგივე წესი არ გავრცელდება, რაც რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებზე ვრცელდება და ისინი ორიენტაციას თბილისზე აიღებენ, როგორც გასაღების ბაზრის, შემოსავლების, ძალაუფლების და პრესტიჟის წყაროზე, მოსკოვს კიდევ უფრო გაუჭირდება მათგან ლოიალური დამოკიდებულების მიღება. კრემლი დღეს უკვე მნიშვნელოვნად აფინანსებს ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს და ადგილობრივ პოლიტიკოსებს მოქმედების უპრეცედენტო თავისუფლებას აძლევს. კიდევ ცოტაც და, ყველაფერი ძალიან ძვირი და ძალიან არაკომფორტული გახდება და რაც მთaვარია მოსკოვს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე მოუწევს ნაკლები ყურადღებისა და რესურსების დახარჯვა, სადაც მას სამხედრო ბაზები აქვს, შესაბამისად - საქართველოზე ზეწოლის ნაწილობრივ შემსუბუქება.
საქართველოში უვიზო გადაადგილების უფლებამ, საზღვრიდან ჩრდილოეთით მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გზა გაუხსნა იმ ახალი ბაზრებისკენ, რომლებიც მანამდე მათთვის დახურული იყო. თბილისში რუსეთის მოალაქეები ჩადიან ავტომობილების უფრო იაფად შესაძენად და შემდეგ მათ სახლში ყიდიან. ამავდროულად, ქართული სახელმწიფო მალე დაიწყებს მაუწყებლობას ახალ რუსულენოვან თანამგზავრულ არხზე, რათა რუსებს ხელი მიუწვდებოდეთ ქართულ პრესაზე, რომლის რიტორიკაც დიდწილად ანტირუსულია.
თუმცა, თბილისში ამ ქართულ გამბიტს ყველა არ იწონებს. ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი შიშობს, რომ რუსეთი ვიზების გაუქმებით ისარგებლებს და საქართველოში საკუთარ აგენტებს ჩანერგავს, ასევე სხვადასხვა მეთოდებით შეეცდება ქართული სახელმწიფო წყობის შერყევას. გარდა ამისა, ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ საქართველოს თავად არ შეუძლია ახალი კავკასიური პოლიტიკის შემუშავება.
„საზღვარს ორი მხარე აქვს და რუსეთი აქ ჩამოსვლის უფლებას მისცემს მხოლოდ მათ, ვისაც ის საჭიროდ ჩათვლის“ – მიაჩნია საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს და ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოს სოზარ სუბარს.
ამავდროულად სხვა ქართველი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ თბილისი ხელს შეუწყობს საქართველოში ძალადობის იმ ტალღის გადმოსვლას, რომელიც ჩრდილოეთ-კავკასიაშია გამეფებული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტერორისტი-თვითმკვლელების თავდასხმებს, სროლებს და გატაცებებს ადგილი არა მხოლოდ ჩეჩნეთში ჰქონდა, არამედ სხვა ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც, განსაკუთრებით - დაღესტანში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში.
მთების ამ მხარეს რუსული გავლენის შესუსტება შეიძლება ეთნოკონფლიქტებით დასრულდეს, რაც საგარეო ძალებს კიდევ უფრო უნდა აშფოთებდეს. ეთნიკურ ჯგუფებს შორის უნდობლობა 1990-იან წლებში ინგუშების და ოსების დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაძაბულობა იზრდება ჩერქეზებს და თურქულენოვან ყარაჩაი-ბალყარელებს შორის, მაგრამ ყარაჩაი-ბალყარები და ჩერქეზები, რომელიც რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის, ადიღეას და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონებში ცხოვრობენ (ასევე მთელი ახლო-აღმოსავლეთის დასახლებებში) რუსული დეპორტაციების მსხვერპლნი იყვნენ. ორი დეპორტაციის გამო (1864 წელს - ჩერქეზების და 1943-44 წლებში - თურქულენოვანი მთიელების) მიწის მიტაცებასა და გენოციდის წახალისებაზე ბრალდებები დღემდე გაისმის. თუკი საქართველოს პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაზრდის ეთნოკონფლიქტების ნაპრალს, შედეგები შეიძლება უკონტროლო გახდეს.
მაგრამ თბილისში ამ შემხვედრ არგუმენტებს ყურს ცოტა თუ უგდებს: მმართველ ელიტაში რუსეთი ფაქტობრივათ ძულთ. ამ კონკრეტულ მომენტში, საქართველოს პარლამენტში იმ რეზოლუციის მიღების საკითხს განიხილავენ, რომლის თანახმად მე-19 და მე-20 საუკუნეებში რუსების მიერ ჩერქეზების და ჩეჩნების დეპორტაცია ოფიციალურ გენოციდად უნდა იქნას აღიარებული, რაც რუსეთს აუცილებლად განარისხებს, ასევე ამ ჯგუფის წარმომადგენლებში უფრო მკაცრი ხაზის მომხრე ნაციონალისტებს წაახალისებს.
ჯერ-ჯერობით ვაშინგტონი სახიფათოდ დუმს მისი მოკავშირის პოტენციურად მადესტაბილიზებელ და პროვოკაციულ ნაბიჯებზე. 2008 წლის წინ საქართველოს ზოგიერთმა დასავლელმა მეგობარმა საკუთარი ვალდებულება არად ჩააგდო და სააკაშვილი არ დაამშვიდა. არ არის გამორიცხული, რომ ისინი შეცდომას ახლაც გაიმეორებენ.
გასულ თვეში, კავკასიის საკითხებზე თბილისში გამართულ კონფერენციას დავესწარი. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი „ჯეიმსთაუნის ფონდი“ იყო (ამერიკული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის საკითხებზე მუშაობს და რომლის საბჭოშიც უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი ყოფილი წარმომადგენელი შედის). აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, ქართველებში ანტი-რუსულ განწყობებს აღვივებდნენ. ბევრი ღიად ადარებდა ჩრდილოეთ-კავკასიას საბჭოთა კავშირის ნაციონალურ რესპუბლიკებს, თითქოს მათი მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება უკვე ჰორიზონტზე მოჩანს.
მე გლენ ჰოვარდს ვესაუბრე, „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტს, რომელიც ზბიგნევ ბზეჟინსკისთან ერთად ჩეჩნეთში მშვიდობისთვის ამერიკულ კომიტეტში მუშაობდა. „ჩემი შეხედულება ასეთია: საჭიროა მაქსიმალურად ყველაფრის შესწავლა, რაც კი ეროვნებებს ეხება“ – მითხრა მან, გულისხმობდა რა კავკასიაში გავრცელებულ მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს. მას თითქოს იმის თქმა სურდა, რომ როდესმე ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები იქნებიან - ბოლოს და ბოლოს, ასეთ შემთხვევებს ხომ ვიცნობთ. „მახსოვს, როდესაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელმწიფო დეპარტამენტმა იქ ორკაციანი საელჩო გახსნა და ბაქოს საკითხების სპეციალისტს ეძებდა“.
კონფერენციის დასრულების შემდეგ რუსეთის საზღვრის მიმართულებით გავემგზავრე. ცხადი იყო, რომ გზის მშენებლები ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ გეგმებს ვერ ეწევიან: გზა დამთრგუნველად დანგრეული იყო. თბილისის რთულ მარშრუტს რუსული ავტომობილების მხოლოდ მცირე ნაკადი მიუყვებოდა, მაგრამ თუკი ქართველები გზას შეაკეთებენ, ნაკადული შეიძლება წყალუხვ მდინარედ გარდაიქმნას.
ოსებს, ჩეჩნებს, ჩერქეზებს და რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის სხვა მცხოვრებლებს თბილისამდე ჩასასვლელად რამდენიმე საათი სჭირდებათ. ქართველებს რეალურად შეუძლიათ თავიანთი ქვეყანა მთელი კავკასიის დედაქალაქად აქციონ, მაგრამ გამოჩნდება, ეყოფათ კი მათ პასუხისმგებლობა იმ ძალაუფლებისთვის, რასაც ეს როლი მიანიჭებს.
[foreignpress.ge]