საქართველოდან გადინებული მილიარდ ნახევარი დოლარი და სრულიად გაუკონტროლებელი ბიზნესი, სადაც მოთამაშეთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, ონლაინ აზარტულ თამაშებს ლაგამი ამოსდოს. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადი გაეზრდებათ, რეკლამა აეკრძალებათ და 25 წლამდე პირებს თამაში აღარ შეეძლებათ, მეორე ეტაპზე ონლაინ-კაზინოები მთლიანად აიკრძალება.
ეკონომისტები პრემიერის მხრიდან ონლაინ კაზინოების რეგულირებას ყველაზე უფრო გაბედულ ინიციატივად აფასებენ, რადგან თვლიან, რომ სათამაშო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკისთვის მეტასტაზია. ამ თამაშში საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას დიდ დარტყმას აყენებს. ამიერიდან თანხა, რომელიც აზარტულ თამაშებში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და ინვესტიციებად გარდაიქმნება.
პრემიერის ინიციატივის შესახებ for.ge-ს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ესაუბრა.
ეკონომისტები კარგა ხანია, ამბობდნენ, რომ ყველაფერი ასაკრძალი იყო, რაც სიტყვა „ონლაინით“ იწყებოდა. უწმინდესის არაერთი ქადაგება მიეძღვნა აზარტული თამაშების მავნებლობას. ამის მიუხედავად, არც ერთი ხელისუფლება არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას. შედეგად ვიღებდით ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომელთა 75%-საც თურმე ნაფიქრი ჰქონდა თვითმკვლელობაზე. პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს საკითხი მარტივად გადაწყვიტა. როგორ შეაფასებთ მის ინივიატივას?
- ეს ნაბიჯი წინგადადგმულია, რადგან აღნიშნული ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და საგანგაშო მასშტაბს იძენს, ონლაინ კაზინოების ბრუნვის ზრდა სწორედ ამას მიუთითებს. ეს უკვე ბიზნესიც აღარ არის, არამედ ეკონომიკისთვის იქცა პრობლემად. ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა ამგვარ რეგულაციებს და აზარტული თამაშები ბევრ ქვეყანაში უკვე რეგულირდება, რადგან ეს საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოლიტიკა და რეგულაციების პაკეტი, რომელიც გონივრული უნდა იყოს. დაახლოებით 32 მილიარდამდე აქვს აზარტულ თამაშებს წლიური ბრუნვა, ეს არის ძალიან დიდი რიცხვი, თუმცა ბიუჯეტში შენატანი მიზერულია.
ეს ნიშნავს, რომ თანხები საქართველოდან გაედინება, აზარტული თამაშებისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევები კი საქართველოს ტრაგედიად რჩება.
- დიახ, პრემიერმა გააჟღერა, რომ მთლიანი მოგება, რაც არსებობს ამ ბაზარზე, საქართველოდან გადის, რადგან, პრაქტიკულად, ყველა აზარტული თამაშების კომპანია უცხოურია. რაც შეეხება ფატალურ შედეგებს, ზოგადად, სოციალური მხარე მეორე საკითხია, ამის გამო ოჯახებიც ინგრევა, კრიმინალური ფონიც მატულობს, იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, ეს მთელი თანმდევი მომენტებია, რომლებიც საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ასეთი ტიპის გამოწვევები ახასიათებს მოუწესრიგებელ სათამაშო ბიზნესს. ბრიტანეთში, ასევე, ნიდერლანდებში ჩატარებული საერთაშორისო კვლევებით, პირდაპირაა საუბარი იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რაც სათამაშო ბიზნესს, კონკრეტულად ონლაინ აზარტულ თამაშებს ახასიათებს, რადგან ეს არის მოუწესრიგებელი ბაზარი, სადაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია მოთამაშის იდენტიფიცირება. შესაბამისად, მოთამაშის იდენტიფიცირების გარეშე ბუნებრივი რისკები არსებობს, რომ თანხები მიმართული იყოს იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, ფულის გათეთრებაზე და ა.შ.
პრემიერი ასაკობრივ ზღვარად ასახელებს 25 წელს. როგორც ვიცი, თქვენ ასაკობრივ ცენზად 21 წლის დაწესების მომხრე იყავით იმ მოტივით, რომ ონლაინ თამაშებში 21 წლის ზემოთ არიან ჩართულნი და ფატალური შედეგიც აქედან გამომდინარეობს.
- ასაკობრივი ცენზი სუბიექტური შეფასების საგანია. საერთაშორისო გამოცდილებით, ასაკობრივ ცენზად გვხვდება როგორც 21 წელი, ისე 23 წელი. 25 წელი არის ცენზი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ გაცილებით უფრო მკაცრია რეგულაცია, განსხვავებით 21 და 23 წლის ასაკთან, რომელიც უფრო მსუბუქი რეგულაციაა. ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზოგადად, ასაკობრივი ცენზი დიდ ფუნქციას არ ასრულებს, ეს აჩვენებს რამდენად ხისტი მიდგომა აქვს ხელისუფლებას აზარტული თამაშების მიმართ. თუ მე გავამკაცრე კანონი და მთელი ენერგია მივმართე მკაცრ ღონისძიებებზე, ცენზიც მაღალი იქნება.
თავის დროზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა რომ გასულიყო და ცალკეულ პარლამენტარებს არ დაებლოკათ, ალბათ, ამ შედეგამდე არ მივიდოდით. საუბარია იმაზე, რომ აზარტულ თამაშებში ჩართული პირები საჯარო უწყებებში ვერ დასაქმებულიყვნენ, მათ შორის, უპირველესად ძალოვანებს უნდა შეზღუდოდათ აზარტული თამაშები. ეს რამეს მოიტანდა?
- ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, მე არ ვიცი, აქამდე რატომ მოაღწია ამ თემამ. ერთი ნაწილი ამბობდა, რომ რეგულაციები არ იყო საჭირო, მეორე ნაწილი ემხრობოდა რეგულაციების საჭიროებას, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ შიგნით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამიტომაც გაიწელა ამდენი ხნის განმავლობაში ეს კანონპროექტი. ცალკეული დეპუტატები იყვნენ ხოლმე კანონპროექტების ინიციატორნი, სამოქალაქო სექტორიდანაც აქტიურად იყო ამ საკითხზე საუბარი, ახლა იმედი გვაქვს, ეფექტურ ღონისძიებას გაატარებს ხელისუფლება.
რისკი მაინც ონლაინ თამაშებს ეხება, არადა, პრობლემა იყო სამორინეებიც. გვახსოვს, ერდოღანმა რომ წამოაყენა ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, დახურეთ სამორინეები აჭარაშიო, სადაც თურქები გადმოდიოდნენ სათამაშოდ. სამორინეებს რა ვუყოთ? ასეთი აზრიცაა, თუ ავკრძალავთ აზარტულ თამაშებს, მაშინ გადაინაცვლებს უცხოურ სერვერებზე, ან უცხოეთში.
- რაც შეეხება უცხოურ სერვერებს, ძალიან მარტივად შეიძლება საქართველოდან დაიბლოკოს უცხოურ სერვერებზე წვდომა. ეს ტექნიკური საკითხია და არგუმენტად არ გამოდგება, რომ აკრძალვის შემთხვევაში აზარტული თამაშები გადაინაცვლებს უცხოურ სერვერებზე. გარდა ამისა, აქ საუბარია, რომ ბევრმა ადამიანმა შეიძლება თავი დაანებოს თამაშს და უცხოურ სერვერებზე თამაში აღარ იყოს მიმზიდველი ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან იქ არსებობს ბარიერები ფულის გადმორიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უფრო მოუქნელი იქნება უცხოური სერვერები საქართველოში. რაც შეეხება სამორინეებს, სხვადასხვა ტიპის გამოცდილება არსებობს. სიმართლე გითხრათ, არ ვემხრობი, რომ ხმელეთის სამორინეებიც აიკრძალოს, რადგან ხმელეთის სამორინეების შემთხვევაში უფრო მარტივია მოთამაშის იდენტიფიცირება. მარტივია მოთამაშის გაშავების, ბარიერების და ბერკეტების შექმნის საკითხი. გარდა ამისა, ბევრი ტურისტი შემოდის საქართველოში სამორინეებში სათამაშოდ, მათ შორის, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები საქართველოში ხარჯავენ თანხებს. გასართობი ბიზნესი ერთ-ერთი ატრიბუტია ტურიზმის და, შესაბამისად, არა მგონია, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს. თუმცა ამის განხილვაც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტროს ექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა სწორედ ონლაინკაზინოების საკითხის მოწესრიგებაა.