ხელისუფლებამ ანაბრების დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო

ხელისუფლებამ ანაბრების დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო

ფინანსთა სამინისტრო საბჭოთა ანაბრების ზუსტი მოცულობის დადგენაზე მუშაობს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, commersant.ge ავრცელებს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური კომისია, რომელიც შიდა ვალზე მუშაობს, რევიზიას ახორციელებს, რათა ზუსტად იყოს დათვლილი ვალის მოცულობა. შემდეგი ამოცანა ვალის დაბრუნების მექანიზმებზე მუშაობაა. ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ არავის აქვს იმის ილუზია, რომ ბიუჯეტი ერთ წელიწადში და მითუმეტეს წელს მოახერხებს ამ ვალის გასტუმრებას. ნოდარ ხადურის თქმით, ამ პრობლემისადმი ინსტიტუციური მიდგომაა საჭირო.

შეგახსენებთ, ყველა მთავრობას ე.წ. საბჭოთა ანაბრების თემა მხოლოდ საარჩევნო დაპირებად ჰქონდა გამოყენებული. „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველს ამას არ დაპირებია, მაგრამ, როგორც ჩანს, უკანასკნელ პერიოდში ამ თემის გააქტიურებამ პროცესი წინ წასწია და მმართველმა გუნდმაც ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო.

რას ფიქრობენ ამაზე ეკონომიკის ექსპერტები და როგორია მათი შეფასება, ამასთან დაკავშირებით for.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ კომისიას, რომელიც ანაბრების მოცულობის დადგენაზე მუშაობდა, მოქმედების ვადა გაუგრძელდა და ექსპერტი ფინანსთა სამინისტროს ამ მიდგომას დადებითად აფასებს.

„მთავარია, თუ რა პოზიციას იჭერს სახელმწიფო, აბრუნებს ამ ანაბრებს, თუ - არა. თუ სახელმწიფო ანაბრებს აბრუნებს, მაშინ უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ როდიდან დაიწყება ანაბრების გასტუმრება, წელიწადში რამდენი უნდა გაიცეს, პირველად ვის მიეცემა ეს ფული და ა.შ.“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მისი თქმით, ეს საკმაოდ რთული პროცესია და რაც მთავარია, რადგან ამ თემაზე მუშაობა დაიწყო, მოსახლეობაში არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი, რომ ანაბრების გასტუმრება უცებ მოხდება. ამიტომ, ლექვინაძე ამბობს, რომ თუკი ფინანსთა სამინისტრო ამას აკეთებს, მოსახლეობამდე კარგად უნდა მიიტანოს ინფორმაცია, როგორ და რა განრიგით მოხდება ამ თანხების გასტუმრება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ თუკი ამ თემაზე მუშაობა დაიწყო, ეს მისასალმებელია, თუმცა აქვე დასძენს, რომ უწყებამ მოსახლეობამდე სწორად უნდა მიიტანოს ინფორმაცია, რათა ზედმეტი მოლოდინი არ გაჩნდეს.

„დღემდე არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რამდენი მეანაბრეა და რა თანხები აქვთ მათ დაკარგული. ამიტომ, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, მთავარია ანაბრების გასტუმრება, მაგრამ თუ მონაცემთა ბაზა გვექნება, უფრო სრული სურათი შეიქმნება, და ისიც გვეცოდინება, რამდენ ხანში და როგორ არის შესაძლებელი ამ ანაბრების გასტუმრება“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ იმ მთავრობას, რომელიც ანაბრების დაბრუნებას ყველაზე მეტად გვპირდებოდა, ამ მხრივ არაფერი გაუკეთებია და ფინანსთა სამინისტროს ამ წამოწყებას დადებითად აფასებს.

„როგორც ჩანს, ამ თემაზე საექსპერტო წრეებსა და არასამთავრობო სექტორში დაწყებული დისკუსია უკვე ამ ფარგლებს გასცდა და სახელისუფლო წრეებში გადავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ადამიანებს მიეცემათ იმედი, რომ მათი კუთვნილი თანხები, ადრე თუ გვიან, დაუბრუნდებათ. ბატონი ხადური აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ამას ერთი წლის და ალბათ, ორი და სამი წლის ბიუჯეტიც არ ეყოფა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მაგრამ მისი თქმით, თავად ის ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ დადგინდება გასასტუმრებელი თანხის ოდენობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე მხოლოდ საუბარი კი არ არის, არამედ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება. ამით კი მოსახლეობის უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული.

ექსპერტი მიხეილ ჯიბუტი აცხადებს, რომ ანაბრების საკითხი პირობითად გაყინული იყო, რადგან არ არსებობდა პოლიტიკური ნება შიდა ვალთან დაკავშირებით. ექსპერტი იხსენებს, რომ 1998 წელს მიღებული იქნა კანონი „შიდა ვალის“ შესახებ, სადაც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ დავალიანება აისახა. ამ შიდა ვალის ნაწილია ანაბრებიც, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდები, კოოპერატიული ბინათმშენებლობები და ა.შ. აქვე მიხეილ ჯიბუტი დასძენს, რომ სახელმწიფომ ამ დავალიანებების გასტუმრებაც დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ეს პროცესი შეჩერდა, რადგან პოლიტიკური ნება აღარ არსებობდა.

„ამ ანაბრების გასტუმრებაზე სახელმწიფო უარი თქვა და მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების ვალის გასტუმრება ხდება, საკუთარ მოსახლეობას სახელმწიფო ვალებს არ უბრუნებს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ვალი რომ აიღეს „მეტეხის“ აშენებისათვის, იმ ვალს ჩვენ ავსტრიას ხომ ვუხდით? საკუთარ მოსახლეობას კი ამაზე უარს ვეუბნებით, რაც ეკონომიკურად არასწორი მიდგომაა, ხოლო პოლიტიკურად - დისკრიმინაციული“, - აცხადებს მიხეილ ჯიბუტი.

ამიტომ, მისი თქმით, სახელმწიფომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს და ყველა ქვეყანა ამ პრობლემას წყვეტს ისე, რისი შესაძლებლობაც აქვს. აქვე ექსპერტი დასძენს, რომ არ არსებობს ზუსტი ფორმულირება, თუ როგორია ლარსა და საბჭოთა რუბლს შორის შეფარდება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება ოპტიმალური ვარიანტი შესთავაზოს.

„ქვეყნის ბიუჯეტი რა შესაძლებლობებსაც იძლევა, ეს ყველაზე კარგად იცის ხელისუფლებამ და სწორედ აქედან გამომდინარე, მან საკუთარ მოსახლეობას რაღაც უნდა შესთავაზოს. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი, ან გრძელვადიანი, 30-50-წლიანი განრიგიც კი“, - აღნიშნავს ექსპერტი.