ლუის ნავაროს პარლამენტში შვიდმა დეპუტატმა მოუსმინა

ლუის ნავაროს პარლამენტში შვიდმა დეპუტატმა მოუსმინა

პარტიული რეიტინგის გაცნობის მიზნით, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო მმართველ გუნდს ქუთაისის პარლამენტში ესტუმრა, თუმცა, კვლევის შედეგების გაცნობა მხოლოდ შვიდმა დეპუტატმა ისურვა. ყოველ შემთხვევაში, ნავაროსა და უმრავლესობის შეხვედრას მხოლოდ შვიდი დეპუტატი დაესწრო, რომელთა შორის ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილიც იყო, რომელიც წესით, შეხვედრას არ უნდა დასწრებოდა, რადგან შეხვედრა მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და ლუის ნავაროს შორის იყო დაანონსებული.

აღნიშნულ შეხვედრას კახა ოქრიაშვილი თუ რა სტატუსით დაესწრო, ეს უცნობია, მაგრამ საინტერესოა უმრავლესობის ლიდერებმა კვლევების გაცნობა რატომ არ ისურვეს. ჩვენი კითხვის არგუმენტად მმართველ გუნდს იმის მოყვანა შეუძლია, რომ არასასესიო კვირა არის და უწყება დეპუტატთა ნაკლებობას უჩივის, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომას 18 დეპუტატი დაესწრო, რომელთაგან მმართველი გუნდის წარმომადგენელი 15 იყო, ეჭვს ის ბადებს - 15 კანონმდებლიდან კვლევის შედეგებით მხოლოდ ექვსი დეპუტატი რატომ დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება არც პარლამენტის თავმჯდომარემ ისურვა, რაც ზოგადად დავით უსუფაშვილს არ სჩვევია, რადგან ის შეხვედრების შემდეგ შეფასებას თითქმის ყოველთვის აკეთებს.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, უმრავლესობის ლიდერებმა გიორგი ცაგარეიშვილმა და დავით ბერძენიშვილმა for.ge-სთან კომენტარი გააკეთეს, თუმცა, NDI-სთან მიმართებაში მათი რიტორიკა მკვეთრად განსხვავდებოდა იმ განცხადებებისგან, რომელსაც მაშინდელი ოპოზიციონერები კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აკეთებდნენ.

ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა 60 პროცენტს აღემატება, რაც ექვსჯერ მეტია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. თუმცა, ოპოზიციურ ფლანგზე უმცირესობა ყველა სხვა ჯგუფს გამოკვეთილად უსწრებს.

„ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ნორმალური რეიტინგი აქვს, ეს დავით ბაქრაძეა, ყველა დანარჩენის მდგომარეობა კი, არის მძიმე. იმის მიუხედავად, რომ გიგა ბოკერია საჯაროდ არ გამოჩენილა, მის მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულებაა და ფაქტიურად, ის ამ სიის ჩამკეტია“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება იმას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიცია ენდობა თუ არა - NDI-ს კვლევებს, ბერძენიშვილი განმარტავს, რომ უმრავლესობა NDI-სა და IRI-ს კვლევის გარდა, ქართული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებსაც გაეცნო, რომელთა შედეგებიც, თითქმის, იგივეა.

„სულ რამდენიმე დღის წინ, ქართული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები გამოქვეყნდა და შედეგები ერთმანეთს დაემთხვა“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევა თვენახევრის წინ ჩატარდა და ის NDI-ის მონაცემებისგან ერთი-ორი პროცენტით განსხვავდება, რაც ტრაგიკული არ არის.

„კვლევებით ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია. ვფიქრობ, რომ ავტორიტეტი დიდხანს გვექნება, რადგან ჩვენ რეფორმების განხორციელებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება კონკურენტებს, მათზე არ ვისაუბრებ, რადგან გარდაცვლილებებზე არ ლაპარაკობენ“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება კვლევის შედეგების ნდობის საკითხს, ამ თემაზე საუბრისას ცაგარეიშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ წინა ხელისუფლების დროს გაუკუღმართებული კვლევები ტარდებოდა.

„წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მომატებულად არსებობდა კავშირები. NDI-სა და IRI-ზე არ ვსაუბრობ, არამედ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ველზე გადიან. ანუ, ქართველების მიერ ჩატარებულ კვლევებს ვგულისხმობ. იქედან გამომდინარე, რომ ახლა მათზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება, ეს კვლევები უფრო სანდოა, ვიდრე მისი წინამორბედები იყო“, - ამბობს კანონმდებელი.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი NDI-ს კვლევებს ისევ არ ენდობა და სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გამოქვეყნებულზე ორჯერ ნაკლებია.

 „4%-ზე მეტი მაინც არ არის მაგათი რეიტინგი“, - დასძინა პრემიერმა, რომელსაც ლუის ნავარო არ ეთანხმება.

როგორც for.ge-ს ლუის ნავარომ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ 10 პროცენტში არის წარმოდგენილი. ანუ, იგივე მაჩენებელში, რაც წინა კვლევებში იყო.

„პრეზენტაცია სულ გვქონდა და თუ როგორ გზას დაადგებიან პოლიტიკოსები და როგორი იქნება მათი განცხადებები ინტერპრეტირებული, ეს მათი საქმეა. ჩვენი მოვალეობაა, მათ მოსახლეობის განწყობები წარვუდგინოთ“, - აცხადებს ნავარო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი, როგორც ყოველთვის, ახლაც, კვლევის შედეგებს ენდობიან და ამბობენ, რომ კვლევა საზოგადოებრივ განწყობას ასახავს.

როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, საზოგადოებაში უფრო მეტ მხარდაჭერას პოულობს ტენდეცია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა იყოს.

„პოლიტიკოსებს კარგი მასალა გვაქვს, რომელიც შესწავლილი უნდა იყოს. ოპოზიციის მოვალეობაა, რომ მთავრობას შეცდომების დაშვების საშუალება არ მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა იმ შეცდომებს გაიმეორებს, რაც წინამორბედმა დაუშვა“, - დასძინა ბეჟაშვილმა.

იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ ხუთმა დეპუტატმა მოისმინა, ნავაროსთან გამართულ შეხვედრაზე შვიდი დეპუტატის დასწრება შესაძლებელია პროგრესად ჩაითვალოს, მაგრამ ამ შეხვედრამ ის აჩვენა, რომ მმართველ ძალას NDI-ის შედეგები, ან უბრალოდ არ აინტერესებს, ან უმრავლესობის ლიდერებმა ნავაროსთან შეხვედრას თავი აარიდეს.

რაც შეეხება კვლევას, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კერძოდ, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდა, თითქმის ყველა პიროვნების მოწონების რეიტინგმა დაიკლო. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 92% აცხადებს, რომ პატრიარქი მოსწონს, 75%-ს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი, 25%-ს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კვლევის თანახმად, თითქმის არ შეცვლილა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგები. უსუფაშვილი მოსახლების 66% მოსწონს, ხოლო ბაქრაძე - 48%. ასევე კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბაშვილი მოსახლეობის მხოლოდ 26% მოსწონს, უშიშროების მდივანი გიგა ბოკერია კი - 8%-ს.

ამას გარდა, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა. გამოკითხულთა უმრავლესობა - 58% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ კანდიდატს ისურვებდა. ხოლო, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 68% მასში მონაწილეობას მიიღებდა, 32% კი – არა. კვლევის შედეგებში ცდომილება +/- 2,5%-ია.