მანანა მანჯგალაძე და ჰილარი კლინტონი მიხაილ ხოდორკოვსკის შესახებ

მანანა მანჯგალაძე და ჰილარი კლინტონი მიხაილ ხოდორკოვსკის შესახებ

მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი სისხლის სამართლის მეორე საქმეში ბრალდებულებად აღიარა. ბრალდებულებმა სასამართლოს განაჩენისადმი ინტერესი არ გამოამჟღავნეს - ლებედევი სასამართლოში წიგნს კითხულობდა ხოლო ხოდორკოვსკი კი ქაღალდებში იჩიჩქნებოდა. 

სასამართლომ კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელების განაჩენის კითხვა დაიწყო. მათ წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო „მსხვილი და ძალიან მსხვილი ოდენობით სხვისი ქონების დატაცებაში და ლეგალიზაციაში“. სასამართლომ ისინი „იუკოსის“ ნავთობის დატაცებაში ბრალდებულებად აღიარა. პროკურატურა ბრალდებულთათვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განაჩენის წაკითხვას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

თავდაპირველად მიხეილ ხოდორკოვსკისა და „მენატეპის“ ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ.

2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38 პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში. მსჯავრდებულები და მათი დაცვა გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ.

ე.წ. „იუკოსის“ საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს.

შედეგად „იუკოსი“ გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ „იუკოსის“ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.

პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, რუსი ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკის დამნაშავედ ცნობა იმ დამოკიდებულების დადასტურებაა, რომელიც რუსეთს სამართლის მიმართ გააჩნია.

„ეს არის დაცინვა, უსამართლობა და ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი მეთოდებით ებრძვის რუსეთის ხელისუფლება ხოდორკოვსკის მსგავს ადამიანებს“, - პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე გააცნო.

ამასთან ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, სწორედ აღნიშნული სახე აქვს დღევანდელ რუსულ სამართალს.

აშშ–ს ადმინისტრაცია მიხეილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის გასამართლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„კანონის ამგვარი შერჩევითი გამოყენება ხოდორკოვსკისა და ლებედევის წინააღმდეგ ძირს უთხრის რუსეთის რეპუტაციას, როგორც ქვეყნისა, რომელიც კანონის უზენაესობის განმტკიცებას ცდილობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხოდორკოვსკის და ლებედევის საქმეს ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტიც. ჰილარი კლინტონის თქმით, მათი სასამართლო პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის რეპუტაციაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთში სამართლიანობის ხარისხის საკითხს ისინი მოსკოვში, ურთიერთობის ყველა დონეზე წამოწევენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხაილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და „ყველას თავისი საქმის მიხედვას“ ურჩევს.

„ვაშინგტონსა და დასავლეთის ზოგ დედაქალაქში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით რომლებიც მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის სასამართლო პროცესს ეხება კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული საკითხი რუსეთის ფედერაციის სასამართლო პროცესის კომპეტენციაში შედის და სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობები მიუღებელია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე განაცხადა, რომ არავის არ აქვს უფლება სასამართლო ორგანოების პრეროგატივებში ჩაერიოს.

„მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის შემთხვევაში საქმე ეხება საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს გადასახადების გადაუხდელობისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრებას ეხება. ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარი დანაშაული სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია.

მაგალითად აშშ-ში ამ დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობასაც უსჯიან. იმედი გვაქვს, რომ ყველა თავის საქმეს მიხედავს - საკუთარ სახლშიც და საერთაშორისო არენაზეც“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამფუძნებელი ეკა ბესელია ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკისთვის გამოტანილ მორიგ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას „ცინიკურს“ უწოდებს.

„საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მოსკოვის სასამართლოს მიერ ხოდორკოვსკის დამნაშავედ ცნობის შესახებ სააკაშვილის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას „დაცინვად, უსამართლობად და სამართლებირივი ნორმების დარღვევად“ მიიჩნევს.

ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას საკუთარ ქვეყანაში უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აღიარებული 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ასობით უკანონო პატიმარი და ათეულობით პოლიტიკური დევნილი ჰყავს“, - აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, „იმ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თავად არის ბიზნესმენთა მასობრივი დაკავებებისა და ტერორის, პოლიტიზირებული სასამართლო სისტემის, პოლიტიკური რეპრესიების, უკანონობისა და უსამართლობის ავტორი, მსგავსი შეფასებების გაკეთება ცინიკურია“.