პრემიერ-მინისტრმა სიტყვა შეასრულა და ერთი კვირის თავზე მთავრობამ მართლა წარმოადგინა სათამაშო ბიზნესის რეგულირების სრულიად ახალი სქემა. ცვლილებებსაც სავარაუდოდ, დიდი დრო არ დასჭირდება და ახალი წლიდან აზარტულ ბიზნესს ახალ წესრიგთან შეგუება მოუწევს.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ჯამში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 1 მლნ მოქალაქეს შეეზღუდება. პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მის მიერვე დაანონსებული ცვლილებების შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიმართულებით იქნება რეგულაციები:
„ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. ჩვენს მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება და ეს შეეხებათ: სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითაკრძალვის მოთხოვნით და ასევე მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე.
ჯამში, პირთა წრე, რომლებსაც შეეზღუდებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, შეადგენს 1 მლნ ადამიანს. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორშაბათსვე მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების საფუძველზე ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა წარადგინა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად, დაბეგვრას დაექვემდებარება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა 10%-იანი მოგების გადასახადით. მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. ასევე მკაცრდება კონტროლი უცხოურ სათამაშო ვებ-ვერდებზე და საქართველოში რეგისტრირებულ საგადასახდო ბარათების პროვაიდერებს, ეკრძალებათ თანხების გადარიცხვა იმ ანგარიშებზე, რომლებიც ასოცირებულია უცხოური აზარტული თამაშების სისტემებთან.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ასევე იკრძალება თანხის ერთი პირიდან მეორე პირზე გადარიცხვის შესაძლებლობაც. რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი. ეს გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ფიზიკურ კაზინოებზე.
სკეპტიკოსების აზრით, რეგულაციების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი სამუშაო ადგილს და ბიუჯეტი ათობით მლნ ლარს დაკარგავს, პრობლემა კი რეალურად არ მოგვარდება და თამაშები იატაკქვეშეთში, თანხის ამოღების უფრო სასტიკი მეთოდებით გადაინაცვლებს.
ფინანსთა მინისტრისთვის კი გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სექტორი, რომ დაანონსებული ცვლილებები მათ 20 წლით უკან დახევს? უახლოეს მომავალში საკითხზე დაინტერესებულ პირებთან დისკუსია შედგება.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება განხილვები, როგორც დაინტერესებულ პირებთან, ასევე საქართველოს პარლამენტშიც. არ ვიცი, რატომ ამბობს სექტორი, რომ ამ რეგულაციით 20 წლით უკან დავბრუნდებით, თუ ახლა რეგულირების მასშტაბს შევხედავთ, ეს ბიზნესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის რეგულირებული და თან საკმაოდ მკაცრად.
ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება რამე სახის სიურპრიზი უნდა იყოს ვინმესთვის. არის განსხვავებული პრაქტიკები, 21-წლიანი ზღვარი, 23-წლიანი ზღვარიც, არის 25-წლიანიც, ზოგან საერთოდ აკრძალულია ანუ ამ მიმართულებით საკმაოდ განსხვავებული მიდგომებია.
ხმელეთის თუ ონლაინ-თამაშების მიმართულებით იქნება ერთიანი ზღვარი და 25 წლამდე პირებს აეკრძალებათ თამაში. ჩვენ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ზღვარი იყოს 25 წელი. არგუმენტებს მოვისმენთ, თუმცა ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც ამ ეტაპისთვის არის მიღებული.
რაც შეეხება საგადასახადო დაბეგვრის ბაზას, ის წარმოდგენილია და შემუშავებულია მხოლოდ ონლაინ-აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის.
ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის, რომელთაც ეკრძალებათ ამ სერვისის მიწოდება ამ პირებზე და თუკი ოპერატორი დაარღვევს რეგულაციას, მაშინ გათვალისიწნებული იქნება სწორედ მათთვის შესაბამისი თანხობრივი სანქციები.
შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებული იქნება, რომ შესაძლებელია დაასახელო, ვინ არის კონკრეტული გადაცემის სპონსორი ან კონკრეტული გუნდის სპონსორი ან სპორტული ღონისძიების სპონსორი, სადაც ლოგოს განთავსება აიკრძალება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.