თუ ვინეს რამე არ მოეწონა, ეს არაა ჩემი პრობლემა

თუ ვინეს რამე არ მოეწონა, ეს არაა ჩემი პრობლემა

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა პარლამენტმა დაიწყო. ანგარიში ასახავს 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. იმ ძირითად ტენდეციებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის განმავლობაში და ასევე მიმდინარე წლის დასაწყისში. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გარკვეული დარღვევები აღმოჩენილი იქნა, როგორც ახალაიას, ისე კალანდაძის და გუნავას საქმეებში. ნანუაშვილი ამბობს, რომ ანგარიში არ იქნება კომფორტული ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოსთვის, მაგრამ ეს არის ფაქტები, რომელიც სახალხო დამცველმა აღმოაჩინა.

რა დარღვევები დაფიქსირდა თვითმართველობით ორგანოებში და რატომ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge სახალხო დამცველს ესაუბრა.

საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არ არის ობიექტური ანგარიში...

- ვერ გავიზიარებ მათ შეფასებას. ვინაიდან, ანგარიშში გამოტოვებული არაა არც-ერთი სერიოზული დარღვევის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა. არა მგონია ეს ანგარიში კომფორტული იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რაგდანაც საკამოდ კრიტიკულია ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ეხება მაღალჩინოსანთა დაკავებას.

მაგალითად?

- ეს ეხება როგორც ახალაიას, ასევე გუნავას და კალანდაძის საქმეს. ძალიან ბევრი სერიოზული დარღვევაა და მითითებულია ანგარიშში. ასევე პრობლემებია თვითმმართველობებთან დაკავშირებით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საუბარია რამდენიმე თვითმმართველობაში განხორციელებულ ზეწოლაზე.

თვითმმართველობით ორგანოებში, კონკრეტულად რა სახის დარღვევებზე გაამახვილეთ ყურადღება?

- არც-ერთი საკითხი არ გამოგვიტოვებია. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რეაგირება მოგვეხდინა იმ ყველა დარღვევაზე, რომელიც ჩადენილ იქნა თვითმმართველობებში. თუ ვინმეს რამე არ მოეწონა, უკაცრავად, მაგრამ ეს არაა ჩემი პრობლემა. ჯობია, რომ ყველამ ჩაიხედოს სარკეში და დაინახოს საკუთარი თავი. მეტი კრიტიკა არის წინა მთავრობის მიმართ და ესეც ბუნებრივია.

საანგარიშო პერიოდის დიდი ნაწილი სწორედ იმ ხელისუფლებას ეხება. 21 ოქტომბრიდან, როდესაც, უკვე, ახალი მთავრობა შეუდგა მუშაობას, ძალიან მცირე დროა გასული. რაც შეეხება თვითმმართველობებს, საუბარია რამდენიმე თვითმმართველობებში მიმდინარე ზეწოლებზე.

ჩვენ დავაფიქსირეთ ის დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ვსწავლობთ ყველა კონკრეტულ ფაქტს. გვინდა, რომ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეტალური ანგარიში გამოვცეთ მალე. საუბარია იმ გახმაურებულ ცნობილ ფაქტებზე, რომლის შესახებ არსებობს ვიდეო-მასალა. არაერთი თვითმმართველობა გახდა ზეწოლის მსხვერპლი, იყო შეჭრის ფაქტები.

ზეწოლაა, როცა რამდენიმე თვითმმართველობას არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ანგარიშში, როგორც ახალი ტენდენცია, ისე გამოვკვეთეთ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. ანგარიშის ეს ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ.

როცა საუბრობთ, რომ იყო ზეწოლა თვითმმართველობით ორგანოებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა რეკომენდაციით მიმართავთ ხელისუფლებას?

- ხელისუფლება ვალდებულია, რომ არ დაუშვას ქვეყანაში იმ პროცესების განმეორება, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. არ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლების ცვლასთან ერთად იცვლებოდეს თვითმმართველობები. სტრუქტურები მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. შეუძლებელია რაიმე პროგრესს მივაღწიოთ, თუ არ შევინარჩუნებთ სტაბილურობას საჯარო სამსახურებში.

სამწუხაროდ, ყველას დაავიწყდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მომავალ წელს არის. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საჯარო სამსახურებში შეწყდეს განთავისუფლების პროცესები. თუ საჯარო მოხელის მხრიდან არსებობს კონკრეტული დარღვევა, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ავტომატურად საჯარო სამსახურში მოსამსახურე პირების ცვლა უნდა შეწყდეს.

როგორც ცნობილია, ანგარიშის მიხედვით პროცედურული დარღვევებია აღმოჩენილი ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის საქმეში. კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი?

- საუბარია პროცედურული უფლებების დარღვევაზე. ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ, მთელი საქმის მასალების განხილვა ჩვენ არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ შევისწავლეთ მხოლოდ ერთი ნაწილი - ჰქონდა თუ არა ადგილი პროცედურულ დარღვევებს მისი დაკავების დროს და აღმოჩნდა, რომ ასეთი დარღვევები იყო. მაგალითად, ახალაიას საქმეში არის ერთი კონკრეტული კანონდარღვევა - 2 მოწმე ერთდროულად, ერთი და იმავე გამომძიებლის მიერ არის დაკითხული. რაც ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით აკრძალულია. ეს მტკიცებულება შეიძლება ითქვას, რომ არის უკანონო.

რამდენად მოახდენს ეს დარღვევა გავლენას საბოლოო შედეგზე?

- ვერ გეტყვით, ეს, რა თქმა უნდა, სხვა საკითხია. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ საქმეების მონიტორინგს ვაგრძელებთ. იგივე გუნავას საქმე რომ ავიღოთ, გამომდინარე იმ დარღვევიდან რომელიც იქნა დაფიქსირებული, უნდა დაისაჯონ ის პირები. აქ საუბარია უშუალოდ გამომძიებელზე და სასამართლოს წარმომადგენელზე, რომლებმაც ჩაიდინეს ეს უკანონობა. ჩვენ დავინახავთ, როგორი იქნება ამ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. მიმართვა გვაქვს გაგზავნილი და ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯს გამოძიების მხრიდან.

ამ ანგარიშში დიდი ნაწილი დათმობილი აქვს იგივე ახალაიას მიერ ჩადენილ უკანონობას...

- საუბარია ძალიან ბევრ დარღვევაზე და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ გამოძიებას, ძალიან ბევრ საქმეზე, მათ შორის - ციხის ბუნტთან დაკავშირებით, ზოგადად, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე და ლოპოტას ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. აუცილებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება.

იგივე ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა რამდენიმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - ადგილობრივი ქისტები, რომლებიც ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. ამ ადამიანებთან მიმართებაში დარღვეულ იქნა სიცოცხლის უფლება. არ ჩატარებულა ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენდა თუ როგორ მოხდა სიცოცხლის უფლების წართმევა ამ ადამიანებისათვის. დაღუპული ოჯახის არც-ერთ წევრს დღემდე არ მიუღია გარდაცვალების ცნობა. არ მიუღია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იმ მიზეზებზე ისაუბრებს, თუ რა გახდა ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი.

ამ დრომდე არაა გამოძიებული - მოხდა თუ არა ძალის გადამატებული გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება. მე არ ვსაუბრობ ეთნიკურად ჩეჩნებზე, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. ოჯახის წევრები ითხოვენ სიმართლის დადგენას და მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მქონდა უფლება თვალი დამეხუჭა ამ კონკრეტულ ფაქტებზე და არ მოგვეთხოვა გამოძიება.

ჩვენ სწორედ ამას ვითხოვთ, რომ დადგინდეს სიმართლე და ჩატარდეს გამოძიება. საწუხაროდ, დღემდე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეალური ქმედება ვერ დავინახეთ. სპეცოპერაცია ჩაატარა შს სამინისტრომ და ამ ფაქტებზე გამოძიებას ისევ შს სამინისტრო აწარმოებს. ცოტა არ იყოს გაუგებარია რატომ ხდება ასე, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უკვე აღარ აქვთ ნდობა და გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამენ გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით.