„პროკურატურაში ის კადრები ბრუნდებიან, რომლებმაც საქართველო დატოვეს“

„პროკურატურაში ის კადრები ბრუნდებიან, რომლებმაც საქართველო დატოვეს“

კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის კარგადაა ცნობილი. შს მინისტრი ამბობს, რომ დათა ახალაიას ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ დავალებას აძლევდა, რასაც ის „წარმატებით“ ასრულებდა. შესაბამისად არაა გამორიცხული, რომ ახალაიამ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება და მტკიცებულებები მისცეს, რაც ახალაიას შესამსუბუქებელ გარემოებად ჩაეთვლება.

რატომ გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობა“ ძმებ ახალაიებს და ვისი მფარფველობით ცდილობს ახალაიას ყოფილი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი გავლენის მოპოვებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს კახი კახიშვილს ესაუბრა.

კახა კახიშვილი: ბაჩო ახალაიამ ჩათვალა, რომ გავლენები მთლიანად ძმებს შორის უნდა გადანაწილებულიყო. ძირითადი კონსტრუქცია აეწყო ისე, რომ სამეგრელოს აკონტროლებდა მამა, უშიშროებას ძმა და შემდგომში თავდაცვას, ხოლო თვითონ იყო შს მინისტრი. ეს ძალიან დიდი ბერკეტებია საიმისოდ, რომ არასტაბილურ ადამიანს გაუჩნდეს განცდა იმისა, რომ ის შეიძლება იყოს საქართველოს ახალი მეწილე. თუმცა, ის დაეჯახა ვანო მერაბიშვილის კადრებს და ვერ გათვალა რომელ სისტემაში დაიწყო მუშაობა. შს სამინისტრო რთული სისტემაა, ისეთი მეთოდები რომელიც ჭრის სხვა სისტემაში, შსს-ში არ ჭრის.

შსს-ს მთელი შემადგენლობა ეს არის ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებას ასრულებდნენ, მათთან სიხისტე ყოველთვის მიგიყვანს პრობლემის წინაშე. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა მინისტრად დაენიშნა სისტემის გამოზრდილი კაცი, რომელსაც უშუალო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა შსს-ში სხვადასხვა თანამშრომლებთან. ამ ბატონებმა კი ვერ გათვალეს, რომ იმ სამინისტროში იჯდა ხალხი, რომელებიც წლების განმავლობაში მათ თვითონ სწავლობდნენ, რადგან ასეთი დავალება ჰქონდათ.

ანუ კომპრომატებს აგროვებდნენ?

- რა თქმა უნდა. ოპერატიულმა თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ მინისტრის როგორც სუსტი, ასევე ძლიერი წერტილები. ასე რომ, ახალაიას მთელი წრე შესწავლილი ჰყავდათ. ახალაიამ კი ვანო მერაბიშვილის კადრებთან დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ძალიან მალე ბიზნესგადანაწილება მოხდება და მერაბიშვილს პრობლემები შეექმნებოდა.

თქვენ იცით, რომ იყო ასეთი საუბრები?

- რა თქმა უნდა, ვიცი და ბუნებრივია, რომ ამის შესახებ ისინი ეტყოდნენ მერაბიშვილს. მე ერთი რამე ვიცი, რომ თუ ისინი მოიგებდნენ არჩევნებს, ამ შემთხვევაში ახალაიას გეგმებში შედიოდა ძველი კლანის განადგურება, რომლებსაც გადანაწილებული ჰქონდათ ბიზნესსფეროები, ეს არის მერაბიშვილი და კეზერაშვილი.

დათა ახალაია ამბობს, რომ აქვს მტკიცებულება იმისა, როგორ დაგეგმა ვანო მერაბიშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაცია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მას ჰქონდეს მტკიცებულება მერაბიშვილის წინააღმდეგ, თუ მისთვის არაკომფორტულია საზღვარგარეთ ყოფნა, რადგან სერიოზული პრობლემები  აქვს ჩეჩნურ დიასპორასთან და ამის გამო დაიწყო ეს თამაში?

- გეთანხმებით, რომ დღეს არაკომფორტულია მისთვის საზღვარგარეთ ყოფნა. მას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს არა მხოლოდ ქისტურ საზოგადოებაში, არამედ იმ ბიზნესმენებში, რომელსაც ის წლების განმავლობაში ავიწროვებდა, ბიზნესებს ართმევდა და პრობლემას უქმნიდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახალაია უსაფრთხოდ ვერ იქნება. მისთვის უფრო კომფორტულია ციხეში იჯდეს, ამავდროულად, აშანტაჟოს „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მითუმეტეს, თუ სასამართლოს და პროკურატურის მუშაობას გადახედავთ, დამერწმუნებით, რომ ახალაიას იმის იმედიც აქვს, რომ პროკურატურა მაინცდამაინც ბევრ მტკიცებულებას ვერ დადებს, რომელიც მას დიდი ხნით გაასამართლებს.

ანუ, რაც მის ძმასთან დაკავშირებით ხდება? იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ამბობს, ყველა ბრალდება მტკიცებულებებით არის გამყარებული, ამ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ ხერხდება სასამართლოზე...

- სისხლის სამართლის საქმეები გამოირჩევა იმით, რომ სისწრაფეა საჭირო. ცხელ კვალზე შეგიძლია ისეთი მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც საბოლოო საყრდენად დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. როდესაც მომენტს გაუშვებ ხელიდან, შესაძლებელია, საქმე ისე გაფუჭდეს, რომ საქმეს არ ჰქონდეს სასამართლოს პრესპექტივა. მითუმეტეს, ისეთი სასამართლოსი, რომელიც ლუპით ეძებს შეცდომას, რომ ამაზე ააგოს პრობლემური გადაწყვეტილება პროკურატურის წინააღმდეგ.

აქ ორი მომენტია - ან პროკურატურას უჭირს იმიტომ, რომ ძველი საქმეების გამო ვერ აგროვებს მყარ მტკიცებულებებს, რომელიც სასამართლოში საფუძვლად დაედება ბრალს, ან მეორე - პროკურატურა ელოდება სასამართლო რეფორმას, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლას და ამავდროულად ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, რომ ნაკლებად პრობლემური იყოს მისთვის ბრალის მტკიცება.

პროკურატურამ დღეს რომ წარმოადგინოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მათ აქვთ და დაიწყონ არსებითი განხილვა, მე ვფიქრობ, იციან, რომ დაინგრევა საქმე.

ანუ, შესაძლოა მყარი მტკიცებულებები არ არსებობდეს?

- როგორც ჩანს, მყარი მტკიცებულება არა აქვთ. ამავდროულად იციან, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული. როგორც კი ახალი იუსტიციის საბჭო შეიქმნება, დარწმუნებული ვარ, რომ ახალაიას ახალ ბრალს წაუყენებენ. ეს არაა ახალაიას საბოლოო საქმე, რომლითაც წერტილი დაესმება ახალაიას საქმიანობის სამართლებლივ შეფასებას. საქმე, რომელიც დღეს იხილება ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი და ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუნდაც, ამ ეპიზოდზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ახალი ბრალი არ ექნება წაყენებული. თვითონ პროკურატურასაც პრობლემები აქვს საკადრო პოლიტიკაში, ე.წ. კოაბიტაციის გამო. ჯერჯერობით, კიდევ ვერ გაერკვნენ პროკურატურის სტრატეგიაში.

ამ კოაბიტაციის ნაწილი ხომ არ არის ახალაიას გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდეს და მისცეს გამოძიებას ჩვენება?

- ბუნებრივია, ის ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს. ინფორმაციის გადაცემა ერთია, მაგრამ მეორეა, იგივე ინფორმაციის მტკიცებულებით გამყარება. ამ კუთხით ფასეული იქნება თანამშრომლობა არა იმით, რომ ვიღაცაზე რაღაცას მოყვება, არამედ იმითი, რომ დასაბუთდება თითოეული სიტყვა. შეძლებს თუ არა ამას ახალაია, ვერ გეტყვით. ბუნებრივია რაღაცა მასალები ექნებათ გატანილი.

მათ შორის მერაბიშვილზე?

- როდესაც ახალაია მოღვაწეობდა კუდ-ში, მაშინ ვანოსთან გაფუჭებული ურთიერთბა არ ჰქონდა. შესაძლებელია რაღაცა მასალებს ვანოზეც აგროვებდა, მაგრამ, ეს ინფორმაცია ვანომდე მიდიოდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ გაემიჯნანაციონალური მოძრაობაძმებ ახალაიებს?

- „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს ასეთი გამიჯვნა მათგან.

თვლიან, რომ შესაძლოა ეს დაეხმაროს მათ იმიჯის შექმნაში?

- რა თქმა უნდა. რასაც ჩვენ ვხედავთ, ყველა სისასტიკე მაინც უკავშირდება ამ ორი ძმის და ქარდავას სახელს. არჩევნების დამარცხების აღიარების შემდგომ, პროცესები ისე განვითარდა, რომ თითქოსდა, ეს სამი ადამინი იყო სისასტიკის გენერატორი საქართველოში.

და ეს ასე არ იყო?

- ჩემი აზრით, - არა მხოლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამ ადამიანს არავინ არ მისცემდა ამის რეალიზების საშუალებას, რომ არ ჰქონოდათ მწვანე შუქი ზემდგომიდან.

პრეზიდენტისგან?

- რა თქმა უნდა. ამიტომაც, როდესაც საუბარია ახალაიებზე, ისინი იყვნენ შემსრულებლები იმ ბინძური სისატიკის, რომელიც მკვიდრდებოდა ქვეყანაში. ესენი იყვნენ შემსრულებლები და არა იდეის ავტორები. ამიტომაც, დღეს ძალიან აწყობთ მათ, რომ გაემიჯნონ ძმებს. პრესამაც იმუშავა, აქცენტი მხოლოდ ახალაიებზე კეთდებოდა და აქეთა გუნდი თითქოსდა ემიჯნებოდა თვითონ ამ სისატიკეს.

ახალაიას მხარდასაჭერად სასამართლოზე დადიოდნენ უმცირესობის წევრები, შემდგომში ესეც ნელ-ნელა შეწყდა და მხოლოდ თუთბერიძე და რამდენიმე ადამიანი დადის მასთან პროცესებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა გაემიჯნა ახალაიას. ახლა ნელ-ნელა ემიჯნებიან ადეიშვილსაც. სააკაშვილმა დაამკვიდრა აზრი, რომ პროკურატურას მადა ჭამაში მოუვიდაო, ზედმეტი მოუვიდა ადეიშვილსო, ანუ ამ პოლიტიკასაც ემიჯნება უკვე.

და რატომ ვერ ემიჯნება მაშინ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკას? არანაკლებ სისასტიკესთან და უკანონობასთანაა დაკავშირებული მერაბიშვილის სახელი...

- მერაბიშვილის პოლიტიკასაც რომ გაემიჯნოს, მაშინ დარჩება მარტო.

თუნდაც პროკურატურამ რატომ ვერ დადო ამ დრომდე მტკიცებულებები მერაბიშვილის წინააღმდეგ, გარდა იმ ყალბი პასპორტისა...

- ესეც სპეციალურად გააკეთა მერაბიშვილმა, რომ სკანდალში გაეხვია პროკურატურა. პროკურატურა ძალიან რთულ დღეშია. პროკურატურის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არაა გარკვეული ნიუანსებში. ადამიანები გვერდიდან ცდილობენ, რომ საკუთარი გავლენა მოიპოვონ პროკურატურაზე და ვიღაც-ვიღაცეების კადრები დანიშნონ. როდესაც პირველად განვაცხადე, რომ დათა ახალაიას და შემდეგ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი ცდილობს ვიღაც-ვიღაც მფარველების მეშვეობით საკუთარი გავლენა მოიპოვოს ისევ პროკურატურაში და იმ კადრებსაც კი აბრუნებენ, რომლებმაც არჩევნების წაგების შემდეგ საქართველო დატოვეს და მიიმალნენ, ახლა დაინიშნენ და ამის შემდეგ დაიწყო ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ.

ვინ დაინიშნა?

- თუნდაც, მანუჩარ ქაჯაია და სხვები. როგორც კი დავასახელე გვარი ჩხატარაშვილი, დაიწყო ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ.  შეგნებულად აკეთებენ ბინძურ პროვოკაციულ განცხადებას, რომელიც შეეხება ჩემს მიერ, თითქოსდა, ქრთამის აღებას. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩავიდინე განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ქრთამის აღება. ამიტომ, მე მივმართავ განცხადებით შსს-ს, რომ დაიწყონ ამ ფაქტის გამოძიება და გაარკვიონ იმ ადამიანებისგან, ვინ არის ის ადამიანი, ვისგანაც მე, თურმე, ქრთამი ავიღე. დაველოდები საქმის გამოძიებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი არ დადასტურდა, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსში არის მეორე მუხლი, ეს არის ცრუ დასმენა, რომელიც ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.