ხელისუფლებისა და ოპოზიციის 4 საბედისწერო წელიწადი

ხელისუფლებისა და ოპოზიციის 4 საბედისწერო წელიწადი

„თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც მიხვდა, რომ საქართველო გასაჭირშია. რუსულმა იმპერიამ, ბრძოლით ვერაფერი დააკლო საქართველოს და „ქართულ ოცნებად“ შენიღბული ეპოტინება საქართველოს. ეს არის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გვაპარებს ანტიევროპულ და პრორუსულ ბაცილას... ხელისუფლებას 4 წელს ვერ დავაცდით“, - მიმართა ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ 19 აპრილის აქციის მონაწილეებს. ხელისუფლებას რომ ბოლომდე არ აცლიან, ეს იდეა ნაციონალების ერთ ფრთაში დიდი ხანია მწიფდება, საზოგადოებას კარგად ახსოვს არც თუ დიდი ხნის წინ ვანო მერაბიშვილისგან წამოსული ეს იდეა.

„ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს“, - განაცხადა მაშინ მერაბიშვილმა - „ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ... ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინიციატივის რაღაც ფორმით ხელში აღება უნდა დაიწყოს. როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით 6 თვეში. ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ უკვე ადვილად გადიხარ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

19 აპრილის აქციაზე, მართალია, მერაბიშვილი საკმაოდ ნირწამხდარი იყო და „დიადი“ ლოზუნგები არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, მისი იდეა აკაკი ბობოხიძემ გაიმეორა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია „კომპიუტერული თამაში“ როგორ აითვისეს და ბოლო-ბოლო, ხელისუფლებაში როდის მოდიან.

მეტი სერიოზულობით თუ მივუდგებით ამ თემას, ერთია რას გეგმავენ და აპირებენ, მეორე რა შეუძლიათ და რა გამოუვათ. მაშინ, როდესაც, მერაბიშვილისგან ეს იდეა წამოვიდა, საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული არ იყო და არსებობდა საფრთხე, სააკაშვილს პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია, ახლა რის იმედზე არ აცლიან ამ ხელისუფლებას ნაციონალები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ საამისო რესურსი ნაცმოძრაობას არ გააჩნია. იმის მიუხედავად, რა სიმწვავის განცხადებებიც არ უნდა აკეთონ ნაციონალებმა, პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი არსენალი უკვე დაკარგეს.

ექსპერტი ნანა დევდარიანი, თვლის, რომ ნაციონალების განცხადებები არასერიოზულია.

„მაგათთვის რომ გეკითხა „ქართული ოცნების“ მოშვებასაც არ აპირებდნენ ხელისუფლებაში“. დევდარიანის შეფასებით, მაგათი განცხადებები სხვას არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ ძალიან უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ამისი არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რიგგარეშე არჩევნები რომ დაინიშნოს, ნაცმოძრაობა ბარიერსაც ვერ გადალახავს. პრობლემებს რომ შექმნიან და ოპოზიციაშიც ისეთივე აგრესიულები რომ არიან, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას, ეს ყველამ კარგად ვიცით“, - ამბობს დევდარიანი.

ექსპერტი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ კაკო ბობოხიძეს უნდა დაეზუსტებინა რას გულისხმობს, თუ იგულისხმება, რომ ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს და მთავრობას სწორ გზაზე დადგომაში დაეხმაროს, ეს გასაგები იქნებოდა.

„სხვადასხვანაირად შეიძლება მათი განცხადებების გაგება, რასაც პოლიტიკური დემაგოგიისთვის იყენებენ. (ასეთი ცნებაც კი გაჩნდა საქართველოში) გააჩნია რამდენად ლეგიტიმურია ეს ოპოზიცია. ესა, ვინმე სხვას რომ ეთქვა გასაგები იქნებოდა, ერთი დღეც არ უნდა აცალო მთავრობას, სულ ოპონირების რეჟიმში უნდა იმუშავო, რომ მთავრობა ფორმაში იყოს. ამას რომ გულისხმობდნენ, ეს ცუდი კი არა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინ ამბობს ამას ხომ აქვს მნიშვნელობა?“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ზარდიაშვილის არგუმენტი, რის გამოც ნაციონალებს მსგავსი განცხადებების კეთების ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, არის ის, რომ ამ გუნდმა დაუმსახურებლად მოიპოვა საპარლამენტო უმცირესობის ნიშა, რადგან არჩევნები ხელახლა რომ დაინიშნოს, საეჭვოა, ბარიერი გადალახონ.

„მორალური უფლებაც არ აქვთ, დღევანდელ მთავრობას რამე მოსთხოვონ. თვითონ იმდენად მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ვიდრე არ გასამართლდებიან, ვიდრე მათი მმართველობა არ შეფასდება, მანამდე არ მგონია, მათ ლაპარაკს რამე აზრი ჰქონდეს“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

შესაძლოა, უმცირესობა ამგვარი განცხადებებით თავის არიდებასაც ცდილობს იმ სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რაზეც ექსპერტთა ერთი ნაწილი და საზოგადოება ჯერ კიდევ აქტიურად ლაპარაკობს.

„როცა ქვებს ისვრი, სხვის ბოსტანში, ყოველთვის ცდილობ კარგ პოზაში დადგე, მაგრამ ნაციონალებმა რაც უნდა ქნან, პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ. ყველამ კარგად ვიცით რა აქვთ ჩადენილი და დღეს იქნება თუ ხვალ, ეს აუცილებლად შეფასდება“, - აცხადებს ზარდიაშვილი და თვლის, რომ „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაცია მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც მოხდება მათი დანაშაულების გამოძიება და შეფასება. ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ შეეძლებათ ნაციონალებს სხვა სახელით პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება: „ისეთი მძიმე ტვირთი აწევთ დანაშაულის, რომ შეუძლებელია ამ სახითა და სახელით არსებობის გაგრძელება“.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ პოლიტიკა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტისმაგვარი დაწერსებულება არ არის, სადაც კონკურენტები ერთმანეთს ელოლიავებიან, ეს არის მძაფრი და დაუნდობელი ბრძოლა, აღონდ არა წესების გარეშე და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს ამ მთავრობას არ დაამთავრებინოს მმართველობის 4-წლიანი ციკლი, ვადამდელი არჩევნების ორგანიზებას, ჩატარებას და მერე ამ არჩევნებში გამარჯვებას მოახერხებს, ამაში არაფერი არ არის უცნაური. „მაგრამ დღეს ასეთი რეალობა არ გვაქვს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ნაციონალთა მხარდაჭერა 10%-ს არ აღემატება“, - აცხადებს ბერიძე.

ასეთ რიტორიკასა და მოწოდებებს „ნაცმოძრაობა“ იმით ამართლებს, რომ მისი თვალთახედვით დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

„ეს ხომ აბსურდი და დემაგოგიაა ამათი ევროპული არჩევანი - ცოცხებია ამათი ევროპული არჩევანი?! თვითონ სად მიჰყავდათ ქვეყანა, იმის იქით არაფერი აღარ არის. სიტყვით რასაც გინდა იმას იტყვი, მაგრამ რეალურად რა ღირებულების მატარებელი ხალხია ხომ უნდა ვიკითხოთ. მაგათი საქმე იყო, სწორედ, ანტიევროპული და ანტიადამიანური არჩევანი. რესურსი რომ საკმარისი ჰქონოდათ, დაახლოებით იმ ტიპის რეჟიმი იყო, როგორიც, ფაშისტური გერმანია. თუ, ფაშისტური გერმანიაც რახან ევროპაში იყო გეოგრაფიულად, ახლა ამ ევროპულ არჩევანზე ლაპარაკობენ?! მთავრობას არ უნდა ვაცალოთო, ასეთი რამ მერაბიშვილმა ან ბობოხიძემ როგორ უნდა გაბედოს და თქვას? ეგებ, პატივი დაგვდონ და გაჩუმდნენ, რომ როგორმე დავივიწყოთ, დრო ყველაფრის მკურნალია და ეგებ მერე რამე ეშველოთ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ექსპერტ ვაჟა ბერიძის განმარტებით „სრული იდიოტიზმია, რადგან თავად ნაციონალების კოოპერირება რუსებთან საყოველთაოდ ცნობილია და მათი ყოველი ნაბიჯი, ომის ჩათვლით, სწორედ პრორუსული პოლიტიკა იყო. დასავლეთისკენ სვლა რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებს გამორიცხავს?“- ამბობს ბერიძე.

არის თუ არა შესაძლებელი იმ ტიპის პროვოკაციის მოწყობა, ნაციონალების მხრიდან, რომელიც ამ ხელისუფლებას საძირკველს შეურყევს, ჯერ კიდევ კითხვებს ბადებს. მართალია, ახალაია-მერაბიშვილის დაპირისპირებამ საპრეზიდენტოდ გამზადებულ მერაბიშვილს პირში ჩალა გამოავლო და ნაციონალების შიგნითაც დიდი არეულობაა. იმასაც ამბობდნენ, რომ 19 აპრილის აქციას ან ძალოვან მინისტრებზე შეტევისათვის გამოიყენებდნენ, ასეთი ჭორიც კი გავრცელდა, აქციაზე ვანო მიშას პარტიიდან გარიცხვას აპირებსო. რა მართალია რა ტყუილი ძნელი გასარკვევია, მაგრამ ამ აქციაზე ორგანიზატორებს ორივე კურდღელი რომ გაექცათ, ცხადია და გეგმებიც იმ დონეზე ჩაიშალა, დაანონსებული საოცარი, დაუვიწყარი და გამაოგნებელი კონცერტიც ყველას მიავიწყდა.

თუ ექსპერტებს ვერწმუნებით, ნაციონალების შანსები დღითიდღე მცირდება და ეს ხდება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დღევანდელი ხელისუფლების შეცდომების ფონზე, რადგან შენიშვნები ახალი ხელისუფლების მიმართ უკვე დაგროვდა. რაკი შანსი არ აქვთ, როგორც ჩანს, მათი ამგვარი რიტორიკა მაინც ემსახურება კონკრეტულ მიზანს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მომხრეების გამხნევება და შენარჩუნებაა.

„პროვიკაციის მოწყობას დიდი ჭკუა არ სჭირდება, მაგრამ რამდენად გამოუვათ და რამდენად მიიღებენ მათთვის სასურველ შედეგს, ეს არის საკითხავი და რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ მით უარესი მათთვის“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.

ზარდიაშვილის შეფასებით, განცხადებები არ უშველით. თუ პოლიტიკაში დარჩენა სურთ, იმ გუნდს უნდა გაემიჯნონ, დაგმონ რასაც აკეთებდნენ და ზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადონ, მერე პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღონ, მაგრამ ესეც ძნელია, რადგან თვითონვე იყვნენ ამ დანაშაულების შემოქმედნი.

ნანა დევდარიანი თვლის, რომ მხარდამჭერებს რამე დამაიმედებელი თუ არ უთხრეს, ისე შემოეცლებათ ხალხი, როგორც არაერთხელ მომხდარა, როცა მმართველი პარტია ხელისუფლებიდან წასულა.

„ეს არ იყო ოდეოლოგიით გაერთიანებული ხალხი და მათ მხოლოდ ძალაუფლების წყურვილი აერთიანებდათ. ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, რომ 4 წელიც არ დაგვჭირდება, ისე მალე დავბრუნდებით, მომხრეების ამაში დასარწმუნებლად სჭირდებათ ასეთი განცხადებები“, - მიიჩნევს დევდარიანი.

მისივე შეფასებით, თვითონ რიტორიკა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ვიდრე სააკაშვილს ერთი პატარა ბერკეტი აქვს ხელში, რომელიც მუდმივად საფრთხის მატარებელია, ეს ყველამ ვიცით დიდი ხანია.

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ დღეს აქციის მოწყობას რომ ბედავენ, ესეც „ქართული ოცნების“ სისუსტის წყალობითაა.

„როგორ უნდა გვესაუბრებოდეს ეროვნულ მოძრაობასა და დიად მომავალზე გიგი უგულავა, რომელსაც ერთი თბილსერვისის საქმე ეყოფა, სადაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და უმუშევრად დარჩენილი სახეები ჰყავს დასაქმებული. ჟაკ შირაკს არ აპატიეს რამდენიმე ადამიანის დასაქმება, ესენი კი ტელევიზიებზე გავლენასაც ფლობენ და სასამართლო იღლიაში ჰყავდათ ამოჩრილი, თბილისის ბიუჯეტსაც საკუთარ ნებაზე ხარჯავდნენ და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. როცა ამ ყველაფერზე პასუხს აგებენ, ამის შემდეგ თუ სერგო რატიანი ჩაუდგება ამ მოძრაობას სათავეში, ამ შემთხვევაში, შეიძლება მოიპოვონ ასეთი განცხადებების კეთების უფლება“.

ამ კონტექსტში ზარდიაშვილისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ იქმნება ხელისუფლების მიერ დაანონსებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხალხი დიდი მოლოდინით ელოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობა არ ჩქარობს, სამაგიეროდ, თავს სხვადასხვა მიზეზით იმართლებენ.

„თინა ხიდაშელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, თავს იმიტომ ვიკავებთ, რომ პროკურატურას ხელი არ შევუშალოთ გამოძიებაშიო. რეალური მიზეზი ის არის, რომ კოაბიტაციურად ცხოვრობენ, გარედან ეუბნებიან და ამიტომ“, - მიიჩნევს ზარდიაშვილი.

მისივე შეფასებით, ასეთი რამ კუკავას, ბურჯანაძეს, ან თუნდაც ნათელაშვილს რომ ეთქვა, სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც დამნაშავე რეჟიმი მთავრობას ეუბნება, არ გაცლითო, ეს საზოგადოებაში დიდ გაღიზიანებას იწვევს.

ვაჟა ბერიძეც ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ თანაგუნდელთა და მხარდამჭერთა გამხნევებას ემსახურება ასეთი განცხადებები, რადგან მათი ცნობადი სახე, მარიკა ვერულაშვილი ნაციონალების რიგებს ტოვებს, ძმები ახალაიები განზე დგებიან და მალე იმ სამეულიდან, რასაც ახლა ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიმე, შედარებით, საღად მოაზროვნე ლიდერის გასვლაც არის მოსალოდნელი.

„მერაბიშვილ-უგულავა-ბაქრაძეს ვგულისხმობ. ეს იმ მასის დასამშვიდებლადაა, რომელიც დაპურებული ჰყავთ, ხელფასებსა და პრემიებს უხდიან. ასეთი ადამიანების რიცხვი მცირე არ არის და 50-100 ათასამდე მოქალაქეს მოიცავს, ვგულისხმობ უბნის აქტივისტებსა თუ მასწავლებლებს“, - ამბობს ბერიძე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მართალია, ბევრს აკეთებს ამ დაქცეული ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად, მაგრამ შეძახილი და გამოფხიზლება მაინც სჭირდება.

„პოლიტიკური პროცესის წარმართვის გამოცდილება და ინსტინქტები არ აღმოაჩნდა მათ ლიდერს, როდესაც ამბობს, პარტიას არ ვქმნიო და ა.შ.“ - აცხადებს ვაჟა ბერიძე, რომელიც პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

ვაჟა ბერიძის რეცეპტით, ერთადერთი შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს მონანიებაა. მისივე შეფასებით, პოლიტიკა არის პროცესი და თუ ამ პროცესში გამოამჟღავნებენ მეტ გამჭვირვალობას, გაისუფთავებენ პოლიტიკურ ბიოგრაფიას, 9 წლის განმავლობაში ნაწარმოებ კრიმინალურ პოლიტიკას გაემიჯნებიან კათარზისის გზას დაადგებიან, შემდეგ კარგად გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ იმ შეცდომებს, რომელიც უკვე სახეზეა. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს 4-წლიანი პერიოდი მართლაც შემცირდეს 2 წლამდე, თუმცა კანონიერი გზებით.

„ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაციონალებს ამისი რესურსი არ აქვთ - მონანიების ნაცვლად ურცხვად ცდილობენ იმის გამართლებას, რაც ამ 9 წლის მანძილზე აკეთეს“, - აცხადებს ბერიძე.

რამდენად შეძლებენ ნაციონალები განწმენდას, ძნელი სათქმელია. ყველა ლოგიკით, ხელისუფლებაში მობრუნებას კი არა, როგორმე თავის გადარჩენას უნდა ცდილობდნენ, თუმცა ისიც მართალია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მათთვის ინდულგენციაა და ასე გამწარებულები ამიტომაც იბრძვიან. რაც შეეხება განწმენდასა და თავის გადარჩენას, ნაწილმა ეს პროცესი სავარაუდოდ, უკვე დაიწყო, თუმცა კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა, დათა ახალაია, რომელიც საზღვართან ახლოს რიზეში „დარაჯობდა“ ვანოს აქციას, საქართველოში აღარ შემოვიდა, სხვა ქალაქიდან გავარკვევ ჩემს სიმართლესო. ვერც ვიდეომიმართვაზე დაუთანხმებიათ, - ირაკლი ოქრუაშვილი ხომ არ ვარ, კაცურად მოვაგვარებ ჩემს საქმესო.

„დღეს ვანოც დიდ გასაჭირშია და მიშაც, ისეთი რამ მოუწყო ვანოს ახალაიამ. საერთოდ თუ მივიდოდა მიტინგზე არც მეგონა, მაგრამ რაღა ექნა, რაკი მისი გამოცხადებული იყო, უნდა მისულიყო. სააკაშვილი რომ მივიდა, რა მოიგო? ბაშიაჩუკისა არ იყოს, ახლა გინდა გაიტანეთ და გინდა შეიტანეთ ეს თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი“, - ამბობს ნანა დევდარიანი.