დიტო გელოვანი: დაკრძალვაზე დაბადებული

დიტო გელოვანი: დაკრძალვაზე დაბადებული

ერთხელ მოლა ნასრედინმა ქადაგების წინ ასე მიმართა თავის მრევლს: „მართლმორწმუნენო, იცით, რაზე მინდა გესაუბროთ?“ „არა, არ ვიცით“. „რაკი არ იცით, რაღაზე უნდა გელაპარაკოთ?“ ამის შემდეგ გავიდა ხანი და მოლამ ქადაგების დაწყებამდე ისევ იკითხა: „მართლმორწმუნენო, იცით, რაზე მინდა გესაუბროთ?“ „ვიცით“, - უპასუხა მრევლმა. „თუკი იცით, რაღა საჭიროა გელაპარაკოთ“, - მიუგო მოლამ. მაშინ მრევლმა გადაწყვიტა, როცა მოლა ისევ დააპირებდა ქადააგებას, ეპასუხათ, ზოგმა ვიცით და ზოგმა არაო. მართლაც, მოლამ მესამედ დააპირა ქადაგების თქმა და ხალხს ჩვეულებისამებრ რომ ჰკითხა - იცით, რაზე უნდა გელაპარაკოთო, უპასუხეს: „ზოგმა ვიცით, ზოგმა არა“. „ჰოდა ძალიან კარგი. ვინც იცით, უამბეთ იმათ, ვინც არ იციან და გაიგებენ“, - უთხრა მათ მოლამ და მეჩეთიდან გავიდა.

(მოლა ნასრედინის ქადაგებანი)

 „იცით, რაზე უნდა გელაპარაკოთ?“ - მთელი ორი თვე ტვინი წაჭამეს ამ კითხვით და პასუხსაც თვითონ სცემდნენ - ევროპელობაზეო, ევროინტეგრაციაზეო, ევროპულ გაგებაზეო... სიურპრიზი გელოდებათო. რავი... ვინმეს, შესაძლოა, ეგონა, რომ კეზერაშვილის ლატარიის კომპანია მომგებიან ბილეთებს დაარიგებდა, მაგრამ იქ არც ევროპა იყო და მით უმეტეს არც კეზერაშვილის მომგებიანი ბილეთები.

19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა დროულად გარდაცვლილი (ადრეც უნდა მომკვდარიყო) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამოსვენება. არავის უტირია. დუმილი იყო გამაყრუებელი. მოსაგონარი და შესანდობარი არავის უთქვამს.

და იქვე, ტრიბუნაზე, ქვეყნიერებას მოევლინა „ახალი ეროვნული მოძრაობა“ - პირმშო და ნაყოფი ერთსქესიანი ქორწინებისა, ან იქნებ, ერთმანეთის ჯგუფური გაუპატიურებისა.

უფერო და უსქესო არსების მოვლინება თოფების სროლით აღინიშნა. თოფები იყო კისტის. სადღეგრძელოები არ ყოფილა. დალევით სვამდნენ, ჭამით ჭამდნენ, სხვის სისხლს მოწყურებულები ალკოჰოლს ეძალებოდნენ, ერთი რამის ჭამაში შემჩნეულები ერთმანეთს ჭამდნენ, განსხვავებას ვერ გრძნობდნენ და ასე თვრებოდნენ.

„დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მეუღლეს, ლელა კილაძეს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, როდესაც საპატრულო პოლიციამ ლელა კილაძე გააჩერა, აღმოჩნდა, რომ ის ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ლელა კილაძე პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მეორედ აღმოაჩინა, მას 1 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა“.

და ვერ გეტყვით, ნაცური ნაცების აქციის მშვიდობიანი დასასრულის გამო იყო თუ ქალაქის თავის ტვინის მეორე ნახევრისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო (კანონის უზენაესობის ამბავში), მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილმა პოლიციას მადლობა გადაუხადა: „მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობა. ვამაყობ ასეთი პოლიციით!“

სააკაშვილს ენაზე არავინ ექაჩებოდა, გინდა თუ არა მადლობა გადაუხადეო და შესაძლოა ვცდები კიდეც, მაგრამ მგონია, რომ ეს ვანოს ბოსტანში ნასროლი კენჭი იყო - აქაოდა, ხომ ხედავ, სულაც არ ყოფილხარ შეუცვლელი და იქ რომ იმათ შეგცვალეს, აქ ჩვენ შეგცვლითო. „აქ“ ანუ იმ ამბავში და იმ გაგებაში, რასაც ნაციონალური მოძრაობის დასასრული და „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დასაწყისი ჰქვია.

მაშ, შუა მიტინგიდან თუ რა ვიცი რა იყო, პრეზიდენტის თუ რა ვიცი რა დავარქვა, სიტყვით გამოსვლისას თუ ვერ გეტყვით რა იყო ეს, წასვლა კარის გაჯახუნებას უფრო გავდა და ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს კარი გაეჯახუნებინოს და არ წარმოეთქვას შელოცვა, რომლის ერთი ნაწილიც ყველამ ვიცით, მეორე ნაწილი კი იმდენად საიდუმლოებით არის მოცული, რომ იგი ყოველთვის მრავალწერტილით აღინიშნება. აი, ეს შელოცვაც - „წადით, თქვენი დედაც...“

მთელ იმ ამბავში მხოლოდ ეს იყო საინტერესო, თორემ ვიღაც რომ ხაოდა, ვიღაც რომ ჩხაოდა და ვიღაც რომ ფიქრობდა როგორ ექცია 5 ათასი 15 ათასად, ყოველგვარ ინტერესს არის მოკლებული, ხოლო ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებამ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის სევდიანი ისტორია გაგვახსენა.

ჰო, მილიონი სამუშაო ადგილი ვერა, მაგრამ მილიონიანი სამუშაო ადგილები კი შექმნეს... რამდენიმე.

გასულ კვირაში აწ გარდაცვლილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა რამდენიმე განცხადებაც შექმნეს და არც ერთი მათგანი არ ეხებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, არც ერთ მათგანში არ ყოფილა საუბარი კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და მედიის თავისუფლებაზე. ყოველ მათგანში უხვად იგრძნობოდა ინგა ლალიაშვილის სამეზობლოს გავლენა  - „ბოზი“, „ჩათლახი“, „ქურდი“, „ჩემოდანი ასწია“ და ა.შ.

„თანამედროვე ტექნოლოგიებით განცხადებების ფაბრიკაცია ძალიან ადვილია და არც ადვოკატის შეცდომაში შეყვანაა შეუძლებელიო“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა, როდესაც დათა ახალაიას უსტარის კომენტირება თხოვეს. თავად უსტარს არა, მაგრამ უსტართან დაკავშირებულ მცირე ნიუსს კი აქვე შემოგთავაზებთ: „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია მათი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს. როგორც ახალაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა“.

ძალიან საინტერესოა, ღმერთმანი, მაგრამ უფრო საინტერესო არის მარიკა ვერულაშვილის ეს სიტყვები: „მე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მე ამ დრომდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში არის სწორედ მისი დამსახურება და მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ამის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო გენერალური მდივანი ამ პარტიის. რადგან ეს მაინც ასე მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიაში. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან მე დღიდან დაარსებისა ამ პარტიის წევრი ვარ“.

აბა, მართალი ყოფილა გიგი უგულავა, როდესაც ამბობდა, ამ ბრძოლაში ნერვები ბევრს უმტყუნებსო. დათა ახალაიამ მოიწერა, ლელა კილაძე დათვრა და საჭეს მიუჯდა, ხოლო მარიკა ვერულაშვილი გამოფხიზლდა და ქვეყნის ხერხემალი უდიერად მოიხსენია. თუმცა, მთავარი ის კი არ არის, რომ ერთი დათვრა და მეორე გამოფხიზლდა, მთავარია, რომ ერთიც, მეორეც და სხვა ბევრიც ვანო მერაბიშვილზე წიხლებით იმიტომ კი არ შედგნენ, რომ აი 26 მაისი, 7 ნოემბერი, წილები-მილები, მოსმენა-დასმენები და რამე... არამედ - არჩევნები წაგვაგებინაო.

რომ მოეგოთ, ვანოს ერთი კალთაში ჩაუჯდებოდა, მეორე ფეხებთან ჩამოუჯდებოდა და არც შვიდი გაახსენდებოდათ და არც ოცდაექვსი. არადა, რომ მოეგოთ, რის ფასად იქნებოდა და რა იქნებოდა ჩვენც ვიცით და მათაც და რადგან ფასი ვახსენეთ, მოდით ღირებულებებსაც შევეხოთ, ოღონდ არა ევროპულს, არამედ ნაციონალურს, მოძრავს და ერთიანს:

ნიკოლოზ სააკაშვილის დაკვეთით, სდსს-მ 1190 ლარიანი ჩოხა შეიძინა; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ქსენია სოკოლოვას ყელსაბამი 2765 ლარი დაუჯდა;  ედუარდ სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სწავლისთვის 14 ათასი ლარი ჩაურიცხა; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 44 სული ცხვრის შეძენა 6 600 ლარი დაუჯდა; დოკუმენტაციის მიხედვით, 3500 ლარიანი სამკაული დეპუტატ მარიამ საჯაიას გადაეცა; პრეზიდენტმა ოქროს სამკაულით უკრაინელი მომღერალი იოანა მელაიც დაასაჩუქრა; სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დეპუტატ თინა ბოკუჩავასთვის 1599 ლარიანი ტელეფონი - iphone 4S შეიძინა, პიანსტ ხატია ბუნიათაშვილს კი, 140 ლარიანი თაიგული უყიდა; ქართველ ხალხს სააკაშვილის მზარეულის შენახვა ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა...

ამ ჩამონათვალის შემდეგ, ალბათ, ყველას ეუცნაურა დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა, თითქოს, ქართული დემოკრატიის გადარჩენის აუცილებელი წინაპირობაა... თუმცა, თავის მხრივ, უსუფაშვილის ამ განცხადების შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ პოლიტიკა ბინძური რამ არის.

რას გაიგებ, ვინ რას თამაშობს და ვინ რას ათამაშებს... რას გაიგებ, ვინ ვისას თამაშობს და ვისას ათამაშებს... გაიგე ახლა, საით მოძრაობს ვანო მერაბიშვილი და რაზე ოცნებობენ ახალაიები.

„ნეპოტიზმზე გული მერევა“ - ეს სიტყვები სააკაშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც გაირკვა, რომ „ნიკოლოზ სააკაშვილის დაკვეთით, სდსს-მ 1190 ლარიანი ჩოხა“ და რომ „ედუარდ სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სწავლისთვის 14 ათასი ლარი ჩაურიცხა“.

სინამდვილეში კი, გული იმიტომ ერევა, რომ „ბათუმში პრეზიდენტისა და მისი სტუმრების კვებითი მომსახურება 39 206 ლარი დაჯდა“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 44 სული ცხვრის შეძენა 6 600 ლარი დაუჯდა“.

მუცელს აღორებ ღორია, აქორებ ქორია.

ისევ იმ ოპერიდან: „გოგა ხაჩიძე დუბაიში, სასტუმრო SOFITEL-ში 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე იყო რეგისტრირებული. დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე გოგა ხაჩიძესთან ერთად დუბაიში ალანა გაგლოევა, ვახტანგ ლემონჯავა, მარიამ საჯაია, დავით საყვარელიძე, გიორგი ღვინიაშვილი, კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, კახა ბუცხრიკიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ტარიელ ლონდარიძე, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი და სხვები იმყოფებოდნენ. დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული პირები სასტუმრო SOFITEL-ში გასული წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდნენ, 2013 წლის სამ იანვარს კი სასტუმროს მომსახურების თანხა, თითოეულმა გადაიხადა 8 100 დირჰემი, რომელიც დაახლოებით 2 200 დოლარს შეადგენს.

კი ბატონო, პოლიტიკა სიბინძურეა, მუცელს აღორებ ღორია, აქორებ ქორია - სწორია ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც სიმართლეა - აკაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო. სხვისი არ ვიცი და პირადად მე გოგა ხაჩიძისთვის ჭკუის დარიგება წყლის ნაყვად მიმაჩნია. დატკბით მისი სიტყვებით: "მე დღემდე მართლა მეგონა და ამით ძალიან ვამაყობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ახალი წლის ღამეს შევხდი ქართულ ბაზა შუკვანზე ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ახალ წელს შევხდი დუბაიში. ერთი დეტალი გამომრჩა, საღამოთი დუბაიში ვივახშმე მართლა, პრეზიდენტთან ერთად და შემდეგ წამოვედით თბილისში. ეს არის ჩემი დუბაის ახალი წელი. არ ვიცი, ახლა ბატონმა საგანელიძემ იაროს მაგ სიმართლით. 19 აპრილს ველოდებით ვისაც არ სჯერა ამ სისულელის“.

ნაციონალების ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, „ამ სისულელის“ მხოლოდ 12 ათასმა ადამიანმა არ დაიჯერა და ვინ იცის, რამდენს ეცინებოდა მწარედ, ერთი სულელი-ცრუპენტელას იმ სიტყვებზე, რომელიც მოძმე სააგენტომ ასეთი სათაურით მომაწოდა - „პრეზიდენტი მზად არის, აღლუმი არა მან, არამედ „ქართველმა ხალხმა ჩაიბაროს“.

სათაურითაც მიხვდებოდით, რაზეც იქნებოდა საუბარი, მაგრამ კედლისა და რეგვენის ამბავს თუ გავიხსენებთ და თუ გავიხსენებთ, რომ „არა შეჯდა მწყერი ხესა“ და „კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს“, ისიც გავიხსენოთ, რა მოაყოლა სააკაშვილმა 26 მაისის აღლუმის ამბავს: „ამასთან, პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დროინდელი აღლუმიც გაიხსენა. "საბჭოთა კავშირის დროს კვირაობით გვამზადებდნენ, რომ გავსულიყავით და ხელი დაგვექნია. ერთხელ ბრეჟნევი იყო ჩამოსული და მახსოვს როგორ გაგვიშრეს სისხლი, წინ და უკან დაგვატარებდნენ ვაჟა-ფშაველაზე. მერე თქვეს, რომ მხოლოდ მაღლები უნდა ყოფილიყვნენ და მე ჩავმდაბლდი, რათა სახლში გავეშვით, რადგან ბრეჟნევის ნახვა არ მინდოდა“.

ამ ისტორიის გაგრძელება ასეთია - მიშიკო სახლში მივიდა, მაგრამ დედა მას არ ელოდა...

დასასრულის დაწერა და დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია და ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია მიშიკოსა და დედიკოს მოულოდნელი შეხვედრა გოგა ხაჩიძეს, რადგან გოგა უბრალო მედოლე არ გეგონოთ, მას წარმოსახვის უნარიც გააჩნია - „ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ „საქართველოს ერთადერთი რამ დარჩა - კავკასიონის ქედზე აღმართოს რუსეთისკენ მიმართული დროშა წარწერით - „მიყვარხარ“.

სიყვარულს რა ჯობია, ხალხო! სიყვარულის გულისთვის კავკსიონზეც ავა კაცი და ჰიმალაებსაც დაიპყრობს, მაგრამ რა აუცილებელია რუსეთისთვის სიყვარულის კავკასიონიდან ახსნა, როდესაც აქვეა ახლაგორი, სადაც რუსეთის დროშა ფრიალებს. ახალგორი, რომელიც რუსეთს დიდი სიყვარულის ნიშნად სწორედ გოგამ და მიშიკომ გადასცეს.

სიტყვას გადავცემ სხვას. დადგეს და რაც უნდა ის ილაპარაკოს. დღეს ამით უნდა დავასრულო. გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო გასული კვირის შესახებ, რამდენიც არ უნდა ვიჭყლიტო ტვინი, მაინც ის მახსენდება, 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, როგორ ჩახტა რამდენიმე ათეული უფერო და უსქესო არსება უნიტაზში და როგორ ჩარეცხეს საკუთარი თავი.

მე - რა? მანამდე მე ერთი იდეა მაწუხებდა - მივსულიყავით ორნი, მიგვეტანა, და ყველაზე დრამატულ მომენტში, აი ვაშაძე რომ იჭაჭებოდა, ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო, აგვემართა დიდი ტრანსპარანტი წარწერით „იმდენი თქვენი დედა ...“

"ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და საერთო მიზანი გვაქვს. ამ საერთო მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ ყველანი. ახალი ეროვნული მოძრაობა ნამდვილად არ არის ის, რომ ვიღაც მოვა და თავზე დოვლათს დაგვაყრის. ეს არის 24-საათიანი მუხლჩაუხრელი მუშაობა. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში და ეს ახალი მოძრაობა უნდა გავაცნოთ. ეს არის მოძრაობა, რომელიც ჩვენ ახალ, განვითარებულ საქართველომდე მიგვიყვანს" - ვაშაძის გამოსვლიდან ყველას ყველაზე მეტად ეს სიტყვები დაამახსოვრდა.

შარშან, როდესაც კარი გავაღე და „ტაბულა“ დამხვდა, ნაცებს ვუთხარი, ჩემს კარებთან ნაგავს ნუ დაყრით-მეთქი. ახლა, ვაშაძეს ვეუბნები: ჩემს კარებთან არ დაგინახოთ, თორემ სათქმელს ისე გეტყვით, რომ არც ტრანსპარანტი დამჭირდება და არც მრავალწერტილი.

ახლა კი, მართლა წავედი. მივდივარ მაკა გვარამიას დაბადების დღეზე. მაკა ჯერ ჩემი მამიდაშვილია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ცნობილი ქართველი თავისუფალი დემოკრატი და საზოგადო მოღვაწე.

ს.შ. (სკრიპტუმის შემდეგ) ერთმა კაცმა მოლას ჰკითხა: „რა მოგცე საოსტატო, რომ ჩემს შვილს წერა-კითხვა ასწავლო?“ „ექვსი თუმანი!“ „რას ამბობ, მოლავ! ექვს თუმნად ექვს ვირს ვიყიდი“. „ჰოდა ეგ უფრო კარგი იქნება მაშინ, შენი შვილიანად შვიდი ვირი გეყოლება“, - უპასუხა მოლამ.

(მოლა ნასრედინის ქადაგებანი)