საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებით, წიგნიერების კუთხით, ქართველ ბავშვებს საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. განათლების ეროვნულმა ცენტრმა 2011 წელს „საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები წარადგინა.
პირველი ანალოგიური კვლევა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში 2006 წელს განხორციელდა. საქართველოში კვლევები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა. კერძოდ, 9-10 წლის ასაკის მე-4 კლასელების კითხვის უნარები და ის ფაქტორები შეფასდა, რომლებიც მოსწავლის წიგნიერებაზე ახდენს გავლენას. ამ მიზნით საქართველოში 174 სკოლის დაახლოებით 4800-მდე მოსწავლე შეფასდა, ასევე, შეფასდა მშობელი და მასწავლებელი.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველი ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი - 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, პირველ ადგილზე ჰონკონგია 571 ქულით, შემდეგ რუსეთი - 568, იგივე მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც. კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა. ამასთან, მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო შკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა. უმაღლეს საფეხურზე (625 ქულა) კი შეფასებული ბავშვების მხოლოდ 2% იმყოფება.
ქართველ მოსწავლეთა წიგნიერების შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
„განათლების ლიგის“ პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ აღნიშული სავალალო მაჩვენებელი სააკაშვილის რეფორმის „დამსახურებაა“. ფინეთსა და რუსეთს კი იმიტომ აქვს ერთნაირი მაღალი შედეგები, რომ ფინეთმა საკუთარი რეფორმა გადაიღო იმ მოდელიდან, რაც ჩვენთან იყო, საქართველოში და ეს გახლდათ ძველი გერმანული მოდელი. ამდენად, დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე პროგრესული რეფორმა გატარდა ფინეთში.
მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, კარგია გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ სახელმძღვანელოებს სახელმწიფო შეიძენს, მაგრამ ეს უხარისხო სახელმძღვანელოები, დანაშაულებრივი მეცნიერული შეცდომებითა და არასწორი მეთოდიკით დაწერილი სახელმძღვანელოები ვნებს, როგორც ბავშვის გონებას, ასევე, მის ჯანმრთელობას, რადგან ძალიან სქელტანიანია. ამდენად, ეს სახელმძღვანელოები მთლიანად გადასაყრელია და მარგველაშვილი კიდევ ლოიალურად ექცევა ამ გამომცემლობებს.
„უნდა გაიტანო და დაწვა ეს წიგნები, არაფრად ვარგა, არც შინაარსობრივად და, ამასთან, ბავშვებს ხერხემლის გამრუდება ემართებათ. ჩვენ დავანგრიეთ მეცნიერულად ყველაზე გამართული განათლების სისტემა. რაც შეეხება ჰონკონგს, ამ ქვეყნის წიგნიერების დონე არ მიკვირს, რადგან ამ ქვეყანაში ბოლო წლებში კარგ რეფორმას ატარებენ და განათლებისთვის დიდ ფულს ხარჯავენ. ის, რაც საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იყო, ეს არ ყოფილა კომუნისტების მოგონილი, ეს ძველი გერმანული მოდელია, რაც უნდა აღდგეს და ის შინაარსი უნდა ჩაიდოს, რაც იყო“, - მიიჩნევს მანანა ნიკოლაიშვილი.
მისი თქმით, ამ მოდელს მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგია უნდა ჩამოვაშოროთ. უფრო მეტიც, დიდი ნგრევა ჩვენს განათლების სისტემას არ სჭირდებოდა, ვინაიდან მსოფლიო დონეზე, კონკურენტუნარიან განათლებას აძლევდა მოსწავლეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი მერაბ თოფურია აცხადებს, რომ ქართველი ბავშვების წიგნიერების დაბალი მაჩვენებელი უამრავი კომპლექსური მიზეზით აიხსნება - დაწყებული ეკონომიკური პირობებით, დამთავრებული ქვეყნის პოლიტიკით თუ საგამოცდო პოლიტიკით. თუმცა, კერძო სკოლების შედეგები საშუალოზე უფრო მაღალია საქართველოში და შვედეთის მაჩვენებელს უტოლდება.
„სახელმწიფო სკოლები ცოტა მოიკოჭლებს და პრობლემაც ეს არის. კერძო სკოლებში კი, სადაც არის დაფინანსება, მაღალი ანაზღაურება, პედაგოგებიც შესაბამისი ანტურაჟით არიან და სწავლის დონე უფრო მაღალია. ფაქტობრივად, კერძო სკოლებში სწავლება ევროპულ დონეზეა, ხოლო იქ, სადაც ამის საშუალება არ არის და უსახსრობაა, დაბალი დონის კვალიფიკაციაა პედაგოგებში. შესაბამისად, შედეგებიც დაბალია. თუ კვალიფიციურ პედაგოგებს კარგი ხელფასი არ მივეცით, ისინი კარგად არ იმუშავებენ“, - აცხადებს მერაბ თოფურია და მიიჩნევს, რომ, როცა სახელმწიფო ეკონომიკურად ძლიერია, მაშინ ყველაფერი რიგზეა.
ამდენად, იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს, განათლების მხრივ, საბჭოთა სისტემა კარგი იყო და ის ძველი გერმანული მოდელიდან იღებდა სათავეს. სინამდვილეში, გერმანული სკოლის მოდელი მეფის რუსეთის დროს არსებობდა და მას შემდეგ საბჭოური სისტემა იყო დანერგილი ჩვენს სკოლებში, რაც მთლად გერმანული მოდელი სულაც არ ყოფილა.
უფრო ზუსტად, ეს იყო ინფორმატიულობაზე, ინფორმაციის მიღების მასაზე დამყარებული განათლება და ამის შემდეგ ტალანტის მქონე ადამიანები არღვევდნენ ამ გზას და მიდიოდნენ ნორმალური განვითარების მისაღებად. ვისაც ტალანტი არ ჰქონდა, ისინი რჩებოდნენ განათლებულ, მაგრამ რეალურად არაფრისმცოდნე ადამიანებად, ისევე, როგორც დღეს უამრავი ექიმი თუ სხვა დარგის სპეციალისტი გვყავს, რომელთა პროფესიონალიზმიც დაბალია.
„იდეალური ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ის სახელმწიფოები, რომლებსაც შესაბამისი სახსრები გააჩნიათ, წარმატებებს აღწევენ. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც განათლების ხანგრძლივვადიანი, 10 და 15 წლიანი გეგმა გაიწელება და ყოველი მინისტრის მოსვლა-წასვლით არ შეიცვლება ეს სისტემა, წარმატებას აღწევს. ამდენად, სადაც სტაბილურია განათლების სისტემა, იქ შედეგიც არ აყოვნებს, არასტაბილურ სისტემაში კი შედეგს ვერ მივიღებთ“, - აცხადებს მერაბ თოფურია.
51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა თურქაძეს თქმით, იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა პერიოდში იგი ხუთოსნად ითვლებოდა, საბჭოთა განათლების სისტემა სულაც არ ყოფილა მისაბაძი. დღევანდელ დღეს კი ბავშვებში წიგნიერების ნაკლებობას იგი თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების საშინელ გავლენას უკავშირებს. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ წიგნიერების ნაკლებობის მიზეზი გარკვეული სოციალური ფონიცაა.
„საბჭოთა პერიოდში ცოტა სხვა ფონი იყო, თორემ არა მგონია, განათლება უფრო კარგი ყოფილიყო. დღეს უფრო ცნობიერების დონემდეა ასული ეს ყველაფერი, უბრალოდ, მოსწავლეები აღარ კითხულობენ წიგნებს ბევრი მიზეზის გამო და წიგნიერება დაბალ დონეზეა. ამავდროულად, მე გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი გახლავართ და ქართულის თემებს როცა ვასწორებ, ვხედავ, როგორი დაბალია წიგნიერება ბავშვებში. თუმცა არ დავმალავ, იმასაც ვამჩნევ, რომ ბოლო დროს, თემის წერა ისწავლეს მოზარდებმა და გარკვეული პროგრესი იგრძნობა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გამოცდებისთვის ყველა ემზადება და გარკვეულწილად, თემის წერაც სწავლადია, წიგნიერებას კი სულ სხვა რამეა. ალბათ, რეპეტიტორების დამსახურებაა ეს და ეს ინსტიტუტი მაინც მუშაობს საქართველოში“, - აცხადებს მანანა თურქაძე.
მისივე თქმით, საგამოცდო თემისთვის უმაღლეს შეფასებად ითვლება 25 ქულა. ამ დროს კი საშუალო ქულა 12 - 13 ქულასაც ვერ აღწევს. ასევე, მისი თქმით, მას მასწავლებლების ნამუშევრებიც შეუსწორებია და ვერც ამ შემთხვევაში დაადასტურებს, რომ ზოგადი ფონი სახარბიელოა. ასე რომ ყოფილიყო, 25 ქულიდან საშუალოდ 15 ქულა მაინც უნდა დაწერილიყო.
ის, რომ საბჭოთა სისტემის დროს მოსწავლეები ზოგად განათლებას იძენდნენ, ახლა ეს პროცესი სტიქიურია და გამოცდაზე გასვლისკენ არის მიმართული. მშობლის პოზიციაც ასეთია, მე არ შემიძლია ვატარო შვილი მასწავლებელთან, ამიტომ კეთილი ინებოს სკოლამ და რაღაც საგნები მაინც თავის თავზე აიღოს.
მანანა თურქაძის განმარტებით, ბავშვები უამრავ საგანს სწავლობენ და გახშირებულია ერთი პედაგოგიდან მეორესთან გადარბენის შემთხვევები.
რაც შეეხება კერძო სკოლის უკეთეს შედეგებს, ამას მანანა თურქაძე უკეთეს დაფინანსებას კი არა, არამედ მოსწავლეების მცირე რაოდენობას უკავშირებს.