ფსიქოტროპული აფთიაქები და მათი უკანონო საქმიანობა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. არაერთი რეიდის მიუხედავად, აფთიაქები მედიკამენტებს კვლავ ურეცეპტოდ გასცემენ, მფლობელები კი, ვისაც ლიცენზიას უუქმებენ, ახალ ანალოგიურ ობიექტებს ხსნიან.
ამიტომაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვიის წესის გამკაცრება დააანონსა. მისი აზრით, კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით ლიბერალურია, რაც ახალგაზრდების მავნე ნივთიერებების მოხმარებას უწყობს ხელს.
„ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მარტო 2021 წელს რეგულირების სააგენტომ 37 000 ერთეული უკანონო ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო, შესაბამისად, 84-ჯერ გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობაც.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, საერთო ჯამში, კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე აცხადებს, რომ სააგენტოს თანამშრომლები საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურად ახორციელებენ. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი ხდება უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა და დალუქვა.
„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს ეგზავნება“, - აღნიშნა გუნცაძემ.
ამჯერად ფსიქოტროპული მედიკამენტების ბიზნესი მხოლოდ ჯარიმებით და ლიცენზიის გაუქმებით არ დაისჯება. ხელისუფლება კანონში ცვლილებების შესატანად ემზადება. ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა მკაცრდება, დამრღვევებს კი, პირველივე ჯერზე შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
წამლების საკონტროლო შესყიდვა გუშინ „კურიერის“ ჟურნალისტმაც სცადა. დადასტურდა, რომ ფსიქოტროპული აფთიაქი დედაქალაქის სხვადასხვა უბანშია გახსნილი. პრეპარატებიც დანიშნულების გარეშე გაიცემა, მაგრამ მხოლოდ ნაცნობი პირებისთვის. სააფთიაქე ბიზნესში უკვე იციან, რომ კონტროლი მკაცრდება, ამიტომ ყველა უცხო მომხმარებელს სხვა მისამართზე ამისამართებდნენ, ხშირ მომხმარებლებს კი ჩვეულებრივ ემსახურებოდნენ.
კომენტარები კეთდება პარლამენტშიც. დეპუტატი ლადო კახაძე მოსალოდნელ სავარაუდო შეზღუდვებზე საუბრობს.
„კონკრეტული რეგულაციები შეიძლება იყოს ასეთი - ექიმს, რომელიც უსაფუძვლოდ გასცემს რეცეპტს, ჩამოერთვას პროფესიული საქმიანობის სტატუსი და აეკრძალოს მუშაობა, სააფთიაქო ქსელი დაჯარიმდეს განსაზღვრული თანხით, ფარმაცევტმა კი იურიდიულად აგოს პასუხი. ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ერთად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახაძემ.
ჯერჯერობით კი ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე ჯარიმდება 8 ათასი ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა 16 ათასს შეადგენს.
პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი 6 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შეთხვევაში კი - 12 ათას ლარის ოდენობით.
სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას, მას სამი წლით ეზღუდება მუშაობის უფლება.