„ნაციონალებმა“ ხელისუფლება დასავლეთში საინფორმაციო ომით დააზიანეს, ახლა კი „ოცნების“ ჯერია

„ნაციონალებმა“ ხელისუფლება დასავლეთში საინფორმაციო ომით დააზიანეს, ახლა კი „ოცნების“ ჯერია

შეძლებს თუ არა ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ბოლო დღეებში ნაჩვენები „ყვითელი ბარათის“ „მწვანედ“ გარდაქმნას და „წითელი ბარათის“ თავიდან აცილებას? მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ და ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ ევროპარლამენტარებს საკუთარ ვერსიას და არგუმენტებს გააცნობენ. დაუჯერებს თუ არა ხელისუფლებას დასავლეთი, უცნობია, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ოპოზიციამ საკმაოდ მძიმე საინფორმაციო ომი აწარმოა, რამაც ხელისუფლების იმიჯზე საერთაშორისო ასპარეზზე ცუდად იმოქმედა. ახლა კი ჯერი „ოცნებაზეა“.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.

„ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა, ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვეზე მეტია ხელისუფლების წინააღმდეგ საკამოდ მძიმე საინფორმაციო ომი მიდის. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიმართულებით ნამდვილად კარგად იმუშავა, ბევრი ფული და რესურსი დახარჯა, რათა დასავლეთში სრულიად სხვა წარმოდგენა შექმნილიყო.

„სამწუხაროდ, ენმ-მ მოახერხა და შეკვეთილი სტატიებით და სხვადასხვა საინფორმაციო პროპაგანდის საშუალებით, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ მძიმე საინფორმაციო გარემო შეუქმნა. ამერიკელი სენატორების წერილი და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მწვავე განცხადებებიც ვიხილეთ. თუმცა სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასანბლეაში სხვადასხვა შეხედულების და პოლიტიკური გემოვნების დეპუტატები არიან. ისინი ანა ფოტიგას პოზიციას არ იზიარებენ, ან რომელიმე სააკაშვილის მხარდამჭერი ევროპარლამენტარების შეხედულებებს არ ეთანხმებიან.

 თუკი „ოცნება“ ახლა შეძლებს და ამ მძიმე ფონს, რაც „ნაციონალებმა“ შექმნეს, გაფანტავს, მაშინ რაღაცა შუალედური პოზიცია გაჩნდება. აქ უფრო პოლიტიკური საკითხი ჩნდება, არ მგონია ევროსაბჭოს უნდოდეს, რომ საქართველოს მოსახლეობაში ევროპის მიმართ სკეპტიკური განწყობა გაჩნდეს. ამიტომ ველი, რომ მათი მხრიდან უფრო თავშეკავებული განცხადებები გაკეთდება. არ მგონია კრიტიკული რეზოლუცია მიიღონ. ალბათ, იქნება, როგორც კრიტიკა, ასევე საქართველოს ევროსტრუქტურების გზაზე მიღწეულ შედეგებზე საუბარიც“,-ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სტრასბურგს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საკუთარ ვერსიას შესთავაზებს და პარტნიორების თავის სიმართლეში დარწმუნებას შეეცდება. ხუხაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამჟამად ყველაფრის მოგვარება ირაკლი კობახიძეს მოუწევს, რადგანაც განვითარებულ მოვლენებზე პაუხისმგებლობა მას დაეკისრა.

„ოცნება“ სტრასბურგში თავისი ვერსიებით და არგუმენტებით შეეცდება, რომ სიტუაცია გამოასწოროს. ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას რეპუტაცია ნაამდვილად შეერყა და ამ გარემოს შესაცვლელად მცდელობას არ დააკლებენ. ეცდებიან ევროპა შეთქმულების თეორიებში დაარწმუნონ. კობახიძეს დაეკისრა მთელი ამ ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა და გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლადაც გაგზავნეს.

რამდენად დამაჯერებელი იქნება ხელისუფლების არგუმენტები, ამის თქმა მიჭირს. საკმაოდ სერიოზული შეცდომების დაშვება მოხდა, რამაც ევროპარლამნეტარებში გარკვეული უკმაყოფილება და კრიტიკაც გამოიწვია. ამიტომ დიდი შრომა დასჭირდებათ, რომ საქართველოში არსებულ დემოკრატიაში დაარწმუნონ. როგორც ამბობენ, ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილზე საუბარი „ალბათ“ იქნება კი არა, ვიზიტის მიზანიც ესაა. ერთია, არჩევნების თემა, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილი. ორი თვე ჩვენ დილას სააკაშვილით ვიღვიძებდით და საღამოს სააკაშვილით ვიძინებდით. ბუნებრივია, რომ საააკაშვილზე, მის ბედზე კი არა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იქნება საუბარი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.