უკვე მეოთხე დღეა, რაც ოპოზიცია აღარ გამოჩენილა და მათი გეგმების შესახებ საზოგადოებამ ახალი არაფერი იცის. რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიქმნება თუ არა ისევ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უცნობია. თუმცა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მისი ადვოკატების და ოჯახის მხრიდან ახალი მოთხოვნები უკვე გაჟღერდა. ამიტომაც არ არის გამორიცხული სააკაშვილის პრეტენზიების ახალი კასკადი დაიწყოს, რომელსაც ოპოზიცია საპროტესტო მუხტის ასაწევად გამოიყენებს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ ახლა სააკაშვილმა და ოპოზიციამ რა სახის მოთხოვნებიც არ უნდა წამოაყენონ, ქუჩის აქციების მობილიზებას ვეღარ შეძლებენ. სააკაშვილმა საკუთარი ამომრჩეველიც გადაღალა და ქუჩაში ყველაზე რადიკალურად განწყობილი მხადამჭერებიც კი ვერ გამოჰყავს.
მათი აზრით, სააკაშვილის მოთხოვნების ახალი სიაში სასჯელის გადავადების მოთხოვნა ჯამრთელობის გამო იქნება. შესაძლოა, საუბარი საზღვარგარეთ მკურნალობაზეც იყოს. მესამე იქნება მოქალაქეობის აღდგენაზე საუბარი და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. თუმცა ისინი ეჭვობენ, რომ აქედან რომელიმე მათგანი გამოვიდეს.
„ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ როგორც კი მოხდებოდა სააკაშვილის გადაყვანა სხვა საავადმყოფოში, მაშინვე საუბარი მის გათავისუფლებაზე დაიწყებოდა, რაც ძალიან მარტივი სცენარია. ადამიანს როდესაც 6-წლიანი სასჯელი აქვს შეფადებული, მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი კი for.ge-სთან განმარტავს არსებობს თუ არა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სამართლებრივი ბერკეტი ან მისი საზღვარგარეთ მკურნალობა რა შემთხვევაში არის შესაძლებელი.
„საქართველოს კანონმდებლობით პატიმარს, შესაძლოა, მისი ჯამრთელობის გამო სასჯელი გადაუვადდეს, მაგრამ მას ყველა საქმეზე ბარლი უკვე მისჯილი უნდა ჰქონდეს. სააკაშვილის შემთხვევაში კი ასე არ არის. ჯერ ერთი, მას სერიოზული ჯამრთელობის პრობლემა არა აქვს და მკურნალობას ექვემდებარება, მეორეც სხვა საქმეებზე ბრალი გამოტანილი არ აქვს. სასამართლოში პროცესები გრძელდება. სასამართლო ჯერ მხოლოდ ორზე ჩატარდა. მისი ამ სტატუსით პატიმრობა ვერ გადავადდება, ეს არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს.
„საზღვარგარეთ მკურნალობის თემას რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და ამის გამო საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. თუ ეს დაამტკიცეს, ამის შემდეგ კი სახელმწიფო ვალდებულია პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანა უზრუნველყოს. თუმცა ამას სააკაშვილი ვერ დაამტკიცებს, რადგანაც მას, როგორც ვხედავთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯერჯერობით მკურნალობენ“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა for.ge-სთან.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს რა მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს, ის იმაზე მეტს ვეღარ შეძლებს რაც უკვე გააკეთა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ, მართალია, ხელისუფლებას სხვა მოლოდნი ჰონდა, რომელიც არ გამართლდა, მაგრამ მისი ფაქტორი უკვე გათამაშდა. 3 წლის განმავლობაში თუკი „ოცნებამ“ ოპოზიციას ხელოვნურად კრიზისის შექმნის საშუალება არ მისცა, ისინი ვერაფერს იზამენ.
„კი ბატონო, გასაგებია, რომ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ, მაგრამ რის საფუძველზე? რამე მძიმე დაავადება სჭირს თუ რა ხდება? ან მოქალაქეობის დაბრუნებაზე თუ ისაუბრებენ, მაშინ სააკაშვილმა მიმართოს ზურაბიშვილს თხოვნით და იქნებ უკმაყოფილებს. ეს რასაც საუბრობენ მხოლოდ პოპულიზმია. ეს კანონი თავად სააკაშვილის შემოღებულია. ადამიანი, როგორც კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, საქართველოსას კარგავს.
„ეს მიშას დროს იქნა მიღებული. ამიტომ ამ კარტების გათამაშება არ მგონია, გამოუვიდეთ. მეორეც, ოპოზიციამ რაღა უნდა გააკეთოს მეტი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? - არც არაფერი. მელია იძახდა ამ წლის ბოლოს ხელისფლებას დავამთავრებთო და დაამთავრებენ? ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ. „ოცნებამ“ ტემპერატურა თავად აწია და მერე რომ დასჭირდა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ხელისუფლებას ვერანაირი ახალი გარემოებები ვერ აიძულებს, რომ რამე გააკეთოს, თუ ეს თავად მას არ დასჭირდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებაზე არც დასავლეთში საუბრობენ და არ მიაჩნიათ, რომ ის უკანონო პატიმარია. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მას სამართლიანად უნდა მოექცნენ. ეს კი სრულიად განსხვავებული რამ არის. მურუსიძის სასამართლო კი სააკაშვილის არ გაათავისუფლებს, ამიტომაც ყველაზე კარგ გამოსავალს ზაქარეიშვილი სააკაშვილის უკრაინაში გასტუმრებაში ხედავს. თუმცა მიიჩნევს, რომ ამას ხელისუფლება ჯერ არ იზამს, სანამ მას არ გაასამართლებენ.
„ხელისუფლება 3 წელი არ გამოფხიზლდება და დღეს სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ ოპოზიცია რაიმე სახის კრიზისს შექმნის და ხალხის დახმარებით რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. ამის არაფერი ნიშნები არ ჩანს. მართალია, „ოცნებამ“ დათმო და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, მაგრამ ეს იმდენად უსუსური გამარჯვებაა, რომ მისი ეფექტი მალევე გაქრება. სააკაშვილის ფენომენი ქართველ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი აღარ არის. ის მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარ ელექტორატშია. მისივე ამომრჩეველიც კი არ გამოვიდა და ქუჩაში სააკაშვილის გამო გაყინვა არ მოინდომა. ეს გამარჯვება არაფრის მომცემია და აქედან ოპოზიცია ვერაფერს იხეირებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესაც უკვირს ოპოზიცია რაზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ რამე მოიგო, ან კიდევ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა? ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში მესამე პრეზიდენტის მიმართ შეხედულება იმდენად დალექილი და გამჯდარია, რომ მისი შიმშილობა და ქვეყანაში დაბრუნება მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს. მართალია, სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების და შიმშილის შესახებ ხელისუფლება შეცდა, მაგრამ ეს იმდენად მცირე მოგებაა, რომ ამაზე მეტს ვერაფერს იზამს.
„იმაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, როცა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში კაცმა გონება დაკარგა და მისი ამომრჩეველიც კი ქუჩაში არ გამოვიდა. ადამიანს 500 000-მდე ამომრჩეველი ჰყავს და იმ ღამეს 50 ათასიც კი ვერ მოიძებნა, რომ ქუჩაში მძლავრი ტალღა შეექმნათ. წარმოგიდგენიათ, ყოველ დღე, ენმ-ის ამომრჩევლის 10% ქუჩაში რომ იდგეს, მართლა რამხელა კრიზისი შეიქმნებოდა? სად არის ეს ხალხი? ამაზე მეტი რაღარ უნდა მოხდეს? სააკაშვილმა საკუთარი ამომრჩეველიც გადაღალა. მათაც კი არ უნდათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. არჩევნების დღეს ხმას აძლევენ, მაგრამ ქუჩაში არ გამოდიან. ჩემი დაკვირვებით, მელია უფრო ადეკვატურია, ვიდრე სააკაშვილი. თუმცა ამომრჩეველი მელიას არ ჰყავს. ყველა ეს რესურსი სააკაშვილის არის. მიუხედავად ამისა, თავად ვეღარ ხვდება მის ამომრჩეველს რა უნდა. ახლა სააკაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, იქნება ეს სასჯელის გადავადება თუ მოქალაქეობის დაბრუნება, აზრი არაფერს აქვს. ხელისუფლებაზე წნეხი ვერ იქნება იმ სახის, რომ რამის გაკეთება აიძულოს. პირიქით, სააკაშვილის წუწუნით ხალხი შეწუხდა. ისედაც ამდენი პრობლემა აქვთ და უკვე ოპოზიციის ქცევა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.