„ციხის ბუნტის დროს ბაჩო ახალაია მბრძანებელი კი არა, შემსრულებელი იყო“, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაჩო ახალაია ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ბოკერიას დავალებებს ასრულებდა.
როგორც თევდორაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, პირადად იგი ბუნტის დროს ციხესთან ღამის 01:30 საათისთვის მივიდა, რადგან პატიმრებმა დაურეკეს, გააღვიძეს, ქალბატონო ელენე, ციხე ავიღეთ, ჯარი შემოიყვანეს, მობრძანდით და გთხოვთ, არ გვესროლონო. მართლაც, მისმა შვილმა გამოიყვანა მანქანა და ელენე თევდორაძეც სასწაფოდ წავიდა ციხეში.
როგორც თევდორაძე ამბობს, იქ დაინახა, რომ ბაჩო ახალაია მბრძანებელი კი არა, შემსრულებელი იყო. ხან ერთთან მირბოდა, ხან მეორესთან, ხან მესამესთან. იქ იყვნენ ადეიშვილი და მერაბიშვილი. მოგვიანებით, მივიდა ბოკერიაც.
მაშინ ელენე თევდორაძემ მერაბიშვილს შესთავაზა, ციხეში შევალ, პატიმრებს საკნებში შევიყვან და ამით ყველაფერი დამთავრდებაო. თავდაპირველად, მერაბიშვილი დათანხმდა და ელენე თევდორაძეც სოზარ სუბართან ერთად ციხეში უნდა შესულიყო, მაგრამ ისევ მერაბიშვილის წარმომადგენელი მიუახლოვდა და უთხრა, ქალბატონო ელენე, გადაიფიქრესო. ამის შემდეგ უცებ დაიწყეს სროლა, რაც მოულოდნელი იყო, რადგან ვანო მერაბიშვილმა პირობა მისცა, რომ არ ისროდნენ.
მისი თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ ხელმძღვანელს, დათა ახალაიას ექცეოდნენ ისე, როგორც „ჩისტილშჩიკს“.
ელენე თევდორაძე მეგის ქარდავასთან ურთიერთობასაც იხსენებს, რომელსაც იგი უპირისპირდებოდა. როცა ქარდავა მე-7 ციხის დირექტორი იყო, მასთან შევიდა და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა ციხეში. მან კი უპასუხა, „აბა, ვინმემ გაბედოს და გაიცინოს, მივალ და ვთხლიშავო“. ელენე თევდორაძე ამ პასუხმა გააოცა, მაშინვე ახალაიასთან მივიდა და ჰკითხა, ეს ვინ გყავს დირექტორადო?!
ფაქტია, რომ 2006 წლის 27 მარტს ორთაჭალის ამჟამად გაუქმებულ საპყრობილეში ციხის ბუნტის სახელით მომხდარ პატიმართა ყველაზე მასშტაბურ ამბოხებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა, შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებისას.
იმ პერიოდში, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა მომხდარის გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია დაადანაშაულეს.
ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პატიმრების სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დიდხანს უპასუხოდ რჩებოდა კითხვა - ვინ დაგეგმა ბუნტი - ციხის ადმინისტრაციამ თუ ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდებმა?
For.ge დაინტერესდა, რას ნიშნავს ელენე თევდორაძის განცხადება და სინამდვილეში, როგორი იყო ბაჩო ახალაიას როლი ამ საქმეში. ამ მიზნით ბაჩო ახალაიას ადვოკატს დავით დეკანოიძეს დავუკავშირდით, თუმცა, როგორც გვითხრეს, იგი ოპერაციის შემდეგ შეუძლოდ იმყოფებოდა.
ადვოკატი ლალი აფციაური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს, როცა ციხის ბუნტი სწორედ ბაჩო ახალაიას პროვოცირების საფუძველზე დაიწყო. პატიმრები პირველსავე წუთებიდან ამბობდნენ, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ე.წ. რეზბალნიცაზე, შეურაცხყოფა მიაყენა ე.წ. იქ მყოფ ავადმყოფ პატიმრებს და მათ ხელით შეეხო, არაადამიანურად და დამამცირებლად მოექცა. მათ შორის, ერთ-ერთ მათგანს მეგის ქარდავამ თმების შეჭრა დაუწყო და ამ ყველაფერს უკვე მოჰყვა პატიმრების პროტესტი, რაც შემდეგ უმართავი გახდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხმაური რომ ატყდა, ავადმყოფმა პატიმრებმა საშველად უხმეს ხალხს, მოპირდაპირე მხარეს მაშინ კიდევ საპყრობილე იყო და იქიდან გამოეხმაურნენ.
ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ იქ საჭირო არ იყო არც ჯარის და არც ბეტეერების შეყვანა. ამიტომ ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ გამოყვანა სრული აბსურდია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაჩო ახალაიას დავალებით წინმსწრებად ჩანაწერებიც გააკეთა პატიმარმა მამარდაშვილმა და ეს ვიდეომასალა არსებობს. ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ არც ისე მოულოდნელი ყოფილა ეს ბუნტი.
„დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ელენეს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაცები გამორჩა მეხსიერებიდან. საერთოდაც, რომელი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ ახალაიები? გამოდის, მარტო მიშა სააკაშვილი ყოფილა საშინელი რეჟიმის სახე? მიშას რომ ესენი არ ჰყოლოდა, მარტო მიშა ვინ იქნებოდა? რისი გამკეთებელი იყო კურდღელი? ახალაიებმა, მერაბიშვილებმა და ყველამ ერთად შექმნეს ეს რეჟიმი, თორემ, ცალ-ცალკე, ესენი შიშისგან მოცახცახე ადამიანები იყვნენ. თუ ვანო, ბაჩო და ზურაბ ადეიშვილი რეჟიმის მსხვეპლნი ყოფილან, მაშინ ვინ რჩება?! ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავეები“, - გვითხრა ლალი აფციაურმა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მეგის ქარდავა ჭრიდა თმას პატიმარს და ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა ამ ფაქტს. მისი თქმით, შესაძლოა, არც იყო წინასწარ დაგეგმილი, რომ ამას ასეთი ამბავი მოყვებოდა. უბრალოდ, ეს მორიგი სადამსჯელო ოპერაცია და დამცირება იყო ბაჩო ახალაიას მხრიდან.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ელენე თევდორაძე იმ დროს იქ ბრძანდებოდა და საკუთარი თვალით ხედავდა ამ ყველაფერს, ამიტომ, რადგან იგი ამბობს, რომ გადამეტებული ძალის გამოყენებაში ახალაიას ხელი არ ერია, ალბათ, ასე იყო.
„ახალაიას მიმართ საქმე ბუნტის ორგანიზების გამო აღიძრა, მაგრამ ის ორგანიზატორი თუ არ ყოფილა, ინსპირატორი მაინც იყო, რადგან დანაშაულის ინსპირირება სწორედ მისი და მისი სპეცრაზმელების ქმედებამ მოახდინა. ისინი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტში ამცირებდნენ და სცემდნენ პატიმრებს და როდესაც ბაჩომ ერთ-ერთი პატიმრის - გიორგი ავალიშვილისგან საპასუხო დარტყმა მიიღო შეფურთებისა და დარტყმის საპასუხოდ, რაც ბაჩომ განახორციელა, ამის შემდეგ ისინი დაერივნენ, სიკვდილის პირამდე სცემეს და დემონსტრაციულად ეზოში დაყარეს ნაცემი ადამიანები. ამას მოყვა ხმაური, რაც ბუნტში გადაიზარდა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი და მიიჩნევს, რომ ელენე თევდორაძის განცხადება ინდულგენციას არ უნდა ნიშნავდეს ახალაიას მიმართ, - „შემსრულებელიც რომ ყოფილიყო ბაჩო ახალაია, ეს მაინც მის ბრალეულობას არ გამორიცხავს“.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იხსენებს, რომ იმ დროს ბაჩო ახალაიას რაღაცებს ავალებდნენ, ისიც სადღაც გარბოდა და ბრუნდებოდა. მისი თქმით, ის, რომ ახალაია აწამებდა პატიმრებს, ეს სულ სხვა თემაა და ბაჩოს აქვს თავისი ცოდვები.
For.ge-სთან საუბარში ელენე თევდორაძე იმასაც იხსენებს, რომ იგი ეჩხუბებოდა კიდეც ახალაიას და აფრთხილებდა იმის შესახებ, რაც ახლა დაემართა. ამ სიტუაციას წინასწარ უხატავდა და ეუბნებოდა, „იცოდე, საბოლოოდ შენ აღმოჩნდები ან ციხეში, ან რომელიმე პატიმარი მოგკლავს“, - ასეთი ფაქტების შესახებ ელენე თევდორაძეს უყვებოდნენ.
„თავიდან სოზარი მეუბნებოდა, რომ ბაჩო ახალაია ადამიანის უფლებების კარგი დამცველი იყო, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, ვინ დაინახა ამ ყმაწვილში ასეთი მონსტრი? ნამდვილად არ ვიცი, როცა ის შედიოდა და აწამებდა პატიმრებს, ეს მისი სურვილით ხდებოდა?! მის ამ ცოდვებს არ ვეხები. უბრალოდ, ბუნტის დროს სროლა რომ დაიწყო, ეს არ იყო მისი ბრძანებით გაცემული დავალება“, - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.
ამასთან, კატეგორიულად არ დაეთანხმა მოსაზრებას, თითქოს, ახალაიები რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ. მისი თქმით, ახალაიებმა საკუთარი თავი ჩაიყენეს ამ მდგომარეობაში, თორემ პირადად იგი, როგორც ელენე თევდორაძე, რატომ არ გახდა რეჟიმის მსხვერპლი?!
„თუ გახსოვთ, გლდანში თუ დიღომში პირველად რომ დაიხვრიტა რამდენიმე პატიმარი, ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მითხრეს, რომ დაიჩოქეს ახალგაზრდებმა და ეხვეწებოდნენ, დაგვაპატიმრეთ, ნუ გვესვრითო, მაგრამ მაინც ესროლეს. მათ შორის, იყო უკვე დათა ახალაიაც“, - გვითხრა ელენე თევდორაძემ.
მართალია, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 27 მარტის ბუნტი ე.წ. კანონიერმა ქურდებმა დაგეგმეს და ამასვე ამტკიცებდა ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პლატონ მამარდაშვილიც, თუმცა, მოგვიანებით, 2006 წლის 6 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში მამარდაშვილმა ხელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მეხუთე იზოლატორის ხელმძღვანელობას დაადო და აღნიშნა, ბუნტი დავგეგმეთ მე, ბაჩო ახალაიამ, ქარდავამ, ხუხუამ და კიდევ ორმა უცნობმა „ტიპმა“, რომელთაც სახეზე ვიცნობ.
ამიტომ, სოზარ სუბარი მაშინ აცხადებდა, რომ ამ თამაშში მონაწილეობდა ციხის ადმინისტრაცია, მაგრამ, თუ ამ თამაშს მოჰყვებოდა 7 ადამიანის სიკვდილი და ნგრევა, ეს უკვე აღარ იყო თამაში. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.
ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურის პრეს-სამსახურსაც. იქ გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, 2006 წლის გაზაფხულზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალაიამ ნასვამ მდგომარეობაში სცემა პატიმრები. ამ ინფორმაციის გაქარწყლების მიზნით მან ე.წ. მასტერასთან ერთად შეიმუშავა გეგმა.
ამ გეგმის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახალაია შეხვდა ე.წ. კანონიერ ქურდ პეტრე მამარდაშვილს, რომელიც იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში და დაავალა, რომ დაწესებულებაში ფარულად დაამონტაჟებდა ვიდეოკამერას და ამ კამერის წინ მას უნდა ესაუბრა ციხის ე.წ. მაყურებელთან ზურაბ ვიბლიანთან იმის თაობაზე, თუ რა გაუსაძლის პირობებში არიან დაწესებულებაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და ამაში დაედანაშაულებინა ახალაია.
ამას გარდა, მამარდაშვილს ვიბლიანისთვის უნდა დაევალებინა, შეერჩია ვინმე ცნობილი პატიმარი, რომელიც მიიყენებდა თვითდაზიანებას და ამის შესახებ აცნობებდა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, რომ თითქოს, იგი სცემა ბაჩო ახალაიამ, რის შემდეგაც კაკაბაძე ამას გაასაჯაროებდა მედიით, ხოლო ამის შემდეგ, ახალაია გამოაქვეყნებდა ფარულად ჩაწერილ ვიდეომასალას კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის, რომელიც უნდა შემდგარიყო მამარდაშვილისა და ვიბლიანის ზემოთ აღნიშნული საუბრის შედეგად.
პროკურატურის ცნობით, ახალაია მამარდაშვილს სანაცვლოდ დაჰპირდა უზენაეს სასამართლოში დახმარებას, სადაც მას საქმე ჰქონდა გასაჩივრებული. შედეგად მამარდაშვილი დათანხმდა დავალების შესრულებას, თუმცა, როცა ის ვიბლიანთან მივიდა სასაუბროდ, ამ უკანასკნელმა არც კი მოუსმინა.
დავალების შეუსრულებლობის გამო ახალაიამ განიზრახა მამარდაშვილისა და ვიბლიანის დასჯა და 27 მარტს მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, გიორგი ფოლადაშვილთან ერთად მივიდა დაწესებულებში და დირექტორის კაბინეტში მიაყვანინა მამარდაშვილი და ვიბლიანი, ასევე - პატიმრები გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანი, რომლებიც ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ იყვნენ.
მეგის ქარდავამ დაუწყო მამარდაშვილს თმების შეჭრა, ხოლო შეჭრილ თმებს ჯიბეში უწყობდა, პატიმრების წინაშე ე.წ. კანონიერი ქურდის დამცირების მიზნით. ასევე, ბაჩო ახალაიამ სახეში შეაფურთხა ავალიანს, ხოლო ამ უკანასკნელმა საპასუხოდ სახეში ხელი გაარტყა ახალაიას, რის შემდეგაც სასტიკად სცემეს აღნიშნული პატიმრები. საბოლოოდ, დამატებით სპეცრაზმი გამოიძახეს.
ნაცემი პატიმრები გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც ასევე მიიყვანეს პატიმარი ლევან ცინდელიანიც. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ცინდელიანს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები მ. ზედელაშვილი და ნ. მახარაძე.
პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტს მოჰყვა პატიმრების მხრიდან პროტესტი არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა დაწესებულებაში, რაც გადაიზარდა ე.წ. ციხის ბუნტში.
ამასთან ერთად, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად მისი მუშაობის პერიოდს მოიცავს. დანაშაული გულისხმობს ორგანიზატორობას თანამონაწილეობით, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.