იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.
პატიმარი სააკაშვილი შეთავაზებას მთელი დღე განიხილავდა და დღის ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო - ის ხელისუფლების შეთავაზებას დათნხმდა.
რატომ მიიღო მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება, იმოქმედა თუ არა ხელისუფლებამ ვინმეს კარნახით, ამ კითხვებით ანალიტიკოს ლადო ბოჟაძეს მივმართეთ.
საქართველოს ყოფილ პირველ პირს მთავრობამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა შესთავაზა. თქვენი აზრით, ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ვინ ან რამ აიძულა?
- საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას კონსტიტუციისა და კანონიდან გამომდინარე იღებს. ცნობილია, რომ პატიმარ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე ადრეც იყო საუბარი, თუმცა შემდეგ რატომაც არ მოხდა, ეს ფაქტიც ცნობილია. როდესაც მან შიმშილობა რეალურად დაიწყო, შეწყვიტა მედიკამენტების მიღება და ახლა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, საჭირო გახდა სხვა დამატებითი სამედიცინო ჩარევა. ეს შეიძლება იყოს დამატებით სამედიცინო აღჭურვილობა, თუ სხვა დახმარება, რომელიც ციხის მე-18 დაწესებულებაში შეიძლება არ ყოფილიყო, ამიტომაც იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. მთავრობის გადაწყვეტილება ასევე დაკავშირებულია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის მიზანი იყო და შეიძლება ახლაც არის ის, რომ სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო ნებისმიერ კლინიკაში, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, მათი ეს მიზანი მიღწეული არ არის. თუ მათ სააკაშვილის ჯანმრთელობა მართლა ადარდებთ, გორის ჰოსპიტალთან პრეტენზიები ვერ და არ ექნებათ, როგორც სამედიცინო აღჭურვილობასთან მიმართებაში, ასევე ვერც ლიცენზირებასთან მიმართებაში და ვერც მედ-პერსონალთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, ყოფილი მთავარსარდალი გორის ჰოსპიტალს გამორიცხავდა. თუ ვინმემ იცის, სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორია გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ბევრ ქვეყანაში, პრეზიდენტები თუ ქვეყნის მეთაურები სამხედრო ჰოსპიტალში გადაუყვანიათ, რადგან იქ უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორების პოზიციები გასაგებია, ისინი ამ პროცესში ჩართულები არიან. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არ გახსენებიათ.
თუმცა, ხელისუფლების მხრიდან აქამდე გვესმოდა მკაფიო განცხადებები, რომ ციხის-მე-18 დაწესებულება შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით იყო აღჭურვილი და იყო მედიკოსთა ჯგუფი, რომლებიც შესაბამის სამედიცინო დახარებას გაუწევდნენ ექს-პრეზიდენტს. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ყველანაირი პირობა იყო, რატომ შესთავაზეს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა?
- ძალიან კარგად მესმის თქვენი კითხვის არსი. თუმცა, როდესაც სააკაშვილმა გონება დაკარგა, ოპოზიციის მხრიდან ასეთი რამ მოვისმინეთ, რომ რეანიმატოლოგი ციხის მე-18 დაწესებულებაში შემთხვევით იყო. ადამიანს გული რესტორანში ხომ არ წაუვიდა, სადაც გვერდით მაგიდასთან ექიმი შემთხვევით აღმოჩენილიყო და ეშველა?! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ციხის საავადმყოფოში ვინმე შემთხვევით ყოფილიყო?! ეს ხომ ზღაპარია. როდესაც იუსტიციის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, ციხის მე-18 დაწესებულებაში დამატებით სამედიცინო აღჭურვილობაც შეიტანეს და დამატებით ექიმთა ჯგუფიც შეუშვა. თუ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალზე უარს იტყოდა, რა თქმა უნდა, ის მკურნალობას ციხის მე-18 დაწესებულებაში გააგრძელებდა. მის მკურნალობას არავინ მიატოვებს.
სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას. მთავრობის წევრები აქამდე ამბობდნენ და აჟღერებდნენ იმ ინფორმაციას, რასაც ექიმებისგან იგებდნენ. ხელისუფლება პასუხისმგებლობას ექიმების ნაცვლად ხომ ვერ აიღებდა?! ექიმების ის კონსილიუმი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა, მუდმივად მეთვალყურეობდა სააკაშვილს, ანუ, ყველა პირობა არსებობდა, იმისა, რომ გლდანში ემკურნალათ, თუ ის უარს იტყოდა გორში გადაყვანაზე. ამიტომ, ხელისუფლების უკან დახევა თუ უპასუხისმგებლობის საკითხი მაშინ იქნებოდა, თუ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებას ავალდებულებდა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის მიეხედათ. მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პასუხის გაგზავნის ვადამდე ოთხი დღეღა დარჩა, ამ ფაქტმაც ხომ არ იმოქმედა ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლაზეც?
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი ადამიანია. სტრასბურგის სასამართლომაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაიცვას არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ მისი უსაფრთხოებაც. ის საფრთხეები, რომელიც სააკაშვილის უსაფრთხოებას უკავშირდება, შესაძლოა, მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოჰყოლოდა. ეს თავად სტრასბურგმაც გაითვალისწინა და ექს-პეზიდენტის ადვოკატების მოთხოვნა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ, არ დააკმაყოფილა, რადგან მათ იციან უსაფრთხოება სად უფრო არის დაცული.
უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და ოპოზიციის წარმოამდგენლმა, გიგი უგგლავამ განაცხადა, რო გორის ჰოსპიტალთან აქციები არ გაიმართება, პირიქით პოლიციას დაეხმარებიან, რომ პროვოკაციები არ იყოს. გჯერათ, რომ ოპოზიცია თავის სიტყვას შეასრულებს?
- რთულია, ადამიანი გიგი უგულავასნაირ პოლიტიკოსს ენდოს. თუმცა, ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქნება, ის დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილს ციხის მე-18 დაწესებულებაში დააბრუნენ.