განმუხტავს თუ არა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს პრეზიდენტყოფილის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა და რამდენად შეიძლება ეს ხელისუფლების მხრიდან დათმობაზე წასვლად შეფასდეს? ფაქტია, ქვეყანაში ბოლო დღეებში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ორივე მხარე მიხვდა, რომ რაღაცა უნდა დაეთმოთ, სხვაგვარად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა. თუმცა, ახლა, საინტერესოა, მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს და სააკაშვილის ფაქტორს ოპოზიცია კვლავ როგორ გამოიყენებს.
„ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდა, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის არგუმენტი, თითქოს მას სეპარატისტები გაიტაცებდნენ, სააკაშვილს აკნინებს, რადგანაც წარმოუდგენელია ყოფილ მთავარსარდალს იმ ჰოსპიტალში გადასვლის ეშინოდეს, სადაც 2008 წლის ომის გმირები მკურნალობენ.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის წინადადება რამდენიმე არგუმენტით ახსნა. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, ასევე იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც შიმშილობდა.
გორის ჰოსპიტალის შიდა კადრებში, რომელიც დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ჩანს, რომ სამედიცინო დაწესებულებას აქვს რეანიმაციული განყოფილება, საოპერაციო, სხვდასხვა სახის სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ყველა ის მულტიპროფილური სერვისი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში გაეწევა.
გორის ჰოსპიტალში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამხედრო ჰოსპიტალს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, პაციენტს საჭირო მომსახურება შესთავაზოს.
ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი სააკაშვილის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, რესპუბლიკურ მოედანზე მყოფ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, რომ ახლა დაშლილიყვნენ, მაგრამ ბრძოლას აგრძელებენ იქამდე, სანამ ამ ხელისუფლების ჩამონგრევა არ მოხდება.
„სანამ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო მიტაცებული ექნება, თავს არ დავანებებთ. ამ ხელისუფლებას ასე ერთად ჩამოვანგრევთ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაინახა, რომ ჩვენს ინტერესებში ქვეყნის დესტაბილიზაცია არ შედის. როდესაც ხელისუფლება და რეჟიმი ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო ასპარეზზე საპირისპიროდ ელეპარაკება, მათ პროპაგანდას პასუხი გასცეს. ჩვენ მარტო არა ვართ, ჩვენს გვერდით ევროკავშირი და ამერიკაა. მთელი საერთაშორისო მეგობრები ჩვენთან არიან. „ოცნებას“ უნდოდა საპროტესტოდ მუხტი ჩაეხშო, მაგრამ არ გამოუვიდა. თქვენ მაგარი ხალხი ხართ, ჭირისუფალგამოვლილები და სამოქალაქო ომი აღარ იქნება“, - ამბობს ნიკა მელია
აქციაზევე გააკეთეს განცხადებები სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათმა საპროტესტო აქტივობებმა შედეგი გამოიღო. თქვეს, რომ ექიმების პოზიციებს ენდობიან, რომ პოლიტიკურ პირობას შეასრულებენ და კლინიკის სიახლოვეს აქციებს აღარ მოაწყობენ. დღევანდელ გადაწყვეტილებას გავლენა მხოლოდ ქუჩის პროცესებზე არ მოუხდენია. „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით კი, გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მიმართულებებით არის მიღებული. მმართველ გუნდში ისიც თქვეს, რომ პროცესში გადამწყვეტი ელენე ხოშტარიას ფაქტორი აღმოჩნდა.
პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლებამ სწორად გადაწყვიტა, რადგანაც სხვაგვარად პროცესები კიდევ უფრო ჩიხში შევიდოდა. ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ამის გაკეთება მოუწევდა, ამიტომაც კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღო. მისი აზრით, „ოცნება“ ბოლო დროს თვითდაზიანებით არის დაკავებული და მიხეილ სააკაშვილს რეიტინგს უზრდის. შეცდომა დაუშვა, როდესაც გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა და სააკაშვილის მიმართ განაწყენებული და გაბრაზებული ხალხიც კი მის დამცველად აქცია.
„მე მაინც მგონია, რომ ამ პროცესებში საბოლოოდ ისევ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს მოითხოვა სიმართლე ეთქვათ რა ხდებოდა. ნახა, რომ არც ერთი მედიკოსი არ ამბობდა სააკაშვილზე არ საჭიროებს გადაყვანასო და ასევე დასავლეთის ძალიან სწრაფად შეცვლილი რიტორიკა. ამიტომაც მიხვდნენ, რომ პოლიტიკურად არასწორი კურსი ჰქონდათ არჩეული და სჯობდა შემხვედრი ნაბიჯი გადაედგათ. რაც შეეხება იმ ფაქტს, განმუხტავს თუ არა ეს პოლიტიკურ კრიზისს, არა, რადგანაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასახულ კურსს გააგრძელებენ.
„ოცნება“ ისევ იტყვის, რომ ენმ გადატრიალებას და რევოლუციას აპირებს, ხოლო ოპოზიცია თავის ამომრჩეველს მოატყუებს, რომ რევოლუციას მოახდენს. ამ ქვეყანაში რევოლუცია გამორიცხულია. ენმ-ს ამის არც ერთი რესურსი არა აქვს. მაშინ ან 90-იანი წლების მსგავსი სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოხდეს და ორივე მხარეს შეიარაღებული ხალხი იყოს, რაც გამორიცხულია, ან კიდევ, მაშინ „ოცნების“ შიგნით ძალოვან სტურქტურებში გადატრიალება უნდა მოხდეს. არც ესაა მოსალოდნელი, რადგანაც ლილუაშვილი, გომელაური და სხვა მაღალჩინოსნები სააკაშვილის მხარეს არასდროს გადავლენ“,-ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ამ ჭიდაობაში იქნება, თუკი სააკაშვილი ციხეში დარჩება და მისი ექსტრადირება არ მოხდება. გვინდა თუ არა, ის არის პოლიტიკური ცხოველი, რომელიც არ გაჩერდება. გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სხვა გეგმას მოიფიქრებს, რის შედეგადაც ისევ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოხვდება. მაგალითად, ახლა სასამართლოსთვის მოემზადება.
„ხელისუფლებას ვურჩევ, რასაც ამბობენ, იმის საწინააღმდეგოდ მოიქცენენ, რადგან ასე ოპოზიციას უფრო აჯობებენ. აბა, სხვა გამოსავალი არ არის, რადგანაც სააკაშვილის დღის წესრიგით მოქმედებენ. ის ახლა სასამართლოსთვის მოემზადება და იქ სიტყვით გამოსვლას შეეცდება. გასაგებია, ხელისუფლებას არ უნდა პოლიტიკური გამოსვლების პლატფორმა მისცეს, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობის და გელაშველის ცემის ფაქტზე თუ ვერაფერს უმტკიცებენ, მაშინ მართლა ქუდი დაიხურონ და წავიდნენ. სასამართლოში მოსამართლეს და პროკურორებს სულ პუტინის აგენტებიც რომ ეძახოს, რა აქვს ამ საქმეზე სათქმელი? არაფერი, სწორედ ამ საქმეებით უნდა აჩვენონ ხალხს, რომ მას სამართლიანად ასამართლებენ. რას ქვია სასამართლოში არ მიჰყავთ, აბა, როდემდე დამალავენ? ასე უფრო მის პოლიტიკურ რეიკარნაციას ახდენენ“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციები ყოველდღიურად მცირდება. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ თავად პარტიის მხარდამჭერებიც კი ქუჩის დესტრუქციის მხარეს არ არიან. აბაშიძე ამბობს, რომ მოთხოვნები სააკაშვილის გათავისუფლებაზე და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე, აბსურდია და ამას როგორც ენმ-ის მხარდამჭერები, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ათვითცნობიერებენ.
„შიგნით „ნაციოანლების“ პარტიაში რომ ამის შემდეგ ბზარები კიდევ უფრო გაღრმავდება, ამას უახლოვეს მომავალში დავინახავთ. რაღაცა პატარა შეკრებებს დაქირავებული 500 ან 600 კაცით ენმ ყოველთვის მოაწყობს. თუმცა არაფერი გამოუვათ. ახლა ველი, რომ მელია უკვე თამაშშგარეთ დარჩება და მას მალე პარტიიდან წასვლა მოუწევს. სადაცაა ზამთარი მოვა და ქუჩაში უფრო აცივდება. ბოლოს გარეთ გამოსვლისთვის ხალხსაც ვეღარ დაიქირავებენ. ეჭვი მეპარება, რომ მაქსიმუმ 23 ნოემბრის შემდეგ რაიმე მასობრივი აქციები მოაწყონ.
რასაკვირველია, სააკაშვილი მინიდრამების დადგმას გააგრძელებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ფეიკნიუსები, ვითომ არ მკურნალობენ და მის მოწამვლას აპირებენ. ვიღაცა ფიზიკურად გაუსწორდა და ა.შ. ის მინიმუმ 6 დღეც კი ვერ შეძლებს ყურადღების გარეშე დარჩეს. ეს მისი ბუნებიდან გამომდინარე მოსალოდნელია. ამაში კი ხელს მისი ჯიბის მედიები და დირექტორები შეუწყობენ. თუმცა ეს მასშტაბური და გლობალური პრობლემა ვეღარ იქნება. სააკაშვილი მას შემდეგ გადაჰყავთ კლინიკაში, რაც მისი მდგომარეობა რეალურად დამძიმდა“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.