ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის საკითხი იმ დრომდე გადაუწყვეტელი იყო, სანამ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის იდეა არ გააჟღერა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. ამასთან, მინისტრის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.
„დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას“, - წერილით გვამცნო ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გართულებულია, ეს აღაირეს თავად „ქართული ოცნების“ წევრებმაც. უმრავლესობის დეპუტატები, ყოფილი პრეზიდენტის გულის წასვლის შემდეგ, გლდანის ციხეში შევიდნენ და თქვეს, რომ მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროების შემთხვევაში ის გადაყვანილი უნდა იყოს სხვა კლინიკაში. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოიძებნოს ისეთი ოქროს შუალედი, რის შედეგადაც, არც „ქართული ოცნების“ იმიჯი დაზიანდება და არც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე. ანჯაფარიძე არც იმას გამორიცხავდა, რომ სააკაშვილის კლინიკაში ტრანსპორტირებისას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მისი გატაცების მცდელობა მომხდარიყო.
„ყველაფერი დამოკიდებულია და გამომდინარეობს საჭიროებიდან და აუცილებლობიდან. როდესაც ამის აუცილებლობა დგება და ეს განპირობებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფაქტორებით, იქ უკვე სურვილი, რომ ის არ იქნას კლინიკაში გადაყვანილი, არ არსებობს.
ერთი კონსილიუმის მიმართ არ არის ნდობა, მაგრამ მეორე კონსილიუმიც თითქმის იგივეს ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში. „ოცნების“ დეპუტატები ციხის საავადმყოფოში ტყუილად არ მივიდოდნენ. როგორც ჩანს, მდგომარეობა სერიოზულია და ამჟამად, სიტუაცია კარნახობდა ხელისუფლებას, რომ მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა, ვემხრობი იმას, რომ მოძებნილ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება - ერთი მხრივ სააკაშვილი მოხვდეს მულტიპროფილურ საავადმყოფოში და მეორე მხრივ, ეს არ იქნეს აღქმული როგორც ხელისუფლების უკან დახევა.
მოვისმინეთ უწყების განცხადება ოპოზიციის გეგმებზე. საფრთხე არსებობს როგორც სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის დროს, ასევე შემდეგ, როდესაც იქნება საშუალება ის დაბრუნდეს ისევ ციხის საკანში. სააკაშვილის ტრანსპორტირების პერიოდში არ გამოვრიცხავდი, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ეცადა მისი გამოხსნა და გატაცება. თუკი ისინი ამას გააკეთებდნენ და კანონის ველიდან გავიდოდნენ, დასავლეთში ასეთ ქმედებას ექნებოდა ძალიან უარყოფითი შეფასება, რადგან იქ, ნებისმიერი კანონის დარღვევას ძალიან ნეგატიურად აფასებენ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აქამდე, სავარაუდოდ, რამდენიმე მიმართულებას განიხილავდა, სად შეიძლებოდა მისი გადაყვანა. როგორც ექსპერტმა For.ge-სთან განაცხადა, პოლიტიკურად, ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს და მის ინტერესებშია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს დაცული.
„მესმის, რომ ხელისუფლება არ ჩქარობდა, რადგან, ალბათ, რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. ხელისუფლება, ალბათ, ცდილობდა ისე მოეწყო, რომ შემდეგ კითხვები არ გაჩენილიყო არც ოპოზიციაში, არც სახალხო დამცველთან.
სერგეენკოს განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ჯერჯერობით ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ ვინმეს დაარტყამს და იქნება პოლიტიკურად წამგებიანი ლეტალური შედეგი, ეს უპირველეს ყოველისა ხელისუფლებისთვის იქნება, რადგან პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.