თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების აღდგენის საერთაშორის მექანიზმების გამოყენების ირგვლივ for.ge შეხვდა და ესაუბრა ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის - „იკომოს საქართველოს“ გენერალურ მდივანს ნატო ცინცაბაძეს.
როგორ შეიძლება საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების აღსადგენად?
ნატო ცინცაბაძე: იშხანი, ან სხვა რომელიმე ძეგლი ჯერჯერობით, არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულების სუბიექტი არ არის. ამიტომ, რაიმე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ თურქეთს, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას, აქვს ევროსაბჭოს კონვენციებით აღებული ვალდებულებები, მაგალითად, არქიტექტურული ძეგლების დაცვის შესახებ და ის ამ ვალდებულებებს ასრულებს.
რას გულისხმობთ ვალდებულების შესრულებაში?
- თურქეთის მთავრობა აფინანსებს იშხანისა და ოშკის ტაძრების რეაბილიტაციას, რითაც ადასტურებს, რომ ის ასრულებს ვალდებულებას მოუაროს მის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიხედავად მისი წარმომავლობისა და რელიგიური იდენტობისა. ამ ძეგლებს, სხვა ქართული წარმომავლობის ძეგლებთან ერთად იცავს თურქეთის კანონმდებლობა.
იუნესკოს წინაშე თურქეთს აქვს თუ არა რაიმე ვალდებულება?
- იუნესკოსთან თურქეთს მხოლოდ იმ ძეგლებთან მიმართებაში აქვს ვალდებულება, რომელიც უკვე ირიცხება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ან შესულია წინასწარულ სიაში. ამ სიაში კი ქართული ძეგლები ჯერ არ არის.
მაგალითად, კარგი იქნება, თუ საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულება დაიდება და დაიგეგმება, რომ თურქეთი ოშკს წარადგენს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად, მაგრამ ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად პროდუქტიული იქნება მომავალში საქართველოსთან თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
ვინ უნდა იყოს ამ საქმის ინიციატორი?
- ეს საკითხი საქართველოდან სწორად მიწოდებული უნდა იყოს. მაგალითად გეტყვით, რომ ასეთი რამ მოხდა ირანის შემთხვევაში.
როგორ?
- ირანმა სომხური მონასტრები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინა. დღეს ირანის მსოფლიო მემკვიდრეობის უმდიდრესი ძეგლებიდან სომხური მონასტრებიც არის შეტანილი იუნესკოს სიაში. ანუ, ასეთი რამის მიღწევა შესაძლებელია.
მაგრამ თურქეთის გარეშე ქართული ტაძრების იუნესკოში წარდგენა და შემდეგ შეტანა ვერ მოხდება?
- დიახ, იქ გაწერილი პროცედურაა და ამის გაკეთება მხოლოდ თურქეთს შეუძლია. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენამდე წინასწარული სია დგება. თურქეთმა წინასწარულ სიაში უკვე შეიტანა სომხური ეკლესია, - ანი. ეს ჩვენთვის კარგი მაგალითია, რათა მომავალში იგივეს მივაღწიოთ ოშკთან მიმართებაში, ვინაიდან ეს ძეგლი თავისი ღირებულებით ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორ, რა საშუალებების გამოყენებით მოხვდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სომხური ეკლესია იუნესკოს წინასწარულ სიაში?
- ეს საკითხი სომხეთსა და თუქეთს შორის არ გადაწყვეტილა. ამას წინ უძღვოდა საერთაშორისო დონეზე ძალიან გრძელევადიანი დიპლომატიური ურთიერთობები. ოთხმოცდაათიან წლებში იუნესკოსმ სტამბულში ძალიან დიდი კონფერენცია გამართა. იქ სომხური დელეგაციებიც იყო. კულუარებში მიდიოდა მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო სომხური ეკლესიის იუნესკოს სიაში შეტანა.
თურქეთში არსებობენ ძალიან პოზიტიური და ჯანმრთელი პროფესიული ჯგუფები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იუნესკოს სიაში შეტანას მხარს დაუჭერენ.
თქვენი ინფორმაციით, საქართველო ცდილობს თუ არა იგივე გზების გამოყენებას, ქართული ტაძრების გადასარჩენად?
- რამდენადაც ვიცი, ახლა ხელშეკრულებაზე მუშაობენ და ეს ნამდვილად არის პირველი რიგის გადაუდებელი საქმე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა ქვეყნებთან აწარმოებს თუ არა რაიმე ტიპის მოლაპარაკებას, ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს.