„მწვანე პასპორტების“ იდეას ბიზნესი უკვე ეწინააღმდეგება

„მწვანე პასპორტების“ იდეას ბიზნესი უკვე ეწინააღმდეგება

„მწვანე პასპორტების“ შემოღებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებამ ვერც ბიზნესის გული მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნების ნაწილი ბოლო პერიოდში ამ იდეას აქტიურად უჭერდა მხარს, ახლა აცხადებს, რომ ახალი რეგულაციისთვის ფორმა არასწორად შეირჩა. საუბარი აღარ არის მომხმარებელებზე, რომლებიც არც კი აპირებენ მოსალოდნელი შეზღუდვების გამო აიცრან. მრავალი დაშინებისა თუ წამახალისებელი აქციის შემდეგ, დღეში მხოლოდ 8000-მდე ადამიანი მიდის ვაქცინაციის პუნქტებში.

რესტორატორთა ასოციაციაში დღეს უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ იმუნიზაციის დაბალი ტემპის პირობებში ისინი მომხმარებელთა დიდ ნაწილს დაკარგავენ და ბიზნესის სტაბილურობას რისკი შეექმნება.

„აქტიურად ვითხოვდით იმ იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას და „მწვანე პასპორტის“ შემოღებას, მაგრამ ამ ფორმით იგი ბიზნესისთვის აშკარად ზიანის მომტანია. მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეუწყობს ხელს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, ვერც ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს, ბევრი რესტორანი დაკარგავს მომხმარებელს დაბალი იმუნიზაციის გამო.

აშკარად გამოჩნდა, რომ უკვე ჩვენ გვიქმნიან პრობლემას, ეს ინიციატივა არასწორად არის დარეგულირებული, სინამდვილეში იდეა კარგია, რადგან რესტორანში მომსვლელიც და დამხვედრიც უნდა იყოს აცრილი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სისტემურად არის ზომები გასატარებელი. რა თქმა უნდა, ვრჩებით პოზიციაზე, რომ იმუნიზაცია უნდა დაჩქარდეს და ამისთვის გარკვეული სეგმენტისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორნების ნაწილმა ახალი რეგულაციების მიმართ აშკარა დაუმორჩილებლობა უკვე გამოაცხადა. ისინი თვლიან, რომ რეგულაცია დისკრიმინაციულია. „ილუზიების მუზეუმის“, „ჰოლიზეუმის“, „პლანეტარიუმის“ და „მე-10 აუდიტორიის“ დამფუძნებელმა ლევან ბახიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ჩამოთვალა ობიექტები, რომლებიც რეგულაციას არ დაემორჩილებიან და მისულ მომხმარებელს კოვიდ პასპორტს არ მოსთხოვენ.

„ვისაც ეშინია კოვიდის, ნუ მოვა ჩვენთან. აცრის რამე ფორმით დაძალება არის ბოროტება, მათ შორის, როცა შენ დააძალებ ორგანიზაციებს, რომ მათ დააძალონ მომხმარებელს. ბოროტებას შანსი არ აქვს ჩემთან. თქვენი არ ვიცი, თუ გინდათ, შეშინდით“, - დაწერა ბიზნესმენმა.

ამასობაში მთავრობა ეპიდემოლოგებთან ერთად არათუ უკანდახევას აპირებს, არამედ სანქციების გამკაცრებასაც გეგმავას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 16 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესის მხრიდან „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები გაიწერება.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში უზენაესი კანონია. ხომ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და გვინდა, რომ ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო იყოს? კანონი და რეგულაცია თუ არსებობს, რას ნიშნავს, არ ვემორჩილები? თუ არ დაემორჩილებიან, ამ დროს შესაბამისი სანქციები წესდება ხოლმე.

ერთ-ერთი დავალება საკოორდინაციო საბჭოზე იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია იყოს. როგორც ამ კვირას, ისე მომავალშიც მსხვილ ბიზნესთან შეხვედრები იგეგმება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

„მწვანე პასპორტების“ სქემა ძალაში 1-ლი დეკემბრიდან შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულნი არ იქნებიან ან კორონავირუსი არ ექნებათ გადატანილი, გარკვეულ ბიზნესობიექტებზე არ დაიშვებიან. შესაბამისი აპლიკაცია კი უკვე ამოქმედდა, საბუთების გაცემა დაწყებულია იუსტიციის სახლშიც.