„ოპოზიციას არ ჰყოფნის რესურსები, რომ შედეგს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არსებობს „ქართული ოცნების“ მიუღებლობა, ოპოზიცია სიახლეს ვერ სთავაზობს მათ, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. რატომ იქნება ეს ვადამდელი არჩევნები იმაზე უკეთესი, რაც ჩატარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში? - ამაზე პასუხი ამომრჩევლისთვის არ არსებობს“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციამ პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. ექნება თუ არა ამას შედეგ, როგორ ფიქრობთ?
- საზოგადოება არ მიყვება ოპოზიციის განწყობას, რომელსაც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ამასობაში, ზამთარი მოდის და კორონავირუსი არსად მიდის. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ოპოზიციის რესურსები იქნება მწირი. ამაზე აქვს გათვლა „ქართულ ოცნებას“, რომ ოპოზიცია ვერ გაქაჩავს დიდხანს და, ადრე თუ გვიან, ეს გაქრება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს...
- მიხელ სააკაშვილის გათავისუფლებას ბევრი არ მიესალმება. მის გათავისუფლებას დასავლეთიც კი არ მოითხოვს. ყველას ესმის, რომ სააკაშვილი ანგელოზი არ იყო და მას ჰქონდა სერიოზული გადაცდომები. საუბარი არის, რომ თუ ქვეყანა არის დემოკრატიული, თავის პატიმარს კანონის შესაბამისად უნდა პატრონობდეს. ის, რაც ხდება, არის ყოვლად მიუღებელი დარღვევა და უმსგავსოება, რაც არ უნდა სჭირდებოდეს „ქართულ ოცნებას“. ამის ფონზე, იზრდება გათავისუფლების მოთხოვნა, რასაც საფუძველი არ გააჩნია.
ერთადერთი, რაც შესაძლოა რეალურად მოხდეს და მეც შევუერთდებოდი ამ პოზიციას, სწრაფად მოხდეს უკრაინაში ექსტრადირება, რომლის მოქალაქეც თვითონაა. გაასამართლონ საზღვრის გადაკვეთისთვის და გაუშვან უკრაინაში, იმ ქვეყანამ უნდა მიხედოს თავის მოქალაქეს.
ამაზე ბევრი საუბრობს და ლაპარაკი, უკრაინული მხარისთვის სააკაშვილის გადაცემაზე, დიდი ხანია მიდის. თქვენ პირადად ელოდებით ამ სცენარს?
- ეს ერთადერთი გონივრული გამოსავალია, სხვა შემთხვევაში არეულობა და დაძაბულობა იქნება. სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ეს? სხვა ვარიანტია ისევ ციხეში ყოფნაა, რაც კიდევ უფრო წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება. თუ ჰგონიათ, რომ ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ შეაძულებენ, ასე არ არის, პირიქით, - სააკაშვილი უფრო იმსახურებს სიმპათიებს, ვიდრე ადრე, ოდესმე.
საზოგადოების ნეიტრალური ნაწილი, სააკაშვილის მიმართ გამოხატავს სიბრალულს, რაც როგორც წესი, შემდეგ მიტევებაში გადადის. ეს არის ინსტიქტური ქცევა, როგორც კი სახელმწიფო ჩაგრავს ადამიანს, ის სიმპათიებს იწვევს შემდეგ.
რამდენად იზიარებთ „ქართული ოცნების“ ერთგვარ ახსნას, თუ რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცნო საავადმყოფოში? ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ამ შემთხვევაში მოსალოდნელია პროვოკაციები და ყოფილი პრეზიდენტის გატაცებაც კი.
- აბსურდია, თუ გატაცება მოჰყვება, ე.ი. სახელმწიფო არ არსებობს. რეალურად, სრულიად მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურა, მაგრამ მაინც მგონია, რომ დაცვის უნარი აქვს. ივანიშვილის სახლს ხომ იცავენ, ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შევარდნილიყვნენ ივანიშვილის სახლში, მოახერხეს? მათ უნდათ სააკაშვილის ბოლომდე დამცირება, მისი შეურაცხყოფა, ფეხქვეშ გათელვა, ამას არაფერი კარგი არ მოაქვს. რაც მათ აქვთ, ამითაც შეუძლიათ დაიცვან სააკაშვილი კლინიკაში.
მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
- მეტი გართულება არ იქნება, რაც არის ეს არის - ასეთი დაძაბულობა, ქუჩაში სიარული. ამასობაში, სააკაშვილს გაასამართლებენ, რაღაცას მიუსჯიან და გადასცემენ უკრაინას. ეს ყველაფერი მაქსიმუმ ერთ თვეში, ახალ წლამდე მოხდება. თუ არა და გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს კონტროლი და არ იცის რას აკეთებს.
კადრებმა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, გარკვეულწილად, საზოგადოების იმ ნაწილიშიც კი აღშფოთება გამოიწვია, ვინც არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი. ხელისუფლებამ ამით უპასუხა ოპონენტების ბრალდებებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ. თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამან რეალურად პირიქით, ნეგატიურად იმქომედება „ქართული ოცნების“ იმიჯზე?
- მიხეილ სააკაშვილის მომხრე არ ვყოფილვარ, მაგრამ რომ ვუყურებ კადრებს, არ მაქვს მის მიმართ აგრესია და არ ვამბობ, რომ ღირსია. არ შეიძლება ადამიანის დამცირების გზით შენი სიმართლე დაიცვა, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. არ შეიძლება ადამიანს აყარო ღირსება და პატივი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო. არ მუშაობს მათი სიმართლე, რადგან ამ დროს ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ.
ეს ადამიანი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე. ამით სახელმწიფო პატიმარს და მოქალაქეს ეუბნება, რომ „მე ყოფილ პრეზიდენტს ასე ვექცევი და შენ რას გაგიკეთებ, ხომ წარმოგიდგენია?!“ ყოველი ადამიანი თავის თავზე აღიქვამს ამას. სააკაშვილი არის ყველაზე დამცირებული პატიმარი დღეს საქართველოში. თუ მას ასე ექცევიან, სხვებს უარესად მოექცევიან. ხელისუფლების მიმართ ნდობა მცირდება ამის გამო და ეს არის უგნური გადაწყვეტილება.