ნაციონალებთან გადატანილი დაპირისპირებისა და სატელიტური თეფშების დაყადაღების შემდეგ სულ ახლახანს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილეს კორპორაციასთან, ფრანგულ „ეუტელსატთან“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„გლობალის“ მხრიდან ამ კონტრაქტს ხელი გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხრიდან „ეუტელსატ“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მიხეილ აზიბერტმა.
შეთანხმების თანახმად, „გლობალმა“ მრავალწლიანი ლიზინგით მიიღო სეგმენტი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სატელიტზე „ეუტელსატ“ 36 გრადუსზე.
როგორც ზურაბ ბაზლიძე აცხადებს, აღნიშნული სატელიტი ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, სხვა მიმდებარე რეგიონებს და დასავლეთ ევროპას.
For.ge „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ გენერალურ დირექტორს ზურაბ ბაზლიძეს ესაუბრა.
ქართული ტელეკომპანიების სატელიტზე გასვლა დღემდე ლიცენზირებას და მთელ რიგ ტექნიკურ თუ ფინანსურ სირთულეებს უკავშირდებოდა. ასევე, პრობლემა იყო სატელიტზე თავისუფალი რესურსის არარსებობა. ფრანგულ კომპანიასთან კონტრაქტი ამ ტელეკომპანიებისთვის კონკრეტულად რას შეცვლის ?
- მოგეხსენებათ, თავიდანვე დიდი სირთულეები ჰქონდათ ქართულ ტელეკომანიებს თანამგზავრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით. თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ ეს დაკავშირებული იყო სიხშირეებთან, ტექნიკურ საკითხებთან, დიდ ფინანსებთან და, რაც მთავარია, ადგილთან, სეგმენტთან, გარკვეულ ზოლთან თანამგზავრზე, რომელიც ყოველთვის პრობლემა გახლდათ, რადგან საქართველოში დიდი რაოდენობით თანამგზავრები არ მაუწყებლობდნენ. მით უმეტეს, ისეთი თანამგზავრები, რომლებიც ტელეკომპანიების ინტერესებს დააკმაყოფილებდნენ. ამიტომ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ჩვენი კონტრაქტის საფუძველზე დამატებითი სივრცე გაჩნდა თანამგზავრზე, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული არხების მიერ უფრო მეტი რაოდენობით გამოყენებულ იქნას სივრცე. გარდა ამისა, სივრცის გამოჩენამ თავისთავად გააჩინა კონკურენცია ბაზარზე, კონკურენცია კი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზებთ ტელეკომპანიებს მომსახურეობის საკმაოდ კონკურენტულ ფასებს. თუკი მათ თანამგზავრზე აყვანის ტექნიკური პრობლემები გააჩნიათ, ამ საკითხსაც მოვუგვარებთ. თუ სურვილი ექნებათ, რომ საკუთარი ტექნიკური საშუალებებით ავიდნენ თანამგზავრზე, არც ეს წარმოადგენს პრობლემას და არ შევზღუდავთ მათ. არც ის იქნება სირთულე, რომ მათი მაუწყებლობის პარამეტრები შევცვალოთ. შეგვიძლია, მოსახლეობას მივცეთ კოდირებული სიგნალი. ასე რომ, ვცდილობთ, ტექნიკურად ყველა საკითხი გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად ფინანსურად ხელმისაწვდომ ფასებში გავუწიოთ მომსახურება.
ამ ეტაპზე თქვენი მომსახურება მხოლოდ ათი ქართული არხის მაუწყებლობას მოიცავს. თუ გაფართოვდება არეალი?
- ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება, მაქსიმუმ, 10-12 არხის განთავსება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტის საშუალება იქნება.
ეს ხანგრძლივვადიანი პროექტია და ხელშეკრულება სამი წლით განისაზღვრება. თუ აპირებთ ამ ხელშეკრულების გაგრძელებას?
- მართალია, ხელშეკრულება სამწლიანია, მაგრამ ამ პერიოდს ავტომატურად სამი წლით ვახანგრძლივებთ. ასე რომ, ჩათვალეთ, რომ მინიმუმ, ექვსწლიანია. გვაქვს სხვა გეგმებიც, სხვა პროექტები და სერვისსამსახურები, როგორც სეგმენტის გაზრდით, ისე მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების შეთავაზებით.
თვეების განმავლობაში მთელი სახელისუფლო რესურსი ამოქმედდა თქვენს წინააღმდეგ და ანტენების დაყადაღებით დიდი ზარალი მოგადგათ. ამ პერიოდის შემდეგ როგორ მოახერხეთ რეაბილიტაცია და მიღებული ზარალის ანაზღაურება?
- ამ პერიოდის დავიწყება ჩვენთვის შეუძლებელია, საკმაოდ რთული ეტაპი გამოვიარეთ. ფაქტობრივად, ექვსი თვის განმავლობაში გაგვაჩერეს, ჩვენს კომპანიებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, დაყადაღებული იყო ტექნიკა. ამას უძღოდა ჩვენი დასავლეთის მაუწყებლობის შეჩერება. მოგეხსენებათ, თეფშების საკითხი იმიტომ გავააქტიურეთ და იმიტომ შემოვიტანეთ ღია მაუწყებლობის თეფშები, რომ ჩვენი დასავლეთის სათაო სადგურის მაუწყებლობა შეჩერებულ იქნა. უფრო სწორად, დაყადაღებული კი არა, დაყაჩაღებულ იქნა. ამით ჩვენც პრობლემები შეგვიქმნეს, მომხმარებელსაც და ტელეარხებსაც. სწორედ ტელეარხების გავრცელების შეჩერების მიზნით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ მოსახლეობას ქართული არხები თავისუფლად არ მიეღო. ეს ყველაფერი იმის აუცილებლობას ქმნიდა, რომ საერთაშორისო ძალების ჩარევით მომხდარიყო გარანტირებული სამაუწყებლო სივრცის შექმნა. ჩვენთან ერთად საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო კომპანია უნდა წარმოდგენილიყო, რათა მეტი გარანტია მიგვეღო, რომ ამ შემთხვევაშიც, აღარ მომხდარიყო გარკვეული ხელშეშლა და პრობლემების წარმოქმნა. ასე რომ, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობა.
თქვენი კომპანიისთვის მიყენებული ზარალი იმ პერიოდში როგორ განისაზღვრებოდა და პროკურატურაში თუ არის საქმის ძიება დაწყებული?
- მოგეხსენებათ, უკვე 8 ოქტომბერს გაგვაგებინეს, რომ თურმე ყადაღა მოხსნილი იყო და ეს მოხსნა მომხდარა უშუალოდ 2 ოქტომბერს, ანუ არჩევნებიდან მეორე დღესვე. ამით აღიარეს, რომ ეს უკანონო დაყადაღება იყო და უკანონოდ შეაჩერეს ჩვენი საქმიანობა, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი მორალური და მატერიალური ზარალი. მთელი საქართველოს მასშტაბით გაფანტული მოწყობილობების აღწერას მარტო ორი-სამი თვე დასჭირდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი მოწყობილობა დაზიანებული იყო. ზოგიერთი მათგანი იმ პერიოდში არ გამოვიდა მწყობრიდან, თუმცა, როგორც მომხმარებლები გვატყობინებენ, ახლა გამოდის მწყობრიდან. გარკვეული რესურსი მათ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ და ის რესურსიც ამოიწურა. ღია ცის ქვეშ, სინესტეში განთავსებამ, შენახვის პირობების დარღვევამ თავისი კვალი დააჩნია. ამიტომ ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა შედეგს მოვიღებთ. ჩვენ გვგონია, რომ მოწყობილობა ისევ მუშაობს, ამ დროს გადის რამდენიმე დღე და დამონტაჟებული მოწყობილობა მწყობრიდან გამოდის. მართალია, ყადაღა კი მოგვიხსნეს, მაგრამ საქმე შეწყვეტილი არ არის, ძიებაშია ეს პროცესი. იმ პერიოდში დაახლოებით 5-6 მილიონის ზარალი ვნახეთ.
რეგიონებში ყველაზე დიდი პრობლემები იყო ანტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით. რა ხდება დღესდღეობით რეგიონებში და, ზოგადად, კონკურენტები თუ გყავთ ბაზარზე?
- თებერვლის თვიდან განვაახლეთ მონტაჟი, ამჟამად მონტაჟი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მოთხოვნილება ძალიან დიდია, ძირითადად ვმუშაობთ რეგიონებში. მათ შორის, ისეთ რეგიონებში, სადაც საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი მაუწყებლობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტ მომხმარებელს მოვემსახუროთ. ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „ეუტელსატთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. რაც შეეხება კონკურენტებს, ისინი ბაზარზე მრავლად არიან. საბედნიეროდ, ჩვენ კონკურენტად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საკაბელო ტელევიზიები, ასევე, IP ტელევიზიები, სატელიტური მაუწყებლები. ღვთის მადლით, მრავლად არიან კონკურენტები და ჩვენ მივესალმებით კონკურენციას. მზად ვართ, ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში ვიმუშაოთ და განვავითაროთ მაუწყებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.