პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) პასუხისგებაში მისცა. ამ უმძიმესი საქმის ფიგურანტი მუხაძე მიმალვაშია, ხოლო მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მე-12 ბარალის წარდგენის მოლოდინშია. აღსანიშნავია, რომ დაკავებისას ქარდავას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან. მათ შორის იყო ეს უმძიმესი კადრები.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ამ საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.
აღსანიშნავია, რომ წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. ამის შემდეგ, სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.
2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის. ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება, ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ვიდეო მტკიცებულებები სწორედ უკრაინაში, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სხვა ჩანაწერებთან ერთად იქნა აღმოჩენილი.
„ეს ხდება 2012 წლის შემდგომ და ბუნებრივია, დაიწყო მკიცებულებების შეკრება, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ამ საქმეზე მტკიცებულებების შეკრებას ხელი შეუწყო მეგის ქარდავას ექსტრადირებამ. ანუ, 2021 წლის 17 სექტემბერს მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში და ბუნებრივია, ექსტრადიციამდე, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკრაინაში, კერძოდ, გაჩხრეკილი იქნა მისი ბინა და მისი ჩხრეკის შედეგად, სხვა ვიდეო ჩანაწერებთან ერთად, ამოღებული იქნა ეს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დღეს გაასაჯაროვა პროკურატურამ,“ - ამბობს ლაშა კოტრიკაძე.
მუხაძე-ქარდავას ციხის სისასტიკე საკუთარ თავზე ათასობით ადამიანმა გამოსცადა. მათ შორის იყო ერთ-ერთი სამეწარმეო კომპანიის დირექტორი, რომლის კომპანიას თევზი შემოჰქონდა, ამუშავებდნენ, აფასოვებდნენ და ასევე, ამზადებდნენ ნახევარფაბრიკატებს. ამ ბიზნესში წილი მოითხოვა ყოფილმა ფინანსური პოლიციის უფროსმა დავით კეზერაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა. როდესაც უარი მიიღეს, კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა და, რა თქმა უნდა, კომპანიის დირექტორს ხელბორკილები დაადეს.
„მამა მცხეთის პოლიციაში გადაიყვანეს. დედას მისცეს უფლება მამასთვის ტანსაცმელი შეეტანა და ენახა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მცხეთის გამომძიებელიც ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო, შემდეგ მან იმ ხელისუფლების ზეწოლებს ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა. მამას არიგებდა როგორ უნდა მოქცეულიყო გლდანის ციხეში, რადგან გამომძიებელმა იცოდა რა ჯალათი იყო ამ ციხის უფროსი - ალექსანდრე მუხაძე. გლდანის ციხეში მამას ტანსაცმელს ვუგზავნიდით, აღმოჩნდა, რომ მასთან არ მიდიოდა. არ აძლევდნენ დარეკვის უფლებას, ან ბარათის გამოყენებას, რომ რამე ეყიდა. თანამესაკნელების იმედად იყო. ადვოკატიც ამ ორი თვის განმავლობაში ორჯერ შეუშვეს.
როდესაც გლდანის ციხეში შეიყვანეს, მუხაძეს ასე მიუმართავს: „ვა დირექტორ წამლავდი ხალხს?“... ერთხელ რადიოს ოდნავ ხმამალა უსმენდნენ, რაზეც ბადრაგები შევარდნენ, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, რა თქმა უნდა, რადიოც წაიღეს. განსაკუთრებით დამცინავად ექცეოდნენ ახალგაზრდა ბიჭებს. მამას საკანში ერთი მუსულმანი ბიჭი მჯდარა, ლოცულობდა, რაც ბადრაგს არ მოეწონა და საბანაოდ პანღურით გაიყვანეს. მამას გამოსვლის შემდეგ, მისი საკანი დაუშლიათ. უცემიათ იქ მყოფი 6-ვე პატმარი, ამის მიზეზი კი ხმამაღალი სიცილი ყოფილა. სამწუხაროდ, ერთ-ერთ მათგანს მიღებული ტრავმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს“, - გვიყვება ყოფილი პატიმრის შვილი.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, მეგის ქარდავა - ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთა გვარ-სახელებსაც პარლამენტში ყველა მოხსენების დროს ახსენებდა მაშინდელი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი და ამბობდა, რომ ესენი არიან კრიმინალები, მწამებლები და ითხოვდა მათ დასჯას. მისი თქმით, კრიმინალური სისტემის შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არათუ არ ინანიებს, არამედ დღესაც იმეორებს დანაშაულს.
„იმავეს ამბობდა ელენე თევდორაძე, რომელიც მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ არ უშინდებოდა, რომ სიმართლე ეთქვა. დღეს „ნაციონალურ მოძრაობა“ ამბობს, რომ გმირები არიან ქარდავა და მუხაძე. ასევე გმირად გამოგვიცხადეს შამათავა, რომელსაც სულ მცირე 2 ადამიანი ჰყავს მოკლული სრულიად ცივსისხლიანად. ადამიანები გაიყვანა ზღვაში, დახვრიტა, შემდეგ ქვა მოაბა და ისე ჩაძირა ზღვაში. სწორედ ამ ადამიანზე ამბობენ, რომ გმირია და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.
რაც მთავარია, ამ „გმირების“, ამ კრიმინალების მფარველი, ამ კრიმინალური სისტემის შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არათუ არ ინანიებს, არამედ დღესაც იმეორებს დანაშაულს. კარგად დავინახეთ გადაყვანის კადრებში, რისი გამკეთებელია ეს კაცი, როდესაც ის ლანძღავს, აგინებს უშვერი სიტყვებით სასჯელაღსრულების თანამშრომლებს. ყველა ეს ადამიანი აგებს პასუხს თავიანთი კრიმინალური სისტემის შემქმნელი სააკაშვილის მეთაურობით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ასახავს ყოფილი ხელისუფლების სისასტიკეს, ამ რეჟიმის შემქმნელები, რომელთა ნაწილი სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ამ ყველაფერს მოარულ ჭორებს უწოდებენ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს. მისი თქმით, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის საქმეც უნდა გამოიძიონ, უნდა დაისაჯონ დამნაშავე პირებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საქმეებს არ იძიებდნენ.
„საზოგადოება ხვდება პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ რეალურ მოტივებს. ეს საქმეები და უფრო მძიმე საქმეები უფრო ადრე უნდა გამოძიებულიყო, მთელი ცხრა წლის განმავლობაში. უფრო სიცხადე უნდა შესულიყო საქმეში, ბევრი თანამშრომელი, რომელიც მაშინ ასეთ გამოძიებებში იყო ჩართული, დღესაც „ქართული ოცნების“ რიგებშია და დღესაც მათ დავალებებს ასრულებენ, ამიტომ საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც „ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს, ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელმაც თავად ნახა სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები, ამბობს, რომ როდესაც ამ სისტემის შემქმნელი ხალხი ამბობს, რომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, აქ არის მთავარი პრობლემა. მისი თქმით, ფაშიზმის გასამართლების მერე მკვლევარები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები დაფიქრდნენ იმაზე, რა მოვლენა იყო ფაშიზმი. ბევრი საკითხი ამოტივდივდა და ერთ-ერთი გახლდათ ის, რომ ადამიანში ასეთი ბაცილა დევს და მაშინ იღვიძებს, როდესაც ვიღაცა ხელს უწყობს.
„ექსპერიმენტები იყო ჩატრებული. ადამიანებს ეუბნებოდნენ, აგერ მეორე ოთახში ელექტროსკამზე არის ადამიანი მიკრული, ის დამნაშვეა და შენ დენი უნდა დაარტყაო, რასაც აკეთებდნენ. თუკი ხელი შეუწყვე ადამიანს იმაში, რომ აგრესიულობის, სადიზმის ბაცილა ამოტივტივდეს და წამყვანი ადგილი დაიკავოს, ის ბაცილა ამოტივტივდება და სწორედ მანდ არის სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ბრალი. არა მარტო იმაში, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენს ქონება წაართვა, არამედ თავისი მომხრეების სული იმსხვერპლა და გადააქცია ისინი აი, ასეთ პირუტყვებად, რომლებიც ამ სადისტობას სჩადიოდნენ, ამას იღებდნენ, ინახავდნენ და შემდეგ ყურება სიამოვნებდათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ფიქოლოგის განმარტებით, რაღაცა როლების აღების შემდეგ ადამიანი ხდება ისეთი, როგორსაც კარნახობს ეს როლი. ანალოგიურად, მიკროკულტურა შეიქმნა ხელისუფლების იმ სტრუქტურაში, სადაც ეს ადამიანები მოღვაწეობდნენ, მიკროკულტურა იმისა, რომ ყველას მიმართ დაუნდობელი უნდა ყოფილიყვნენ.
„დაუნდობლობა საქებარი გახდა იმ კულტურაში. ყველა ციხეშიო იძახდა მათი ლიდერი, ეს ხომ დაუნდებლობის ტიპის ფრაზაა? ქვეშევრდომებს კიდევ როგორ სთხოვდა ამ დაუნდობლობას, ეს კიდევ ცალკე თემაა. სააკაშვილის რომ არ მოეთხოვა, არ იქნებოდა ამდენი დანაშულის კადრები შენახული საიმისოდ, რომ მისთვის ეჩვენებინათ. მე, პირადად ვნახე სამეგრელოს კასრებში აღმოჩენილი მასალის მხოლოდ ნაწილი. საშინელი სურათი გაიშალა. რისთვის სჭირდებოდათ იმის ამსახველი სურათი, როგორ აუპატიურებდა კასტელებიანი კაცი სამეგრელოს მაცხოვრებელს? ეს გადაღებული იყო იმიტომ, რომ მერე მათ ხელმძღვანელებს ენახათ. წახალისებული იყო ეს სისტემა. ესენი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ მონაგონი იქნება ის ცხრა წელიწადი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, პროკურატურამ ეს მასალები ინგლისურად უნდა თარგმნოს და უკლებლივ ყველა ხელმისაწვდომ საერთაშორისო უწყებას გადაუგზავნოს. მისი თქმით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა - ვიდეოპროექტორით ე.წ. ომბუდსმენის ოფისის კედელზე უნდა მოახდინონ ამ მასალების ტრანსლირება, ხოლო გლდანის დაწესებულების შესასვლელთან - დიდი ტელეეკრანის მეშვეობით.
„თვალიც აქვთ, ყურიც და უყურებენ თავისი ჯოჯოხეთის მხოლოდ ერთ ეპიზოდს, მაგრამ რად გინდა... არარსებული დანაშაულის ჩადენაზე უარის მთქმელი მოქალაქე როგორ ეხვეწება სააკაშვილს/ქარდავას/მუხაძეს - მომკალითო, ერთი ტყვია მაჩუქეთო შუბლში და „არ კლავენ“, ასე „მარტივად“ - სულს და სხეულს აუპატიურებენ სადისტური სიამოვნებით. არაო... ეგრე არაო, ახლა „ქილერა“ დაუძახებს „პენისას“ და ისევ იქ ჩაგიყვანენ, სადაც ნაწლავებს გაგიფართოვებენო, მანამდე კი შენს „ფაიზაღ“ ჩვენებას შეჭამ, სწრაფად შეჭამ, გადაყლაპავ!
„ქილერა“ მერე დააწინაურეს, ციხის საავადმყოფოს დირექტორად გადაიყვანეს „დოქტორ მენგელეს“ პოზიციაზე. „პენისა“ ალბათ, ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. დღეს კი, „ხუთვარსკვლავიან“ პირობებში მყოფ ამ „მარკიზ დე სადს“ მთელი მსოფლიო ლეიბების ფერს უწუნებს და ყოველდღიურობის სასათბურე პირობებს.
იცით, რაშია საქმე? ერთი არის ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერების აზრი იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2004-2012 წლის ჩათვლით საქართველოში და მეორეა, ის, რომ რეალურად, ეს ყველაფერი, რაც რეალობას წარმოადგენდა, უბრალო ადამიანების ყოველდღიურ ჯოჯოხეთურ ყოფას წარმოადგენდა, ცალკე იმ ადამიანების, რომლებმაც გაავსეს პენიტენციური სისტემა, ცალკე იმ ადამიანების, რომლებიც გარეთ ელოდებოდნენ თავის ახლობლებს და ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერს საქართველოში დემოკრატიის აღმშენებლობა ერქვა.
თურმე ამ ყველაფერს ერქვა ის, რის გამოც საქართველო თურმე მსოფლიოს რადარებზე გამოჩნდა და რის გამო საქართველო თურმე დემოკრატიის შუქურას წარმოადგენდა ევრაზიულ სივრცეში. თუ ეს ყველაფერი არის პროდასავლურობა, თუ ეს ყველაფერი არის პროევროპულობა, მაშინ, დიახ, საქართველომ გადაუხვია ამ კურსს. დიახ, საქართველომ უარი თქვა საკუთარ ქვეყანაში ამ ტიპის „პროდასავლურობის“ და „პროევროპულობის“ კურსის გაგრძელებაზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დღეს საქართველომ კი უთხარა იმ ვალდებულებებს, რომელიც მას აკისრია ასოცირების ხელშეკრულებით და რომელსაც ზედმიწევნით ასრულებს, იმიტომ, რომ პერიოდულად გადის ძალიან მკაცრ კომისიურ შემოწმებას. მისი თქმით, საქართველოს ისტორიიდან ყველას გვახსოვს მე-19 საუკუნის საქართველო, როდესაც სახელმწიფო და ავტოკეფალია დაკარგულ მდგომარეობაში ვითარდებოდა. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მე-19 საუკუნის მიწურულს სემინარიას მართავდა ქართველთმოძულე დეკანოზი ჩუდესკი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ქართველ სემინარისტებს. ერთ-ერთმა შეურაცხყოფილმა სემინარისტმა ვერ მოითმინა და ჩუდესკი მოკლა. მის დასაფლავებაზე იმდროინდელმა ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყველა, ხოლო ქართველობის დამცველი დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლა, სადაც სასტიკად მოკლეს და რომელიც დღეს წმინდანად არის შერაცხული.
„მინდა გითხრათ, რომ ქართველთმოძულე დეკანოზი ისეთ შეურაცხყოფას არ აყენებდა სემინარიის სტუდენტებს, რაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ. ამასთან შედარებით ის უწყინარი შეურაცხყოფა იყო. აი, თქვენ წარმოიდგინეთ, ის, რაც პროკურატურამ გაავრცელა, ასეთი პრეცედენტი ფაშისტურ გერმანიაშიც კი ძნელად შეიძლება მოვნახო. გასაგებია, მათი დამოკიდებულება ებრაელებთან მიმართებაში, იდეოლოგიურად კომინუსტებთან მიმართებაში, მაგრამ ის, რომ ასეთი სისასტიკით ფაშისტი გერმანელებს ეყრობოდეს, მე ასეთი რამ ფაშისტურ გერმანიაშიც კი არ შემიძლია გამოვნახო. ეს არის ისეთი სამარცხვინო პრეცედენტი, რომელიც შავ ლაქად დაედება საქართველოს ისტორიას დიდი ხნის განმავლობაში.
ჩვენ ამის ჯეროვანი ანალიზი არ გაგვიკეთებია და ამიტომ ვიძახი, როდესაც უხაროდა მიხეილ სააკაშვილს, რომ მან შექმნა საქართველოში პირველი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და იქ დაათრევდა საქართველოში ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებს, აუცილებელია, როგორც გერმანიაში, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი მუზეუმად არის ქცეული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანაკი გერმანიის ისტორიულ სირცხვილს ინახავს, გერმანია ინახავს ამ მუზეუმს საკუთარი მომავალი თაობისთვის და ტურისტებისთვის, რომ არასდროს არ განმეორდეს ის, რასაც ადგილი ჰქონდა მის ისტორიაში. ამიტომ, აუცილებელია სააკაშვილის რეჟიმის მუზეუმის გაკეთება, აუცილებელი!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.