უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომელიც რეჟიმის მხრიდან სასტემური დანაშაულის სამიზნე გახდა. ექსპერტს მიაჩნია, რომ სააკაშვილისთვის უმძიმესი ფსიქოლოგიური დაარტყმაა, იჯდეს ციხეში, რადგან არც უშვებდა იმას, რომ ოდესმე აღმოჩნდებდა ციხეში: „ექს-პრეზიდენტმა შეიძლება ვერც გადაიტანოს ციხეში ყოფნა, როგორც მერაბიშვილმა, რომელიც მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვის გამო, ფსიქოლოგებთან დადის“.
for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავდმყოფოში იმ შემთხვევაში გადაიყვავენ, თუ ისეთივე სამედიცინო მანიპულაციების განხორციელება იქნება საჭირო, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს. თქვენ იყავით სწორედ გლდანის მე-8 დაწესებულების პატიმარი, სამედიცინო ნაწილი არა, მაგრამ ე.წ. მორგში მოგიწიათ ყოფნა. მესმის, რომ რთულია წარსულში დაბრუნება, მაგრამ როგორი იყო მაშინ და როგორია ახლა ციხის პირობები. სახელმწიფო ყოველდღიურად ასაჯაროვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის იმაზე, როგორ საკანშია ექს-პრეზიდენტი. სააკაშვილის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, როგორც ოპოზიცია ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის წამების მსხვერპლი?
ვახტანგ მაისაია: კარდინალურად განსხვავებული ვითარება იყო. იმდროინდელი ციხე ფაქტობრივად, საკონცენტრაციო ბანაკი იყო თავისი მძიმე ინსტრუმენტებით. იმ დროს ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნის გამოც კი ადამიანი შეიძლება გამხდარიყო საშინელი წამების ობიექტი. არაფრის გამო, შეიძლებოდა ადამიანი ჩაესვათ კარცერში და იქ რა ვითარება იყო, ეს თქვენთვის არაერთხელ მითქვია. რაც შეეხება თვითონ ციხის საავადმყოფოს, უმძიმესი ვითარება იყო. ადამიანს კბილი რომ ასტკიებოდა, იმის საშუალებაც არ იყო ტკივილგამაყუჩებელი მიეღო, არაფერს ვამბობ კბილის ამოღების საშუალებაზე. ფაქტობრივად, ექიმები ტყუილად დადიოდნენ, რადგან ციხის საავადმყოფოში წამლები არ იყო. რა ახალ ტექნიკაზე და რა მაღალკვალიფიციურ მომსახურეობაზეა ლაპარაკი!
თქვენ ახსენეთ, რომ თუკი საჭიროების შემთხვევაში პატიმარს დასჭირდებოდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. პირადად თქვენ, როდესაც გახდით ძალადობის მსხვერპლი, გადაგიყვანეს ციხის საავადმყოფოში?
- არა, როგორ გეკადრებათ. მე გაცილებით მძიმე პირობებში მიწევდა ყოფნა და შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. 45 დღე ვშიმშილობდი, მხოლოდ წყალს ვიღებდი, მაგრამ მაშინდელმა ციხის ადამიანისტრაციამ ოფიციალურად 38 დღე დააფიქსირა. თითქოს 38 დღე ვიშიმშილეთ მე და მელორ ვაჩნაძემ. იცით, რომ მანამდე შიმშილობის აქცია დაიწყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ. სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე და ვერ შეძლო გაგრძელება. ერთ დღეს სხვა პატიმრებთან ერთად გამიყვანეს N104 საკნიდან და კორიდორში სასტიკად გამისწორდნენ, რის შედეგადაც დავკარგე გონება.
საკნიდან გაგიყვანეს იმიტომ, რომ საჩვენებელი ძალადობა განეხორციელებინათ?
- ჯერ გაიყვანეს ჩემი თანასაკნელები და გაუშვეს კარცერში. რეალურად, ჩემთან ჰქონდათ პრეტენზია. თურმე ვარღვევდი შინაგანაწესს და მათი ჭკუით მე მტოვებდნენ მარტო. როდესაც განვაცხადე, რომ თუ მე ვარღვევ შინაგანაწესს, მაშინ მე უნდა ჩავეყვანეთ კარცერში და მივუთითე, რომ მათივე კანონი აღესრულებინათ. მარტივია, თუ შიმშოლობის აქციით ვარღვევ შინაგანაწესს და ამიტომ ჩემს თანასაკნელებს უშვებ კარცერში, მაშინ ლოგიკურია, რომ მეც უნდა გამიშვა. მოვითხოვე კანონის აღსრულება, რის გამო ისე მცემეს, რომ აღმოვჩნდი პროზექტურაში.
რატომ პროზექტურაში?
- იმიტომ, რომ გარდაცვლილი ვეგონეთ. ცემის შედეგად სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი არ გამაჩნდა. მერე როგორც ჩანს, შეშინდნენ, რადგან იცით, რომ არ ვიყავი უბრალო პატიმარი, ჩემი ქეისი ცნობილი იყო, საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო დაცვის ქვეშ ვიყავი, როგორც პოლიტპატიმარი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილის ციხეში მოვაწყვეთ პოლიტიკური აქცია. მე, ცოტნე გამსახურდიამ და მელორ ვაჩნაძემ გავაკეთეთ ის, რასაც იმ პერიოდში მთელი ოპოზიცია ვერ აკეთებდა გარეთ. ჩვენ ციხიდან გამოვუცხადეთ ბრძოლა სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და საკმაოდ სერიოზული ბრძოლა. ეს იყო დამანგრეველი რეჟიმისათვის.
რას ითხოვდით?
- მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით ჩვენ არ ვითხოვდით გადაეხედათ ჩვენი საქმე. არა, ჩვენ ვითხოვდით, რომ აღსრულებულიყო კანონი; ყველა პატიმარს ჰქონოდა ნორმალური პირობები; შეწყვეტილიყო პატიმართა წამება; მკვლელობა და არადამიანური მოპყრობა; შემოსულიყო პრესა და რაც მთავარია, შეწყვეტილიყო პატიმრების შიმშილობა. იმიტომ, რომ ციხეში იყო რეალური შიმშილობა. ხალხი შიმშილობდა ციხეში იმიტომ, რომ საკვებს არ აძლევდნენ და ეს წამების ერთ-ერთი ფორმაა. გაუსაძლისი პირობები იყო, რატომაც გამოვაცხადეთ შიმშილობა. პლუს, ვითხოვდით პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში მრავლად იყო. აი, ამის გამო მოხდა ჩემი წამება. მელორ ვაჩნაძის საკანს ცეცხლი წაუკიდეს და ძლივს გადარჩა.
პროზექტურაში რამდენი ხანი მოგიწიათ ყოფნა?
- რამდენიმე საათი დავყავი. არ მახსოვს, როგორ ჩამიყვანეს და ამომიყვანეს იმ დილეგიდან. როდესაც ჩამოვიდნენ იმის გასარკვევად, მართლა ვიყავი თუ არა გარდაცვლილი, აღმოჩნდა, რომ გული მიცემდა.
რამდენი ადამიანი ძალადობა თქვენზე?
- თავდაპირველად დაახლოებით 5-6 კაცი მირტყამდა, მალევე დავკარგე გონება. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. თავი მქონდა გაჩეხილი, ცხვირი დამტვრეული, სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ და მთელი სხეული დაჟეჟილი მქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს სხეულს ვერ ვგრძობდი. პროზექტურიდან საკანაში რომ გადამიყვანეს, ციხის ცნობილმა ჯალათმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა წყალი გადამიკეტა, რომ სისხლი არ ჩამომერეცხა და სისხლდენა არ შემეჩერებინა. მაშინაც იყვნენ ღირესული ოფიცრები, მახსოვს ოჩამჩირელი ბიჭი შემოვიდა, თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, რომ ნახა რა მდგომარეობაში ვიყავი ჩაგდებული და იმ წუთას არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
როცა ჯალათი ყაჭეიშვილი წავიდა, ისევ შემოვიდა ეს ბიჭი, ჩანდა, რომ ღირსეული პიროვნება იყო. მაშინვე ბრძანა, რომ წყალი მოეშვათ და ის დამეხმარა რომ სისხლდენა შეჩრებულიყო, პირველადი დახმარება მან აღმომიჩინა. სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცი, მაგრამ ვიტყვი, რომ არის გმირი. ამ ბიჭის შესახებ ვიცი მხოლოდ ის, რომ ოჩამჩირიდან იყო, უფროსი ლეიტენატი იყო. კარაგად მახსოვს, როგორ შეაგინა ციხის ჯალათებს.
დაახლოებით 8 საათის შემდეგ გადამიყვანეს საკანაში და ექიმიც არ შემოდიოდა. როდესაც გამირთულდა მდგომარეობა, დამეწყო შეშუპება, ამის მერე შემოუშვეს ექიმები. ცემის შედეგად ვიყავი მძიმედ, ამას ემატებოდა შიმშილობით გამოწვეული მდგომარეობა, უკვე აცეტონის სუნი მქონდა, რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შეესრულებინა ჩვენი მოთხოვნა. მახსოვს ბედუკაძე მოვიდა და მითხრა, რომ თქვენი მოთხოვნა შესრულებულიაო. ამის შემდეგ შევწყვიტეთ შიმშილობა.
ცოტნე გამსახურდია ახსენეთ, რომელმაც პირველი დაიწყო შიმშილობა, განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე...
- პირველი ცოტნემ დაიწყო შიმშილობის აქცია და მერე დავიწყეთ ჩვენ. ცოტნე სხვა ბლოკში იყო, შეხება არ გვქონდა. მხოლოდ რუსთვის მე-12 დაწესებულებაში ვნახეთ ერთმანეთი. იცით, რომ ადვოკატების მეშვეობით ვკონტაქტობდით. ცოტნეს მდგომარეობა იყო საკამოდ მძიმე, მას ცინიკურად ექცეოდნენ, იგივე დამოკიდებულება იყო, რაც ჩვენს შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, არაფრად აგდებდნენ იმ ფაქტს, რომ ცოტნე იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი. უკვე, როდესაც გართულდა ცოტნეს მდგომარეობა, არ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, საკანში მკურნალობდნენ. როდესაც დავასრულეთ შიმშილობა, არავის აზრად არ მოსვლია გადავეყვანეთ ციხის საავადმყოფოში. პირიქით, შემიყვანეს მკვლელების საკანში.
რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი მკვლელობის გადაწყვეტილება მიიღეს. საკანში შემოვიდა 3 კაცი, აქიდან 2 იყო მკვლელი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ღამის საათებში საერთოდ არ ვიძინებდი. ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის ციხე.
რეჟიმი გასაგებია, მაგრამ მაშინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ოთარ თოიძე, თუ დაინტერესებულა მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობით?
- არა, როგორ გეკადრებათ. ერთადერთი ვინც შემოვიდა, ეს იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც თვითონ ნახა რა ხდებოდა ჩვენს თავს და სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია ჩემი ცემისა და შიმშილობის შესახებ. საერთოდ არ ვიცი ვინ არის თოიძე, ასეთ სუბიექტებს საერთოდ არ ვიცნობ. მაშინ სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი, მასაც არ უშვებდნენ და რა ჯანდაცვის კომიტეტზე, ან სამედიცინო დახმარებაზე არის საუბარი.
იმ გადმოსახედიდან, რაც მაშინ ხდებოდა, დღეს როგორ შეაფასებთ იმ ვითარებას და ინფორმაციებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვრცელდება?
- მხოლოდ ერთი დღის ისტორია მოვყევი და აქიდან ხომ ნათელია, როგორი პოლიტიკა იყო მაშინ პატიმრების მიმართ და დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ. ამას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება, რა ვითარება იყო ავტოკრატიული რეჟიმის დროს და დღეს როგორი სიტუაცია არის. პირობებო იყო სადისტური, ეს იყო საკონცენტრაციო ბანაკი და არა ციხე. თავისი სტანდარტებიდან გამომდინარე, ციხე უნდა იყოს ციხე. უბრალოდ მიკვირს ერთი რამ, დღევანდელი მმართველი ძალა რატომ აძლევს ოპოზიციას იმის საბაბს, თითქოს სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციხიელდება შურისძიება?!
მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ უნდა დაუშვას, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შეექმნათ განცდა, რომ სააკაშვილზე ხორციელდება ძალადობა. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ თვადაც არ არის სააკაშვილი, ანუ - ჯალათი. თორემ პირობები რომ ბევრად უკეთესია, ამას მტკიცება არ სჭირდება. ამას ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ისედაც აფიქსირებს და ამაზე არავინ დავობს. აქ მიდგომაზეა საუბარი. ვანო მერაბიშვილს რომ უქმნიდნენ სასათბურე პირობებს, ვანო ნაკლები ჯალათი იყო? ის თუ გადაყავდათ პროფლილურ კლინიკაში, რა გახდა ეს სააკაშვილი? პირიქით, ჩვენ უნდა დავადასტუროთ - არ ვართ სააკაშვილი და მასზე მაღლა ვდგავართ. ეს არის განსხვავება ჩვენსა და ჯალათ სააკაშვილს შორის.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს ხელისუფლება, მაგრამ ამ ეტაპზე, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობას...
- სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი, პოლიტიკური შემადგენელი აქვს, იმ გაგებით, რომ ყოფილი პრეზიდენტია და მისი პარტია მეორე პოლიტიკური ძალაა. გასაგებია, რომ ციხეში შენი იერარქია არ ჭრის, პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი, თუ ვინ, ციხეში ეს ყოველგვარ ძალას კარგას. პატიმარი, პატიმარია, მით უმეტეს, რომ სააკაშვილს მისჯილი აქვს, მაგრამ რაც შეეხება მის გადაყვანას, თუ შენ იმის უნარი არ გაქვს, რომ უსაფრთხოდ უზრუნველყო პატიმრის გადაყვანა, მაშინ გამოდის, სახელმწიფოებრივ პრობლემასთან გვქვს საქმე.
თუ ვინმე გაბედავს წინააღმდეგობის გაწევას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უმკაცრესი ზომები უნდა მიიღოს. ლოგიკას მოკლებულია ის, რასაც მმართველი პოლიტიკური ჯგუფი ახორციელებს. ხელისუფლების ადგილას, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ მივანიჭებდი წამებულის სტატუსს. სააკაშვილისთვის უმძიმესი ფსიქოლოგიური დაარტყმაა იჯდეს ციხეში, რადგან ის არც უშვებდა იმას, რომ ოდესმე აღმოჩნდებდა ციხეში. შეიძლება ვერც გადაიტანოს კიდეც, როგორც მერაბიშვილმა, რომელიც მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვის გამო, ფსიქოლოგებთან დადის. ციხე ჯალათებისთვის ყველაზე მძიმე დარტყმაა, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდნენ საკანში. ის, რომ სააკაშვილი არის საკანში, ეს ჩემთვის სავსებით მისაღებია.