მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და დააკავეს, მისი საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეს ერთი მხრივ, განპირობებულია იმ ერთგვარი ჭიდილით, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდის უკვე თვენახევარია.
უკვე მერამდენე კვირაა, ოპოზიციონერი ლიდერები სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ და ამ მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო. ხოლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ პერმანენტული საპროტესტი აქციები, რომელიც დაიწყო, იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლება, რაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ეხება, ირღვევა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, სხვა პატიმრების მსგავსად მოექცეს ყოფილ პრეზიდენტს.
„არა თუ იუსტიციის სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა ადამიანის, მათ შორის პატიმრის სიცოცხლე, ეს უფლება ხელშეუხებელია და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, იმ პროპორციით და მასშტაბით, გაუწიოს საჭირო პროფესიული სამედიცინო მომსახურება, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ ხელყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილმა პროფესიონალთა გუნდმა, კონსილიუმმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ამ მომენტიდან კი, სახელმწიფოს აქვს წარმოშობილი მოქმედებების ვალდებულება, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობისა. ყველა პატიმარს უნდა მოეპყრას ერთნაირად. პროცესი უნდა წარიმართოს სამედიცინო კუთხით და არა პოლიტიკური.
მიუხედავად ექიმების განცხადებისა, პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ „მედიკოსები არ გვაინტერესებს, პოლიტიკოსები მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“. თავისივე შექმნილი კონსილიუმი შეუშვან და ანახონ რა პირობებია. შესაბამისად, არ ვიქნებით ერთი მორიგე ექიმის იმედად, რომელიც გვერდით ოთახში მორიგეობს. ბევრი შეცდომაა, რომელიც ბუნევრივია, საქართველოს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, თუკი ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წავიდა“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა For.ge-სთან.
ანალიტიკოს და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის დაპირებისა, რომ გადაყვანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოსთან აქციები და გამოსვლები არ იქნება, არსებობს გარკვეული რისკი, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, სწორედ ამით აიხსნება, ხელისუფლების უარიც:
„მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-არ გადაყვანის საკითხი ნაკლებად აინტერესებს ორივე მხარეს, აქ მათთვის მნიშველოვანია პოლიტიკური შეფასება. „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს იმიტომ, რომ ეს შემდეგ მის მხარდამჭერებში აღქმული იქნება, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის სამოქალაქო კლინიკაში. სწორედ ამიტომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ მისი გადაყვანა.
იურიდიულად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს ეს, მაგრამ უნდა გადაწყვიტოს უწყებამ და ხელისუფლებამ. ეს არა მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობას, არამედ მის უსაფრთხოებასაც უკავშირდება, სადაც დაცული იქნება არასასურველი პროცესებისგან. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ მანიფესტაციები, არამედ სააკაშვილის გარდაცვალება, რომელიც ხელისუფლებისთვის იქნება უდიდესი დარტყმა. ეს არასტაბილურ გარემოს შექმნის და ამით ვინ არის დაინტერესებული ამ ქვეყანაში, ესეც ყველამ ვიცით.
მარტივია მისი დაცვა ციხეში, ვიდრე სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში. გამორიცხული არაფერია, ქვეყანა არის პოლარიზებული, ოპოზიციამ განაცხადა, რომ თუ სააკაშვილს გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, იქ აქციები არ გაიმართება. ეს მოწოდება შესაძლოა, მართლაც შესრულდეს მათი მხრიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ძალები ამას დაემორჩილებიან. გაიტაცებენ თუ არა, მცდელობაც კი არასტაბილურ გარემოს შექმნის. მცდელობა იქნება არა ოპოზიციის მხრიდან, არამედ „კეთილისმყოფელი“ მეზობლების მხრიდან. საქართველოში მეხუთე კოლონები არსებობს. ამერიკაში შეაღწიეს და არც ისეთი რთულია, საქართველოში შემოღწევა, რა პრობლემაა!
სასამართლოსთან მიმართებაშიც ასეა. გვახსოვს, როგორ მოხდა რუსთავიდან გლდანში მისი გადაყვანა, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებული ოპერაცია ჩატარდა. შეიძლება სულაც არ უნდოდათ ასე, მაგრამ ფაქტორი იმისა, რომ თუნდაც სასამართლოში გადაყვანის დროსაც იყოს პროვოცირება, მაღალია. მსგავსი რამ კი ახალ პოლიტიკურ რეალობას შექმნის. ამიტომ, ურჩევნიათ ციხის საავადმყოფო იყოს უზრუნვეყოფილი შესაბამისი აპარატურით, ვიდრე სხვაგან გადაიყვანონ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის, როგორც რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები და არც პერსონალის კვალიფიკაციასთან არსებობს კითხვები. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე-18 დაწესებულებაში რეგულირების სააგენტომ მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა, ეს იყო ოქტომბრის ბოლო პერიოდში. არსებული დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, თუ საჭირო გახდება კონსილიუმის მიწვევა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.