„წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ 8 თუ 9-წლიანი ბოღმის გადმონთხევა როგორ მოხდება? სასამართლომდეც არ მიიყვანენ ადამიანებს, პირდაპირ გამოუტანენ განაჩენებს, სატელევიზიო სამართალი იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.
სააკაშვილის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსვლის შემდეგ ჩვენთან საუბრისას გაიხსენეთ, რომ მაშინდელი რეჟიმის ციხეში თქვენ ნახეთ, როგორ სძულდა ადამიანს ადამიანი, იქ თქვენ ნახეთ 18-19 წლის დაინვალიდებული ბიჭები, რომლებიც მათზე განხორციელებული ძალადობის გამო ეტლით გადაადგილდებოდნენ. „ნაწამები“ სააკაშვილი ეს ის ტერმინია, რაც შეიძლება მიესადაგოს იმას, რაც თქვენ იხილეთ სააკაშვილის ციხეში?
- სააკაშვილის ციხე იყო „მიასარუბკა“ - ხორცის საკეპი მანქანა, ადამიანის გაუბედურების მანქანა. ეს იყო ადამიანთა საწამებელი მანქანა, ვერაფერს ვერ შევადარებთ იმ უბედურებას. შეიძლება ისტორიულ მომენტებში ვეძებოთ პარალელები, დიქტატორების მიერ შექმნილ ციხეებში, სადაც ადამიანებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხორცის საკეპ მანქანაში ატარებდნენ. წარმოუდგენლად ბოროტული სისტემა იყო, რაც არავის არ დაავიწყდება. იმ ციხეს ვერაფერს ვერ შევადარებთ, გარდა ცნობილი ტირანების საპყრობილეს.
იყო დახარისხება, ვის ერჩოდნენ განსაკუთრებით? ახალგაზრდებს, თბილისელებს? ზოგიერთი პატიმარი იხსენებს, რომ „ნაციონალების“ ციხეში განსაკუთრებით თბილისელებს ვერ იტანდნენ, რეჟიმის მიმართ თბილისელების წინააღმდეგობის გამო.
- ყველას ერჩოდნენ, ადამიანი არ იყო, ვისაც არ ერჩოდნენ. ადამიანი, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი, როცა საპყრობილეშია, მე თავს ვიკავებ მასზე საუბრისგან, მაგრამ სისტემა ძალზე საშინელი იყო. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ სიტუაციაზე, ერთია „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორეა „ქართული ოცნება“, რომელმაც ეს რეალობა მოიტანა. ასეთი რეალობის დადგომისთვის პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, თავისი არასწორი პოლიტიკის გამო. ჩვენ მაშინვე ვამხელდით ჩვენს საკუთარ თანაგუნდელებს, რომ აქამდე მივიდოდით. როდესაც შუა გაიკრიფა და მთავარი მიზანი გახდა სააკაშვილი, მივიღეთ ასეთი შედეგი. ამ რეალობაზე ვინც ახლა შფოთავს და ბრაზდება, მან უნდა იცოდეს, რომ მთავარი დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნების გამო ბიძინა ივანიშვილია. მან გააკეთა, რომ დღეს ამ რეალობაში ვყოფილიყავით. ეს არის შეგუების, მაშინდელი მოსამართლეების და პროკურორების გადმოფორმების, არაფრის გაკეთების ბრალი. ყველა კორუფციული სქემა გადმოიბარეს.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება გააზრებულად თუ გაუაზრებლად ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილისგან წამებული შექმნას?
- ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი გახდა ვიღაცებისთვის ინსპირაცია, ვიღაცებს გამბედაობა ხომ მოემატათ? ეს ყველაფერი გამოიწვია უგუნურმა პოლიტიკამ. ხმა ამოიღეს ადამიანებმა, რომლებიც ბუჩქებიდან ბუჩქებზე გადადიოდნენ, ადამიანებმა უნდა გაიხედონ უკან და მოიკითხონ ისინი, ვინც მათ პრობლემებს უქმნიდა. სახელმწიფო დაზარალებული ადამიანების ინტერესებს ვეღარ იცავს. არავისთვის სამართლიანობა არ აღმდგარა. მე მგონი, დრო მოვიდა, ამ ადამიანებმა თავის თავს თვითონვე აღუდგინონ სამართლიანობა, ასეთი მოწოდებების დრო მოვიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ვეღარ იცავს.
რასაც ამბობთ, ეს ქუჩის ვენდეტას ხომ არ ნიშნავს?
- ქუჩის ვენდეტაზე არაა საუბარი, უბრალოდ, ეს ადამიანები უნდა გააქტიურდნენ, უნდა ილაპარაკონ, მათ რა გაუკეთა სააკაშვილმა და როგორ არ დაიცვა ივანიშვილმა მათი უფლებები. ხალხმა ამის შესახებ უნდა ილაპარაკოს. ფაქტობრივად, გადაარჩინეს „ნაციონალები“. ვიღაცებს ვეთანხმები, რომ „ნაცებმა“ მადლობა უნდა უთხრან ივანიშვილს გადარჩენისთვის, მაგრამ რატომ გადაარჩინა? სამართლებრივად, ჩვენ კანონით უნდა დაგვემთავრებინა „ნაციონალური მოძრაობა“. ჰიტლერს დღემდე ჰყავს მიმდევრები, ბევრ დიქტატორსაც ჰყავს მიმდევრები, მოსწონთ ადამიანებს ასეთი ხალხი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ სისტემის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. დღეს „ქართული ოცნების“ დაბალმა ლეგიტიმაციამ განაპირობა ამ უბედურების-„ნაცმოძრაობის“ აქტივიზაცია. ამ სასამართლოს ლეგიტიმაცია ვერ ექნება, ეს წარმოუდგენელია. ვერც იმ პროკურატურას ექნება ლეგიტიმაცია, სადაც 95% ადეიშვილის პროკურორები არიან, სუსში კიდევ 70% ახალაიას ხალხია. რა ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეთ მათ? მე ვსაუბრობ ისეთ ორგანოებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში მართლმსაჯულებას და კანონის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია „ნაციონალების“ აქტივიზაცია, ამიტომაც არ არის გასაკვირი, დგანან და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას. „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია, სოროდან ამოვიდა. სოროში ჩამძვრალი „ნაციონალები“ ამოიყვანეს. გგონიათ, დამავიწყდა იმ დეპუტატების სახელები და გვარები, ვინც მურუსიძის სასამართლოს ხმა მისცა? იმ ხალხმა, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ისინი ხომ არ არიან კობახიძეები? მე ვამბობ იმ ხალხზე, ვინც 7 ნოემბერიც გამოიარა, 26 მაისიც, ვინც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის რეჟიმს. ხომ გააყვანინა ივანიშვილმა მურუსიძე? მათაც უნდა აგონ პასუხი, რაც გააკეთეს. სულ ხუთი კაცის გამბედაობა იყო საჭირო და ეს სასამართლო ვერ იქნებოდა ასეთი, მაგრამ შეეშინდათ, ზოგმა რაღაც ინტერესი ნახა და დღეს ვითომ ვაჟკაცობენ ფეისბუკიდან. ეს მართლა მხდალი ხალხი, ვერ გაბედეს და წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, რაღაცას შეიძლება დახარბდნენ, რაღაცას შეჰპირდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი გადააგდო კიდეც. 5 კაცის გამბედაობა და დღეს „ნაცმოძრაობას“ მთავარ არგუმენტს - სასამართლოს გამოვაცლიდით ხელიდან. უზენაეს სასამართლოში ღირსეული ხალხი იქნებოდა. სააკაშვილის მოსამართლეების ცალკეული გადმონაშთები სურათს ვერ შეცვლიდნენ. ჩვენი მხდალი ყოფილი კოლეგების გამო დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში უჭირავს ყველაზე მთავარი არგუმენტი, „მურუსიძემ უნდა გაგვასამართლოს?“
რევანშზე როცა საუბრობენ, ხედავთ იმის წინაპირობას, რომ „ნაციონალებს“ შეუძლიათ დაბრუნება და ექსპრეზიდენტსაც თანამდებობის დაკავება?
- რამდენად შეუძლიათ დაბრუნება, არ ვიცი, მაგრამ, სამაგიეროდ, ვხედავ შედეგებს, რა უბედურებაც შეიძლება დაემართოს ამ ქვეყანას. წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ მხრიდან 8 თუ 9-წლიანი ბოღმის გადმონთხევა როგორ მოხდება? სასამართლომდეც არ მიიყვანენ ადამიანებს, პირდაპირ გამოუტანენ განაჩენებს. სატელევიზიო სამართალი იქნება. სააკაშვილი დამნაშავეა, გლდანის ციხეში რომ მიიყვანეს, არც ერთ იქაურ დამნაშავეს იმდენი არ გაუფუჭებია ამ ქვეყანაში, რაც სააკაშვილმა გააფუჭა. არც ერთ ადამიანს, ვინც გლდანში ზის, იმდენი ცოდვა არ აქვს, რამდენიც სააკაშვილს. მასთან შედარებით შეიძლება ანგელოზებიც იყვნენ დანარჩენი პატიმრები. წარმოიდგინეთ, სააკაშვილის დანაშაულის მასშტაბი და პატიმრის, რომელსაც რა უნდა მოეპარა ამისთანა, რაც სააკაშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ვერავინ ჩაიდენდა იმდენ დანაშაულს, ასი ცხოვრებაც რომ ეცხოვრა.
თქვენი აზრით, ბრალდებები სუსტი და მცირეა სააკაშვილის მასშტაბთან შედარებით?
- რომელ ბრალდებებზეა საუბარი, როცა მისთვის ყოველი დღე იყო დანაშაულის ჩადენა, იგივე იყო ახალაიასა და მერაბიშვილისთვის, ყოველდღე ჩადიოდნენ საკუთარი ერის წინააღმდეგ დანაშაულს. ისე არ არის, რომ „ნაციონალები“ მარტივად დალაგდებიან. რა თქმა უნდა, ამას ყველა გავუწევთ ჩვენს წილ წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მათი კანდიდატები ზუგდიდსა და ბათუმში ორივე ყოფილი ბედკრული „ნაციონალების“ შვილები იყვნენ. ორივე იყვნენ მეგის ქარდავას ხელქვეითები. ვინ მისცემდა მათ ხმას? ამომრჩევლისთვის რა არჩევანი იყო? ერთი იყო „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც არასდროს არ ყოფილა ძალოვანებში და მეორე იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ძალოვანი მიმართულების ხაზით იყო.
„ქართულ ოცნებას“ თავიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ მარცხს, რადგან მათ მესამე ალტერნატიული ძალის შემოსვლა პოლიტიკაში დაბლოკეს. თუმცა ისიც ფაქტია, ასეთი ძალა არც გამოჩნდა.
- ახლა, მართლა, „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ბრალი კი არ არის ყველაფერი. ადამიანებს არ ეყოთ იმის გონიერება, რაღაც ინტერესების გამო გაერთიანებულიყვნენ. სანამ ეს გაერთიანება არ შედგება, ცალ-ცალკე ვერავინ აწევს ამ ვითარებას, რთულია ამ წრის გარღვევა. ადამიანები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და შეთანხმდნენ, რომ ორი საშინელება ამ ქვეყანას მოაცილონ.
საქართველოდან შორს მყოფ სააკაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში წარმატებით იყენებდა „ქართული ოცნება“, ახლა „ოცნება“ უკვე ვეღარ მართავს პროცესს, რადგან სააკაშვილმა საქართველოში შემოაღწია და ყოველდღიური დღის წესრიგი სააკაშვილზეა აგებული. რისი გაკეთება შეიძლება პოსტფაქტუმ მდგომარეობის გამოსასწორებლად?
- ჩემი პატივისცემის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, პოლიტიკური შედეგობრიობის მიხედვით არ არის გამართლებული მისი ნაბიჯები. ეს ყველაზე რბილად ნათქვამია. კი, შეიძლება მისთვის გარკვეულ ეტაპზე სააკაშვილის ფაქტორი მომგებიანი იყო, მაგრამ დღეს ასეთი შედეგი დადგა. ერთი ნაბიჯია ქვეყანაში უფრო მეტ დაპირისპირებამდე. აქტიურად როცა გამოდიან „ნაციონალები“, სადღაც შეიძლება პროვოკაცია მოხდეს. პროვოკაციის შესაძლებლობა ამ ადამიანებს აქვთ, ინსპირაციაც აქვთ, ე.წ. სულიერი ლიდერიც ჰყავთ, როგორც თავად უწოდებენ. ეს შედეგი არ იყო აქამდე, მაგრამ ეს შედეგი მოიტანა კობახიძის პოლიტიკამ, მლიქვნელობამ, მურუსიძეობის თამაშმა, ინსტიტუციების გათელვამ, პარლამენტის გაჩაჩანაკებამ, სასამართლოს არარსებობამ, ადეიშვილისა და მედროვე პროკურორების შენარჩუნებამ. მარტივად რომ ეგონათ საქმე, რაღაც დროის შემდეგ გასკდა ფურუნკული. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ამ ორი პოლიტიკური სისტემისთვის მხარის დაჭერა. გამოსავალია, ამომრჩეველმა აღარ მისცეს ხმა არც „ოცნებას“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“. ადამიანის ორგანიზმიდან უნდა გაიწოვოს დაავადება. ორგანიზმი ამ შემთხვევაში ამომრჩეველია, დაავადება-„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. არ უნდა ორგანიზმს უმკურნალოს საკუთარ თავს? მაშინ რა გავაკეთოთ? მკურნალობის რეცეპტს ვთავაზობთ - შეიძლება ამ სახელმწიფოს განვითარება, თუ მათი ლიდერები არ იქნებიან ივანიშვილი და სააკაშვილი. თუ ასე არ მოხდება, იქნება ორი ადამიანის თამაში, ორი მილიარდერის თამაში. არანაკლები ფული აქვს სააკაშვილს მოპარული ამ ქვეყანაში, მათ ფული არასდროს დაუმთავრდებათ, ხალხი კი ღარიბდება. თუ ხალხს ასე ცხოვრება უნდა, კი ბატონო, აგერაა სააკაშვილი.
ბოლო დროს ხშირად ახსენებენ ირინა ენუქიძეს. ისიც კი გავიგეთ, რომ თურმე ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით. ეს არის თუ არა სპეკულაცია გარდაცვლილის სახელით?
- იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც დღეს ქალბატონი ირინას სახელს იყენებს, ირინა ენუქიძის გვერდით არ მახსოვს. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ბოლომდე გვერდში ვედექით ქალბატონ ირინას და როდესაც ეს ქალბატონი გარდაიცვალა 2007 წელს, ძალიან ცოტა ადამიანი იყო მის გასვენებაში მოსული. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღეს მის სახელს იყენებს, მის გვერდით არ მახსოვს, ამ ადამიანებს ვერაფერს ავუკრძალავთ, მაგრამ საკუთარ თავში ჩაიხედონ. ყველაზე მეტად მიკვირს, რომ განსაკუთრებით „იმედზე“ გამოაჩინეს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი „ექსპერტები“. შვილებს გეფიცები, ამ ხალხის პოლიტიკურად არსებობა 2017 წლის შემდეგ გავიგე. სად იყვნენ, რა მოცემულობაში, არ ვიცი. ერთი სამხედრო ექსპერტი რომ გამოჰყავთ, ოქრუაშვილის ხელის ბიჭი იყო. ძალიან უღირსად საუბრობენ, ყველაფერს რასაც უწერენ, იმას იმეორებენ. მებრძოლი ადამიანი თავის სიტყვებშიც ღირსეულია. რაც შეეხება ირინა ენუქიძეს, ქალბატონი ირინა კერკეტი კაკალი და ძლიერი ქალი იყო. ირინა ენუქიძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, მურუსიძე სასამართლოში რომ არ იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ბოდიშს ვიხდი ირინა ენუქიძის მარადიული სულის წინაშე, რომ მურუსიძე სასამართლოშია, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, ეს რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ვერ შევძელი. თუმცა ბრძოლა არ შემიწყვეტია, ბრძოლას ვაგრძელებ, როგორც შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სახელმწიფო გავწმინდოთ „ავგიას თავლისგან“. ავგიას თავლაში ვგულისხმობ ყველა იმ მოსამართლეს და პროკურორს, ვისაც სააკაშვილის დავალება შეუსრულებია; პოლიციელებსაც ვგულისხმობ, ვინც კოდუას, მერაბიშვილის დავალებებს ასრულებდა. ამ ადამიანებს ვეტყვი, თქვენ ცუდი ადამიანები ხართ, სისტემამ რომ მოგთხოვოთ, იმავეს გააკეთებთ. თქვენი სული გახრწნილია, ყველაფრის მკადრებლები ხართ. ახლა რომ არ კადრულობთ, იმიტომ კი არა, რომ კარგები ხართ, უბრალოდ, არ გთხოვენ ამას, თორემ რომ მოგთხოვონ, იმავეს გააკეთებთ.
სავსებით ვეთანხმები ივანიშვილის საკითხშიც. მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა მისი, როგორც ქველმოქმედის, მიმართ, მაგარი შეცდომა იყო "შუას გაკრეფაც" და ნაც-კრიმინალების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელთა შექებაც საჯაროდ და საქვეყნოდ (ამის შესახებ რომ არაერთხელ არ მეწერა წლების განმავლობაში, არც ახლა ამოვიღებდი ხმას): ზოგი რომ "ქართული სასამართლოს შემქნელი იყო", ზოგი - ნიჭიერი იურისტი, ზოგი - საუკეთესო მენეჯერი და ა.შ.
ამას მოჰყვა მერე ყოფილი დამნაშავეების არა მხოლოდ შენარჩუნება სისტემაში, არამედ დაწინაურებაც... ნაცვლად ციხისა და მათთვის ამ სფეროში მუშაობის აკრძალვისა!
ჰოდა, დღეს უკვე საერთო ფრონტით გადმოვიდა ნაცმოძრაობა შეტევაზე: არ მივიღებთ და არ ვცნობთ არავითარი არჩევნების შედეგებს, სადაც ჩვენ არ ვიქნებით გამარჯვებულიო!!!
ამას ჰქვია, ნემსის წვერით გასაჭრელი ნაჯახით გასაჭრელი გახადესო...