საგარეო საქმეთა მინისტრმა გასული წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. მინისტრი გაერთიანებული ერების ცნობილ დადგენილებას ქართული დიპლომატიის ყველაზე დიდ მიღწევად თვლის, თან აცხადებს, რომ რუსეთი არ შეცვლილა საქართველოს მიმართ და ვერც იმ პროგნოზს აკეთებს, უახლოეს მომავალში შეიცვლება თუ არა მეზობელი სახელმწიფოს მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ...
რადგან წელი მთავრდება, რადგან შედეგები ჯამდება და რადგანაც მინისტრი დიპლომატიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად გაეროს ცნობილ რეზოლუციას მიიჩნევს, რომელიც ქართული მხარის სასარგებლოდ იქნა მიღებული ამ ორგანიზაციაში, გავიხსენოთ, როგორ და რამდენმა გაეროს წევრმა ქვეყნამ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას.
თუმცა, მანამდე, აი, რას აცხადებს მინისტრი: „ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გაეროს რეზოლუციის მიღებას, სადაც გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს სამედიცინო დიაგნოზი დაუსვა.... რუსეთს ყოველ წელს მოუწევს ამ მწარე აბის გადაყლაპვა. დამიჯერეთ, რუსული დიპლომატიისთვის გენერალურ ასამბლეაზე წარუმატებლობა განსაკუთრებით მტკივნეულია". მისივე თქმით, გაეროს რეზოლუცია რუსეთის დიპლომატიის დამარცხება იყო
გაეროში 191 წევრი სახელმწიფოა. წელს ქართულ მხარის სასარგებლო დადგენილებას 52 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. შარშანაც მიიღო გაერომ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში დადგენლება, ოღონდ, მაშინ ამ რეზოლუციას 50 ქვეყანა დაეთანხმა. მატება სახეზეა, მაგრამ საერთო რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, გაეროს წევრი ქვეყნების მეოთხედის მხარდაჭერა, წესით, დიდი ზარზეიმით აღსანიშნი ფაქტი არ არის. აქვე ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გაეროს რეზოლუციას წელს მეზობელმა სომხეთმა არ დაუჭირა მხარი, არადა, წესით, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან დამაფიქრებელი ფაქტი უნდა იყოს.
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ქვეყნის წარმატებით რატომ იბოღმებითო, პასუხი მარტივია - ამ ქვეყანას საქმე ასე იმიტომ „დაუდგა“, რომ მისმა ხელისუფლებამ 2008 წელს უდიდესი შეცდომა დაუშვა სამაჩაბლოში და ქვეყნის საგარეო წონაც კატასტროფულად შემცირდა. სწორედ იმ ომის შემდეგ იყო ის „მძიმე დუმილის ხანაც“, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს არცერთი მისი კოლეგა აღარ ხვდებოდა, რაც მთავარია, წლის ბოლომდე არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა შეხვედრია...
ეს ყველაფერი, ექსპერტთა აზრით, სწორედაც რომ ხელისუფლების ალოგიკური პოლიტიკური ქმედებების შედეგია. ამ ფონზე კი, ალბათ, გასაკვირიც აღარაა, რომ ვაშაძე გაეროს რეზოლუციას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს. როგორც ჩანს, ჩვენი საქმე ზუსტად იქამდე მივიდა, ერთით მეტი ხმაც თუ მოვიპოვეთ, ესეც დიდი მიღწევაა უკვე...
აქ კი კიდევ ერთი კითხვა ისმება: მერე, რას მოიტანს ეს რეზოლუცია, თუ მას რუსეთი არ შეასრულებს და დევნილებს თავის სახლებში არ დააბრუნებს? ყველას კარგად ახსოვს, რომ 2010 წელს რუსებმა ევროპის სამი ლიდერის: გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ გაიყვანა ჯარები პერევიდან და მორჩა... მაშინ ყოფილმა დიპლომატმა, ვანო მაჭავარიანმა რუსეთის ეს ნაბიჯი ასე შეაფასა: „ეს არის კარტბლანში სარკოზისათვის და პერევის იქით საქმე აღარ წავა“. არც წასულა და არც გაეროს რეზოლუცია გახსენებია ვინმეს...
აი,
კიდევ რას ფიქრობს თავად მინისტრი ვაშაძე „მწარე აბების მყლაპავ“ რუსეთზე: ”რუსეთი დღეს ძალიან ბევრი რამით არის
დაინტერესებული, მათ შორის - მოდერნიზაციით და საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების
გადაჭრით. ის დაინტერესებულია განსაზღვროს
საკუთარი ქვეყნის პერსპექტივები.
ქვეყანა მხოლოდ გაზსა და ნავთობზე დიდხანს ვეღარ იარსებებს.
გერმანიაში გაზის საბადო აღმოაჩინეს.
აქედან ქვეყანას 60 წლის განმავლობაში საკმარისი გაზის მიღება შეუძლია. შესაბამისად,
სურვილის შემთხვევაში, ის რუსეთის
ზეგავლენისგან ადვილად გათავისუფლდება. აქედან გამომდინარე, რუსეთს უფრო მეტად
სჭირდება პოლიტიკური დასავლეთი, ვიდრე პოლიტიკურ დასავლეთს - რუსეთი.
დასავლეთთან კონფრონტაციით რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ მოთმინებაა საჭირო. ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, უფრო ადრე, ჩვენ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ვინმე წარმოიდგენდა, რომ რუსები გავიდოდნენ ავღანეთიდან? მით უმეტეს, არავის დაესიზმრებოდა, რომ ბალტიის ქვეყნებს დატოვებდა...”
მაშინ რუსეთმა საქართველოც დატოვა და საბჭოთა კავშირიც დაიშალა... მერე საქართველო “ნატოსა“ და „ევროკავშირსაც“ დაუახლოვდა... გაჩნდა ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების რეალური შანსიც.. რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზები გაიყვანა აფხაზეთიდან და საქართველოს მთელი ტერიტორიიდანაც... ყველაფერი თავდაყირა ისევ 2008 წლის ომის შემდეგ დადგა...
როცა ვაშაძე ამბობს, დასავლეთთან კონფრონტაცია რუსეთს არაფერში აწყობსო, აქ მას ალბათ, იმ საკითხის ხაზგასმა „დაავიწყდა“, რომ არც დასავლეთს აწყობს პოლიტიკური ლაგამის ამოდების გარეშე რუსეთის არსებობა, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ კონფრონტაციას... ამიტომაც დაიწყო ამერიკული „გადატვირთვის პოლიტიკა“ და თუ ექსპერტებს ვერწმუნებით, ამიტომაც განაცხადა ევროკავშირის ტრიბუნიდან სააკაშვილმა, რუსეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოვიყენებთო...
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების საჯაროდ აღებას დასავლეთის დედაქალაქებში არა მარტო ძალიან დიდი გამოხმაურება, არამედ პოზიციების გადაფასება მოჰყვა. რაც ყველაზე მთავარია, ყველა დედაქალაქიდან, განსაკუთრებით - ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უკვე რეგულარულად ისმის მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ მსგავსი ვალდებულება თავადაც აიღოს”, - ხაზგასმით აღნიშნა პრესკონფერენციაზე ვაშაძემ და პრეზიდენტის ეს გამოსვლა წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.
თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად რუსული მხარე პრეზიდენტის ამ ინიციატივას არ გამოხმაურებია. როგორც უკრაინის ექსპრეზიდენტმა, კუჩმამ პრესაგე.ტვ-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი მანამდე არ დიჯერებს სააკაშვილის ნათქვამს, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ის გულწრფელია და მისი შეთავაზება მოჩვენებითი არ არის.
სხვათაშორის, ექსპერტების აზრით, დასავლეთსა და ამერიკას კონსტრუქციული რუსეთი რომ სჭირდება, ამის დასტურია 2010 წლის განმავლობაში ატეხილი მითქმა-მოთქმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვეტოს უფლების გამოყენების პრეროგატივა სწორედ საქართველოს აქვს და ქართველი პოლიტოლოგები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ამ მნიშვნელოვან საბრძოლო იარაღს ქართული მხარე, უბრალოდ, გაანიავებს.
ვეტოს თემასთან მიმართებაში სიტუაცია მართლაც რომ სატირლად არის ქცეული: თუ ამ უფლებას წინა ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის იყენებდა, რომ 90-იან წლებში დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა, ახლა ეს „კოზირი“ შეიძლება, რუსული ბაზრის (რომელიც ისედაც ღია გვქონდა „ვარდების რევოლუციამდე“) კვლავ გახსნაში, 2008-ში დამატებით დაკარგულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაში, ანაც ხელისუფლებასთან საეჭვო სიყვარულში შემჩნეული გიორგი თარგამაძის შეთავაზებაში გაიცვალოს. არავინ იცის, რა მოხდება...
ფაქტია, ამ ხელისუფლებამ საქმე თავადვე გააფუჭა არაფრისმაქნისი ომით და ახლა თავად გვეუბნებიან - მოითმინეთო... არდა, „გაგანია“ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს არ აქვს თავისი პროდუქციის გასაღების ისეთი ბაზარი, როგორც რუსეთი იყო თავის დროზე... ფაქტია, ამ ბაზრის დაკარგვას ექსპერტები სამართლიანად აბრალებენ „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსული „ნაციონალებისა“ და პრეზიდენტ სააკაშვილის არაადექვატურ პოლიტიკას, რომელიც ომით დაგვირგვინდა...
შედეგად, ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიცია.. არადა, პრემიერ-მინისტრ გილაურის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუს თანახმად, დაახლოებით 800 მილიონზე მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, ცოტა რომ ამოვისუნთქოთ. ამ დროს კი, ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, აქედან ის ინვესტორებიც გარბიან, ვინც აქამდე დაიჯერა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მართლაც შეიძლება. დონალდ ტრამპმაც ვეღარ ჩამოაღწია საქართველომდე...
პრესაგე.ტვ-ის კითხვაზე, როგორ გადაწყდება რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი, ვაშაძემ უპასუხა: „რა გეგმები გვაქვს, მე რომ გიპასუხოთ, ეს იმას ნიშნავს, რუსულ სადაზვერვო სამსახურებში გამოვცხადდე და ვუთხრა ყველაფერი. ეს საკითხი საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს, რუსეთმა საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით უნდა მიმართოს. როგორც კი ჩვენ ამ თხოვნას მივიღებთ, პოზიციებს შევაჯერებთ. რუსეთის გაწევრიანება არც საქართველოს ინტერესების საზიანოდ, არც ორგანიზაციის წესებისა და პროცედურების დარღვევით არ მოხდება“.
ისე, მართლაც საინტერესო იქნება, როგორ სთხოვს რუსეთი საქართველოს - მსო-ში გამაწევრიანეო, როცა მინისტრი თავად აცხადებს, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არაფერი შეცვლილაო. პრესაგე.ტვ-ს კითხვაზე, შეიცვალა თუ არა რუსეთის პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ, ვაშაძემ ამ კითხვასაც უარყოფითი პასუხი გასცა და კვლავ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა გვირჩია.
საგარეო საქმეთა მინისტრი: „თუ შევადარებთ რუსეთის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, მაგალითად - დავიწყებთ ნორვეგიიდან, ფინეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, რომლებთანაც მას მეტ-ნაკლები ცივილიზებული ურთიერთობები აქვს, რაც უფრო სამხრეთისკენ ჩამოვდივართ, მით უფრო მეტად მძიმდება ეს სურათი... თუმცა, სიგნალი იმის შესახებ, რომ რუსეთი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას, საქართველომდეც მოვიდა... ან საბჭოთა კავშირის აღდგენაზე უნდა იოცნებოს, ანდა საკუთარი დემოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი შეაფასოს“...
ასეა ალბათ, როცა დათვთან მოქცევა არ იცი, იმას უნდა უცადო, თავად დათვი როდის „მიხვდება“ - ცუდად რომ „გექცევა“... ასეთი იყო საქართველოს გასული წლის ბობოქარი დიპლომატიური ცხოვრება, სადაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ რიგმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის მიერ ოკუპაციის აღიარება დაიწყეს და პოლიტიკოსებმა თუ დიპლომატებმაც „ნაციონალური პოლიტიკით“ გაფუჭებული საქმის სწორი მიმართულებით გამოსწორება დაიწყეს, ანუ შედეგიანი საქმიანობა განახორციელეს....
ქართული საზოგადოებისთვის კი მთავარი კითხვა, ალბათ, მაინც ის არის, ისწავლის თუ არა ეს ხელისუფლება საკუთარ შეცდომებზე? ალბათ, სჯობს რომელიმე მართული ტელევიზიების მომზადებული სიუჟეტების შემდეგ 2010 წლის „სარკეში“ კარგად ჩაიხედონ და თავისი შეცდომები მკაფიოდ დაინახონ, იქნებ მომავალში აღარ გაიმეორონ... თანაც საქმე ხომ დიდ პოლიტიკას ეხება, სადაც საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, წამგებიანი პოზიციები უკავია. თორემ - კარგის მოხდეს და დაწერას რა უნდა?