საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეო კადრების გავრცელებამ საზოგადოება ისევ ორ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი მმართველ გუნდს ადანაშაულებს, მეორე ამართლებს.
აღნიშნულ თემაზე for.ge-თან საუბარი უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ არ ისურვა და ეს იმით ახსნა, რომ სააკაშვილზე გავრცელებული ვიდეოების თემა თუ მისი შიმშილობის საკითხი, მის კომპეტენციაში არ შედის.
სამაგიეროდ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი „განაჩენზე“ და სამომავლო შედეგებზე ვრცლად გვესაუბრა.
ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ძალიან გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ პატიმართან მიმართებაში, ობიექტურ რეალობას ასახავს. სასამართლომ მოითხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ხოლო სახელმწიფოსგან მოითხოვა ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზრუნავს პატიმრის უფლებების დაცვაზე. ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი არასდროს შეგვაქვს. მან ამ შემთხვევაშიც რეალური გადაწყვეტილება მიიღო.
24 ნოემბერს, როდესაც სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას გაუგზავნის, დაერთვება თუ არა ის ვიდეო-კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანას ასახავს?
- ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება როგორც მტკიცებულება თან დაერთოს. ზუსტი პროცედურები არ ვიცი, ეს უფრო იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა და მე ვერ ჩავერევი. თუმცა, რა თქმა უნდა, ანგარიში მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება თუ როგორ არის დაცული პატიმრის უფლებები.
ვიდეოების გავრცელების შემდეგ საზოგადოება ორად გაიყო. ერთი ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული არ არის, მათ რა პასუხს გასცემდით?
- აღნიშნული ვიდეოები საზოგადოების შესაფასებელი ნამდვილად არ არის, ეს არის კვალიფიციური, მცოდნე ადამიანების შესაფასებელი. ვერც პარლამენტის წევრი, ვერც ჟურნალისტი, ვერც სხვა პროფესიის წარმოამდგენელი ამას ვერ შეაფასებს იმიტომ, რომ ეს ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ იცავს პენიტენციური სამსახური კანონის მოთხოვნებს. როგორ იცავს კანონის მოთხოვნებს პენიტენციური სამსახური ეს იციან ამ დარგის სპეციალისტებმა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის საზოგადოებაში დისკუსიის საგნად გადატანა სწორად არ მიმაჩნია, რადგან ძალიან სპეციფიკური საკითხია, რომელიც სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს.
24 ნოემბრის შემდეგ, რას ელით სტრასბურგის სასამართლოსგან, რა დასკვნას დადებს?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თავად სააკაშვილი მათ მოთხოვნას როგორ შეასრულებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სააკაშვილის მიმართ არანაირი კანონი არ ირღვევა და პენიტენციური სამსახური კანონის ფარგლებში მოქმედებს.
ასევე გვერდს ვერ ავუვლით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ რუსული ტელეგადაცემის ჩანაწერს, სადაც საქართველოს დროშა ფეხქვეშ ჰქონდათ. თქვენ პარლამენტის საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით და აღნიშნულ ქმედებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რა რეაგირება მოჰყვება?
- რუსებს საქართველოს წინაშე ბევრად უფრო დიდი და მტკივნეული დანაშაული აქვთ ჩადენილი. მათ შორის საქართველოს ოკუპაცია, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია და ყველაზე დიდი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სატკივარი და არა რომელიღაც გადაცემაში რა მოხდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტი არ არის, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული და შეურაცხყოფა ქართველ ხალხს მიაყენეს ჩვენი მოქალაქეების გამოყრით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ესაუბრა. დეტალურად თუ შეგიძლიათ გვითხრათ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის რა საუბარი შედგა?
- ვადასტურებ ინფორმაციას, რომ საუბარი ნამდვილად შედგა. თუმცა, აღნიშნული საუბრის დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი ის, რაც ოფიცალურად გავრცელდა. ვიცი მხოლოდ ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა ის, რომ უკრაინის მოქალაქის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ასევე, მიუღებელია, როდესაც უკრაინის ჩინოვნიკი (მიხეილ სააკაშვილი. რედ) არალეგალურად ჯერ უკრაინის, შემდეგ საქართველოს საზღვარს კვეთს. ამით ის შეურაცხყოფას აყენებს ორივე ქვეყანას.