ბაჩო ახალაიას შემდეგ, ჩეჩნური დიასპორის მხრიდან საფრთხის წინაშე უკვე მისი ძმა, დათა ახალაია დადგა. კუდ-ის ყოფილი შეფი ამბობს, რომ ლაფანყურის ავანტურა, მისი და მისი ძმის - წინააღმდეგ დაიგეგმა, რომელიც გია ლორთქიფანიძის ხელით ვანო მერაბიშვილმა განახორციელა.
„გაწირა რა, სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან,“ - წერს ახალაია. საფრთხე, რომელზეც ახალაია საუბრობს, რეალურია და ამის შესახებ for.ge-სთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი, მექა ხანგოშვილიც ადასტურებს.
მექა ხანგოშვილი: რაც შეეხება დათა ახალაიას იმ განცხადებას, რომ მისი და მისი ძმის წვლილი ძალაინ მცირეა, ეს აბსურდია. მინისტრის ბრძანების გარეშე, მსგავსი ოპერაცია გამორიცხულია, თუნდაც, გია ლირთქიფანიძეს თავისი ნებით ჩაეტარებინა. რაც შეეხება საშიშროებას, რასაც ძმები ახალაიები გრძნობენ, ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს და რეალურიც არის. ჩეჩნები მოღალატეებს არასოდეს პატიობენ. რა თქმა უნდა, მათი სამიზნე არის როგორც ბაჩო ახალაია, ასევე მისი ძმა დათა ახალაია. თუ კი თვითონ უშუალო მონაწილეზე ვერ ხერხდება შურისძიება, მაშინ ძმაზე გადადის შურისძიება. ამ შემთხვევაში, ვიცით რას აკეთებდნენ ორივე ძმები.
ამბობენ, რომ თურქეთში დათა ახალაის კვალზე გავიდნენ ჩეჩნები, როგორც ეს მისი ძმის შემთვევაში მოხდა...
- მე ზუსტად ვიცი, რომ ბაჩო ახალაიას კვალზე გავიდნენ ჩეჩნები, ჯერ ევროპაში და შემდეგ თურქეთში. ბაჩო ახალაიას კვალს რომ დაადგნენ ჩეჩნები, სწორედ ამიტომ გამოიქცა ის თურქეთიდან. თავისმა ახლობელმა, რომელიც თან ახლდა სასამართლო პროცესზეც ახალაიას, უთხრა, რომ საფრთხე რეალურია და წამოდიო. ამიტომ გამოიქცა იქიდან და ციხეს შეაფარა თავი. მსგავსი საშიშროების წინაშეა ახლა მისი ძმაც და ამიტომ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე.
ანუ დათა ახალაიას კვალზეც გავიდნენ ჩეჩნები?
- ამის დადასტურება ამ წუთებში არ შემიძლია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ჩეჩნური საფრთხე რომ რეალურია, ამას გიდასტურებთ. სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი 9 ჩეჩენი ცოცხალია, ისინი არიან თურქეთში და ევროპის სხვა ქალაქებში და რა თქმა უნდა, სრულიად რეალურია, რომ მათი მხრიდან საფრთხე ემუქრებოდეს დათა ახალაიას. ორივე ძმები იმ დღიდანვე გრძობდნენ ამ საფრთხეს.
ახალაია თავის მიმართვაში აღიარა, რომ ვითარება დაეძაბათ ორივე ძმებს ქისტებთან. როგორ ფიქრობთ, საფრთხის წინაშე მყოფი ახალაია ცდილობს, რომ მოინანიოს დანაშაული?
- ძალიან საინტერესოა, ახლა გახდნენ ძმები და როცა ხოცავდნენ მაშინ არ იყვნენ ძმები?! როცა ისინი ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ისტორიულად ძმები ვართ და ნუ დაუშვებთ, რომ ჩვენს შორის ისევ ჩამოვარდეს შუღლი, აფხაზეთის ამბებიც გვეყოფა, როცა მესამე ძალის ჩარევით დაგვაშორიშორეს ერთმანეთსო. ძალიან ბევრჯერ უთხრეს ეს უშუალოდ ბაჩო ახალაიას, სანამ ჩახოცავდენ ამ ბიჭებს. მაშინ რატომ არ იყვნენ ძმები ეს ბიჭები?! ახლა გახდნენ ძმები, როცა მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა?
ჩეჩნებისთვის ქართველები ძმები არიან და ასეც იქნება. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებმაც ჩახოცეს ეს ბიჭები. ჩეჩნებმა ამ ორ ომში 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძალიან ღირებულია კავკასიელებისთვის, ამასაც გადაიტანდნენ, რომ არა ასეთი მძიმე ფორმის ღალატი.
როდესაც ადამიანები შენ თვითონ შეიყვანე, მოამზადე და ამ დროს შენი პიარის გამო, შენვე ხოცავ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი ღალატი, რომელსაც გამართლება არ აქვს.
გარდა ახალაიებისა, არის თუ არა პრეტენზია ქვეყნის პირველი პირის მიმართ?
- მე პირადად მაქვს პრეტენზია ქვეყნის პირველი პირის მიმართ. მისი გარეშე გამორიცხული იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარება. ბაჩო ახალაია მშიშარა ადამიანია და ის ვერ გაბედავდა თავად მიეღო გადაწყვეტილება სპეცოპერაციის ჩატარებაზე. ქვეყნის პირველი პირის და ძმები ახალაიების მიმართ აქვთ ჩეჩნებს პრეტენზიები. ვინც ამ ოპერაციაში ღებულობდნენ მონაწილეობას, ისინი მეუბნებიან, რომ 2 საათის განმავლობაში ეხვეწენოდნენ ბაჩო ახალაიას, რომ არ დაუშვათ სპეცოპერაციის დაწყება და ამ ბიჭების ლიკვიდაციაო.