ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი მტკიცებულება გამოიკვეთა

ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი მტკიცებულება გამოიკვეთა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის, ჯეფრი სილმერვანის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები განადგურებულია. ჯეფრი სილვერმანის განცხადებით, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. მისივე თქმით, ის ამერიკაში ესაუბრა ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, ვინ გაანადგურა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები.

კერძოდ, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით, ზურაბ ჟვანიას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები გაანადგურა. რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში for.ge-ს განუცხადეს, რომ პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა საინტერესო მოწმე იქნება დაკითხული. რას ფიქრობს ჯეფრი სილვერმანის განცხადებაზე და რა კითხვები აქვს თემურ ალასანიასთან? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge საქართველოს პარელამენტის წევრს, ყოფილი პრემიერის ძმას, გიორგი ჟვანიას ესაუბრა.

გიორგი ჟვანია: ეს არის პროკურატურის გამოსაკვლევი. არაერთხელ მისაუბრია, რომ მოხდა ზურას საქმის გაყალბება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა დეტალურად ვერ ვისაუბრებ ყველაფერზე, თუმცა შეკითხვები ჩნდება ფედერალური ბიუროს დასკვნასთან დაკავშირებით.

დასახელდა კონკრეტული პიროვნება, რომელმაც უშუალოდ გაანადგურა საქმეში არსებული მტკიცებულება, იმისათვის, რომ აშშ-ში არ შელახულიყო მიხეილ სააკაშვილის იმიჯი...

- ფედერალური ბიუროს დასკვნითი ნაწილი ეწინააღმდეგება საქმის დანარჩენ შინაარს. ეს უკვე თავისთავად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დასკვნაზე მუშაობდნენ, კეთილსინდისიერად არ მოეკიდნენ ამ დასკვნას. ფედერალური ბიუროს ექსპერიმენტული ნაწილი, ცალსახად ღაღადებდა, რომ იმ ბინაში არანაირი სასიკვდილო გარემო არ არსებობდა. თუმცა, დასკვნით ნაწილში ეთანხმებიან ოფიცუალურ ვერსიას, რაც სრულიად ურთიერთგამომრიცხავია.

რაც შეეხება გამოძიებას, მინდა გითხრათ, რომ გამოძიება შესულია ძალიან ინტენსიურ ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ჩანს. რაც შეეხება ამ კონკრეტული ადამიანის განცხადებას, ბუნებრივია, ეს საკითხი შესწავლილი იქნება გამოძიების მხრიდან. ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა ამ პიროვნებამ. ამ ადამიანის სახელი და გვარი ნამდვილად სიახლეა ჩემთვის.

გამოძიების მხრიდან თუ გამოიკვეთა ახალი დეტალები?

- შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია ამ საქმეში გამოკვეთილი. არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ პრემიერ მინისტრის მკვლელობის საქმე ძალიან მალე გაიხსნება და ყველა გაიგებს სიმართლეს. ინტენსიური თანამშრომლობა მაქვს გამოძიებასთან. გამოძიება მიდის სწორი გზით.

ბატონო გოგლა, იკვეთება პრეზიდენტის ბრალეულობა?

- კონკრეტულ პერსონებს რაც შეეხება, პასუხს მივიღებთ მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება. მე პირადად არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მონაწილეონდა ამ საქმის მასალების გაყალბებაში. მათ შორის, - ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი აყალბებდნენ ამ საქმის მასალებს. რატომ ხდებოდა ეს, ამას უკვე გამოძიება გასცემს პასუხს.

თქვენ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს ადანაშაულებდით საქმის მასალების გაყალბებაში...

- დიახ, ეს ადამიანები აყალბებდნენ ამ საქმეს. გამოძიებას აწარმოებდა ადეიშვილის უწყება. არაერთი სიყალბე აქვს ჩადენილი. ყოველთვის ვსაუბრობდი იმ ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება პრეზიდენტის ბიძას, თემურ ალასანიას. ოჯახი საუბრობდა, რომ პრემიერის გარდაცვალების საქმეში იკვეთებოდა მისი კვალი. დღეს რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- შემიძლია, ჯერჯერობით, გითხრათ ერთი რამ, რომ თემურ ალასანიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

მტკიცებულების განადგურებაში, შესაძლოა, თემურ ალასანიას კვალი იკვეთებოდეს? ის საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა აშშ-ში...

- იმ წლებში სააკაშვილსაც ჰქონდა დიდი გავლენა. ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი, ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

სააკაშვილი ამბობს, რომ პრემიერი იყო მისი უახლესი მეგობარი და ძალიან დაზარალდა მისი ხელისუფლება პრემიერის გარდაცვალებით...

- სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც სიმართლეს საერთოდ არ ამბობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს სიმართლის ლაპარაკის უნარი საერთოდ არ შესწევს. რასაც ის ზურასთან დაკავშირებით ამბობს, ეს საერთოდ ცინიზმი და უზნეობაა.