კომუნალური გადასახადების გაძვირების წელი საშინელი “ზალპით” დასრულდა. თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადი 110%-ით გაუძვირდა. ასეთი ზრდა წლეულს არც ერთ გადასახადს და არც ერთი პროდუქტს არ შეხებია. გიგი უგულავა მოსახლეობის ჯიბის ამოსუფთავებას შეუდგა.
გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 36 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღეს. მოსაკრებლის გაზრდას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად თბილისის მერის მოადგილემ, საქალაქო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტარიელ ხიზანეიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, საფასურის გაზრდის მოთხოვნა განპირობებულია ხარჯებითა და საჭირო ტექნიკის შეძენის აუცილებლობით. ხიზანეიშვილმა ინფორმაციით, რომ დღიურად თბილისში მოსახლეობისგან 1000 ტონა ნარჩენი გროვდება.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დასუფთავების მოსაკრებელი 50%-ით გაძვირდება სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც. ისინი ყოველთვიურად 60 თეთრის ნაცვლად, სულზე 1,25 თეთრს გადაიხდიან.
საკრებულოს ნაციონალურმა უმრავლესობამაც თბილისის მთავრობისამ ორივე ინიციატივას მხარი ისე დაუჭირა, რომ ერთი კითხვაც კი არ გასჩენია. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა ამაზე განცხადება არავის გაუკეთებია.
“კარგად ხედავთ, როგორ არის ჩვენი ქალაქი დასუფთავებული. აქამდე არსებული ტარიფი რეალურ დანახარჯებს არ ასახავდა, საკრებულოში შემოსული პროექტით გათვალისწინებული თანხა კი რეალურთან მიახლოებულია. გარდა ამისა, დასუფთავების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იგეგმება, მათშორის - ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის გაკეთება და დასუფთავების ტექნოლოგიების გაუმჯობესება, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული”, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ და განმარტა, რომ სოციალურად დაუცველიმოსახლეობისთვის არსებული შეღავათები ძალაში დარჩება.
ხელისუფლების ეს ქმედება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიციამ.
“ხელისუფლებამ თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულო მხოლოდ გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ჯერ იყო, პარკირების, შემდეგ კი წყლისა და ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა.
საახალწოდ კი დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს ახალი “საჩუქარი” მოუმზადა, რაც დასუფთავების ტარიფის 110%-ით გაძვირებას გულისხმობს”, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების წევრმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.
იგი ამტკიცებდა, რომ წარმოდგენილი ციფრების გადაანგარიშებით, ნაგვის მოსაკრებელი სულზე 1,50 თეთრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა თინა ხიდაშელმა და ფრაქცია “ჩვენი თბილისის” თავმჯდომარე დავით საგანელიძემ ტარიელ ხიზანეიშვილს ტარიფის გაზრდის აუცილებლობის დასამტკიცებლად ფინანსური გაანგარიშების წარმოდგენა მოსთხოვეს, რაც საკითხის პროექტს თან არ ერთვოდა.
დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას გააპროტესტა პარტია “საქართველოს გზის” წარმომადგენელმა და ფრაქცია “დედაქალქის” წევრმა ნათელა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტი მოსახლეობაზე განხორციელებული ფინანსური რეკეტით შეავსოს.
ბოლო 2 თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებელთან ერთად გაიზარდა წყლის და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადები, უმუშევართა და სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს უტოლდება.