ბიზნესის ნაწილს მწვანე ბარათების სისტემა აქედანვე აღარ მოსწონს

ბიზნესის ნაწილს მწვანე ბარათების სისტემა აქედანვე აღარ მოსწონს

მწვანე ბარათების ამოქმედება რამდენიმე დღეა დაანონსდა და ბიზნესის წარმომადგენლებში უკვე უკმაყოფილება გამოიწვია. არადა, სანამ დეტალები გაირკვეოდა, თითქოს ყველა მხარს უჭერდა და ემხრობოდა ახალი ტიპის რეგულაციას. მერე კი ერთბაშად აღმოჩნდა, რომ ბევრს უკვე აღარ მოსწონს მწვანე ბარათების იდეა, რადგან ეს არსებულ გაურკვევლობას ვერ მოაგვარებს.

კერძო სექტორი ახლა იმაზე ალაპარაკდა, რომ სისტემა დასახვეწია და ვერ იმუშავებს. ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი თანახმაა, რომ იყოს „მწვანე სივრცეები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ შესაძლოა, სრული ქაოსი მივიღოთ.

„მწვანე პასპორტები“ დახვეწილად აქამდეც რომ მიგვეღო, არც ეს შეზღუდვები იქნებოდა და არც ამდენი ფატალური შემთხვევა. მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცეები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრულ ქაოსს მივიღებთ.

არსებული ფორმით „მწვანე ბარათების“ ამოქმედებით რას გვეუბნებიან? - გასართობ ცენტრში მოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვო პასპორტი, მაგრამ თუ ჩემთან მოსვლამდე სტუმარი ჩაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან შევა მოლში, სადაც არაა სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ და იქ დაინფიცირდება, ვამბობთ - მერე რა მოხდაო. ასევე გვეუბნებიან, რომ თანამშრომლებში სავალდებულო არ არის, მაგრამ სტუმარს „მწვანე პასპორტი“ უნდა ჰქონდესო. აქაც ძალიან ვცდებით ლოგიკას. რა აზრი აქვს, თუკი დახურულ სივრცეში ვირუსის შემოტანას ვერ შევაჩერებთ?

„მწვანე სივრცეები“ აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რესტორანი, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტები, მაინც ფუფუნების საგანია ადამიანებისთვის. ამიტომ თუ გამოვტოვეთ ისეთი ობიექტები, როგორიც არის სავაჭრო ცენტრი და სხვა, სადაც ყოველდღიურად გვიწევს შესვლა, მაშინ ბალანსი როგორ მოხდება და როგორ გადაეფარება ეს დამცავი ფენა საქართველოს, რათა ამხელა სიკვდილიანობა აღარ გვქონდეს? მსგავსი წერტილებიც უნდა ამოევსოთ, რომ გავრცელება აღარ მომხდარიყო“, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა გადაცემაში „საქმე“.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძეც 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ დაანონსებული ფორმით ამოქმედებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ახალი რეგულაციის მიღება ქორწილების და დაბადების დღეების დაშვებით უნდა მომხდარიყო, სხვა შემთხვევაში კი ამის ადმინისტრირების მოტივი ბევრ კვების დაწესებულებას არ გაუჩნდება. მწვანე პასპორტების შექმნის რეალური მოტივი იმუნიზაციის წახალისება უნდა ყოფილიყო, მოცემული ფორმულირება კი ამის საბაბს არ იძლევა.

„ბიზნესს შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ამ დრომდე მოქმედებს, მწვანე ზონის შექმნის შემთხვევაში მოხსნილიყო. კერძოდ, აკრძალული ქორწილების და დაბადების დღეების დაშვება, მწვანე ზონის შემთხვევაში საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და ბიზნესისთვისაც. ეს არც ერთ პირობას არ აკმაყოფილებს, ამიტომ გაოგნებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რაც მიიღეს, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გამოვა და არაფრის მომცემი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს 1 დეკემბრამდე გადაიხედება და მოტივაცია გაჩნდება იმ შედეგის მისაღწევად, რისთვისაც ვიბრძვით.

იმ ფონზე, როცა მხოლოდ მესამედი გვყავს აცრილი, სარესტორნე ბიზნესისთვის ამის დაშვება ბენეფიტების გარეშე დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამის ადმინისტრირებას გარკვეული რესტორნები დარწმუნებული ვარ, რომ აღარ მიაქცევენ ყურადღებას და იგივე ქაოსი შეიქმნება, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „მწვანე პასპორტით“ სტუმრებს შესვლის უფლება ექნებათ კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მსგავსი გადაწყვეტილება არ ეხებათ სავაჭრო მოლებს, სილამაზის სალონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.