„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია ორ დღეში უნდა გაიმართოს და როგორც ცნობილია, ყოფილ მმართველ გუნდს საყოველთაო მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. თბილისში უკვე არაერთხელ ითქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დედაქალაქის მერიის საქვეუწყებო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მობილიზებას ცდილობენ. კერძოდ, საბავშვო ბაღების გამგეებს დავალებული აქვთ, რომ 19 აპრილის აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანონ. ასე თამამად ვერ იქცევიან ნაციონალები სკოლებში, თუმცა იქაც ცდილობენ, ჯერ კიდევ მათი გავლენის ქვეშ მყოფი დირექტორების მეშვეობით აქციაზე პედაგოგებიც გაიყვანონ.
ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს 19 აპრილის აქციისთვის მზადება. მაგალითად, ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, მერაბ ნუციბიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მას მოუწოდეს, 19 აპრილის აქციაზე თვითონაც წასულიყო და მისი სკოლის პედაგოგებისთვისაც „ხელი არ შეეშალა“, თუკი ისინი აქციაზე წასვლას გადაწყვეტდნენ.
მერაბ ნუცუბიძე: „ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა ზარი დაფარული ნომრით. ჩემი ვარაუდით, ეს ზარი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან, ან ოფისიდან განხორციელდა. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, „მთხოვეს“, რომ 19 აპრილს აქციაზე წასვლაში მასწავლებლებისთვის ხელი არ შემეშალა. ჩემი სკოლის პედაგოგების განწყობა კარგად ვიცი და შემიძლია ვთქვა, რომ მათგან არავინ აპირებს ამ აქციაზე წასვლას, არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ჩემი შიში აქვთ, ან რამეს ვაიძულებ. უბრალოდ, მათ აქვთ თავიანთი აზრი და წასვლას არ აპირებენ. მე მით უმეტეს, არ ვაპირებ აქციაზე წასვლას. ამის არც სურვილი მაქვს და არც დრო.
ბატონო მერაბ, თქვეთვის თუ არის ცნობილი, სხვა სკოლების დირექტორების მიმართაც თუ იყო ასეთი თხოვნა, რომლითაც თქვენ მოგმართეს?
- შეიძლება იყო ასეთი რამ. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე სხვა დირექტორებთან არ მისაუბრია, მაგრამ მე თუ დამირეკეს, სხვასაც დაურეკავდნენ.
თქვენ ამბობთ, რომ პედაგოგებში ისეთი განწყობაა, რომ სავარაუდოდ, თავისი ნებით აქციაზე არავინ წავა?
- თუ დააძალებს ვინმე და აიძულებენ, რომ ამ აქციაზე წავიდნენ - არ ვიცი, მაგრამ საკუთარი სურვილით იქ არავინ წავა. პედაგოგები ძალიან კარგად გრძნობენ თავს და დღევანდელი სიტუაციით კმაყოფილები არიან. მოგეხსენებათ, განათლების სფეროში გარკვეული ცვლილებები მოხდა პედაგოგების სასარგებლოდ. ამიტომ, როგორც ვიცი, აქციაზე წასვლას არავინ აპირებს, თუმც თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება, ნადვილად ვერ დავუშლი იქ წასვლას.
ბატონო მერაბ, ყველას კარგად გვახსოვს, ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ძალდატანებით ხდებოდა ადამიანების მობილიზება. მაგალითად, 2012 წლის სექტემბერში დინამოს სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის პრაქტიკულად მთელი საქართველოდან იყვნენ ადამიანები ჩამოყვანილი.
- დიახ, სწორედ ასე ხდებოდა ადამიანების მობილიზება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სკოლას მაშინაც არ მიგვიღია მათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, დავალებები იყო. ნაციონალების ნებისმიერ შეხვედრაზე გვავალებდნენ მასწავლებლების მიყვანას.
ახლა როგორი ფორმით გაკეთდა თქვენს მიმართ შეთავაზება აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ თხოვნა იყო?
- მე ჩავთვალე, რომ ეს თხოვნა იყო, მაგრამ სინამდვილეში თხოვნასთან ერთად მოთხოვნაც იყო, რომ პედაგოგები აქციაზე გამეშვა.
პირადად თქვენც მოგთხოვეს, რომ ამ აქციაში მონაწილეობა მიიღოთ?
- დიახ, რა თქმა უნდა.
თქვენ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რომ არ აპირებთ აქციაზე წასვლას?
- ჩემს პოზიციას მე ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ. მათ მაშინვე გავეცი პასუხი, რომ ამ აქციაში მონაწილეობის არანაირი არც სურვილი და არც დრო არ მაქვს.
ბატონო მერაბ, ასეთი შეკრებებისთვის ადამიანების მობილიზებას როგორც წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აკეთებდნენ ხოლმე, მაგრამ როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა დაკარგა. ახლა ვინ აკეთებს ამ ყველაფრის ორგანიზებას?
- როგორც მოგახსენეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი. მუნიციპალიტეტი ჩვენს სკოლასთან ახლოს არის, მაგრამ მის არც ერთ თანამშრომელს ჩვენთვის აქციასთან დაკავშირებით სიტყვაც კი არ უთქვამს. მე მგონი, თვითონაც არ აპირებენ წასვლას, ისეთ განწყობა აქვთ.
ზოგადად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია მოსახლეობის განწყობა, აპირებენ ისინი 19 აპრილის აქციაში მონაწილეობას?
- მე ვისაც ვიცნობ და ვისთანაც მქონია ამ თემაზე საუბარი, მათგან არავინ აპირებს ამ აქციაზე წასვლას. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლებისგან დავალებულები არიან და ვალდებულები არიან, ამ აქციაში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ მოსახლეობის მასა აქციაზე წასვლას არ აპირებს.