კაცობრიობის საკვებით უზრუნველყოფა უპირველესი პრობლემაა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმუმის მიღება შესაძლებელია მხოლოდ პროგრესული ტექნოლოგიების ათვისებით. თანამედროვე მიწათმოქმედების სტრატეგია მდგომარეობს არა სათესი ფართობების გაზრდაში, არამედ მათი გამოყენების გაუმჯობესებაში.
მიწათმოქმედების ინტენსიფიკაცია ქვეყნების ეკონომიკური გადარჩენისა და სასურსათო ფონდის გაზრდის მაგისტრალური გზაა.
თანამედროვე სოფლის მეურნეობის მრავალი პრობლემის წარმატებით გადაჭრა მოითხოვს ფუნდამენტურ კვლევებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოზიციებიდან. ინტენსიური ტექნოლოგია უნდა დამუშავდეს მცენარეთა ბიოლოგიურ თავისებურებათა ცოდნის, მათი ზრდისა და განვითარების პროცესების რეგულირების საფუძველზე. მრავალ ქვეყანაში შიმშილის ძირითად მიზეზი არა მოსახლეობის სიჭარბე, ან მიწის რესურსების ნაკლებობა, არამედ, სოფლის მეურნეობის მართვის სისტემების არასრულყოფილებაა. „სოფლის მეურნეობა ერთადერთი საშუალებაა“, - წერდა ჟან ჟაკ რუსო, - „სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს რომ ფლობდეთ და საჭმელი არ გაგაჩნდეთ, თქვენ მაინც სხვაზე იქნებით დამოკიდებულნი“.
არაშავმიწა რეგიონები ყოველთვის განიცდიდა ხორბლის უკმარისობას კარგი პურის გამოსაცხობად. ბიოლოგები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ეძებდნენ სხვადასხვა ხერხებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეს საკითხი ბრწყინვალედ გადაჭრა ჩვენმა თანამემამულემ ბაგრატ სანდუხაძემ, რომელიც აღიარებულია მე-20 და 21-ე საუკუნეების უდიდეს სელექციონერად.
ბაგრატ სანდუხაძე 1931 წლის 20 აპრილს,ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ლიტერატურით, ისტორიითა და ფილოსოფიით, თავი ჰუმანიტარად წარმოედგინა, თუმცა შემთხვევით აღმოჩნდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად კ. ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში გააგზავნეს.
1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 2005 წლიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია; 2013 წელს აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად; 2014 წელს გახდა დემიდოვის პრემიის ლაურეატი; 2003 წლიდან რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეა; მოსკოვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ნემჩინოვკის“ მეურნეობის საშემოდგომო ხორბლის სელექციისა და პირველადი მეთესლეობის ლაბორატორიის გამგეა. იგი რუსეთის სელექციონერთა კავშირის პრეზიდენტია; არის ჟურნალ „აგრო XXI“-ს წევრი; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია, აქვს 200-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, 3 მონოგრაფია, 15 საავტორო მოწმობა. შექმნილი აქვს საშემოდგომო ხორბლის 15 ჯიში. მან ექვსკაციანი კოლექტივით შეძლო ხორბლის ბარაქიანი მოსავლის მიღება იქ, სადაც ეს შეუძლებელი იყო.
მეცნიერის საპატივცემულოდ ხორბლის ჯიშს ეწოდა „ბაგრატი“. ჯონათან სვიპტი ამბობდა: „ის, ვინც შეძლებს მოიყვანოს ორი თავთავი და ორი ბალახის ღერო იქ, სადაც მანამდე ხარობდა ერთი თავთავი და ერთი ბალახის ღერო, კაცობრიობის მადლობას დაიმსახურებს“.
იმ პერიოდში, როცა ხორბლის ხარისხი მკვეთრად დაეცა, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მსოფლიოში, ბ. სანდუხაძის მიერ სელექციის საშუალებით მიღებულ იქნა ჰექტარზე 12-13 ტონა მოსავალი, ცილის შედგენილობამ კი გადააჭარბა საეთაშორისო სტანდარტს და 14,7- 14,8 პროცენტი შეადგინა.
ბ. სანდუხაძის დიდი დამსახურებაა ასევე, რომ მან უარი თქვა პესტიციდების გამოყენებაზე და შეძლო ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება, რომელსაც არ ეკარებოდა ნაცარი, ხორბლის ჟანგა და სხვა დაავადებები. მარცვლის ხარისხი ძალიან კარგი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები არ წვებოდა.
აკადემიკოს ბ. სანდუხაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი მოითხოვს ნიადაგებზე „ქიმიური იერიშის“ შეწყვეტას და მიწის ნულოვან დამუშავებას. „აუცილებელია დაზოგვითი მიწათმოქმედება“, - წერს იგი, - „რომ დედამიწა ისევე არ გამელოტდეს, როგორც ჩემი თავი. დროა, უარი ვთქვათ ხვნაზე“.
ბ. სანდუხაძემ სელექციონერობა ხელოვნების დონეზე აიყვანა. ხელოვნება, ისევე როგორც მეცნიერება, წარმოიშვა ადამიანის მოთხოვნილებათა შედეგად. ხელოვნებასა და მეცნიერებას აქვს საერთო საფუძველი - კაცობრიობის გამოცდილება. ამას გარდა მათ აკავშირებთ აზრისა და გრძნობის ერთიანობა. დღეს ადგილი აქვს არა მარტო სხვადასხვა მეცნიერების სინთეზს, არამედ, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზსაც. „მეცნიერულ აზროვნებაში“, - წერდა აინშტაინი, - „მუდამ არის პოეზიის ელემენტი. სამეცნიერო შემოქმედება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ სუფთა ლოგიკას. მეცნიერება მოითხოვს ინტუიციურ მეთოდსაც. ამიტომ იგი წარმოადგენს ლოგიკურისა და ინტუიციურის სინთეზს“.
მეცნიერს, ისევე, როგორც ხელოვანს, ახასიათებს მისწრაფება ჰარმონიისკენ. თუ მეცნიერებაში ცოდნა მიზანია, ხელოვნებაში იგი მიზნის მიღწევის თავისებური საშუალებაა. მეცნიერების შემოქმედებითი ბუნება ვლინდება გარემომცველი სამყაროს კანონებისა და თვით ადამიანის საქმიანობის სულ უფრო ღრმა შემეცნებაში. ვინაიდან ადამიანის ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობისთვის დამახასიათებელია ესთეტიკური მხარე, ამიტომ თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია არსებობა და განვითარება ხელოვნების გარეშე. ხელოვნება სინამდვილის შემოქმედებითი ასახვაა. აკადემიკოსი ლანდაუ წერდა, რომ „მეცნიერი მეცნიერებას უნდა სწავლობდეს ხელოვნების სიყვარულის გამო“. ცხადია, ეს სიტყვები მეტაფორაა, მაგრამ მასში პირდაპირი აზრიცაა. შემოქმედების შინაგანი მოთხოვნილება მეცნიერს ხელოვანთან აახლოებს არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ესთეტიკური თვალსაზრისითაც. შემოქმედებითი პროცესი მეცნიერებაში ძალიან ახლოსაა შემოქმედებით პროცესთან ხელოვნებაში. ზოგიერთს სამეცნიერო მუშაობა ერთფეროვან, წმინდა ლოგიკურ სამუშაოდ წარმოუდგენია. სინამდვილეში კი, იგი ისევე, როგორც ხელოვნება, ბევრად არის დამოკიდებული პიროვნების შთაგონებასა და ორიგინალობის ხარისხზე.
სწორედ ეს პრინციპი ამოძრავებდა ბაგრატ სანდუხაძეს, როცა ქმნიდა თავის შედევრებს. აი, რას სწერს იგი: „სელექციაში მუშაობა, ჩემთვის, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაზავია. ჩვეულებრივ, მათ აპირისპირებენ, ჩვენ, სელექციონერები, კი ვაერთიანებთ“.
მეცნიერება ხელოვნებით გრძელდება, ან - პირიქით... ყველაფრი სელექციონერზეა დამოკიდებული. ამ მოსაზრებას ბატონი ბაგრატი შემდეგნაირად ასაბუთებს: „მეცნიერული თვალსაზრისით, შთამომავლობას ვიღებთ ჰიბრიდიდან და მისი ერთ-ერთი „მშობლისგან“. ამ დროს ხდება გენოტიპის „გაჯერება“... იმთავითვე დავიწყეთ ამ პროცესების ხანგრძლივი თეორიული კვლევა, შემდეგ კი შევუდექით გენების ახალი კომბინაციებით გაჯერებული ხორბლის პერსპექტიული ხაზების შექმნას. ამგვარად, ჩვენ შევძელით „მირონოვსკაია - 808“-ის, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლებოდა, „დადაბლება“, მისი ყინვაგამძლეობის უზრუნველყოფა და მოსავლიანობის 10 პროცენტზე მეტით ამოღება. ეს იყო პირველი მიღწევა. გაჩნდა ახალი ჯიშები: „ინა“, „ფედინის ხსოვნა“, „მოსკოვსკაია - 39“, „ნემჩინოვსკაია - 52“. ეს ჯიშები, საერთაშორისო ჯიშთა გამოცდებზე, საუკეთესოდ აღიარეს“.
ახლა მოვუსმინოთ ბატონ ბაგრატს, როგორ აკავშირებს იგი სელექციონერობას ხელოვნებასთან: „სელექციონერი შემოქმედია, რადგან ქმნის იმას, რაც მანამდე არ არსებობდა. განა მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები იმავეს არ აკეთებენ?! თავისი არსით სელექცია იგივეა, რაც ბავშვის დაბადება და გაზრდა. ჩვენ კარგად ვიცნობთ „დედისა“ და „მამის“ ხასიათის თავისებურებებს, მაგრამ როგორი იქნებიან მათი შვილები, წინასწარ თქმა შეუძლებელია. მე მყავდა ტყუპისცალი ძმა. იგი გატაცებული იყო ზუსტი მეცნიერებებით: მათემატიკით, ფიზიკით. მე უპირატესობას ვანიჭებდი ლიტერატურას, პოეზიას, ბიოლოგიას. ვიმეორებ, ტყუპები ვიყავით... იგივე ხდება მცენარეთა სამყაროში. ჩვენ გამოგვყავს ემბრიონი, შემდეგ იბადება მცენარე, რომელსაც ვზრდით ერთი წლის ბავშვამდე, შემდეგ 20 წლის ყმაწვილკაცობამდე. როცა დამოუკიდებელი გახდება, ვაცხადებთ, რომ იშვა ახალი ჯიში. ყოველ შემოდგომამდე, სანამ თოვლს ჩამოყრის, აუცილებლად ჩავდივარ ჩემს ყანებში და ვეუბნები ჩემს ნათესებს: „ნახვამდის, ბიჭებო თქვენი იმედი მაქვს, აპრილში შევხვდებით“... გაზაფხულზე იწყებენ აბიბინებას...“
და მაინც, რა არის ბაგრატ სანდუხაძის მთავარი დანიშნულება?! ის, რომ მან შესაძლებელი გახადა, მოსკოვის შემოგარენში, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში უმაღლესი ხარისხის სასურსათო ხორბლის მოწევა. „მოსავლის მიღების პირობები აქ კარგი არ არის: ტემპერატურა დაბალია, ხშირი წვიმები იცის, ჭირვეული ამინდებია. ჩვენ კი ეკოლოგიურად უსუფთავესი სურსათი მოგვყავს. სამხრეთში მცენარეები რომ არ დაავადდეს, ყანებს პესტიციდებით სამ-ოთხჯერ ამუშავებენ, აქ, ჩვენთან, ამის გაკეთება არ გვჭირდება. გასაგებია, რომ ვამაყობთ ამით“.
ბაგრატ სანდუხაძის ჰიბრიდებმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა: „უწინ სამი-ოთხი სახელმწიფო ყიდულობდა ჩვენგან ხორბალს, ამჟამად თითქმის - ოცდაათი... ფასიც შედარებით იაფია, ხარისხით კი უკეთესია. მოგვყავს ასი მილიონი ტონა, არადა, ამ ოდენობის გაზრდა შეგვიძლია, ამისთვის მზად ვართ. დღეისთვის საშუალო მოსავლიანობა 2,5 ტონაა. მაშასადამე, ორჯერ უნდა გავზარდოთ მოსავლიანობა“.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. რომანენკო აღნიშნავს: „ბ. სანდუხაძემ მოახდინა გარღვევა საშემოდგომო ხორბლის სელექციაში, ცენტრალური რაიონისთვის პირველად შექმნა ახალი ჯიშის ტიპი: მოკლეღეროიანი ყინვაგამძლე ჩაწოლისადმი და მავნე პათოგენებისადმი მედეგი, მაღალხარისხოვანი თესლით, ჰექტარზე 10 ტონაზე მეტი მარცვლის პოტენციური პროდუქტიულობით.
„ხორბლის გარეშე, მისი ჰიბრიდების გარეშე, - ამბობს აკადემიკოსი ბაგრატ სანდუხაძე, - სიცოცხლე არ შემიძლია. საშემოდგომო ხორბალი არ არის ჩემს გარეშე“. ხალხი უნდა უზრუნველვყოთ პურით, რადგან როგორც ნეკრასოვი ამბობდა: „ოქროს ვერავითარი ზოდი ვერ გადასწონის პურის ნამცეცს“.
საკრალურია, რომ ევქარისტის არსებითი ნიშნებია პური და ღვინო, რომლებშიც კურთხევის მეშვეობით ხდება ქრისტეს სხეულისა და სისხლის გარდასახვა. ზიარებით ადამიანი ქრისტესთან უმჭიდროეს ურთიერთობას ამყარებს. სიმბოლურია, რომ საქართველოში, პურისა და ღვინის ქვეყანაში დაბადებულმა და აღზრდილმა სელექციის ლეგენდამ ბაგრატ სანდუხაძემ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მას და მისი დონის მეცნიერებს შეუძლიათ კაცობრიობის შიმშილისგან ხსნა!