დათა ახალაია ”ნაციონალურ მოძრაობას” სამაგიეროს უხდის?

დათა ახალაია ”ნაციონალურ მოძრაობას” სამაგიეროს უხდის?

კვლავაც სადავოდ რჩება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას სახელით 15 აპრილს გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც ის ვანო მერაბიშვილს არაერთ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს. ადვოკატი ადასტურებს, რომ „ფეისბუკში“ გავრცელებული წერილი თავად დათა ახალაიას ეკუთვნის. ”ნაციონალური მოძრაობა” წერილის შინაარსს ”ბოდვას” უწოდებს, ხოლო მის გამოქვეყნებას 19 აპრილის აქციას უკავშირებს. რა მოტივი ამოძრავებდა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ”ნაციონალური მოძრაობის” მომავლისთვის?

მართალია, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა უკვე მრავალგზის დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელ ”ფეისბუკში” ორშაბათს გამოქვეყნებული წერილი თავის დაცვის ქვეშ მყოფ დათა ახალაიას ეკუთვნის, მაგრამ ბევრისთვის ეს ვერსია კვლავაც საეჭვოდ რჩება, რადგანაც ჯერჯერობით თავად ავტორი არ გამოჩენილა. შესაბამისად, როგორც 16 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, დათა ახალაიას გამოჩენამდე წერილში ასახული ბრალდებები ვერ გახდებაა მართლმსაჯულების ყურადღების საგანი:

”სანამ ჩვენთვის არ არის დანამდვილებით ცნობილი, მას ეკუთვნის თუ არა ეს განცხადება და სანამ ეს ადამიანი, მოწმის სახით თუ სხვა სტატუსით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ მისცემს ანალოგიურ ჩვენებას, მანამდე, ბუნებრივია, არანაირი გამოძიება ამ განცხადებასთან დაკავშირებით არ წარიმართება”.

15 აპრილის წერილში ასახული ბრალდებები, რაზეც არჩილ კბილაშვილი ლაპარაკობს, უკავშირდება პატიმართა წამების სკანდალური კადრების გადაღებისა და საზღვარგარეთ გატანის ორგანიზებას, ლაფანყურის შეტაკების პროვოცირებასა თუ ჯარისკაცებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას იაღლუჯის პოლიგონზე. ამ ყველაფერის უკან დათა ახალაია ”ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელ გენერალურ მდივანს ხედავს და აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა ეს ყველაფერი მისი ძმის - ბაჩო ახალაიას - დასაღუპად ჩაიფიქრა, მაგრამ ვეღარ მოზომა და, საბოლოო ჯამში, ”ნაციონალური მოძრაობაც” დაღუპა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილის ქმედებებმა განაპირობა პარტიის ასეთი ძლიერი მარცხი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე.

ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, რომ ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც... რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს...
გიგი უგულავა
დათა ახალაიას წერილთან დაკავშირებულ დისკუსიებს 16 აპრილს ასევე ”ფეისბუკით” გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი:

”მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის თუ არა გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას”, - ვკითხულობთ ვანო მერაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დათა ახალაიას მიერ წერილის გამოქვეყნებას ის 19 აპრილის აქციის ჩაშლის მცდელობას უკავშირებს. კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის საქციელი ასევე პარასკევის აქციას დაუკავშირა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამაც. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია:

”ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, რომ ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც... რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან უნდა ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა...”

”ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, დათა ახალაიას წერილს ყოფილი მმართველი პარტიის მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დღის სინათლეზე გამოტანის წინაპირობად მიიჩნევს ”ქართული ოცნება”. როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი პოლიტიკური ძალა ამ პროცესში ჩარევას არ აპირებს და გახმაურებულ მძიმე ბრალდებებთან მიმართებით მტყუან-მართლის გასარჩევად საბოლოო სიტყვა მომავალში თავისუფალმა სასამართლომ უნდა თქვას.

დათა ახალაიას წერილს 19 აპრილის აქციისთვის დარტყმის მცდელობად არ აღიქვამს „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია და, საერთოდ, ის ამ აქციას განსაკუთრებულ მოვლენად არ მიიჩნევს ”ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგისთვის. მართალია, ანალიტიკოსი შექმნილ სიტუაციაში სიმართლესა და სიცრუეს შორის მკვეთრ ზღვარს ვერ ხედავს, მაგრამ კომენტარები, რაც დათა ახალაიას სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, მას ”ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. როგორც ელენე ხოშტარია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავის დროზე ”სწორ პრინციპებზე და იდეებზე იყო დაფუძნებული”, ახლაც მოეპოვება განახლების რესურსი:

”დღეს ამ პარტიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგანაც ”ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა ან დასუსტება იქნება ძალიან ნეგატიური მოვლენა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მიუხედავად იმისა, ვის მოგვწონს ისინი და ვის არა. ამიტომ ჩემი მთავარი, პრინციპული, ღერძული დამოკიდებულება არის ის, რომ მოახერხონ საწყის პრინციპებთან დაბრუნება და იმ სიბინძურესთან და ნეგატივთან გაყრა და ამ ყველაფრის ჩამოშორება იმ ადამიანებმა, ვინც მართლა პრინციპებზე არიან დაფუძნებული”.

ერთი განცხადება არ მოუსმენია საზოგადოებას, სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილის მხრიდან ბაჩო ახალაიას დაკავების დღიდან დღემდე. ასევე არ კეთდება განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხრიდანაც, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დაკითხვაზე დაბარებაზე მილიონი განცხადება გაკეთდა...
თეა თუთბერიძე
ელენე ხოშტარია დათა ახალაიას მიიჩნევს ”შავ ლაქად” წინა ხელისუფლების მმართველობაში და ”ნაციონალური მოძრაობის” რიგებში დაგროვილ პრობლემებს დიდწილად იმასაც აბრალებს, რომ ზოგჯერ წინა ხელისუფლებას არ ჰყოფნიდა გამბედაობა სათანადოდ დაესაჯა თავისი გუნდის წევრები და ამ ლოგიკით არ გაიმეტა დათა ახალაიაც, რომლის სახელიც, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის საქმეში ფიგურირებდა. ამ პროცესში პასუხისმგებლობის გარკვეულ წილს ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსაც აკისრებს.

თუკი ხელს აფარებდნენ, მაშინ რატომ დაუპირისპირდა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს?

”თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გამოვიტანთ დასკვნას, რომ ახალაიების ოჯახი ბოლო პერიოდში ისედაც აღარ სარგებლობდა ”ნაციონალური მოძრაობის” მაღალი რანგის წარმომადგენლების მხარდაჭერით და ეს ყველაზე უკეთ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა. თეა თუთბერიძე ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ”უკანონოდ დაკავებული” ბაჩო ახალაია ერთადერთი დაპატიმრებული მინისტრია ვანო მერაბიშვილის ყოფილი მინისტრებიდან და მის მიმართ ”ნაციონალური მოძრაობა” სათანადო ყურადღებას არ ავლენს:

”ერთი განცხადება არ მოუსმენია საზოგადოებას, სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილის მხრიდან ბაჩო ახალაიას დაკავების დღიდან დღემდე. ასევე არ კეთდება განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხრიდანაც, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დაკითხვაზე დაბარებაზე მილიონი განცხადება გაკეთდა მერიის თანამშრომლებიდან დაწყებული, სხვა იმ პოლიტიკური ნიშნით დაბარებებთან დაკავშირებით, რასაც ”ქართული ოცნება” ახორციელებს”.

ასეთი მოცემულობის მიუხედავად, თეა თუთბერიძეს მაინც ეეჭვება, რომ ორშაბათს გამოქვეყნებული წერილი დათა ახალაიას ეკუთვნოდეს. ”ის ამას არ გააკეთებდა 19 აპრილის აქციის წინ. მან იცის, როდის რა უნდა გააკეთოს”, - ეუბნება თეა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას.

თუკი 15 აპრილის წერილის შინაარსით ვიმსჯელებთ, დათა ახალაიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოში დაბრუნება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ, პოლიციელის ცემის საქმეზე პატიმრობამისჯილს, საზღვრის გადმოკვეთისას დაკავება ემუქრება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერს დათა ახალაია ძირითადად თავისი ძმის გადასარჩენად აკეთებს და რომ ის შეეცდება გამართოს ერთგვარი ფარული ”ვაჭრობა” ხელისუფლებასთან, რათა გაარკვიოს, თუ რას მიიღებს ის მტკიცებულებების სანაცვლოდ. ბევრის მსგავსად, რამაზ საყვარელიძეც დარწმუნებულია, რომ საზოგადოება წინა წლებში საგულდაგულოდ შეგროვილი კომპრომატების გამომზეურების მომსწრე გახდება და ამ პროცესმა შეიძლება მთლიანად იმსხვერპლოს ”ნაციონალური მოძრაობის” მომავალი.