ბარათელის საქმის განხილვა 30 აპრილს გაგრძელდება

ბარათელის საქმის განხილვა 30 აპრილს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 17 აპრილს გიორგი ბარათელის საქმის განხილვა 15 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მოსამართლე ჯემალ კოპალიანი ცდილობდა პროკურორ თამაზ ჯალიაშვილთან დაეზუსტებინა შემდეგ სხდომაზე ვიდეოფირის გამოქვეყნების დეტალები და დასაკითხ მოწმეთა ვინაობა.

ასე და ამგვარად გადაწყდა, რომ მომავალ სხდომაზე - 30 აპრილს, 12 საათზე პროკურატურა თავის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, ვიდეოფირს გამოაქვეყნებს. ამავე დღეს ბარათელის ყოფილი თანასაკნელები ადამ ზარიძე და იოსებ გოგიაშვილი დაიკითხებიან. ისინი ამჟამადაც პატიმრები არიან. ცნობისათვის - პროკურატურამ სასამართლოში მოწმეთა 16-კაციანი სია წარადინა და ამ ეტაპზე სამი მოწმეა დაკითხული.

ბარათელს ბრალად ედება უკანონო ნივთის, ე.ს. შტირის შენახვა-გამოყენება, რაც სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. გიორგი ბარათელის ინტერესებს ყოველგვარი ანგარებისა და ჰონორარის გარეშე იცავს ადვოკატი მამუკა ნოზაძე. 29 მარტის სხდომაზე პროკურატურამ ბარათელის ადვოკატს საპროცესო მორიგება შესთავაზა, მინიმალური, რამდენიმეთვიანი სასჯელით, ბრალის არაღიარებისა და თანხის გადახდის გარეშე, რაზეც ადვოკატი მამუკა ნოზაძე უარს ამბობს.

გიორგი ბარათელი საპატიმროში 2007 წლის 20 მაისიდანაა გამოკეტილი, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით. მას 26 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გურამ შარაძის მკვლელობის დღიდან დღემდე აკადემიკოსის ოჯახი აცხადებს, რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია და რომ ბარათელი მკვლელი არ არის.

გასული წლის 22 ოქტომბერს გიორგი ბარათელმა მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. მანამდე, სამი დღით ადრე კი, for.ge-ს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და სოსო მანჯავიძეს ორთაჭალის №1 საპყრობილეში ბარათელმა განუცხადა, რომ გურამ შარაძე მას არ მოუკლავს, რომ იგი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის სამმა თანამშრომელმა დააკავა და ისინი აიძულებდნენ ეღიარებინა აკადემიკოსის მკვლელობა.

მთავარ პროკურატურაში უკვე დევს გარკვეულ პირთა ოფიციალური ჩვენებები და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლითაც დასტურდება ის, რასაც გურამ შარაძის ოჯახი ამბობს აკადემიკოსის მკვლელობის დღიდან - გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის. ამასთან, გარკვეულმა პირებმა პროკურატურას მისცეს ჩვენება, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია.

გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ პროკურატურაში წარადგინა იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც თავიანთი თვალით ნახეს ნამდვილი მკვლელი (რომლის აღნაგობა ბარათელისგან რადიკალურად განსხვავებულია).

საგულისხმოა ისიც, რომ გიორგი ბარათელს ოლეგ მელნიკოვის მითითებით ავალებდნენ ეთქვა, რომ გურამ შარაძე გოგა ხაინდრავას დაკვეთით მოკლა. ზუსტად ასეა მითითებული ერთ-ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმში. მაშინ, როცა გამოკითხვის ეს ოქმი ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ პროკურატურაში ჩააბარა, მოწმე პატიმარი იყო. ახლა თავისუფალია. როგორც ის, ისე სხვა მოწმეები მზად არიან პროკურატურას ჩვენება მისცენ და გაიმეორონ ის, რაზეც გამოკითხვის ოქმში უთითებენ.

რაც შეეხება ე.წ. შტირის საქმეს - ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ბარათელმა 2012 წლის 27 ნოემბერს ორთაჭალის №1 საპატიმროს ვიდეოკამერებით აღჭურვილ დერეფანში თანასაკნელ ზურაბ ჭონიაშვილს თვითნაკეთი აკრძალული ნივთი, ე.წ. შტირი ზურგში ორჯერ ჩაარტყა, უკან მიტრიალდა, გაიქცა და „შტირი“ საპატიმროს თანამშრომლებთან ახლოს იატაკზე დააგდო.

საინტერესო ისაა, რომ პროკურატურის პოზიციას არ ამყარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მთავარ მტკიცებულებაზე - ვიდეოფირზე ჩატარებული ექსპერტიზა. შსს-ს არ ამბობს იმას, რასაც პროკურატურა ამტკიცებს. ანუ, შსს-ს დასკვნაში არ აცხადებს, რომ ბარათელმა ჭონიაშვილს ზურგში „შტირი“ ჩაარტყა.