არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა: რისკ-ჯფუფებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდეს. შემოღებულ იქნას ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტები, რაც ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებს. ამასთან - თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.
აღნიშნულის შესაფასებლად და იმის გასაგებად, ხელისუფლება ხომ არ განიხილავს მსგავს, შემხვედრ ნაბიჯებს, For.ge ექიმსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ლადო კახაძეს ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც არსებულ ეპიდვითარებას შეეხებოდა?
- ქალბატონი სალომეს მიმართვას ვეთანხმები, რადგან ეს არის მიმართვა ჰუმანურობის აქცენტით. არ წაახალისოს ადამიანის ქმედება სხვისი სიცოცხლის ხელყოფით. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვირუსი ისარგებლებს ყველა იმ შემთხვევით და სადაც ადამიანი დასცილდება თავის თავის მოვლის პრინციპებს, ვირუსი გაიმარჯვებს.
რისკ-ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციაზე რას ფიქრობთ?
- სპეციალისტებს ამ კონკრეტულ პანდემიის დროს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და ლოგიკური დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციებს იძლევიან. კონსტიტუცია ადამიანის უფლებებს პატივს სცემს. როდესაც მე ჩავთვალე სავალდებულოდ აცრა, პირადად ავიცერი და ეს მე ჩავთალე სავალდებულოდ საკუთარი თავის მიმართ და მაგალითი მივეცი სხვებს. ჩემი სავალდებულობა აქ გაჩერდება, რადგან პატივს ვცემ ადამიანებს. არ შემიძლია ძალა დავატანო ვინმეს, ჩემი მოვალეობით, სიტყვით, ქმედებით, შეგონებით, ჩემი ლაპარაკითაც.
თუმცა, ორი დღის წინ კორონაცირუსის ახალმა შემთხვევებმა 6000-ს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ, არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცრა გახდეს სავალდებულო? უშუალოდ, ე.წ მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე როგორია თქვენი პოზიცია?
- მე მომხრე ვარ კოვიდ-პასპორტების შემოღების, ამას დიდი ხანია ვლაპარაკობ. კოვიდ-პასპორტი ნიშნავს მასპინძლის უსაფრთხო გარემოს და სტუმრის უსაფრთხო სტატუსს. ადამიანი, რომელიც გეპატიჟება შენს სივრცეში, მას უნდა დაახვედრო კოვიდისაგან მწვანე ზონა. ეს არის ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა. რეკომენდაციით და ქმედებით მე მხარს ვუჭერ ამას.
აცრასთან ერთად არის სხვა რეკომენდაციებიც, რომლებიც ადამიანმა უნდა შეასრულოს: პირბადეის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, დეზინფექცია. აცრა კი დამატებითი აბჯარია სიცოცხლის და ჯანმრთელობის სწორად გამოყენებისთვის.
სიტყვა სავალდებულო რამდენჯერაც არ გაისმის, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ და შეურაცხყოფილი მგონია ყველა ადამიანი. მე ველაპარაკები ადამიანებს, ვისაც აქვთ გონი და კონსიტიტუცია იქმნება გონიერი ადამიანებისთვის. ორი წელიწადია ნიღაბი არ მომიხსნია, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ეს გავაკეთო და მაგალითი ვაჩვენო.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განიხილება პრეზიდენტის გადაწყვეტილება?
- მზად არის ყველა დოკუმენტი, მაგრამ ეს არ არის ერთ დღეში გადასაწყვეტი, ამისთვის უნდა მოემზადოს ორივე მხარე, ამასთან - ბიზნესი, საგანმანათლებლო სისტემა და ა.შ. ადამიანებს არ უნდა მივმართოთ, როგორც ცხვრის ფარას, არამედ როგორც გონიერ ადამიანებს - ჰომოსაპიენსებს.
ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მიდის საუბარი ჩაკეტვაზე…
- ჩაკეტვები აღარ იქნება. გონიერი ადამიანები გადაურჩებიან ამ დაავადებას, ნაკლებად გონიერი და ანტივაქსერები განიცდიან ვირუსის ყველა ზემოქმედებას. ან ვირუსის მხარეს დგახარ, ან მის მოწინააღმდეგეთა რიგში. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, საზოგადოება გაიმარჯვებს, თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, საზოგადოება დამარცხდება.