„შიმშილი“ ჯინ შარფის შთაგონებით

„შიმშილი“ ჯინ შარფის შთაგონებით

ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსი თუ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება - მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

სააკაშვილი კი ციხიდან რევოლუციით იმუქრება, თან შეწყალებას ითხოვს. დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ციხიდან ქართველი ხალხი დაიხსნის. პარალელურად, მისი მხარდამჭერები ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობენ და კონკრეტულ გეგმას მიჰყვებიან - ყოველდღიურად აქციებს აწყობენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობის იმიტაცია შექმნან; საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ციხეში მოკვლას აპირებს და მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევს.

სააკაშვილის დედა გიული ალასაინია კი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს და უკრაინაში სააკაშვილის გადაყვანისთვის დახმარებას სთხოვს.

საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხს აღარ დაუბრუნდება.

„რადგან ეს საკითხი კიდევ მუსირებს, ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოსული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რადგან ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს - ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები“, - თქვა ზურაბიშვილმა.

თითქმის 1 თვის წინ, ზუსტად პირველ ოქტომბერს, როცა სამართალდამცავებმა სააკაშვილი დააკავეს, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მას არ შეიწყალებდა.

„ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასოდეს“, - თქვა 1 ოქტომბერს ზურაბიშვილმა.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მორიგი წერილი გააცნო. როგორც სააკაშვილი წერს, ერთადერთი, ვისაც მისი გათავისუფლება შეუძლია, ქართველი ხალხია.

„იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს და გამათავისუფლებს მეც.

მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა. მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილ ვერ წარმოუდგენია ადამიანს შეწყალება უნდოდეს და დანაშაულის გრძნობაც კი არ აწუხებდეს - „ამის პარალელურად კი, ციხიდან რევოლუციურ სცანრს ავითარებდე“, ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან და დასძენს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დასაფასებელი და სახელმწიფოებრივად გამართლებულია.

„სააკაშვილი ციხეშია და რა გვესმის ამ ციხიდან? ამ ადამიანს ჩადენელი დანაშაულებების შესახებ სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნია, შეცდომის მსგავსი აღიარების სურვილიც კი არა აქვს. ციხეში ზის და იქიდანაც კი სახელმწიფო გადატრიელბის სცენარის ხორცშესხმას ცდილობს. რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის სააკაშვილი ციხეში იქნება თუ გარეთ, თუკი ის ძველ ნარატივს არ ცვლის? აქამდე ხომ შეეძლო, რომ ქვეყანაში დაბრუნებულიყო, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მსგავსად მოეხადა მსჯავრი და დღეს გარეთ იქნებოდა, მაგრამ არა, ეს ადამიანი ქვეყანაში იმიტომ დაბრუნდა, რომ დესტაბილიზაცია და არეულობა მოაწყოს. ციხიდან იმუქრება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ათ დღეში ბეჭებზე დადებს. ანუ პრეზიდენტმა იმიტომ უნდა შეიწყალოს, რომ რევოლუცია მოაწყოს და სახელმწიფო გადატრიალებაში დაეხმაროს?! კაცს, რომელსაც სინანულის გრძნობაც არ გააჩნია და ისევ გადატრიალებაზე ლაპარაკობს, თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ?!“, - ამბობს ქართველიშვილი და მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიზანია პოლიტიკური რებრენდიგი და უნდა ციხეში ყოფნით წამებული ლიდერის იმიჯი მოირგოს. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ამერიკელი საზოგადო მოღვაწე ჯინ შარფის (1927-2018) მეთოდური ნაშრომს „როგორ წამოიწყო რევოლუცია - არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი“ მიჰყვებიან. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბარამიძე, წიკლაური და ამ პარტიის სხვა ლიდერები ზუსტად ერთი-ერთში იმეორებენ ამ ნაშრომში მოცემულ გეგმას.

„ეს არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური), საჯარო გამოსვლები, ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები, ჯგუფური პეტიციები, ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები...

„აქტიურად იყენებენ და საზოგადოებრივ აზრს მართავენ მასმედიით. ქუჩების პიკეტირებას ცდილობენ. ფსევდოარჩევნებში მონაწილეობენ, რომელსაც თუ თავად არ იმარჯვებენ, არ აღიარებენ. ქუჩაში ოფიცილური პირების დევნას ახორციელებენ მის სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან; ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვას და შეურაცხყოფას ახდენენ; ილუზიას ქმნიან, თითქოს საპროტესტო ავტოკოლონები მოდის და მსვლელობებს აწყობენ.

„საპროტესტო მიტინგები დაიწყეს, საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ და უნდათ, რომ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება მოხდეს - აი, ესაა მათი აზრით მშვიდობიანი რევოლუცია, რომლითაც საზოგადოებაში აგრესიის და გაბრაზების გამოწვევა უნდათ. ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავთ და ამ მეთოლოგიით მართვა სურთ.

რა თქმა უნდა, სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების და რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა. ეს არ გამოუვიდა და ახლა ყველაფერზე მიდის“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცახდება სახელმწიფოებრივია და მისი პრინციპულობა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასაფასებელია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილი ისე იქცევა, როგორც ეს შექმნილ სიტუაციას და მის ფიგურას ეკადრება.

„რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის გვერდით იდგა და მის ცრემლიან თვალებს უყურებდა, სააკაშვილის შეწყალებას ვერ შეძლებს. მისი განცხადება ასევე ნორმალურია, როცა ამბობს, რომ სააკაშვილის განსაკუთრებულ პატიმართა რიცხვს მიეკუთვნება. გამომდინარე მისი ფაქტორიდან და სტატუსიდან. მასთან სანახავად შედიან, ყოფილი, მოქმედი და მომავალი ცოლები, საყვარლები, პოტენციური საყვარლები და ახალგაზრდები, რომლებსაც მისი ფანატიკურად სჯერათ. მოკლედ, ციხეში მასთან სანახავად ათასი სჯულის ხალხი შედის. მნახველების მთელი სპექტრი შეიქნა, რომელთაც ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაში კანონი არსებობს. ხოლო პატივცემული ტუსაღი გასამართლებულია იმისთვის, რომ ის ხელისუფლებაში ყოფნისას ჯალათად გადაიქცა და მისი უშუალო ბრძანებით თუ გულგრილობის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან ციხიდან რევოლუციურ მოწოდებებს, ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ამ პროცესში ისეთ ადამიანებს ათამაშებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე უკვე გადაშენების პროცესში არიან. ამ დღეების განმავლობაში სააკაშვილმა თავის ხელქვეითებს იმდენი აბსურდული ქცევისკენ მოუწოდა, რომ საზოგადოება მათ სერიოზულ პოლიტიკოსებად ვეღარ აღიქვამს. ჯერ უთხრა, რომ პარლამენტი დაეტოვებინათ, შემდეგ კი გადაიფიქრა. ამიტომ მის სიტყვას სერიოზულად არავინ იღებს.