ნავთობპროდუქტების მსოფლიო ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ, წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება. სავარაუდოდ, არც მერე, რადგან ევროპაში მწვავე ენერგეტიკული კრიზისია, რაც ენერგომატარებლებზე ფასებს ზრდის. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, საქართველოშიც მოხდება საგარეო ფაქტორების ასახვა და საწვავის გაძვირება. ამიტომ ბიზნესი გამოსავლის პოვნას ეშურება.
მსოფლიოში ფასები მუდმივად მზარდია. გუშინდელი მონაცემებით, საერთაშორის ბაზარზე ერთი ტონა ბენზინი 810.25 დოლარი ღირდა, ხოლო დიზელი - 716.25 დოლარი. ნავთობპროდუქტების ღირებულება რეკორდს ხსნის საქართველოშიც. ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ღირებულება კარგა ხანია 3 ლარს გასცდა, ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია.
ნავთობიმპორტიორები საწვავზე ფასის შემცირების ერთადერთ ბერკეტს აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავენ, რომელიც მთავრობის 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გაორმაგდა (ბენზინზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე).
„სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტების გაიაფების ერთადერთი ბერკეტი აქციზის გადასახადის შემცირებაა.
„დღეს ნავთობპროდუქტებზე ფასმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შემცირების ერთადერთი ბერკეტი აქციზის კლებაა. 2017 წელს ბენზინზე აქციზის გაორმაგდა. კიდევ უფრო მასშტაბური იყო ფასის ზრდა დიზელზეც 150-დან 400 ლარამდე. ახლა მართლა ისეთ ნიშნულზეა ფასი, რომ თუ არსებობს რამე გზა, უნდა მოხდეს აქციზის შემცირება. ეს უნდა გაკეთდეს, რაც დაახლოებით 25 თეთრით გააიაფებს საწვავს.
ამგვარ ნაბიჯს ექნება მყისიერი ეფექტი, თუმცა რამდენადაც აქციზი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ეს არის ძირითადი მიზეზი რატომაც არ მცირდება განაკვეთი. ახალს არაფერს ვამბობ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მეტად აუცილებელია“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ გადაცემა „საქმეში“.
აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავს გამოსავალს „ვისოლ პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავაც.
„თუ თვენახევრიან პერიოდს ავიღებთ, ჩვენ გვაქვს სტაბილური ლარი, მაგრამ არის საშინელი არასტაბილურობა საერთაშორისო ბაზარზე. ფასი ერთ ტონაზე 100 დოლარით გაიზარდა. ლიტრებში გადაყვანილი ეს არის 25-30 თეთრამდე ცვლილება, ანუ მხოლოდ ამ კომპონენტის გამო 25-თეთრიანი ცვლილება უნდა განხორციელდეს ბაზარზე. ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ გითხრათ, ოქტომბრის მეორე ნახევარში მხოლოდ მცირედი ცვლილება გავაკეთეთ, 10 თეთრის ფარგლებში.
აქციზის საშუალებით შესაძლებელია ფასზე ზემოქმედება. არის მოდელი, როცა მზარდი ნავთობპროდუქტების ფასის პირობებში აქციზი მცირდება და აქციზი იზრდება მაშინ, როცა იაფდება ნავთობპროდუქტები. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ამაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ცალმხრივად ბიზნესი ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვასილ ხორავამ „ბიზნეს მედიასთან“.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების მიზეზებს განმარტავს და ეკონომიკის აღდგენის პარალელურად ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზად, დღეს უკვე ევროპაში ბუნებრივი აირის გაძვირების ფაქტორსაც ასახელებს.
„ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ყველა მიმართულება გახსნილია და ტურიზმის და საჰაერო მიმოსვლა გააქტიურებულია, რის ხარჯზეც ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის პარალელურად „ოპეკი პლუსი“ ნავთობის მოპოვების კვოტებს არ ზრდის.
ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, რაც ბუნებრივი აირის გაძვირებას უკავშირდება. შესაბამისად, ის მომხმარებელი, ვინც ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის ტრადიციული მომხმარებელი იყო, მაზუთის და დიზელის საწვავის მოხმარებაზე გადადის, რაც ნავთობზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.
ფაქტია, რომ საწვავი ძვირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტდამოკიდებულია და საქართველო კი ასეთი ქვეყანაა“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მას პროგნოზების გაკეთება უჭირს, რადგან პირველ რიგში, მსოფლიოში ნავთობის ფასის ცვლილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ძირითადი განმსაზღვრელია.